5 Otar Chkheidze St. 0186 Tbilisi +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

მწვანე საჩუქარი

მწვანე საჩუქარი ქართული სოციალური საწარმოა, რომელიც 2017 წელს დარეგისტრირდა. დამფუძნებლებს სურთ, გარემოს დაცვას ხელი შეუწყონ თავიანთი საქმიანობით და ამავდროულად, დასაქმებაში ხელი შეუწყონ იმ ადამიანებს, ვისაც ამის ნაკლები შესაძლებლობა აქვს. კონკრეტულად საწარმო მიზნად ისახავს ქაღალდის წარმოებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებას. ამ მიზნის შესასრულებლად, საწარმო მაკულატურასბარებს პარტნიორ გადამამუშავებელ ქარხანას, მისგან იღებს გადამუშავებულ ქაღალდს, ამ ქაღალდისგან კი ამზადებენ კონვერტებს, კალენდრებს, ჩანთებს, სასაჩუქრე ყუთებს, ბლოკტონებს. საწარმოს დასაქმებული ჰყავს ყოფილი მსჯავრდებულები, მარტოხელა მშობლები, იძულებით გადაადგილებული პირები, სტუდენტები. „მწვანე საჩუქარი“ ასევე ეხმარება მოხალისეებს პროფესიულ განვითარებაში, შემდეგ კი ასაქმებს მათ. შესაბამისად, დასაქმების პოლიტიკითაც საწარმო  სოციალურ მისიას ემსახურება .

2014 წელს მარი მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო პროექტში, „აქტიურ მოქალაქეთა სკოლა“, რომლის მიმართულებაც იყო აფხაზურ-ქართული დიალოგი, სადაც ენგურს გაღმა და გამოღმა ახალგაზრდები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ სათემო პრობლემები. მარი ადრევე იყო დაინტერესებული გარემოს დაცვის საკითხებით. ის და მისი მეგობარი, რომელიც „მწვანე საჩუქრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, განაწილდნენ გარემოს დამცველების ჯგუფში.  ამ ჯგუფში მოხალისეობრივი მუშაობის დროს დაიბადა იდეა, თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ თბილისში დაბრუნებულებს და ასე დაიწყეს თავიანთი პირველი საქველმოქმედო აქტივობა – დადგეს ხელნაკეთი ყუთები თავიანთ და მეგობრების სამსახურებში, აგროვებდნენ მაკულატურას და ცვლიდნენ წიგნებში, ხოლო წიგნებს უგზავნიდნენ რეგიონების იმ სკოლებს, რომლებსაც მწირი ბიბლიოთეკა ჰქონდათ.

ეს საქმიანობა წელიწადნახევარს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მარიმ და მისმა მეგობრებმა დაინახეს, რომ ადამიანები დიდი სიხარულით ეხმარებოდნენ მაკულატურის შეგროვებაში, რადგან ამ აქტივობას სოციალური სარგებელი მოჰქონდა – წიგნები რეგიონების სკოლებისთვის. ამას გარდა, დაასკვნეს, რომ ამ საქმის მხოლოდ საკუთარი ძალებით კეთებას დიდი რესურსი მიჰქონდა, თანაც, მაკულატურის წიგნებში გადაცვლისას, სასურველი წიგნები ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იქნებოდა, საკუთარი ციკლი მოეფიქრებინათ. იღებდნენ მონაწილეობას კონკურსებსა და ტრენინგებში, რასაც, გრანტის სახით ფინანსური დახმარების გარდა, დამატებითი გამოცდილებაც მოჰქონდა – იდეა დაიხვეწა და გარემოს მოთხოვნებს უფრო მეტად მოერგო. 2017 წლის ივლისში სოციალური საწარმო დააფუძნა ოთხმა მეგობარმა – (მარი ბენდელიანი, დაჩი ჯანელიძე, ანა ილურიძე, კოკა დარჩია). საწარმოს მიზანი კი ასე ჩამოყალიბდა: ქაღალდის წარმოებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება.

მოხალისეობრივი პროექტის კეთებისას მარის და მის მეგობრებს გეგმად ჰქონდათ ნარჩენების გადამუშავებაზე მუშაობა. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მათ უბიძგა, რომ კონკრეტულად ქაღალდის გადამუშავებით დაინტერესებულიყვნენ, იყო პროექტ „მაკულიტერატურასთან“ კავშირი. ისინი მაკულატურას აბარებდნენ, სანაცვლოდ კი იღებდნენ წიგნებს „მაკულიტერატურისგან“ და ამ წიგნებს სასკოლო ბიბლიოთეკებს უგზავნიდნენ.

ამჟამად, მთავარი პრობლემა, რა მიმართულებითაც საწარმო მუშაობს, არის ქაღალდის ნარჩენების მართვა, თუმცა საწარმოს საქმიანობა სხვა სოციალურ სარგებელსაც იძლევა – საწყის ეტაპზე, როცა მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდნენ, მარიმ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ქაღალდის ნარჩენების შეგროვებასთან ერთად, საზოგადოებისთვის სასარგებლო სხვა საქმესაც შეათავსებდნენ – მაკულატურის სანაცვლოდ წიგნების მიღება და მათი სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის გადაცემა.

ქაღალდის ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება, თავისთავად, სიახლე არ არის. თუმცა, როდესაც „მწვანე საჩუქარმა“ მუშაობა დაიწყო, მისი განსხვავებულობა მდგომარეობდა იმაში, რომ ორგანიზაციებიდან მცირე რაოდენობის ქაღალდის ნარჩენებიც გაჰქონდა, საშუალოდ 15-20 კგ, ხოლო თუ ამას შევადარებთ სხვა კომპანიების მოთხოვნას, მათ მინიმუმ 100 კგ-ს შემთხვევაში მიაქვთ ქაღალდის ნარჩენები. მწვანე საჩუქარს ჰყავს ხშირი/მუდმივი მომხმარებელი ორგანიზაციები.  – National Geographic საქართველო, რომელიც ყოველთვე გარკვეული რაოდენობის კონვერტებს უკვეთავს. ხშირი მომხმარებელია CENN, BDO საქართველო, შპს. ვია თრეველი, მისო. კრისტალი, CSRDG, CtC, ანაგრამა, პროკრედიტი, საქართველოს ბანკი, სექტორი 3 და სხვა.

ამ დროისთვის საწარმოს ფინანსური მდგრადობა დამოკიდებულია, როგორც გრანტებზე, ასევე გაყიდვებით მიღებულ შემოსავალზე თანაბრად. სხვდასხვა დროს გრანტის გამცემი ორგანიზაციები არიან, CSRDG,  საქართველოს ბანკის ფონდი სიცოცხლის ხე, CENN, საწარმომ უპროცენტო/სოციალური სესხი მიიღო კრისტალ ბანკისგან. დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ პოსტ პანდემიის პერიოდში მათ მიერ დაგეგმილი ცვლილებების შემდგომ შემოსავლების წილი უფრო მეტად გაიზრდება.

კიდევ ერთი სოციალური სარგებელი, რაც „მწვანე საჩუქარს“ მოაქვს, არის იმ ადამიანების დასაქმება, რომელთაც სამსახურის პოვნის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. მათ შორის, ყოფილი მსჯავრდებულები, მარტოხელა მშობლები, იძულებით გადაადგილებული პირები, სტუდენტები და სხვ. სხვადასხვა დროს საწარმოში დასაქმებული იყო 15 სტუდენტი. საწარმოს ჰყავს 7 მუდმივი თანამშრომელი, დროებითი თანამშრომლების რაოდენობა კი დატვირთვაზეა დამოკიდებული, საშუალოდ, 5 დან 10-მდე, მათი დიდი ნაწილი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. თანამშრომლების დაქირავების პრაქტიკა უმეტესად ასეთია – პროექტის მოხალისეებს ეხმარებიან პროფესიული ცოდნის შეძენაში, შემდეგ კი საწარმოში ასაქმებენ. შესაბამისად, დასაქმების პოლიტიკითაც საწარმო  სოციალურ მისიას ემსახურება.

სწორედ ასეთია სალომეს ისტორია. „მწვანე საჩუქარს“ ჰქონდა პროექტი, სადაც გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ტრენინგი ჩაუტარა ორ სმენის არმქონე ადამიანს, ერთ-ერთი მათგანი სალომეს მეგობარი იყო. სალომე მეგობართან ერთად ესწრებოდა ტრენინგებს, რათა მას დახმარებოდა და ამასობაში თვითონაც ისწავლა გრაფიკული დიზაინი. ახლა ის „მწვანე საჩუქრის“ დიზაინერია. სალომესთვის ძალიან სასიხარულოა, თუ რა პოზიტიური გავლენა აქვს მის საქმეს საზოგადოებაზე, ამიტომაც, დიდი ენთუზიაზმითა და სიამოვნებით მუშაობს. განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ხედავს, რომ მათი მუშაობით ნარჩენებთან დამოკიდებულების კულტურის ჩამოყალიბებაც ხდება – სადაც „მწვანე საჩუქრის“ ყუთი დგას, იმ ორგანიზაციების თანამშრომლებს უყალიბდებათ ჩვევა, რომ აღარ გადააგდონ ქაღალდი. ასე ვრცელდება ეს ყველაფერი.

ამ წლების მანძილზე მუშაობის დროს გაკეთდა დასკვნები შეცდომებზეც – მარის აზრით, საწარმო სწრაფად ვერ ვითარდებოდა მაშინ, როცა გრანტის მთელ თანხას  დანადგარების ყიდვაზე ხარჯავდნენ და სახელფასო ბიუჯეტში არ ანაწილებდნენ, რის გამოც სრულ განაკვეთზე თანამშრომლებს ვერ ქირაობდნენ და დამფუძნებლებს თვითონ უწევდათ საქმის დიდი ნაწილის კეთება, სამსახურისგან თავისუფალ დროს.

მარის და მის მეგობრებს სირთულეებს უქმნიდა გამოცდილების ნაკლებობა ბიზნესის მართვასა და საბეჭდი დანადგარების გამოყენებაში, მაგრამ აქაც, დროთა განმავლობაში გამოცდილება შეიძინეს. საწარმოს მბეჭდავი კი მათ დანადგარებთან მუშაობას ასწავლიდა. „მწვანე საჩუქრის“ თანამშრომლები დღემდე განაგრძობენ სიახლეების ათვისებას და ახალი გამოცდილების შეძენას.

საწარმოს საქმიანობის ამჟამინდელი ციკლი – 120-ზე მეტი ყუთი განთავსებულია სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ კომპანიაში, როდესაც ყუთი ივსება, ისინი რეკავენ და საწარმოს შეგროვების ჯგუფი 2-5 სამუშაო დღეში მიდის და ცლის ამ ყუთს, შემდეგ მოაქვთ საწარმოში და ახარისხებენ. დახარისხებული მაკულატურა მიაქვთ პარტნიორ გადამამუშავებელ ქარხანაში და ცვლიან გადამუშავებულ ქაღალდში. ქაღალდი მოაქვთ საწარმოში და ამზადებენ საკანცელარიო პროდუქტებს. პირველ ეტაპზე მხოლოდ შესაფუთ ქაღალდს ამზადებდნენ, შემდეგ კი, მოპოვებული გრანტის დახმარებით შეიძინეს ამოსაკვეთი დანადგარები. ამჟამად ქმნიან კონვერტებს, ჩანთებს, სასაჩუქრე ყუთებს, ზამბარიან ბლოკნოტებს, საქაღალდეებს, მისალოც ბარათებს.

წიგნების ჩაბარება საწარმოს ძირითადი საქმიანობა აღარ არის, თუმცა, ამ მხრივაც აგრძელებენ აქტივობებს. რადგანაც მაკულატურის მომწოდებლებმა იციან მათი საქმიანობის შესახებ, წიგნები მიაქვთ ჩასაბარებლად, „მწვანე საჩუქარი“ კი გადაარჩევს მათ და სკოლისთვის შესაბამის წიგნებს სკოლის ბიბლიოთეკებს უგზავნის.

„მწვანე საჩუქარი“ ნარჩენების შეგროვების პოპულარიზაციასაც ეწევა. როდესაც გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია გამოაქვთ, თან აქვთ მაკულატურის შესაგროვებელი ყუთიც. ასევე ეწევიან საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებს გარემოსდაცვით თემაზე, შეხვედრები ტარდება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სხვა სოციალურ საწარმოებში, მაკულატურის მომწოდებელ ორგანიზაციებში. ატარებენ კონკურსებს გარემოსდაცვით თემებზე.