ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ბათუმის აბილიტაციისა და განვითარების ცენტრი

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა განკუთვნილია შვიდ წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. პროგრამა ეხმარება ოჯახს ხელი შეუწყოს ბავშვის კოგნიტურ, მოტორულ და ემოციურ განვითარებას, კომუნიკაციის უნარის ფორმირებას, ხდის მას უფრო დამოუკიდებელს, ამზადებს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, იქნება ეს სკოლა თუ ბაღი[1]. იგი მიმართულია  განვითარების შეფერხების პრევენციის, მიტოვების შემთხვევათა შემცირების, მშობლების განათლებისა და  გაძლიერებისაკენ. პროგრამა მოიცავს ბავშვისა და ოჯახის შეფასებას, შემთხვევის დაგეგმვას და მომსახურების მიწოდებას.

აჭარაში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამას 2012 წლიდან ახორციელებს „აბილიტაციისა და განვითარების ცენტრი“, რომლის ხელმძღვანელია ინგა ზარანდია. „მნიშვნელოვანია, რომ ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდება ბავშვებისთვის ბუნებრივ გარემოში ხდებოდეს, თუმცა, ბათუმის შემოგარენში და აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ბენეფიციარებს ცენტრში სასიარულოდ შორ მანძილზე გადაადგილება სჭირდებათ. ირღვევა ადრეული განვითარების ძირითადი პრინციპი – ოჯახის მხარდაჭერა ჩვეულ სოციალურ გარემოში,“ – ყვება ინგა. ამ პრობლემის დასაძლევად ცენტრის სპეციალისტებს გაუჩნდათ იდეა შეიმუშაონ მომსახურების მოდელი დაშორებული მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისათვის. 2017 წელს მოდელის დანერგვა და მისი გამოცდა შესაძლებელი გახდა პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდებოდა „საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის“ ეგიდით და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით. პროექტი მიზნად ისახავს მოდელის არა მხოლოდ  მაღალმთიან აჭარაში დანერგვას, არამედ, მისი გავრცელების სტრატეგიის შემუშავებას საქართველოს სხვა მაღალმთიანი თუ ცენტრიდან მოშორებული მუნიციპალიტეტებისათვის.

მოდელის გამოცდა ხორციელდებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში და მოიცვა ხუთი მუნიციპალიტეტის (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური და ქობულეთი) თერთმეტ სოფელში მცხოვრები 17 ოჯახი. ადგილები შერჩეულ იქნა რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მიხედვით. სერვისის სიცოცხლისუნარიანობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით მოდელი უნდა დაეფუძნოს, როგორც ადრეული განვითარების სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე ადგილზე, თემში არსებულ რესურსებსა და საჭიროებებს.

ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების სიმცირე, როგორც მოშორებულ მუნიციპალიტეტებში, ასევე დიდ ქალაქებში. ამიტომ სამიზნე მუნიციპალიტეტებში, უპირველეს ყოვლისა, შეირჩა და მომზადდა ადგილობრივი კადრები – პარაპროფესიონალები, რომლებიც სახლში ან საბავშვო ბაში მუშაობენ ბენეფიციარებთან ტრანსდისციპლინური გუნდის (ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი) დისტანციური სუპერვიზიის ქვეშ.  სწორედ პარაპროფესიონალების მომზადებისა და სუპერვიზიის მეთოდოლოგიის შემუშავების შედეგად გახდა შესაძლებელი სერვისის მიწოდება ადგილზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შედგა აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პროცესში მუნიციპალიტეტებმა კარგად დაინახეს სერვისის აქტუალობა, რის შედეგადაც დაიწყეს პროექტის თანადაფინანსება, კერძოდ, ფარავენ მაღალმთიან სოფლებში სპეციალისტების მგზავრობის ხარჯებს. აგრეთვე, შედგა აბილიტაციის და განვითარების ცენტრის თანამშრომლობა ადგილობრივ ჯანდაცვის რგოლთან. მოდელის დანერგვის პროცესში ადგილობრივი მედპერსონალი გაეცნო ადრეული განვითარების პროგრამის პრინციპებს, ადრეული ინტერვენციის საჭიროებათა ამოცნობის და  ბენეფიციართა ადრეული განვითარების პროგრამაში რეფერირების ტექნიკას.

2019 წელს საცდელი პროექტი დასრულდა. თუმცა მომზადებული რესურსების, სამუშაო მეთოდოლოგიის და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის წყალობით, ადრეული ინტერვენციის პროგრამა დღემდე წარმატებით გრძელდება სამ მუნიციპალიტეტში. ქობულეთში საქმიანობა ადგილობრივმა ორგანიზაციამ გადაიბარა, ხოლო „აბილიტაციისა და განვითარების ცენტრი“ ქედასა და ხელვაჩაურში აგრძელებს მუშაობას, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები რჩებიან პროგრამის თანადამფინანსებლები.

შექმნილი მოდელი შემდგომი გავრცელების მიზნით გადაეცა „საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციას“. მოდელში აღწერილია, თუ როგორ უნდა დაიწყოს ადრეული განვითარების პროგრამა მაღალმთიან და ცენტრიდან მოშორებულ მუნიციპალიტეტებში ოჯახის, საგანმანათლებლო სისტემის (ბაღი და სკოლა), სამედიცინო რგოლის და მუნიციპალიტეტის დონეზე. მოდელს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. შემაჯამებელი კონფერენციის დროს მოდელი გააცნეს სხვა რეგიონულ ორგანიზაციებს, რომლებიც კახეთში, გურიაში, შიდა ქართლში, სამეგრელო–ზემო სვანეთში, რაჭა–ლეჩხუმში ახორციელებენ ადრეული განვითარების პროგრამას.

[1] http://www.childrenofgeorgia.cog.ge/eciprogram.html