ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სოციალური ინოვაციების აქსელერატორი

აქსელერატორის პროგრამაში მიღების კონკურსი - 2024

სოციალური ინოვაციების პლატფორმა აცხადებს 2024 წლის აქსელერაციის პროგრამაში მისაღებ კონკურსს.

თუ გაქვს ინოვაციური იდეა, რომელსაც დადებითი სოციალური გავლენის მოტანა შეუძლია და მზად ხარ ინტენსიური მუშაობისთვის, მაშინ აქსელერატორის პროგრამაში მონაწილეობა შენთვისაა! საუკეთესო იდეები დაფინანსდება 30 000 ლარით ! განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 10 აპრილი !

აქსელერაციის პროგრამის ძირითადი მიზანია ეფექტური სოციალურ ინოვაციათა დანერგვა – განვითარება და სოციალური მეწარმეობის წახალისება.

პროგრამის ამოცანები
პროგრამა ემსახურება რამდენიმე ძირითად ამოცანას:

უზრუნველყოს დაინტერესებული სოციალური ინოვატორები ცოდნა-გამოცდილებით;
გაუწიოს მხარდაჭერა კავშირების განვითარებისა და ბრენდის ფორმირების საქმეში;
ხელი შეუწყოს მათ აქციონ ინოვაციური იდეა სოციალურ საწარმოს ქმედით მოდელად;
დაეხმაროს აამოქმედონ სოციალური საწარმო და მიაღწიონ მის სიცოცხლისუნარიანობასა და ზრდას.


სამიზნე ჯგუფი
სამიზნე ჯგუფი წარმოდგენილია სოციალური ინოვატორებით, რომლებიც დაინტერესებულ არიან დანერგონ და განავითარონ ინოვაციური იდეა. ეს შეიძლება იყვნენ როგორც კერძო, ისე არასამეწარმეო იურიდიული პირები მცხოვრები ან რეგისტრირებული საქართველოში. აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე პირები იღებენ ვალდებულებას ჩაერთონ მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

თემატური თვალსაზრისით სოციალური ინოვაციის იდეა შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ სფეროს, იქნება ადამიანის უფლებები, დემოკრატიის განვითარება, განათლება, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მომსახურება და ზრუნვა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, ახალგაზრდობის საქმეები, გარემოს დაცვა თუ მრავალი სხვა.

სამიზნე გეოგრაფია
აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში.

პროგრამის ვადები
სოციალური ინოვაციების პროგრამა დაიწყო 2023 წლის იანვარში და გაგრძელდება 2025 წლის ბოლომდე. იგი განხორციელდება ორი რაუნდის სახით. პირველი რაუნდი 2023-24 წწ, მეორე რაუნდი 2023-25 წწ.

აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა მიღება ხდება კონკურსის წესით.

დაშვების მოთხოვნები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კერძო თუ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, რომლებიც:

  1. ცხოვრობენ ან რეგისტრირებულ არიან საქართველოში;
  2. დაინტერესებულ არიან დანერგონ და განავითარონ სოციალური ინოვაცია;
  3. მზად არიან მიიღონ მონაწილეობა აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

კონკურსი მონაწილეობის მსურველი პირები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე წარმოადგინონ შევსებული განაცხადი და თანმხლები დოკუმენტაცია.

განაცხადის ფორმა

განაცხადის ფორმა ივსება ონლაინ მოცემულ ბმულზე

შეფასების კრიტერიუმები

აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა მოხდება იმის მიხედვით თუ:

  1. რამდენად ინოვაციურია წარმოდგენილი სოციალური იდეა (ინოვაციურობა);
  2. რამდენად სრულადაა დასაბუთებული შემოთავაზებული სოციალური ინოვაციის მნიშვნელობა თუ აქტუალობა (რელევანტურობა);
  3. რამდენად ეფექტურია წარმოდგენილი იდეა საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევის გადასაჭრელად (ეფექტურობა);
  4. რამდენად განხორციელებადი და რეალისტურია წარმოდგენილი იდეა (განხორციელებადობა);
  5. გააჩნია თუ არა განმცხადებელს შემოთავაზებული სოციალური ინოვაციის განვითარებისათვის საჭირო კომპეტენცია და შესაბამისი გამოცდილება (კომპეტენტურობა).

შერჩევის ამ ეტაპზე ყურადღება ეთმობა საკუთრივ სოციალური ინოვაციის ვარგისიანობას (რელევანტურობა, ეფექტურობა, განხორციელებადობა) და განმცხადებელი პირის, პირთა ჯგუფის თუ ორგანიზაციის კომპეტენციას.

წარმოდგენილი განაცხადები შესწავლილ იქნება „შესარჩევი კომისიის“ წევრების მიერ. განაცხადების შეფასება მოხდება ზემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, ქულებით 1 (ყველაზე დაბალი შეფასება) – 5 (ყველაზე მაღალი შეფასება).

სულ აქსელერაციის პროგრამის ცალკეულ კოჰორტაში შეირჩევა არა უმეტეს 30 მონაწილისა.

აქსელერატორის
შესახებ

აქსელერატორის პროგრამის პროცესი

აქსელერატორის მსვლელობა და კალენდარი

სწავლების ფორმატი

ყველა მოდული ხორციელდება პირისპირ. ტრენერის მიერ მასალის მიწოდებისათვის გამოყენებულ იქნება სხვადასხვა საშუალება – ინტერაქტიული პრეზენტაცია თვალისჩინო მასალით, წასაკითხი მასალა, მულტიმედია მასალა, თუ სხვა. ამასთან ერთად სასწავლო დროის ორ მესამედზე მეტი დაეთმობა სხვადასხვა ჯგუფურ და ინდივიდუალური სავარჯიშოებს, სასწავლო მაგალითების გარჩევას, პრაქტიკული სიტუაციების მოდელირება-სიმულაციას, თამაშებს, თვით-რეფლექსიასა და ტრენერის უკუკავშირს.

ყოველი მოდულის (ჯამში 5) დასრულების შემდეგ მოხდება მონაწილეთა შეფასება. აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებისათვის, აუცილებელია სასწავლო კურსის მინიმუმ 80%-ის მაინც წარმატებით დასრულება.

მოდული „სოციალური მეწარმეობა და სამეწარმეო სტრატეგია“

მოდულის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ განსაზღვრონ სოციალური საწარმოს პოზიცია ბაზარზე და შეიმუშაონ ბიზნეს-მოდელი.

მოდული აერთიანებს სასწავლო საკითხებს, რომლებიც უკავშირდება სოციალურ მეწარმეობას, სამიზნე მომხმარებლის შესწავლასა და ბაზრის შეფასებას, პროდუქტს და მის განვითარებას, საფასო პოლიტიკასა და შემოსავლის გენერაციის მექანიზმებს, კონკურენტული კონიუნქტურის ანალიზს.     

მოდულის ხანგრძლივობა 2 დღე.

მოდული „საოპერაციო საქმიანობის მართვა“

მოდულის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ ცოდნასა და უნარ ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ საოპერაციო საქმიანობის – წარმოების და /ან მომსახურების – მართვაში.

მოდული აერთიანებს ისეთ საკითხებს როგორიცაა, საოპერაციო პროცესის ორგანიზება და განლაგება, საწარმოო სიმძლავრის დაგეგმვა, მომარაგება, ადამიანური რესურსები, ხარისხის მართვა.

მოდულის ხანგრძლივობა 2 დღე.

მოდული „მარკეტინგი და მარკეტინგული კომუნიკაცია“

მოდულის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ ცოდნასა და უნარ ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ მარკეტინგული კომუნიკაციის წარმოებასა და გაყიდვების ორგანიზებაში.

მოდული აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოციალური საწარმოს პოზიციონირება და ბრენდის ფორმირება, მარკეტინგული კომუნიკაციის შინაარსის, საშუალებებისა და არხებისა განსაზღვრა, განსაკუთრებული ფოკუსით სოციალურ მედიასა და მარკეტინგის ეგრეთწოდებულ არატრადიციულ საშუალებებზე, პირდაპირი მარკეტინგი, გაყიდვების ორგანიზება.

მოდულის ხანგრძლივობა 2 დღე.

მოდული „ფინანსური მართვა“

მოდულის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ სოციალური საწარმოს ფინანსური მართვის საფუძვლებს, რაც დაეხმარება მათ ფინანსური საქმიანობის დაგეგმვის, აღრიცხვის და შეფასების საქმეში.

მოდული აერთიანებს ისეთ საკითხებს როგორიცაა ძირითადი ფინანსური ცნებები, სოციალური საწარმოს ბიუჯეტის შედგენის საბაზო პრინციპები, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საფუძვლები, სოციალური საწარმოს საქმიანობის ფინანსური შედეგებისა და სოციალური ინვესტიციის შეფასების მარტივი საშუალებები.

მოდულის ხანგრძლივობა 1 დღე.

მოდული „სოციალური საწარმოს ბიზნეს-მოდელი“

მოდულის წარმოადგენს შემაჯამებელ შეხვედრას, სადაც მონაწილეები მიღებული ცოდნის გამოყენებით ეცდებიან შეიმუშაონ თავიანთი სოციალური საწარმოს ბიზნეს-მოდელის პირველი სამუშაო ვერსია. ტრენერი ამ მოდულში გამოდის შემოქმედებითი პროცესის მოდერატორად.

მოდულის ხანგრძლივობა 1 დღე.

აქსელერაციის პროგრამა შემდეგი ეტაპებისგან შედგება:
 
1. თემატური მოკლევადიანი ტრენინგები (მაისი – ივნისი, 2024)
 

2. მონაწილის მიერ წარმოდგენილი სოციალური ინოვაციების იდეის ბიზნეს მოდელის დამუშავება და პროცესში საკონსულტაციო დახმარება (სექტემბერი, 2024)

3. სოციალური ინოვაციის იდეის ბიზნეს მოდელის ფიჩინგი (ოქტომბერი-ნოემბერი, 2024)

4. ფიჩინგის შემდეგ შერჩეული იდეების მხარდაჭერა შეიმუშავონ იდეის დანერგვის პროექტის ბიზნეს გეგმები (ნოემბერი-დეკემბერი,2024)

5. ჟიურის მიერ 5 საუკეთესო იდეის გამოვლენა და ფინანსური მხარდაჭერა (დეკემბერი, 2024)

6. დაფინანსებული პროექტების წამოწყება და განხორციელება (2025)

იხილეთ და ჩამოტვირთეთ აქსელერატორის კალენდარი

ბიზნეს-მოდელის შემუშავების პროცესი და მენტორინგი

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები გააგრძელებენ მუშაობას სოციალური საწარმოს ბიზნეს-მოდელზე. ამ პროცესში ისინი გამოიყენებენ სასწავლო კურსის დროს მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას. ბიზნეს-მოდელი წარმოადგენს სოციალური საწარმოს გარკვეულ წილად ზოგად, სქემატურ მონახაზს. მოდელირების ამოცანაა სოციალური საწარმო გააზრებული იქნას, როგორც სოციალური იდეის დანერგვა-განვითარების საშუალება. უნდა მოხდეს მისი კრიტიკული შეფასება სხვადასხვა ჭრილში, იქნება ეს სტრატეგია, მარკეტინგი, ოპერაციების თუ ფინანსების მართვა.

ერთი მხრივ, მონაწილე ეძებს პასუხს კითხვაზე, რამდენად ეფექტურია მის მიერ წარმოდგენილი სოციალური საწარმო შესაბამისი სოციალური ინოვაციის დანერგვა-განვითარების საქმეში, მეორე მხრივ, იგი სწავლობს სოციალური საწარმოს სიცოცხლისუნარიანობას. მისი ამოცანაა ჯეროვნად შეაფასოს რისკი დაკავშირებული ბაზართან (მოთხოვნა, კონკურენცია), საოპერაციო გარემოსთან (ხელმისაწვდომი რესურსები, თავსებადობა არსებულ ტექნოლოგიებთან, თავსებადობა სამართლებრივი მოთხოვნებსა და რეგულაციებთან, თავსებადობა ადგილობრივ კულტურალურ ნორმებთან), საკუთრივ საწარმოსთან (არსებული რესურსები, მათ შორის ცოდნა-გამოცდილება და know-how, სოციალური კავშირები და ადამიანური კაპიტალი, მართვის სქემა). ამ კითხვებზე პასუხის ძიების პროცესში მონაწილეს შეაქვს ცვლილებები ბიზნეს-მოდელის საწყის ვერსიაში, ახდენს მის მოდიფიკაციას და დახვეწას.

აქსელერაციის პროგრამა მონაწილის მოთხოვნის მიხედვით ითვალისწინებს კონსულტანტის დახმარებას 1 საკონსულტაციო დღის მოცულობით. კონსულტანტი უწევს მონაწილეს დახმარებას ბიზნეს-მოდელის შექმნაში.

სოციალური საწარმოს ბიზნეს-მოდელის ფორმატი

სოციალური საწარმოს ბიზნეს-მოდელის ფორმატი წარმოადგენს ა. ოსტერვალდერისა და ი. პინიეს ეგრეთწოდებული „CANVAS მოდელი“ ადაპტირებულ ვერსიას (Osterwalder & Pigneur, 2010). მისი მეშვეობით პროგრამის მონაწილემ უნდა გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს:

1.ვინ არის სოციალური საწარმოს სამიზნე მომხმარებელი (რა საჭიროება ამოძრავებს მას, როგორია მისი გეო-დემოგრაფიული მახასიათებლები, როგორ შეიძლება შეფასდეს მოთხოვნა);

  • 2. რა პროდუქტს სთავაზობს სოციალური საწარმო სამიზნე მომხმარებელს, რა სახის სარგებლიანობა უკავშირდება ამ უკანასკნელს და რას შეადგენს მისი საფასური;
  •  
  • 3. როგორ უზრუნველყოფს სოციალური საწარმო მარკეტინგულ კომუნიკაციას მომხმარებელთან (მისი უკუკავშირის მექანიზმების ჩათვლით);
  •  
  • 4. როგორ არის ორგანიზებული მომსახურების თუ პროდუქტის მიწოდება;
  •  
  • 5. როგორ არის ორგანიზებული საოპერაციო პროცესი (თანმიმდევრულ ოპერაციათა ერთობლიობა, რომელიც გარდაქმნის რესურსებს პროდუქტად);
  •  
  • 6. როგორ არის უზრუნველყოფილი საოპერაციო პროცესი საჭირო სიმძლავრეებით (მანქანა-დანადგარი, პროგრამული უზრუნველყოფა, აღჭურვილობა თუ სხვა), სხვადასხვა მასალებით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით.
  •  
  • 7. როგორია სოციალური საწარმოს მმართველობით-ადმინისტრაციული სქემა (როგორ განხორციელდება მისი მენეჯმენტი).
  •  
  • 8. როგორ ხდება შემოსავლის გენერაცია (მაგალითად, სამიზნე მომხმარებელი იხდის თავად, პროდუქტის საფასური იფარება მთლიანად ან სუბსიდირებულია მესამე მხარის მიერ, თუ მრავალი სხვა).
  •  
  • 9. როგორია საინვესტიციო და მიმდინარე დანახარჯების სტრუქტურა და მოცულობა, თანადაფინანსების წყაროები და მოცულობა.

ჩამოტვირთეთ სოციალური საწარმოს ბიზნეს მოდელი

 

სოციალური საწარმოს მოდელის წარდგენა (pitching)

წარდგენის ფორმატი

აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სასწავლო კურსი და შეიმუშავეს სოციალური საწარმოს ბიზნეს-მოდელი წარუდგენენ მას შესარჩევ კომისიას (pitching). წარდგენისათვის აქსელერაციის პროგრამის მონაწილეს ეძლევა 15 წუთი, რასაც ახლავს 15 წუთი ხანგრძლივობის სესია დასაზუსტებელი კითხვებისა და პასუხებისათვის. წარდგენის ფორმატი არ არის მკაცრად განსაზღვრული. მონაწილეს მარტო ან თანამოაზრეთა გუნდთან ერთად შეუძლია მიმართოს პრეზენტაციის თუ თხრობის ნებისმიერ ფორმას, გამოიყენოს შესაბამისი თვალსაჩინო მასალა და ასე შემდეგ. ამოცანაა მათ შეძლებისდაგვარად ნათლად და დამაჯერებლად გააგებინონ შესარჩევი კომისიის წევრებს თუ რა სოციალური ინოვაციის დანერგვა-განვითარებას ემსახურება მათი სოციალური საწარმო, როგორ წარმოუდგენიათ მათ მისი ფუნქციონირება და მომავალი. 

ფიჩინგის შესახებ დამატებით მასალას შეგიძლია გაეცნო ბმულზე

შეფასების კრიტერიუმები

სოციალური საწარმოს ბიზნეს-მოდელის წარდგენის საფუძველზე შეირჩევა აქსელერაციის პროგრამის ის მონაწილეები, რომლებიც გააგრძელებენ მუშაობას სოციალური საწარმოს ბიზნეს-გეგმაზე. შეირჩევა იმ სოციალურ საწარმოთა ბიზნეს-მოდელები, რომლებიც წარმოადგენენ სოციალური ინოვაციის დანერგვა-განვითარების ყველაზე ეფექტურ და სიცოცხლისუნარიან საშუალებას. პროგრამაში მონაწილეობა არ ითვალისწინებს ფულად კონტრიბუციას როგორც აუცილებელ წინაპირობას, მაგრამ წაახალისებს მას. ამასთან არაფულადი კონტრიბუციის აღწერა აუცილებელია.

შეფასებისათვის გამოყენებულ იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

  • რამდენად ცალსახაა, რომ სოციალური საწარმო წარმოდგენილი ბიზნეს-მოდელის სახით, მოემსახურება სოციალური ინოვაციის დანერგვა-განვითარებას (კონსისტენტურობა);
  • რამდენად შეესაბამება პროდუქტი და მისი საფასური სამიზნე მომხმარებლის საჭიროებებს;
  • რამდენად ნათლადაა ნაჩვენები მარკეტინგული კომუნიკაციისა და მომსახურების მიწოდების ორგანიზების ეფექტურობა და რეალისტურობა;
  • რამდენად ნათლადაა ნაჩვენები საოპერაციო საქმიანობის ეფექტურობა და რეალისტურობა;
  • რამდენად რეალისტურია შემოსავლების პროგნოზული მოცულობა მიმდინარე დანახარჯების გათვალისწინებით;
  • რას შეადგენს ფულადი და არაფულადი კონტრიბუცია.

შერჩევის პროცედურა

წარმოდგენილი ბიზნეს-მოდელების შეფასება მოხდება შესარჩევი კომისიის მიერ. სულ აქსელერაციის პროგრამის ცალკეულ კოჰორტაში შეირჩევა არა უმეტეს 15 მონაწილისა.

 

აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები, რომლებმაც წარმატებით წარადგინეს სოციალური საწარმოს ბიზნეს-მოდელი, და შერჩეულ იქნენ კომისიის მიერ დაიწყებენ მუშაობას სოციალური საწარმოს ბიზნეს-გეგმაზე. აქსელერაციის პროგრამა მონაწილის მოთხოვნის მიხედვით ითვალისწინებს კონსულტანტის დახმარებას სულ მცირე 2 საკონსულტაციო დღის მოცულობით. კონსულტანტი უწევს მონაწილეს დახმარებას ბიზნეს-გეგმის შემუშავების პროცესში.

წარდგენის ფორმატი

სოციალური საწარმოს ბიზნეს-გეგმის შაბლონი იმეორებს სოციალური საწარმოს ბიზნეს-მოდელის ძირითად თავებს: სოციალური საწარმოს სტრატეგიული პოზიცია ბაზარზე; მარკეტინგული მხარდაჭერა; საოპერაციო საქმიანობის ორგანიზება; ფინანსური მართვა. განსხვავება ისაა, რომ ბიზნეს-მოდელი, როგორც ითქვა, წარმოადგენს სოციალური საწარმოს საერთო, სქემატურ მონახაზს, ხოლო ბიზნეს-გეგმაში მოითხოვება სავსებით კონკრეტული და დეტალური ინფორმაცია.

შეფასების კრიტერიუმები

სოციალური საწარმოს ბიზნეს-გეგმის საფუძველზე შეირჩევა აქსელერაციის პროგრამის ის მონაწილეები, რომლებიც მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას საინვესტიციო დანახარჯების დასაფარად. შერჩევის პროცესში შესარჩევი კომისია იხელმძღვანელებს იგივე კრიტერიუმებით, რაც ბიზნეს-მოდელის შერჩევისას.

დამატებითი მოთხოვნები ბიუჯეტთან დაკავშირებით

ბიზნეს-გეგმის შესყიდვების ბიუჯეტზე მუშაობისას გასათვალისწინებელია შემდეგი მოთხოვნები:

  • აქსელერაციის პროგრამის ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება პროგრამის მონაწილის ხელფასი;
  • იმ შემთხვევაში თუ ბიზნეს-გეგმა ითვალისწინებს სპეციფიკური კვალიფიკაციის მქონე დარგობრივი ექსპერტის მონაწილეობას, აუცილებელია მითითებულ იქნას აღნიშნული პირის ვინაობა და ბიზნეს-გეგმას თან ახლდეს მისი პროფესიული რეზიუმე და პორტფოლიო (მათ შორის წინარე სამუშაოების შესრულების ჰონორარი);
  • ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული ძირითადი საშუალებებისა და მასალების შესყიდვისათვის, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 400 შვეიცარულ ფრანკს, განსაზღვრულ უნდა იქნას მათი ტექნიკური სპეციფიკაცია და ბიზნეს-გეგმას თან უნდა ახლდეს ინვოისი სამი მომწოდებლისაგან.

შერჩევის პროცედურა

ბიზნეს-გეგმების შეფასება მოხდება შესარჩევი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობა ასევე მოიცავს მოწვეულ ექსპერტებს. შერჩევა მოხდება იგივე პროცედურული წესით რაც იქნა აღწერილი თავში „პროგრამაში მიღება“.

აღსანიშნავია, რომ შესარჩევმა კომისიამ შერჩევის პროცესში შესაძლებელია მოიწონოს ბიზნეს-გეგმა, რომელმაც მიიღო შესაბამისი ქულა, გარკვეული პირობით და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან გარკვეული ცვლილებების შეტანა მასში. ამის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. სულ აქსელერაციის პროგრამის ცალკეულ კოჰორტაში შეირჩევა სულ მცირე 5 მონაწილე.

ჩამოტვირთეთ ბიზნეს გეგმის ფორმა

 

ჩვენი მიდგომა

პროგრამა წაახალისებს ინოვაციის იმგვარ პარადიგმას, რომელიც სოციალურ ღირებულებაზეა  ორიენტირებული. სოციალური ღირებულება იქმნება მაშინ, როდესაც ჩარევა და რესურსები მიმართულია საჯარო სიკეთისა და სარგებლის  შექმნაზე, ასევე  საზოგადოებისა და მისი კონკრეტული ჯგუფების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. აქსელერაციის პროგრამის მიდგომა სამი კონცეფციის გაერთიანებას ეფუძნება:

რაც ორიგინალურ იდეას გულისხმობს და პრობლემების გადასაჭრელად არასტანდარტულ ხერხს გვთავაზობს,

სოციალური მიზნებისთვის აზროვნებისა და მოქმედების სტილი, რომელიც მოიცავს  ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების გამოვლენას, სარისკო და გაბედული ნაბიჯებისათვის მზაობას და რაც მთავარია მიზნისთვის სისტემურ / სტრატეგიულ ქმედებას.

დასახული მიზნების მიღწევის ბიზნეს მოდელია, რომელსაც ადმინისტრირების სპეციფიური უნარები სჭირდება.

ამ სამ კონცეფციას აერთიანებს რწმენა, რომ სოციალური ცვლილება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია თანასწორი და კეთილდღეობაზე დაფუძნებული საზოგადოების შესაქმნელად.

გაიცანით ჟიურის წევრები

სააპლიკაციო ფორმა

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 10 აპრილი!