ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ხელი ხელს

„ხელი ხელს“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2011 წელს ამოქმედდა გურჯაანში. იგი სთავაზობს საოჯახო საცხოვრისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რაც აძლიერებთ მათ და ეხმარებათ გახდნენ დამოუკიდებელნი. ამჟამად ორგანიზაციას 25 ბენეფიციარისათვის გახსნილი აქვს ხუთი საცხოვრისი – სამი კახეთში ორი კი თბილისში.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებისათვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ იცხოვრებენ შვილები მათ გარეშე. მაია შიშნიაშვილი ფიქრობდა არა იმაზე, თუ რა სჭირდება მის შვილს დღეს, არამედ იმაზე, თუ რა დასჭირდებოდა მომავალში. ასე გაჩნდა საოჯახო საცხოვრისის იდეა, სადაც ადამიანები მათ საჭიროებებზე ადაპტირებულ გარემოში  შეძლებდნენ დამოუკიდებლად ცხოვრებას მარტო, მხარდამჭერების გარეშე დარჩენის შემთხვევაში. მაიამ გურჯაანში, საკუთარ სახლში შექმნა საოჯახო ტიპის პირველი საცხოვრებელი, სადაც 2011 წელს პირველი ბენეფიციარები მიიღეს.

საკუთარ ოჯახებსა თუ დაწესებულებებში მცხოვრები შშმ პირები ვერ ახერხებენ  დამოუკიდებლად ცხოვრებას სწორად ორგანიზებული ღირსეული მხარდაჭერის გარეშე. საოჯახო ტიპის სახლები არსებობს იმისთვის, რომ ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანი იყოს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და ადეკვატური მხარდაჭერის პირობებში სარგებლობდეს ყველაფრით, რითიც სარგებლობენ სხვა ადამიანები. საოჯახო საცხოვრისები ადაპტირებული არიან თითოეული იქ მცხოვრების საჭიროებებთან ისე, რომ ადამიანი თავს დამოუკიდებლად გრძნობს – სერვისი მორგებულია მას და არა პირიქით. ეს არის მომსახურების მოდელის ძირითადი პრინციპი და იგი დღემდე აგრძელებს მუშაობას ამ პრინციპის მიხედვით.

საცხოვრისების შექმნის გარდა, „ხელი ხელს“ შშმ პირების უფლებების დაცვასაც ეწევა. საოჯახო საცხოვრისის მოდელი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ენახათ, როგორ ცხოვრობს ხუთი ადამიანი ოჯახურ გარემოში, მზარეულის, ექიმის და ფსიქოლოგის გარეშე, ადვოკატირების საუკეთესო საშუალება იყო, რადგან საკუთარი თვალით ნახვა ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტია და ცვლის დამოკიდებულებას.  წლების განმავლობაში ინტენსიური ადვოკატირების, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სამინისტროსთან თანამშრომლობისა და ჭიდილის შემდეგ, 2017 წლის შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა, სადაც გაჩნდა ჩანაწერი: „დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი საოჯახო ტიპის მომსახურება.“ წარმატებული ადვოკატირების საბოლოო საფეხური კი იყო 2019 წელს სახელმწიფო პროგრამით საოჯახო ტიპის სერვისების დაფინანსება. მრავალწლიანი შრომის და ბრძოლის შედეგად სახელმწიფო მხარდაჭერის მოპოვება  ორგანიზაციის დიდი მიღწევაა.

„ხელი ხელს“ ემსახურება თავის მიზანს: არა მხოლოდ სერვისის მიწოდება შშმ ადამიანებისათვის, არამედ მათი სოციალური გარემოს ცვლილება და დამოუკიდებლად, საკუთარი არჩევანით ცხოვრების ხელშეწყობა. მათმა წამოწყებამ ქვეყანაში დაამკვიდრა საოჯახო ტიპის საცხოვრისის მოდელი, მიაღწია მის ინსტიტუციონალიზაციას და ფინანსური სიმყარეც შესძინა. ახლა უკვე ამ მოდელის გამოყენება სხვა ორგანიზაციებსაც შეუძლიათ, რათა შექმნან მსგავსი ტიპის სერვისი შშმ პირებისათვის.

ორგანიზაციისთვის ყველაზე დიდი სპონსორი იყო ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტი “Mental Health Initiative”. ამჟამად კი სპონსორები აღარ ჰყავს, მიმდინარე პროექტები დასასრულს უახლოვდება და ორგანიზაციის დამფუძნებლები იწყებენ დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებას. სახელმწიფო დაფინანსების გარდა, წლის განმავლობაში ერთი ბენეფიციარის მხარდაჭერის ხარჯი 1,000 ლარს შეადენს. ისინი გეგმავენ, რომ პოტენციური დონორები ადგილზე მოიწვიონ, რათა ორგანიზაციის საქმიანობის მოდელი გასაგები გახდეს მათთვის. ასევე, ორგანიზაცია იღებს შემოწირულობებს.

ხუთი საოჯახო სახლიდან სამი მდებარეობს გურჯაანში, ამ სახლების მდებარეობა განაწილებულია ისე, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტი გაწვდეს რამდენიმე სახლს და მენეჯერმა შეძლოს, ყველა მათგანს გაუწიოს მეთვალყურეობა. ორგანიზაციას ჰყავს ორი მენეჯერი, თბილისსა და გურჯაანში. პერსონალის ყველაზე მრავალრიცხოვანი წევრები არიან ასისტენტები, რომლებიც საოჯახო სახლების მაცხოვრებლებთან მუშაობენ და ყოველდღიურ დახმარებას უწევენ.