ჩართე საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომლისის მიზანია, საქართველოში ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან. ამ მიზნის მისაღწევად ჩართე იზიდავს შემომწირველებსა და სპონსორებს იმისთვის, რომ ჩართონ ინტერნეტი და შეიძინონ კომპიუტერი სოციალურად დაუცველი უფროსკლასელებისათვის (მე-10, მე-11, მე-12 კლასი). პლატფორმას ახლახანს შეუსრულდა მუშაობის 3 წელი. ორგანიზაციის ბიზნეს მოდელი დგას მცირე შემომწირველების მოზიდვაზე, და ამისთვის იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს. შემომწირველს შეუძლია, პლატფორმის საშუალებით დარეგისტრირდეს და გახდეს ჩართეს მხარდამჭერი. შემომწირველი ირჩევს თანხის ოდენობას, რომელიც მისი ანგარიშიდან ყოველთვიურად გადაირიცხება ინტერნეტის დასაფარად. პლატფორმისაშუალებით შესაძლებელია მოსწავლისათვის ლეპტოპის შესაძენად თანხის გადარიცხვა, სადაც მითითებულია 1 ცალი ლეპტოპის ღირებულება. შემომწირველს შეუძლია, აირჩიოს, მისი გადარიცხული თანხის რა ნაწილი მოხმარდება მოსწავლეების დაფინანსებას და რა ნაწილი – ორგანიზაციის ადმინისტრაციულ ხარჯებს. ძირითადად რეკლამა სოციალურ მედიაში კეთდება და რეფერეტულ ჯგუფებს ეფუძნება.
ამჟამად ჩართეს ჰყავს 1924 მხარდამჭერი, მათი გადმორიცხული თანხებით ინტერნეტი ჩართული აქვს 700-ზე მეტ მოსწავლეს, ეს რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში 78 000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი ჩართული.
პროექტის ავტორია საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia, ამჟამად პროექტის მართვაზე მუშაობს 6, ხოლო პლატფორმის განვითარებაზე ზრუნავს 2 თანამშრომელი. გარდა ამისა, გუნდს ჰყავს მხარდამჭერები და მოხალისეები, ჯამში თხუთმეტიოდე ადამიანი. ისინი ჩართეს გუნდს ეხმარებიან ინტერნეტის საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციაში, ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებაში, კვლევაში, დიზაინში და სხვა საქმიანობებში.
საგანმანათლებლო ფონდი, Educare Georgia, რომელიც მიზნად ისახავს ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში, თავისი საქმიანობის დროს წააწყდა პრობლემას – სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს არ აქვთ ინტერნეტი და კომპიუტერი და შესაბამისად, ვერ ისარგებლებდნენ ფონდის მიერ შეთავაზებული სიკეთეებით. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, ფონდის თანამშრომლებმა შექმნეს პლატფორმა ჩართე, რომელიც მცირე შემომწირველებისგან ონლაინ დონაციებს იღებს იმისთვის, რომ დაუფინანსოს ინტერნეტი და შეუძინოს კომპიუტერი იმ მოსწავლეებს, რომელთაც ეს რესურსი არ გააჩნიათ. პლატფორმა მუშაობს 2017 წლის მაისიდან. პროექტის მთავარი ბენეფიციარები არიან უფროსკლასელები (10-12 კლასი), რომლებსაც არ აქვთ ჩართული ინტერნეტი და არ აქვთ კომპიუტერი. ჩართე-ს ფარგლებში ამჟამად ინტერნეტი ჩართული აქვს 663 მოსწავლეს.
თავდაპირველად, შემომწირველთა მოძიება ნაცნობთა ვიწრო წრით დაიწყო, იდეა გაზიარებული იყო სოციალურ მედიაში და ადამიანები ერთმანეთის საშუალებით აზიარებდნენ ინფორმაციას საქველმოქმედო პორტალის შესახებ. დროთა განმავლობაში კი პროექტი გადავიდა აქტიურ მარკეტინგზე – დაიწყეს ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, მასალის მომზადება პროექტის საქმიანობის შესახებ, რეკლამის გაშვება სოციალურ ქსელში. დღემდე, ადამიანებისთვის მთავარი მოტივატორი, რომ ჩაერთონ პლატფორმაზე და გადარიცხონ თანხა არის ის, რომ მათმა ნაცნობმა გააზიარა პორტალი და რეკომენდაცია გაუწია.
მას შემდეგ, რაც საყოველთაო კარანტინის დროს საზოგადოებამ ცხადად დაინახა ინტერნეტის საჭიროება, უფრო მეტად ენდობიან ჩართე-ს და შემომწირველების რაოდენობაც იზრდება. პლატფორმას ჰყავს 20-მდე კორპორატიული სპონსორი, როგორც ქართული, ასევე უცხოური ორგანიზაციები. რომლებიც მოსწავლეებისთვის ლეპტოპების შეძენას აფინანსებენ.
ჩართე-ს ინოვაციურობა გამოიხატება მის ბიზნეს მოდელში, თუ რა ფორმით აგროვებს იგი შემოწირულობებს და როგორ უზრუნველყოფს გამჭირვალე და რეგულარულ ანგარიშგებას. შემომწირველი ყოველთვიურად იღებს გამჭვირვალეობის ანგარიშს და ბრუნვის საბანკო ამონაწერს, სადაც მითითებულია, თუ როგორ დაიხარჯა მისი გადარიცხული თანხა. ჩართეს ყველა აქტივობა გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია. გამომდინარე იქედან, რომ დონორებს ყოველთვიური ანგარიში ეგზავნებათ და პროექტის საქმიანობის დეტალებს ეცნობიან, ხედავენ, რომ მათი პორტალიდან წასვლის შემთხვევაში შესაძლოა, მოსწავლე ინტერნეტის გარეშე დარჩეს. აღნიშნული ხელს უწობს დონორების შენარჩუნებას. პორტალზე განთავსებული ფოტოები და მოსწავლეების ისტორიები, გამჭვირვალეობის გარდა, ქმნის პერსონალურობის განცდასაც. აქ მოცემულია იმ მოსწავლეების ფოტოები და ისტორიები, რომლებსაც უკვე დაუფინანსდათ ინტერნეტი და ასევე მათიც, ვინც ჯერ მოლოდინის რეჟიმშია. ეს ფაქტორი დამატებით აძლევს შემომწირველებს პროექტში ჩართვის მოტივაციას, რადგანაც ხედავენ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც მათი დახმარებით ინტერნეტზე ექნებათ წვდომა.
ჩართეს წარმომადგენლებს სწამთ, რომ შემომწირველებთან და მომხმარებლებთან აქტიური და ღია კომუნიკაცია აუცილებელია და ამ მიმართულებით ენერგიას არ იშურებენ. საზოგადოების მხრიდან შენიშვნების მოსმენისას, მაგ. სოციალურ ქსელში კომენტარების შემთხვევაში, ორგანიზაციის თანამშრომლები ყურადღებას იჩენენ და დაწვრილებით უხსნიან დაინტერესებულ მომხმარებელს, თუ სად რა ინფორმაციის ნახვა არის შესაძლებელი. ყოველწლიურად იმართება დონორებთან შეხვედრა, მათ ეგზავნებათ კითხვარები ან ხდება სატელეფონო გამოკითხვა უკუკავშირის მისაღებად. ასევე, დონორებისგან მოდის წერილობითი შენიშვნები და უკუკავშირიც. დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ასეთი პლატფორმის შენებისას მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მოუსმინო და გამოკითხო, რაც ორგანიზაციას ზრდაში ეხმარება.
ორგანიზაციის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დიდი წილი მიმართულია ჩართე-ს სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯების დაფინანსებაზე – უფროსკლასელებისთვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის შესყიდვები). ამას გარდა, =ჩართეს ხარჯები მოიცავს საქმიანობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს და პერსონალის შრომის ანაზღაურებას. ჩართე-ს პერსონალი უზრუნველყოფს ბენეფიციარების იდენტიფიკაციას, ტრანსპორტირებას, ინტერნეტის ინსტალაცია/კომპიუტერების დარიგებას, ფოტო და ვიდეო გადაღებებს, ტრენინგების მიწოდებას. არის შემთხვევები, როცა პარტნიორები უფასოდ ემსახურებიან პროექტს, ან მოხალისეები ერთვებიან მოსწავლეების იდენტიფიკაციასა და მათი ისტორიების დაწერაში.
თავად შემომწირველს დონაციის განხორციელების დროს ეძლევა საშუალება მიიღოს გადაწყვეტილება, მის მიერ გაცემული თანხა სხვადასხვა ხარჯის კატეგორიაზე როგორ უნდა გადანაწილდეს, გაღებული თანხის რა პროცენტი მოხმარდეს პირდაპირ ხარჯებს თუ ადმინისტრირებას. ასევე შემომწირველს ეძლევა საშუალება მის მიერ განსაზღვრული თანხა გაიღოს ერთჯერადად ან გახდეს რეგულარული დონორი.
ჩართეს საქმიანობის გაცნობისას ჩნდება კითხვა – რა უფრო სჭირდება ხელმოკლედ მცხოვრებ ადამიანს – საჭმელი/ტანსაცმელი, თუ ინტერნეტი, რომელიც შეიძლება სიღარიბის დაძლევაში დაეხმაროს? ჩართე დროდადრო ატარებს კვლევებს ისთვის, რომ გაიზომოს პროექტის გავლენა მოსწავლეების ცხოვრებაზე. მათი ინფორმაციით, უკვე ბევრი შემთხვევაა, როცა იმ მოსწავლეთა ოჯახებისთვის, რომლების პროექტის ბენეფიციარები იყვნენ, პრიორიტეტული გახდა ინტერნეტის მოხმარება და ისინი მზად არიან, გააგრძელონ ინტერნეტის გადასახადის დაფარვა (უფროსკლასელებს ინტერნეტის გადასახადი უფინანსდებათ სკოლის დამთავრების შემდეგ 1 წლის განმავლობაშიც). გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც პროექტის ფარგლებში ინტერნეტი შეიყვანეს იმ პუნქტებში/რეგიონებში, სადაც მანამდე მოთხოვნა არ იყო, ინტერნეტის პროვაიდერებს გაუჩნდათ მოტივაცია, რომ შესულიყვნენ ამ ლოკაციებში.


