ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა განკუთვნილია 0-7 წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. აღნიშნული სერვისი აძლიერებს ოჯახებს ბავშვების განვითარების ხელშეწყობაში, ზრდის ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხს, ხელს უწყობს ბავშვების მომზადებასა და ჩართვას შესაბამის საგანმანათლებლო სისტემაში (ბაღი/სკოლა), რათა მათ თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.[1] ადრეული განვითარების პროგრამა განკუთვნილია დაბადებიდან სამ წლამდე და საჭიროების შემთხვევაში, შვიდ წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისათვის და მათი ოჯახებისთვის. პროგრამა მოიცავს ბავშვისა და ოჯახის შეფასებას, მომსახურების დაგეგმვასა და მიწოდებას. მისი მიზანია იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, მიტოვების პრევენცია, ასევე მათი მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის განვითარების ხელშესაწყობად.
აჭარაში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამას 2012 წლიდან ახორციელებს „აბილიტაციისა და განვითარების ცენტრი“. ცენტრის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების და მათი ოჯახების გაძლიერება. ორგანიზაცია ბათუმში ახორციელებს ასევე რეაბილიტაცია/აბილიტაციის და აუტიზმის პროგრამებს. ცენტრს ხელმძღვანელობს ინგა ზარანდია.
როგორც იგი ამბობს: მნიშვნელოვანია, რომ ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდება ბავშვებისთვის ბუნებრივ გარემოში ხდებოდეს, თუმცა, ბათუმის შემოგარენში და აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ბენეფიციარებს სერვისზე წვდომის მისაღებად შორ მანძილზე გადაადგილება და ცენტრში სიარული სჭირდებოდათ, რაც არღვევდა ადრეული განვითარების ძირითად პრინციპს – ოჯახისათის მხარდაჭერის გაწევა ბუნებრივ გარემოში. ამ პრობლემის დასაძლევად და რაიონებში ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ცენტრის სპეციალისტებს გაუჩნდათ იდეა და შეიმუშავეს დაშორებულ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სერვისის მიწოდების მოდელი. 2017 წელს მოდელის დანერგვა და მისი გამოცდა შესაძლებელი გახდა პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის ეგიდით და ფონდ ღია საზოგადოების დაფინანსებით. პროექტი მიზნად ისახავდა მოდელის არა მხოლოდ მაღალმთიან აჭარაში დანერგვას, არამედ, მისი გავრცელების სტრატეგიის შემუშავებას საქართველოს სხვა მაღალმთიანი თუ ცენტრიდან მოშორებული რეგიონებისთვის.
აღნიშნულმა მოდელმა შესაძლებელი გახადა ადრეული განვითარების სერვისის მიწოდება ცენტრიდან დაშორებულ მაღალმთიან სოფლებში. მოდელის გამოცდა ხორციელდებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში და მოიცვა 5 მუნიციპალიტეტის (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური და ქობულეთი) 11 სოფელში 17 ოჯახს. ლოკაციები შერჩეული იქნა რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მიხედვით.
მოდელი გულისხმობს, რომ სერვისის მდგრადი განვითარებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით იგი უნდა დაეფუძნოს, როგორც ადრეული განვითარების სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე ადგილზე, თემში არსებულ რესურსებსა და საჭიროებებს, სადაც ერთ – ერთი უმთავრესი პრობლემა არის შესაბამისი კვალიფიკაციის პირების არ არსებობა, რაც არა მხოლოდ რაიონებში, არამედ დიდ ქალაქებშიც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმადგენს.
ზემოთაღნიშნულ მუნიციპალიტეტში შეირჩა და მომზადდა ადგილობრივი ადრეული განვითარების სპეციალისტები/პარაპროფესიონალები, რომლებიც ბუნებრივ გარემოში (სახლში, საბავშვო ბაში) ბენეფიციარებს აწვდიდნენ სერვისს ტრანსდისციპლინური გუნდის წევრების (ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი) დისტანციური სუპერვიზიის ქვეშ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მუნიციპალიტეტებმა დაიწყო პროექტის თანადაფინანსება – ისინი ფარავდნენ მაღალმთიან სოფლებში სპეციალისტების მგზავრობის ხარჯებს. აგრეთვე, შედგა აბილიტაციის და განვითარების ცენტრის თანამშრომლობა ადგილობრივ ჯანდაცვის რგოლთან, რომელთაც გააცნეს ადრეული განვითარების პროგრამის პრინციპები, რათა ინტერვენციის საჭიროების აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მოეხდინათ რეფერირება ადრეული განვითარების პროგრამაში. ამ ხნის განმავლობაში გაიზარდა ოჯახის ექიმების ცნობიერებაც, ისინი უფრო ყურადღებით არიან ამ მხრივ – ფიზიკური განვითარების გარდა, ყურადღებას აქცევენ ბავშვების კოგნიტურ განვითარებასაც.
2019 წელს საცდელი პროექტის დასრულების შემდეგ 3 მუნიციპალიტეტში დღემდე წარმატებით ხორციელდება ადრეული ინტერვნეციის პროგრამა. მათ შორის, ქობულეთში საქმიანობა ადგილობრივმა ორგანიზაციამ გადაიბარა, ხოლო აბილიტაციისა და განვითარების ცენტრი 2 მუნიციპალიტეტში აგრძელებს მუშაობას (ქედაში და ხელვაჩაურში), სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აგრძელებენ პროგრამის თანდაფინანსებას.
შექმნილი მოდელი გადაეცა საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციას. მოდელში აღწერილია, თუ როგორ უნდა დაიწყოს ადრეული განვითარების პროგრამა მაღალმთიან და ცენტრიდან მოშორებულ მუნიციპალიტეტებში ოჯახის დონეზე, საგანმანათლებლო სისტემის დონეზე (ბაღი და სკოლა), სამედიცინო რგოლის დონეზე და მუნიციპალიტეტის დონეზე. მოდელს სარეკომენდაციო სახე აქვს.
2019 წლის თებერვალში ჩატარდა კონფერენცია და მოდელი გააცნეს სხვა რეგიონულ ორგანიზაციებს. კონფერენციაზე ასევე გაზიარდა რეკომენდაციები, რომლებიც პროექტის შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა მუნიციპალიტეტებისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის.
მოდელი გაიზიარა ორგანიზაციებმა, რომლებიც კახეთში, გურიაში, შიდა ქართლში, საეგრელო–ზემო სვანეთში, რაჭა–ლეჩხუმში ახორციელებენ ადრეული გავითარების პროგრამას.
[1] http://www.childrenofgeorgia.cog.ge/eciprogram.html


