ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ჩართე

„ჩართე“ საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომლის შემქმნელები ცდილობენ საქართველოში ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან. „ჩართე“ იზიდავს შემოწირულობებსა და სპონსორთა სახსრებს იმისთვის, რომ შეიძინოს კომპიუტერი და ჩართოს ინტერნეტი სოციალურად დაუცველი უფროსკლასელებისათვის. ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში 78 ათასამდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ამის საშუალება.

პლატფორმას ახლახან შეუსრულდა მუშაობის 3 წელი. ბიზნეს მოდელი ეყრდნობა მცირე შემოწირულობების მოზიდვას და ამისთვის იყენებს  ციფრულ ტექნოლოგიებს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს პლატფორმის საშუალებით და გახდეს „ჩართეს“ მხარდამჭერი. იგი თავად განსაზღვრავს თანხის ოდენობას, რომელიც მისი ანგარიშიდან ყოველთვიურად ან ერთჯერადად გადაირიცხება მოსწავლეებისათვის ინტერნეტის საფასურის დასაფარად, ირჩევს გადარიცხული თანხის რა ნაწილი მოხმარდეს მოსწავლეების დაფინანსებას და რა ნაწილი ორგანიზაციის ადმინისტრაციულ ხარჯებს. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია მოსწავლისათვის თანხის გადარიცხვა კომპიუტერის შესაძენად. ამჟამად „ჩართეს“ ჰყავს 1,924 მხარდამჭერი. მათ მიერ გადმორიცხული თანხებით ინტერნეტი ჩართული აქვს შვიდასზე მეტ მოსწავლეს და ეს რაოდენობა დღითიდღე იზრდება. პლატფორმას ჰყავს ოცამდე კორპორატიული სპონსორი, როგორც ქართული, ასევე უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც მოსწავლეებისთვის კომპიუტერების შეძენას აფინანსებენ.

პროექტის ავტორია საგანმანათლებლო ფონდი „Educare Georgia“, რომელიც მიზნად ისახავს საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით ხარისხიანი თანამედროვე განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის. ამჟამად პროექტის მართვაზე მუშაობს ექვსი ხოლო პლატფორმის განვითარებაზე ორი თანამშრომელი.  გარდა ამისა, გუნდს ჰყავს მხარდამჭერები და მოხალისეები, ჯამში თხუთმეტიოდე ადამიანი. ისინი „ჩართეს“ გუნდს ეხმარებიან სამიზნე მოსწავლეთა გამოვლენაში, ფოტო და ვიდეო მასალის მომზადებაში, კვლევაში, დიზაინში და სხვა საქმიანობაში.

თავდაპირველად, შემომწირველთა მოძიება ნაცნობების ვიწრო წრით დაიწყო. სოციალური მედიის მეშვეობით ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ ინფორმაციას საქველმოქმედო პორტალის შესახებ. დროთა განმავლობაში კი პროექტი გადავიდა აქტიურ მარკეტინგზე – დაიწყეს ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, მასალის მომზადება პროექტის საქმიანობის შესახებ, რეკლამა სოციალურ ქსელში. დღემდე, მრავალი ადამიანისათვის მოტივს ჩაერთოს პლატფორმაში და გადარიცხოს თანხა წარმოადგენს რეკომენდაცია, რომელიც პორტალს მათმა ნაცნობმა თუ მეგობარმა გაუწია.

„ჩართეს“ ყველა აქტივობა ღია და გამჭვირვალეა. ყოველთვიურად მისი მხარდამჭერები იღებენ ფინანსურ ანგარიშს და ბრუნვის საბანკო ამონაწერს, სადაც მითითებულია, თუ როგორ დაიხარჯა მათ მიერ გადარიცხული თანხა. ყოველთვიური ანგარიში მნიშვნელოვანია, რადგან დონორები ეცნობიან პროექტის საქმიანობის დეტალებს და ხედავენ, რომ მათი პორტალიდან წასვლის შემთხვევაში შესაძლოა, მოსწავლე ინტერნეტის გარეშე დარჩეს. აღნიშნული ხელს უწობს მათ შენარჩუნებას. პორტალზე განთავსებული ფოტოები და მოსწავლეების ისტორიები გამჭვირვალეობის გარდა ქმნიან პირადი პასუხისმგებლობისა და მონაწილეობის განცდას.  მოცემულია იმ მოსწავლეების ფოტოები და ისტორიები, რომლებსაც უკვე დაუფინანსდა ინტერნეტი და მათიც ვინც ჯერ რიგშია. ეს ქმნის პროექტში ჩართვის დამატებით მოტივს.

„ჩართეს“ გუნდის წევრებს და დამფუძნებლებს სწამთ, რომ აუცილებელია დონორებთან და მომხმარებლებთან აქტიური და ღია კომუნიკაცია. შენიშვნები, მაგალითად კომენტარები სოციალურ ქსელში, ყურადღებით განიხილება ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ, ისინი დაწვრილებით უხსნიან დაინტერესებულ მომხმარებელს, თუ სად რა ინფორმაციის ნახვა არის შესაძლებელი. ყოველწლიურად იმართება დონორებთან შეხვედრა. მათ ეგზავნებათ კითხვარები ან ხდება სატელეფონო გამოკითხვა უკუკავშირის მისაღებად. ასევე, დონორებისგან მოდის წერილობითი შენიშვნები და უკუკავშირიც.  ეს ყოველივე ორგანიზაციას ზრდაში ეხმარება.

ორგანიზაციის ბიუჯეტის დიდი წილი მიმართულია „ჩართეს“ სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებულ პირდაპირ ხარჯებზე – უფროსკლასელებისთვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის შესყიდვები. ამას გარდა, „ჩართეს“ ბიუჯეტი მოიცავს ადმინისტრაციულ და შრომის ანაზღაურების ხარჯებს. „ჩართეს“ პერსონალი უზრუნველყოფს ბენეფიციარების გამოვლენას, ტრანსპორტირებას, ინტერნეტის ინსტალაციას, კომპიუტერების დისტრიბუციას, ფოტო და ვიდეო გადაღებებს, ტრენინგს. არის შემთხვევები, როცა პარტნიორები უფასოდ ემსახურებიან პროექტს, ან  ერთვებიან მოხალისეები.

დროდადრო „ჩართე“ ატარებს სოციოლოგიურ კვლევას იმისთვის, რომ გაიზომოს პროექტის გავლენა მოსწავლეების ცხოვრებაზე. მათი ინფორმაციით, მრავალი შემთხვევაა, როდესაც იმ მოსწავლეთა ოჯახებისთვის, რომლების პროექტის ბენეფიციარები იყვნენ, ინტერნეტმა შეიძინა მნიშვნელობა  და ისინი მზად არიან გააგრძელონ მისი გადასახადის დაფარვა (უფროსკლასელებს ინტერნეტის გადასახადი უფინანსებდა სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში). გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც პროექტის ფარგლებში ინტერნეტი შეიყვანეს იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მანამდე მოთხოვნა არ იყო, ინტერნეტის პროვაიდერებს გაუჩნდათ იქ შესვლის მოტივი.