5 Otar Chkheidze St. 0186 Tbilisi +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ხელი ხელს

ხელი ხელს სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2011 წელს ამოქმედდა გურჯაანში, და მას შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მხარდაჭერას უწევს საოჯახო საცხოვრისის სერვისით. ამჟამად ორგანიზაციას გახსნილი აქვს 5 საცხოვრისი, მათ შორის 3 კახეთში, 2 კი თბილისში და დამოუკიდებლობის ხელშემწყობ გარემოს სთავაზობს 25 ბენეფიციარს. ორგანიზაციის მიზანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა საოჯახო საცხოვრისის სერვისით, რაც ხელს უწყობს მათ გაძლიერებას და დამოუკიდებლობას.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ იცხოვრებენ შვილები მათ გარეშე. მაიამ გადაწყვიტა, ამ მიმართულებით მუშაობას შესდგომოდა და ფიქრი დაეწყო არა იქედან, თუ დღეს რა სჭირდება მის შვილს, არამედ, მომავალში რა დასჭირდებოდა. აქედან წამოვიდა საოჯახო საცხოვრისის გახსნის იდეა, სადაც ადამიანები დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებდნენ მათ საჭიროებებზე ადაპტირებულ გარემოში მარტო, მხარდამჭერების გარეშე დარჩენის შემთხვევაში. მაია შიშნიაშვილმა გურჯაანში, საკუთარ სახლში შექმნა საოჯახო ტიპის პირველი საცხოვრებელი საქართველოში, სადაც 2011 წელს პირველი ბენეფიციარები მიიღეს.

მთავარი პრობლემა, რაც ექმნებათ საკუთარ ოჯახებსა თუ დაწესებულებებში მცხოვრებ შშმ პირებს არის ის, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ ახერხებენ სწორად ორგანიზებული ღირსეული მხარდაჭერის გარეშე. ხოლო საოჯახო საცხოვრისები ადაპტირებულია თითოეული იქ მცხოვრების საჭიროების მიხედვით ისე, რომ ადამიანი თავს დამოუკიდებელ პიროვნებად გრძნობს, სერვისი მორგებულია მის საჭიროებას, და არა პირიქით. ეს არის მომსხურების მთავარი ღერძი, რის გარშემოც დღემდე გრძელდება მისი მუშაობა. საოჯახო ტიპის სახლები არსებობს იმისთვის, რომ ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანმა იცხოვროს საზოგადოებაში, იყოს მისი სრულუფლებიანი წევრი და მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომლესაც იღებენ სხვა ადამიანები ადეკვატური მხარდაჭერის პირობებში.

საცხოვრისების შექმნის გარდა, ხელი ხელს შშმ პირების უფლებების ადვოკატირებასაც ეწევა. ორგანიზაციის დიდი მიღწევაა ის, რომ მრავალწლიანი შრომის და ბრძოლის შედეგად, სახელმწიფოს მხარდაჭერას და სისტემურ ცვლილებებს მიაღწია. პირველ რიგში, ორგანიზაციამ შექმნა საოჯახო ტიპის სერვისის მოდელი, შემდეგ კი ეს მოდელი თბილისშიც განავრცო, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ, რეალობაში ენახათ, როგორ მუშაობს საოჯახო საცხოვრისი, სადაც 5 მდე ადამიანი ოჯახურ გარემოში, მზარეულის, ექიმის და ფსიქოლოგის გარეშე ცხოვრობს, სწორი მხარდაჭერით. რეალობაში განხორციელებული სერვისის საკუთარი თვალით ნახვა დამოკიდებულებების შეცვლას უწყობს ხელს და მნიშვნელოვანია ადვოკატირებისათვის.

წლების განმავლობაში ინტენსიური ადვოკატირების, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სამინისტროსთან თანამშრომლობისა და ჭიდილის შემდეგ, 2017 წელს შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა ახალი ფორმით, სათემო მომსახურების კომპონენტის ქვეშ გაჩნდა ქვეკომპონენტი –  დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი საოჯახო ტიპის მომსახურება. წარმატებული ადვოკატირების საბოლოოს საფეხური კი იყო სახელმწიფო პროგრამით საოჯახო ტიპის სერვისების დაფინანსება 2019 წელს.

ხელი ხელს მიჰყვება იმ მიზანს, რაც დასაწყისშივე დაისახეს: არა მხოლო სერვისის მიწოდება შშმ ადამიანებისათვის, არამედ მათი სოციალური გარემოს ცვლილება და დამოუკიდებლად, საკუთარი არჩევანით ცხოვრების ხელშეწყობა. მათმა წამოწყებამ ქვეყანაში დაამკვიდრა საოჯახო ტიპის საცხოვრისის მოდელი, მიაღწია მის ინსტიტუციონალიზაციას და ფინანსური სიმყარეც შესძინა. ახლა უკვე ამ მოდელის გამოყენება სხვა ორგანიზაციებსაც შეუძლიათ, რათა შექმნან მსგავსი ტიპის სერვისი შშმ პირებისათვის.

ორგანიზაციისთვის ყველაზე დიდი სპონსორი იყო ფონდ ღია საზოგადოების ერთ-ერთი პროექტი, mental health initiative. ამჟამად კი სპონსორები აღარ ჰყავს, მიმდინარე პროექტები დასასრულს უახლოვდება და ორგანიზაციის დამფუძნებლები იწყებენ დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებას. ისინი გეგმავნ, რომ პოტენციური დონორები ადგილზე მოიწვიონ, რათა ორგანიზაციის საქმიანობის მოდელი გასაგები გახდეს მათთვის. ასევე, ორგანიზაცია იღებს შემოწირულობებს. სახელმწიფო დაფინანსების გარდა, წლის განმავლობაში ერთი ბენეფიციარის მხარდაჭერა ჯდება 1000 ლარი, დღესდღეობით, ხელი ხელს ჰყავს 25 ბენეფიციარი.

ხუთი საოჯახო სახლიდან სამი მდებარეობს გურჯაანში, ამ სახლების მდებარეობა განაწილებულია ისე, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტი გაწვდეს რამოდენიმე სახლს და მენეჯერმა შეძლოს, ყველა მათგანს გაუწიოს მეთვალყურეობა. ორგანიზაციას ჰყავს ორი მენეჯერი, თბილისსა და გურჯაანში, და ასევე, პერსონალის ყველაზე მრავალრიცხოვანი წევრები არიან ასისტენტები, რომლებიც საოჯახო სახლების მაცხოვრებლებთან მუშაობენ და ასისტირებას (დახმარებას) უწევენ ყოველდღიურად.