5 Otar Chkheidze St. 0186 Tbilisi +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

Lingwing

ენების შემსწავლელი პლატფორმა Lingwing შეიქმნა 2017 წელს. დღეს პლატფორმას ჰყავს 180 000-ზე მეტი მომხმარებელი, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, მარტივი და სახალისო პროგრამით, სწრაფ რეჟიმში შეისწავლონ უცხო ენები საწყისი დონეებიდან. ამ ეტაპზე პორტალის საშუალებით შესაძლებელია ინგლისური, იტალიური, ესპანური, ფრანგული, რუსული და გერმანული ენების შესწავლა. ინგლისურის კურსის გავლა შეუძლიათ როგორც ქართულენოვან, ასევე რუსულ, ესპანურ, ბენგალის და თურქულენოვან მომხმარებლებს, ხოლო დანარჩენი 5 ენის სწავლა ჯერჯერობით ქართულენოვანი მომხმარებლებისთვისაა შესაძლებელი.

მას შემდეგ რაც, ვატო ველიაშვილმა და მისმა მამამ უცხო ენის ონლაინ კურსების გავლა გადაწყვიტეს, აღმოაჩინეს, რომ არსებული სასწავლო რესურსები მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. პროგრამები ან ძალიან მარტივი იყო, ვიზუალურ ეფექტებზე ორიენტირებუალი, ან მეტისმეტად რთული, სადაც პროგრამის სპეციფიკაში გარკვევა ენის სწავლის მოტივაციას ანელებდა, სწავლების მეთოდოლოგია კი ტრადიციული, და პედაგოგის ჩართულობას მოითხოვდა. არსებული სასწავლო პროგრამების გაცნობის შემდეგ მათ დაუგროვდათ საკუთარი მოსაზრებები, თუ როგორ უნდა გახდეს ენის ონლაინ სწავლება უფრო ეფექტური და რაკი ასეთი ონლაინ რესურსი ვერ იპოვეს, გადაწყვიტეს, თვითონვე შეექმნათ ცოცხალ კომუნიკაციასთან ახლოს მყოფი პროგრამა, რომელიც ბუნებრივი და სახალისო გზით წაიყვანდა სწავლის პროცესს.  შესაბამისად, აამუშავეს ვებსაიტი teach.ge, შემდეგ კი გლობალურ მასშტაბებზე გადაწყვიტეს გადასვლა და შექმნეს lingwing.com.

ლინგვინგის მიზანი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: მომხმარებელი, რომელიც საერთოდ არ ფლობს უცხო ენას, ერთ საათში მარტივი წინადადებებით იწყებს საუბარს. პორტალზე დავალებები და სავარჯიშოები ჩატის მსგავსი ინტერფეისითაა წარმოდგენილი, რაც სწავლის პროცესს სახალისოს და აზარტულს ხდის. სწავლების მეთოდი სტანდარტების დაცვითაა შექმნილი და მოიცავს წერით, სამეტყველო, ლექსიკურ და სმენით კომპონენტებს.

ორგანიზაციას ახალგაზრდა გუნდი ჰყავს, ამავდროულად, დიდი გამოცდილების მქონე და პროფესიონალი. მაგალითად, ლინგვინგის ამჟამინდელმა მთავარმა პროგრამისტმა მათთან მუშაობა 14 წლის ასაკში დაიწყო. ამჟამად ლინგვინგში 30 მდე ადამიანი მუშაობს, ძირითადი მიმართულებებია მარკეტინგი, პროდუქტის შექმნა (ენის კურსების კონტენტი და მათი პროგრამული უზრუნველყოფა – მობილური აპლიკაცია და ვებსაიტი), პიარი და პროდუქციის გავრცელება. ლინგვინგის სამუშაო გუნდის მიზანი მსოფლიო ბაზარზე კონკურეტუნარიანობის მიღწევაა.

ლინგვინგი თანამშრომლობს რამდენიმე უნივერსიტეტთან საქართველოში, მათ შორის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სულხან-საბას უნივერსიტეტი. თანამშრომლობის მთავარი მიმართულებებია: ენის კურსების გავრცელება პრეზენტაციებისა და ბანერების საშუალებით და ფასდაკლებების შეთავაზება თავიანთი სტუდენტებისთვის. აგრეთვე, ორგანიზაციები ყიდულობენ ენის კურსების პაკეტებს თავიანთი თანამშრომლებისთვის.  ამჟამად თანამშრომლობა მიმდინარეობს მაგთისთან. იზოლაციის პირობებში, სატელეფონო კომპანიამ გადაწყვიტა, 50%-იანი ფასდაკლება შეეთავაზებინა საკუთარი აბონენტებისთვის.

ლინგვინგი ინოვაციური პროექტია როგორც ტექნოლოგიურად, ასევე ენის სწავლების კუთხითაც. მომხმარებლები ენას სწავლობენ მასწავლებლის და დამატებითი რესურსების/წიგნების გარეშე, კონტენტი დაფუძნებულია დიალოგსა და კომუნიკაციაზე, აგრეთვე, ინოვაციურია სავარჯიშოების ჩატის სახით მიწოდება და ხმის ამოცნობის სისტემის გამოყენება. ამ სისტემის შექმნისას გამოყენებულია მანქანური სწავლების პრინციპები, რის შედეგადაც სისტემა დროდადრო ხვეწს საკუთარ თავს. რაც უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს მას, იგი უფრო მეტად ხდება ადამიანებზე მორგებული.

ლინგვინგის პორტალზე ეტაპობრივად ემატებოდა ახალი უცხო ენები, ბოლო დროს დაემატა ქართული ენის კურსები ინგლისურენოვანი მომხმარებლისთვის, ამჟამად კი ორგანიზაცია ფოკუსირებულია საკუთარი პროდუქტის სხვა ქვეყნებში გავრცელებაზე. ორგანიზაციას აქვს საკმაოდ ფართომასშტაბიანი გეგმები – ლოკალური წარმატების შემდეგ გლობალური გავრცელება. დამფუძნებლები მიზნად ისახავენ, რომ ლინგვნგი გახდეს ყველაზე ეფექტური გზა ენის ონლაინ  შესასწავლად.

პორტალზე შესაძლებელია უცხო ენის კურსების 3/6/12 თვიანი პაკეტების შეძენა, გარდა ამისა, ლინგვინგი მომხმარებელს სთავაზობს უფასო პაკეტსაც, რათა გაეცნონ პროგრამას და გადაწყვიტონ, რამდენად კომფორტულია მათთვის მოცემული მეთოდით სწავლება. უფასო კურსზე შეკითხვების რაოდენობა შეზღუდულია (დღეში 15 დავალება თითო ენაზე). ინოვაციას წარმოადგენს ისიც, რომ პაკეტების შეძენისას მომხმარებელს შეუძლია ყოველთვიურად გადაიხადოს თანხა და არა სრული პაკეტის ღირებულება ერთიანად.

ორგანიზაცია მომხმარებელს სხვადასხვა დროს სთავაზობდა ფასდაკლებებსა და აქციებს. 2018 წლიდან სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს სთავაზობენ უფასო წვდომას ლინგვინგის პაკეტებზე. 2019 წლის ზაფხულში ორგანიზაცია გამოეხმაურა კამპანიას Spend Your Summer in Georgia და ტერაბანკთან თანამშრომლობით ინგლისური ენის უფასო კურსები დაამატა, რომელიც განკუთვნილია სასტუმროს, საოჯახო სასტუმროს, ჰოსტელის პერსონალისთვის. ლინგვინგის და მაგთის ერთობლივი, მიმდინარე აქციის ფარგლებში იზოლაციის დროს უმუშევრად დარჩენილ ან შემცირებული შემოსავლის მქონე ადამიანებს სთავაზობენ 50%-იან ფასდაკლებას.

ორგანიზაციას სტაბილურად, ყოველწლიური ზრდა აქვს დაახლოებით 125%. იზოლაციის პერიოდში მომხმარებელთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა (თვიური 100%-იანი ზრდა). გუნდი მუდმივად განვითარებაზე და სიახლეების მატებაზეა ორიენტირებული, გეგმავენ, რომ მიაღწიონ მინიმუმ 300% წლიურს ზრდას მას შემდეგ, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთ გავლენ. ლინგვინგს უკვე  დაწყებული აქვს სხვა ქვეყნებში ოპერირება, ამჟამად ბანგლადეშსა და ყაზახეთში, სამომავლოდ კი უფრო მეტად გაფართოვებას გეგმავენ.