დებიუტი
2017 წელს „განათლების კოალიციის“ ინიციატივით და „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან“ პარტნიორობით საქართველოში პირველად გაიმართა კონკურსი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო.“ ღონისძიება გლობალური კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, მათი საქმიანობის გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციასა და პრესტიჟის ამაღლებას. საქართველომ მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია 2017 წლის 19 მარტს „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ მიიღო. კონკურსს მხარს უჭერს „საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“, ხოლო გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.“
მის შემდეგ კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და ავლენს საუკეთესო ათეულსა და საბოლოო გამარჯვებულს. დღეისათვის საქართველო საუკეთესო ათეულში, ეგრედ წოდებულ „ათეულთა კლუბში“, შესულ 70 მასწავლებელს და „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 6 მფლობელს ითვლის. წელს ოქტომბერში მათ მე-7 გამარჯვებული შეემატება.
გამარჯვებულის გამოვლენა
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი ეტაპობრივ პროცესს წარმოადგენს. თავდაპირველად, საორგანიზაციო ჯგუფი ამოწმებს მონაწილეთა განაცხადებს ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ამის შემდეგ, ჟიურის წევრები აფასებენ განაცხადებს მოსწავლეთა მოსწრების, სწავლების ინოვაციური მეთოდების, ზოგადსაკაცობრიო და მოქალაქეობრივი ღირებულებების, სამოქალაქო აქტივობისა და პროფესიული განვითარების საგანზე. შეფასების საფუძველზე შეირჩევა სულ მცირე 15 მონაწილე და ხდება მათთან გასაუბრება. გასაუბრების შედეგების მიხედვით, კონსენსუსის წესით დგინდება საუკეთესო ათეული. ხუთი ფინალისტის გამოვლენა შერჩევის ბოლოს წინა ეტაპია და ათეულის წევრების მიერ საგანგებო დავალების შესრულებაზე დაკვირვების გზით წარმოებს. ამგვარი დავალება შეიძლება იყოს ვებინარი წინასწარგანსაზღვრულ თემაზე, სადისკუსიო შემთხვევის განხილვა, პრეზენტაცია სასკოლო განათლებაზე თუ სხვა. გამარჯვებული ვლინდება ადგილზე ვიზიტებისა და სკოლის წარმომადგენლებთან – მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, – შეხვედრების საფუძველზე.
კომუნიკაცია საზოგადოებასთან
კონკურსი საჯარო ღონისძიებაა და მის განხორციელებაში მრავალი მხარე მონაწილეობს. ჟიურის წევრებს შორის არიან მედიის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები. მის მხარდასაჭერად მიმდინარეობს საზოგადოებასთან ინტენსიური კომუნიკაცია: ქუჩებში განთავსებულია მასწავლებლების ბანერები, სკოლებში მათ სტუმრობენ მედიის წარმომადგენლები, ვრცელდება მათი ინტერვიუები და მზადდება სიუჟეტები. გამარჯვებული მასწავლებლის გამოცხადება და დაჯილდოების ცერემონია მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებას წარმოადგენს და გა
დაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
ინტერესი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მიმართ საგრძნობლად გაიზარდა 2019 წელს, „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში ლადო აფხაზავას გასვლის შემდეგ. 2018 წელს დაჯილდოების ცერემონიას ესტუმრნენ გლობალური ჯილდოს ორგანიზატორები, ხოლო საქართველოში ჩატარებული კონკურსი, როგორც ერთ-ერთი წარმატებული შემთხვევა, ხაზგასმით იყო აღნიშნული გლობალურ ჯილდოზე.
შედეგები
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არ არის ერთჯერადი კონკურსი, არამედ გრძელვადიანი კამპანია ცვლილებებისათვის. ერთი მხრივ, მან მოახდინა მნიშვნელოვანი ზემოქმედება საზოგადოებრივ აზრზე. ასე, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ 2020 წელს განხორციელებული ომნიბუსის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43 პროცენტზე მეტი აცხადებს, რომ იცის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესახებ. მეტიც, გამოკითხულთა თითქმის 9/10 თვლის, რომ კამპანია დადებითად აისახება მასწავლებლის მოტივაციასა და თვით-შეფასებაზე,ახდენს დადებით გავლენას მის იმიჯზე, იწვევს ახალგაზრდების დაინტერესებას მასწავლებლის პროფესიით და ხელს უწყობს მის პოპულარიზაციას.

მეორე მხრივ, დაფუძნდა „ათეულის კლუბი“, ყალიბდება „თანამოაზრეთა“ თავისებური ქსელი, რომელიც განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების ნაწილია. უნდა ვიფიქროთ, რომ „ჯილდოსთან“ დაკავშირებული გამოცდილება, დარგობრივ პროფესიონალთა ამ ჯგუფს გარკვეულ ტრანსფორმაციულ პოტენციალს სძენს. გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ხმის გაძლიერება ნიშნავს მათი როლის ზრდას ინსტიტუციურ რეფორმებსა და განათლების სფეროს განვითარებაში, ახლებურ ხედვას, მრავალ ინოვაციურ იდეას თუ გადაწყვეტილებას, პოზიტიურ გავლენას როგორც განათლების მაკრო-პოლიტიკის, ასე სკოლის თუ ცალკეული მოსწავლის დონეზე.


