ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

მწვანე საჩუქარი

მწვანე საჩუქარი ქართული სოციალური საწარმოა, რომელიც 2017 წელს დარეგისტრირდა. დამფუძნებლებს სურთ, თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყონ გარემოს დაცვას და, ამავდროულად, იმ ადამიანების დასაქმებას, ვისაც ამის ნაკლები შესაძლებლობა გააჩნია.

2014 წელს მარი მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო პროექტში „აქტიურ მოქალაქეთა სკოლა“, რომლის მიზანი აფხაზურ-ქართული დიალოგი იყო. ახალგაზრდები ენგურის ორთავე მხრიდან შეიკრიბნენ, რათა განეხილათ სათემო პრობლემები. მარი ადრევე იყო დაინტერესებული გარემოს დაცვის საკითხებით. ის და მისი მეგობარი, რომელიც „მწვანე საჩუქრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, განაწილდნენ გარემოს დამცველების ჯგუფში. ამ ჯგუფში მოხალისეობრივი მუშაობის დროს დაიბადა იდეა, თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ თბილისში დაბრუნებულებს და ასე დაიწყეს თავიანთი პირველი საქველმოქმედო აქტივობა – დადგეს ხელნაკეთი ყუთები თავიანთ და მეგობრების სამსახურებში, აგროვებდნენ მაკულატურას და ცვლიდნენ წიგნებში, ხოლო წიგნებს უგზავნიდნენ რეგიონების იმ სკოლებს, რომლებსაც მწირი ბიბლიოთეკა ჰქონდათ.

ეს საქმიანობა წელიწადნახევარს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მარიმ და მისმა მეგობრებმა დაინახეს, რომ ადამიანები დიდი სიხარულით ეხმარებოდნენ მაკულატურის შეგროვებაში, რადგან ამ აქტივობას სოციალური სარგებელი მოჰქონდა – წიგნები რეგიონების სკოლებისთვის. ამას გარდა, ცხადი გახდა, რომ ამ საქმის მხოლოდ საკუთარი ძალებით კეთებას დიდი რესურსი მიჰქონდა, თანაც, მაკულატურის წიგნებში გადაცვლისას, სასურველი წიგნები ყოველთვის არ იყო. მარისა და მისი მეგობრებისათვის მნიშვნელოვანი გახდა შეექმნათ ახალი უფრო ეფექტური ბიზნეს-მოდელი. ისინი იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა სასწავლო პროგრამებსა და საგრანტო კონკურსებში, რასაც, ფინანსური დახმარების გარდა, ახალი ცოდნა და გამოცდილება მოჰქონდა. ბიზნეს-მოდელის იდეა თანმიმდევრულად იხვეწებოდა და საბოლოოდ 2017 წლის ივლისში ოთხმა მეგობარმა – მარი ბენდელიანი, დაჩი ჯანელიძე, ანა ილურიძე, კოკა დარჩია – დააფუძნეს სოციალური საწარმო, რომლის მიზანი ქაღალდის გადამუშავება და მისი წარმოებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება გახდა. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც უბიძგა დაინტერესებულიყვნენ ქაღალდის გადამუშავებით, იყო პროექტ „მაკულიტერატურასთან“ კავშირი. ისინი მაკულატურას აბარებდნენ, სანაცვლოდ კი იღებდნენ წიგნებს „მაკულიტერატურისგან“ და ამ წიგნებს სასკოლო ბიბლიოთეკებს უგზავნიდნენ.

ქაღალდის ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება, თავისთავად, სიახლე არ არის. თუმცა, როდესაც „მწვანე საჩუქარმა“ მუშაობა დაიწყო, მას განსხვავებით მაკულატურის შემგროვებელი სხვა კომპანიებისაგან ორგანიზაციებიდან მცირე რაოდენობის ქაღალდის ნარჩენებიც გაჰქონდა (შედარებისათვის, საშუალოდ 15-20 კილოგრამი ნაცვლად სხვა კომპანიების სულ მცირე 100 კილოგრამისა).

დღეისათვის მწვანე საჩუქარს ჰყავს მრავალი მუდმივი მომხმარებელი ორგანიზაცია, როგორც სამოქალაქო ასე კერძო სექტორში. სხვადსხვა ორგანიზაციაში განთავსებულია 120-ზე მეტი ყუთი. საწარმოს საოპერაციო ციკლი მოიცავს ყუთების შეგროვებას, მაკულატურის დახარისხებას, დახარისხებული მაკულატურის ტრანსპორტირებას გადამამუშავებელ ქარხანაში და გაცვლას გადამუშავებულ ქაღალდში. ქაღალდი ბრუნდება საწარმოში სადაც ამზადებენ საკანცელარიო პროდუქტებს, კონვერტებს, ჩანთებს, სასაჩუქრე ყუთებს, ზამბარიან ბლოკნოტებს, საქაღალდეებს, მისალოც ბარათებს.

საწარმოს ფინანსური მდგრადობა თანაბრადაა დამოკიდებული, როგორც გრანტებზე, ასევე გაყიდვებით მიღებულ შემოსავალზე. სხვდასხვა დროს ორგანიზაციას მიღებული აქვს გრანტი „საქართველოს სტრატეგიულ კვლევათა და განვითარების ცენტრისაგან“, „საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხისგან““, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისაგან (CENN)“. საწარმომ უპროცენტო სოციალური სესხი მიიღო „კრისტალ ბანკისგან“.

როგორც აღინიშნა, კიდევ ერთი სოციალური სარგებელი, რაც „მწვანე საჩუქრის“ საქმიანობას უკავშირდება, არის სამუშაო ადგილები მათთვის, ვისაც დასაქმების ნაკლები შესაძლებლობა აქვს – ყოფილი მსჯავრდებულები, მარტოხელა მშობლები, იძულებით გადაადგილებული პირები, სტუდენტები და სხვა. ასე სხვადასხვა დროს საწარმოში დასაქმებული იყო 15 სტუდენტი. საწარმოს ჰყავს შვიდი მუდმივი თანამშრომელი. დროებითი თანამშრომლების რაოდენობა კი დამოკიდებულია დატვირთვაზე და მერყეობს ხუთი თანამშრომლიდან ათამდე. მათი დიდი ნაწილი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. თანამშრომლების დაქირავების პრაქტიკა უმეტესად ასეთია – პროექტის მოხალისეებს ეხმარებიან საჭირო პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაში, შემდეგ კი საწარმოში ასაქმებენ. სწორედ ასეთია სალომეს ისტორია. „მწვანე საჩუქარს“ ჰქონდა პროექტი, სადაც გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ტრენინგი ჩაუტარა ორ სმენის არმქონე ადამიანს, ერთ-ერთი მათგანი სალომეს მეგობარი იყო. სალომე მეგობართან ერთად ესწრებოდა ტრენინგებს, რათა მას დახმარებოდა და ამასობაში თვითონაც ისწავლა გრაფიკული დიზაინი. ახლა ის „მწვანე საჩუქრის“ დიზაინერია. სალომესთვის ძალიან სასიხარულოა, გავლენა რომელსაც ახდენს მისი საქმე საზოგადოებაზე, ნარჩენებთან დამოკიდებულების კულტურაზე: „სადაც „მწვანე საჩუქრის“ ყუთი დგას, იქ თანამშრომლებს უყალიბდებათ ჩვევა, რომ აღარ გადააგდონ ქაღალდი. ასე ვრცელდება ეს ყველაფერი.“

საწყის ეტაპზე მარის და მის მეგობრებს სირთულეს უქმნიდა გამოცდილების ნაკლებობა ბიზნესის მართვასა და საბეჭდი დანადგარების გამოყენებაში. დროთა განმავლობაში მათ შეიძინეს გამოცდილება, საწარმოს მბეჭდავი კი მათ დანადგარებთან მუშაობას ასწავლიდა. „მწვანე საჩუქრის“ თანამშრომლები დღემდე განაგრძობენ სიახლეების ათვისებას და ახალი გამოცდილების შეძენას. მრავალი რამ ისწავლეს საკუთარ შეცდომებზეც. მარის აზრით, საწარმო სწრაფად ვერ ვითარდებოდა მაშინ, როდესაც მთელ სახსრებს ახმარდნენ კაპიტალურ ინვესტიციებს დანადგარებში. სახელფასო ფონდის სიმცირის გამო, ვერ ახდენდნენ თანამშრომლების აყვანას სრულ განაკვეთზე. დამფუძნებლებს თავად უწევდათ საქმის დიდი ნაწილის კეთება, სამსახურისგან თავისუფალ დროს.

წიგნების ჩაბარება საწარმოს ძირითადი საქმიანობა აღარ არის, თუმცა, ამ მხრივაც აგრძელებენ აქტივობებს. რადგანაც მაკულატურის მომწოდებლებმა იციან მათი საქმიანობის შესახებ, წიგნები მიაქვთ ჩასაბარებლად, „მწვანე საჩუქარი“ კი გადაარჩევს მათ და შესაბამის წიგნებს სკოლის ბიბლიოთეკებს უგზავნის.

„მწვანე საჩუქარი“ ნარჩენების შეგროვების პოპულარიზაციასაც ეწევა. როდესაც გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია გამოაქვთ, თან აქვთ მაკულატურის შესაგროვებელი ყუთიც. ასევე ეწევიან საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებს გარემოსდაცვით თემაზე. შეხვედრები ტარდება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სხვა სოციალურ საწარმოებში, მაკულატურის მომწოდებელ ორგანიზაციებში. ატარებენ კონკურსებს გარემოსდაცვით თემებზე.