ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ

საბჭოთა სტაგნაციიდან თანამედროვე, ჰუმანურ საზოგადოებამდე — მუდმივი ბრძოლისა და განვითარების ისტორია

პირველი ნაბიჯები

ოთხმოციან წლებში შშმ პირები ხშირად იზოლირებულნი იყვნენ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა თითქმის არ ჰქონდათ. შშმ ბავშვებისთვის სახელმწიფო ზრუნვა ძირითადად სპეციალური სკოლა-ინტერნატების სისტემას ეყრდნობოდა. თბილისის ცენტრში, ოპერის თეატრის ქვემოთ, ფუნქციონირებდა ლოგოპედიური სკოლა. მართალია, ის მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ კარგი პირობების გამო მშობლებს ნებისმიერი შეფერხების მქონე შვილი იქ მიჰყავდათ და სკოლა ერთგვარ თავშესაფრად იქცა. ზრდასრული შშმ პირებისთვის კი ქვეყანაში პრაქტიკულად არანაირი მხარდამჭერი მომსახურება არ არსებობდა. ეს ადამიანები ოჯახებში გამოკეტილნი რჩებოდნენ. უარყოფით გავლენას ახდენდა სტიგმაც. მშობლებს შშმ შვილების გამოჩენა ნათესავებთანაც კი არ სურდათ. ერთადერთ ხელმისაწვდომ შესაძლებლობას ასათიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული შრომა-თერაპიის განყოფილება წარმოადგენდა, თუმცა სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ადამიანების ერთობლივი შრომის ორგანიზება იქ ძალიან ჭირდა.

ახალგაზრდა ფსიქოლოგმა მარინა ბულიამ და მისმა მეგობარმა, ნატალია ჩირიკაშვილმა, ახლებური მომსახურების შექმნის შესაძლებლობა სწორედ იმაში დაინახეს, რომ ზრდასრულ შშმ პირებთან მიზანმიმართულად არავინ მუშაობდა. ამ დროს თბილისში ფინელი და შვეიცარიელი სტუმრები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთს მეუღლესთან ერთად ფინეთში მინდობით აღზრდაში ჰყავდა აყვანილი ხუთი ზრდასრული შშმ პირი, რომლებიც საკუთარ ფერმაში ჰყავდა დასაქმებული, მეორე კი შვეიცარიაში სპეციალურ სათემო სკოლა-ინტერნატში მუშაობდა. ისინი მარინასა და ნატალიას იდეით დაინტერესდნენ და აჩვენეს, როგორ შეიძლებოდა შშმ ადამიანების კოგნიტური და სოციალური კომპეტენციების განვითარება შრომითი თერაპიისა და სამკურნალო ევრითმიის (თერაპია, რომელიც მეტყველების ბგერებსა და მუსიკას ჰარმონიულ მოძრაობებად გარდაქმნის) მეშვეობით.

თავდაპირველად მუშაობა მხოლოდ სამ შშმ პირთან დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანის ოჯახში იკრიბებოდნენ. მარინა ფორტეპიანოზე ან ფლეიტაზე უკრავდა, მისი კოლეგა კი ევრითმიის გაკვეთილებს ატარებდა. ეს პრაქტიკა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა პატარა ოთახების, ბენეფიციარების არარეგულარული დასწრებისა და მშობლების ზედმეტი მეთვალყურეობის გამო ცხადი გახდა: საჭირო იყო ცალკე შენობა — სპეციალური დღის ცენტრი.

მარინამ და ნატომ სახელმწიფო უწყებების კარებზე დაიწყეს კაკუნი, თუმცა მათ იდეებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. გარტეხა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი ბენეფიციარის მამამ, რომელიც ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის, მეგობარი იყო, პირადად უამბო მინისტრს გოგონების საქმიანობის შესახებ. მენაღარიშვილის შუამდგომლობით ქალაქის აღმასკომმა მათ კახეთის გზატკეცილზე, სამგორის მეტროსთან, ახალი 16-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ფართი გამოუყო. რემონტი ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო, თუმცა ოთხმოცდაათიანი წლების დადგომასთან ერთად საბჭოთა კავშირი დაიშალა და სამუშაოები შეჩერდა. საბოლოოდ რემონტი ერთ-ერთი ბენეფიციარის მამის სამშენებლო კოოპერატივმა დაასრულა.

ომის დღეს გახსნილი „სოციალური თერაპიის სახლი“

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას, მთავრობამ ორგანიზაციას დაფინანსება აღუთქვა. „მამაშვილურად მიგვიღო და დიდი ყურადღებით მოგვისმინა პრეზიდენტმაო“, — იხსენებს მარინა. ცენტრის ოფიციალური გახსნა 1991 წლის დეკემბერში დაიგეგმა. თუმცა, ბედის ირონიით, ზუსტად გახსნის დღეს თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. ბენეფიციარებმა მოსვლა ვერ შეძლეს, მაგრამ მარინამ და ნატომ იმავე კორპუსში მცხოვრები ბავშვები მოიწვიეს და ცენტრი — „სოციალური თერაპიის სახლის“ სახელწოდებით მაინც გახსნეს.

ოთხმოცდაათიანების საოცარი სოლიდარობა: პური, ძაფები და ნავთქურები

საოცარია, მაგრამ იმ არეულ პერიოდში არსებობდა ადამიანური კეთილგანწყობა მარინასა და ნატოს საქმიანობის მიმართ. სადაც კი ორგანიზაციის დამფუძნებლები მიდიოდნენ, ყველგან დიდი სიყვარულით ხვდებოდნენ და რითაც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ. მაგალითად, ნავთლუღის პურის ქარხანა რამდენიმე წლის განმავლობაში უფასოდ აძლევდა მათ პურს. მაუდ-კამვოლის ქარხნიდან უფასოდ მოჰქონდათ შალის ძაფები და ნაჭრები, აბრეშუმის ქარხანამ ქსოვილები აჩუქა, ტრიკოტაჟის ფაბრიკამ თავისი ნაწარმი გაიღო, იმდროინდელმა ენერგოკომპანიამ კი უფასოდ დაუმონტაჟა ელექტროენერგიის კაბელი.

ორგანიზაციის პირველი მსხვილი მხარდამჭერი ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი გახდა. მან პირველი მსხვილი თანხა გაიღო საჭირო ინვენტარის შესაძენად. უშუქობის ჟამს ორგანიზაციას გვერდში დაუდგა ბიზნესმენი კოკა ლაზიშვილიც, რომელიც გაერთიანება „ეთერზეთმრეწვს“ ხელმძღვანელობდა. მან ორგანიზაცია თავისი საწარმოს მეურნეობის წევრად მიიღო და ორი წლის განმავლობაში აფინანსებდა მიმდინარე ხარჯებსა და თანამშრომლების ხელფასებს.

უდიდესი პრობლემა იყო ტრანსპორტირება. ბენეფიციართა უმრავლესობას უჭირდა ან არ შეეძლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. გამოსავალი შვეიცარიელი მეგობრების მიერ ნაჩუქარი ძველი მიკროავტობუსი გახდა. ზამთრობით, როცა ცენტრში გათბობა არ იყო, მრგვალ მაგიდებს ქვემოდან წითელ ნავთქურებს უდგამდნენ – მაგიდის ზედაპირი თბებოდა, ბენეფიციარები ხელებს ზედ ითბობდნენ და ასე მუშაობდნენ.

ახალი სახლი და ფინანსური სტაბილურობა

გერმანიის მოქალაქე მათიას ვალენტინის დახმარებით ორგანიზაციამ მხარდაჭერა მოიპოვა ჰოლანდიური „კარიტასისგან“. 1998 წელს ჰოლანდიელებმა მათ უყიდეს სახლი ვლადიმერ და ელიზბარ უბილავების ქუჩაზე, სადაც ცენტრი დღემდე ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში ორგანიზაციას ჰოლანდიური და გერმანული ფონდები აფინანსებდნენ, თუმცა არც ერთი დონაცია არ არის მუდმივი. 2005 წლიდან, როდესაც სახელმწიფომ დღის ცენტრების დაფინანსება დაიწყო, ფინანსური მდგომარეობა სტაბილური გახდა. სამუშაო მასალებით ორგანიზაციას ისნის გამგეობაც ეხმარება, პრეზიდენტის ფონდის დახმარებით ლაზერული ჭრის აპარატიც შეიძინეს.

2000 წელს ორგანიზაციამ ახალი სახელით გაიარა რეგისტრაცია — „კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“. მარინას გამოცდილებამ და მის მიერ დაარსებულმა სასწავლო კურსებმა საფუძველი ჩაუყარა ახალი კადრების მომზადებას. მათ შემდგომში მთელ საქართველოში არაერთი მსგავსი სივრცე შექმნეს: ორგანიზაცია „ქედელი“ კახეთში, სოციალური კაფე „ციყვები“ და „ფელამუში“.

54
აქტიური ბენეფიციარი
8
სხვადასხვა სახელოსნო
4
ათწლეული ისტორია

დღევანდელობა: შრომა, ხელოვნება და 8 გადარჩენილი ძაღლი

ცენტრის მთავარი იდეაა, რომ შშმ პირებმა შეძლონ სრულფასოვანი, მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა. სამუშაო პროცესი ნაბიჯებად არის დაყოფილი: ერთი კეცავს ქაღალდს, მეორე აწყობს, მესამე ყდას უკეთებს – ასე იქმნება მაღალი ხარისხის რვეულები, რომლებსაც ვალდორფის სკოლები დღემდე მუდმივად ყიდულობენ.

რვეულების გარდა, აქ ამზადებენ სანთლებსა და ხის ნაკეთობებს, გადამუშავებულ მეორად ქაღალდს, ლაზერული ჭრის აპარატით დამზადებულ ნივთებს, ნახატიან მაისურებსა და ჭიქებს, მცირე ტირაჟით ბეჭდავენ წიგნებს. მათი ნამუშევრები წელიწადში ორჯერ – საშობაო და სააღდგომო გამოფენა-გაყიდვებზე იყიდება. გარდა ამისა, დიდ ლილოში მიწა შეიძინეს, სადაც ბენეფიციარები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, რადგან მათთვის ბუნებასთან სიახლოვეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებული თერაპიაა ცხოველებზე ზრუნვაც: ცენტრის თანამშრომლები და ბენეფიციარები ერთად უვლიან ქუჩიდან აყვანილ 8 ძაღლს.

„დღეს ცენტრის 54 ბენეფიციარი რვა სხვადასხვა სახელოსნოში საქმიანობს. შრომამ, ხელოვნებამ (ხატვა, ძერწვა, თეატრალური დადგმები) და საზოგადოებრივმა აღიარებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათი პიროვნული განვითარებისა და ზრდისათვის. მათ მშობლებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში შიშსა და იზოლაციაში ცხოვრობდნენ, ამ სახლმა იმედი და შვება მოუტანა.“

ისტორია ბრძოლაზე, რომელიც გრძელდება

ეს არის ისტორია ორგანიზაციის, რომელიც საბჭოთა სტაგნაციის ხანაში იწყება, ოთხმოცდაათიანი წლების ქაოსს გადის და დღემდე გრძელდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი არა მხოლოდ საქართველოში შშმ პირების პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არამედ ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაც იყო. „კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“, — ასე უწოდებს ორგანიზაცია იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს დამკვიდრებული ტერმინით შშმ პირებად მოვიხსენიებთ. თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში, მრავალი სირთულის მიუხედავად, ორგანიზაციამ განვლო უაღრესად მნიშვნელოვანი გზა და დღესაც მყარად ინარჩუნებს თავის ადგილს. იგი კვლავ რჩება 18 წელზე უფროსი შშმ პირების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად, ხელს უწყობს მათ სოციალიზაციას და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. საბჭოთა პერიოდის ჩაკეტილი სისტემიდან თანამედროვე, უფრო ჰუმანურ საზოგადოებამდე — ეს არის ისტორია მუდმივი ბრძოლისა და განვითარებისკენ სწრაფვის შესახებ, რომელიც დღესაც გრძელდება.