Stanford Social Innovation Review არის სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულების მიერ 2003 წელს შექმნილი გამოცემა (https://ssir.org/), რომელიც მოიცავს გლობალური სოციალური პრობლემების საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებს. გამოცემის მიზანია, წაახალისოს კვლევასა და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. გთავაზობთ *Stanford Social Innovation Review-ს 2021 წლის შემოდგომის გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის ადაპტირებულ მოკლე თარგმანს. ორიგინალი ნაშრომის ავტორია ტიანლი ფენგი (Tianli Feng).
სკოტ როზელმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პირველად 1984 წელს, როგორც კორნელის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, იმოგზაურა. ის განვითარების ეკონომიკას იკვლევდა და ნანჯინგის აგრარულ უნივერსიტეტში კურსის სწავლების შემოთავაზებას დათანხმდა. 1980-იანი წლების ბოლოს, სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში, მან დაიწყო ერთ-ერთი პირველი ქვეყნის შიდა საველე კვლევა, როგორც უცხოელმა, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა მკვლევრებისთვის საზღვრები გახსნა. როზელი ჰიბრიდული ბრინჯის მოყვანის ეკონომიკას იკვლევდა, რათა შეესწავლა, როგორ უპასუხებდნენ ადგილობრივი ლიდერები ახალი სახეობის ბრინჯის შემოტანას და რა გავლენას მოახდენდა პროდუქტი სოფლის შემოსავლებზე. როზელი დღემდე მჭიდროდაა დაკავშირებული ამ რეგიონთან და ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტის სოფლის განათლების სამოქმედო პროგრამას (Stanford University’s Rural Education Action Program – REAP) ხელმძღვანელობს. ესაა კვლევითი კოლაბორაცია სტენფორდსა და ჩინეთის ათეულობით უნივერსიტეტებს შორის. უკვე 15 წელია, რაც REAP-ის მუშაობა ჩინეთის სოფლებში ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად ინოვაციური გადაწყვეტების გზების მოძებნაზეა ფოკუსირებული. მთავარი განმსაზღვრელი იდეა ყველა ამ ძალისხმევისა მარტივია – იპოვო ის, რაც მუშაობს და განავრცო.
REAP განეკუთვნება განვითარების ეკონომიკის მიმართულებას, რომელიც ხაზს უსვამს სოციალური პროგრამების ზუსტი და ზედმიწევნითი შეფასებების აუცილებლობას, იყენებს რა პირველად მონაცემებსა და სტატისტიკას. იდეა მდგომარეობს პროგრამის ეფექტიანობის იმ მეთოდით გაზომვაში, რომელსაც სამედიცინო სფეროში იყენებენ: ფართო აუდიტორიის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შუაზე გაყოფა, ერთი ნაწილისთვის გარკვეული ზომების მიღება, მეორესთვის კი არა და დროთა განმავლობაში მათ შედეგებზე დაკვირვება. ამ მეთოდის მიხედვით, ყველა განსხვავება, რაც დაფიქსირდება ამ ორ დანაყოფს შორის, ჩატარებულ ინტერვენციას მიეწერება. ამგვარად, მკვლევრებს შეუძლიათ პროგრამის გავლენა (Impact) რაოდენობრივად გამოსახონ და განსაზღვრონ, ვინ იღებს სარგებელს, ვინ არა და რატომ, რაც საბოლოო ჯამში, სწორი პოლიტიკის შერჩევასა და დახვეწას ემსახურება. თუმცა REAP უფრო მეტია, ვიდრე კვლევითი კოლაბორაცია – გარდა იმისა, რომ ადგენს, რა მუშაობს, ის ბიძგსაც აძლევს წარმატებული პროექტების გავრცელებასა და სოციალურ ცვლილებებს. მათი ადვოკატირება მოიცავს მრავალ ფორმას, მათ შორის, წერილობით მიმართვებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, წარმატებული პროგრამების პილოტირებას არასამთავრობო ორგანიზაციებში, სოციალურ საწარმოებსა და ფილანთროპებს შორის, რათა მოახდინონ იმის დემონსტრირება, თუ როგორ შეიძლება წარმატებული პროგრამების მასშტაბის გაზრდა. ამგვარად, ეს გუნდი წარმოადგენს ცოდნისა და კეთების უნიკალურ კომბინაციას.
REAP-ის საქმიანობა 2006 წელს მცირე გრანტიდან დაიწყო, ერთი ადამიანით სტენფორდის ერთი მცირე ოთახში. დღეს აქ 20 შტატიანი თანამშრომელია დასაქმებული და ათეულობით აფილირებული წევრია გაერთიანებული ამერიკიდან და ჩინეთიდან. ორგანიზაციამ ასობით სტატია გამოაქვეყნა აკადემიურ ჟურნალებში, გადაამზადა ათასობით სტუდენტი და შეცვალა მილიონობით ბავშვის ცხოვრება.
უკეთესი სკოლა და ჯანდაცვის ხარისხი
როზელის ინტერესს ჩინეთისადმი საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როდესაც მამამისმა, მეოთხე თაობის კალიფორნიელმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შანხაიში იყო მივლენილი, შვილს ჩინეთში ყველაზე გავრცელებული დიალექტის – მანდარინის კურსზე ჩაწერა ურჩია. ლოს ანჯელესის ერთ-ერთი გარეუბნის სკოლის ეს შემოთავაზება ახალი, ცივი-ომის პერიოდის სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი იყო. პროგრამის ფარგლებში, ამერიკის სკოლებში სტრატეგიული ენების – რუსულისა და ჩინურის სწავლება დაიწყეს, რაც მანამდე იშვიათობას წარმოადგენდა. ამგვარად, როზელის ცხოვრების ტრაექტორია ჩინეთთან სამუდამოდ დაკავშირდა. დისერტაციაზე მუშაობისას, მან ჩინეთში იპოვა გაღატაკებული სოფელი, რომელიც მანამდე აგრარულ მეურნეობას მიჰყვებოდა. რეგიონი ნელა გამოდიოდა მაო ძედუნის 30-წლიანი გამანადგურებელი პოლიტიკისა და კოლექტივისტური ექსპერიმენტების შედეგებიდან. ფერმერები მარცვლეულის მოსაყვანად ჯერ კიდევ ინდივიდუალურ შრომაზე იყვნენ დამოკიდებული და გზები სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილში იყო დაგებული.
როზელმა დისერტაცია 1990 წელს დაიცვა და სტენფორდის საკვების კვლევის ინსტიტუტში ასისტენტ-პროფესორის პოზიცია დაიკავა. მისი აკადემიური კარიერა სრულად ჩინეთის ეკონომიკის განვითარებასა და იქაურ სოფლებში სიღარიბის შემცირებას უკავშირდებოდა. 2000-იანი წლების შუა პერიოდში, როზელი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო აკადემიურ წრეებში, ვინც ჩინეთის სოფლის ეკონომიკისა და ფერმერულ სექტორს სწავლობდა.
2000-იანების დასაწყისში ჩინეთი სიღატაკიდან გამოვიდა და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების რიცხვს შეუერთდა. როზელმა გააცნობიერა, რომ ჩინეთის სოფლებში ეკონომიკის განვითარება მხოლოდ ბრინჯის ჯიშების არჩევანზე აღარ იყო დამოკიდებული. მაშინაც კი, როდესაც მოსახლეობას ხელთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი ჰქონდა და ძალისხმევას არ იშურებდა, მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად მაინც ვერ უმჯობესდებოდა. როზელმა პასუხი მაშინ იპოვა, როდესაც 2004 წელს 20 000 ფერმერის გამოკითხვის მონაცემები გააანალიზა: „ჩვენ მათ ვკითხეთ, რა სჭირდებოდათ ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მათ არ დაუსახელებიათ უკეთესი სარწყავი სისტემები ან სახნავი მოწყობილობები, არამედ ითხოვეს უკეთესი სკოლები და მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისი. მათ უნდოდათ ის, რაც გამოიყვანდა ფერმებიდან და მომავლის უკეთეს შესაძლებლობებს მისცემდა: ხარისხიანი განათლება“.
ამ მიგნებამ როზელის ფიქრის მიმართულება შეცვალა. მან ჩინეთის სოფლის მოსახლეობის ადამიანური კაპიტალის ფორმირების კომპლექსური გამოწვევების შესწავლა დაიწყო. მან აღმოაჩინა, რომ ჩინელი ბავშვების სამი მეოთხედი სოფლად ცხოვრობდა და მათგან სკოლის დამთავრებას ერთ მესამედზე ნაკლები ახერხებდა. როზელმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს, რომ სოფლების სკოლების მოსწავლეების შედეგები აბსოლუტურად ყველა ასაკში თითქმის ყველა პარამეტრში, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ქალაქში მცხოვრები თანატოლების შედეგებს. ქვეყნის უზარმაზარი მასშტაბიდან გამომდინარე, ამ მონაცემებს ჰქონდა პოტენციალი რელსებიდან გადაეყვანა არამხოლოდ ჩინეთის, არამედ, მთელი მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების პროცესი.
ჩინეთს აქვს ძლიერი სახელმწიფო მმართველობა, რომელსაც საქმის გასაკეთებლად საჭირო რესურსების მობილიზება ხელეწიფება და ასევე ჰყავს ამბიციური, ნიჭიერი მკვლევრები, რომელთა დიდი ნაწილი როზელის სტუდენტი ან კოლეგა იყო. სათანადო ცოდნით, სტრატეგიებითა და ეფექტიანი პროგრამებით, შეიარაღებულმა ექსპერტებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ერთობლივი ძალისხმევით მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეძლეს.
ექსპერიმენტული ეკონომიკის ჩინეთზე მორგება
როზელი მიხვდა, რომ კვლევის გარკვეული მეთოდები, მაგალითად, როგორც ევროპასა და ამერიკაში ადგილობრივი არასამთავროებისა და კვლევითი ორგანიზაციების თანამშრომლობაა, ჩინეთში არ იმუშავებდა. რადგან აქ მცირე რაოდენობით იყო ადგილობრივი ორგანიზაციები, რომელსაც წვდომა ექნებოდა სოფლის სკოლებსა თუ კლინიკებზე. ამ შესაძლებლობის გახსნის გასაღები ადგილობრივი უნივერსიტეტები იყო. „უნივერსიტეტის პროფესორებს ჩინეთში ხშირად ძალიან ძლიერი კავშირები აქვთ თავიანთ კურსდამთავრებულებთან, რომელთაგან ნაწილი სახელმწიფო სისტემაში მუშაობს. მივხვდით, რომ ეს კავშირები უნდა გამოგვეყენებინა, რათა საქმე გაკეთებულიყო – პროფესორს კარგი კვლევის ჩატარება სურს, სახელმწიფოს – ცვლილებები, მათ შორის არსებობს სანდოობა, რადგან ერთმანეთს იცნობენ და ამგვარად, მოულოდნელად, გვეხსნება წვდომა ადგილობრივ სკოლებთან და კლინიკებთან“.
ამ ალიანსის ფორმირებითა და ფორდის ფონდის საგრანტო მხარდაჭერით, REAP-მა, რომელიც იმ დროს როზელისა და მისი კვლევის ასისტენტისგან შედგებოდა, 2006 წელს პირველი შეფასების ჩატარება დაიწყო, ეს იყო სოფლად მცხოვრები დაწყებითი სკოლის მოსწავლეების კვების მახასიათებლების კვლევა. მას შემდეგ ორგანიზაციამ 70-მდე შეფასება ჩაატარა და დღეს ჩინეთის ოცდაათამდე უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან თანამშრომლობს.
საველე კვლევა
მართალია, როზელმა და მისმა კოლეგებმა იციან, როგორ ჩაატარონ შეფასებები და გაზომონ ზეგავლენა, მაგრამ მათ არ აქვთ სპეციალიზირებული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით – ნუტრიციულ პროგრამებს ნუტრიციოლოგები სჭირდება, მენტალური ჯანმრთელობის პროგრამებს – შესაბამისი ექსპერტები, კომპიუტერული სწავლების პროგრამებს – ტექნოლოგიების სპეციალისტები. ამიტომ ორგანიზაცია, საჭიროებისამებრ, შეფასებებში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა პირებს ქირაობს. გარდა ამისა, პროგრამებს ადმინისტრაციული მხარდაჭერა სჭირდება – კიდევ ერთი არეალი, სადაც უნივერსიტეტები თავის კონტრიბუციას აკეთებენ. REAP ატრენინგებს და ასაქმებს პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
„პირველად REAP-ის პროექტს უმცროსი თანამშრომლის სტატუსით შევუერთდი“ ამბობს იანიან ლი, რომელიც ჰენანის უნივერსიტეტში სწავლების პირველი წლების განმავლობაში საველე კვლევის მენეჯერად მუშაობდა. „არასდროს მენახა ან გამეგო ზეგავლენის შეფასების შესახებ. ჩემი უფროსი კოლეგა ბატონ როზელთან ერთად მუშაობდა უნივერსიტეტში და გამოკითხვების ჩასატარებლად თანამშრომლები სჭირდებოდა. მინდოდა დავხმარებოდი და მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო კვლევაში. ასეთი შესაძლებლობები იშვიათობას წარმოადგენდა და სრულიად შთაგონებული ვიყავი მეთოდოლოგიით, ასევე სურვილით, გამეკეთებინა რაიმე სასარგებლო“.
კიდევ ერთი დადებითი მხარე – საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნების შესაძლებლობაა. „ბევრმა მასწავლებელმა და სტუდენტმა არ იცის, როგორ ჩაატაროს კვლევა, რაც შეესაბამება საერთაშორისო პუბლიკაციაში გამოქვეყნების მოთხოვნებს, REAP-ის პროექტებში მონაწილეობა შესანიშნავი საშუალებაა ამის სასწავლად“ – ამბობს გუირონგ ლი, ჰენანის უნივერისტეტის პროფესორი და REAP-ის კოლაბორატორი.
ჩინეთის მასშტაბით, ზეგავლენის შეფასების საერთაშორისო პუბლიკაციების ნახევარზე მეტი REAP-ისა და მისი აფილირებული წევრების სტატიებს შეადგენს (2005 წლიდან).
ქაღალდები და პოლიტიკა
მართალია, REAP-ის მკვლევრები რეგულარულად აქვეყნებენ შრომებს აკადემიურ ჟურნალებსა და პრესაში, თუმცა ჯგუფის უპირველესი მიზანი სოფლის მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისთვის მდგრადი და მიზნობრივი პოლიტიკის შემუშავებაა. როზელმა იცის, რას ნიშნავს „წაუკითხავი ქაღალდების“ უსარგებლობა. „ჩემს სტუდენტებს ხშირად ვუყვები ხუმრობას, რომ მე 100-დოლარიანი კუპიურა ჩავდე ჩემი დისერტაციის ამობეჭდილ ვერსიაში. როდესაც დავბრუნდი რამდენიმე წლის შემდეგ და ბიბლიოთეკაში მოვიკითხე ჩემი დისერტაცია, ის კუპიურა ისევ იქ იდო – აი, რამდენმა ადამიანმა წაიკითხა ჩემი ნაშრომი“. როზელის თქმით, REAP ფოკუსირებულია დარწმუნდეს, რომ გაწეული ძალისხმევა მიდის ადამიანებამდე – „ესაა გამოყენებითი კვლევები, სადაც საკვანძო სიტყვა „გამოყენებითია“.
ყოველ ჯერზე, როდესაც REAP შეფასებას ასრულებს, კოლეგები ჩინეთიდან წერენ მოკლე ანალიტიკურ წერილს (Policy brief), რომელიც, ერთი მხრივ, ხსნის პრობლემის არსსა და კვლევის მიგნებებს, მეორე მხრივ კი კონკრეტულ რეკომენდაციებს წარადგენს. ეს წერილი მიდის სახელმწიფო საბჭოში, ჩინეთში გადაწყვეტილების მიმღებ ყველაზე გავლენიან ორგანოში. REAP-ის არსებობის განმავლობაში გაგზავნილი 30 წერილიდან საბჭომ 20-ზე მეტი დაადასტურა ქვეყნის მთავარი პირების დონეზე – პრემიერისა და ვიცე-პრემიერის ხელმოწერით. ეს ნიშნავს, რომ ინიციატივა კონკრეტულ სამინისტროში (ჩვეულებრივ, განათლების ან ჯანდაცვის სამინისტრო) გადადის შესასრულებლად.
მეცნიერულად ძლიერი, გადაწყვეტილებაზე მიმართული კვლევისა და ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ პარტნიორებთან აქტიური ჩართულობის კომბინაციამ, ჩინეთის სოფლებზე მნიშვნელოვანი და გაზომვადი ზეგავლენა მოახდინა. ერთი ასეთი პირველი მაგალითი იყო სკოლის კვების პროგრამა: 2006 წელს REAP-ის კვლევამ გამოავლინა, რომ რკინადეფიციტური ანემიის მაჩვენებელი (iron deficiency anemia) სოფლის სკოლის მოსწავლეებში ძალიან მაღალი- 30% იყო. მომდევნო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა, რომლის ფარგლებშიც, ჩინეთის 7 პროვინციის 60 000 მოსწავლის მდგომარეობა შეისწავლეს, ცხადყო, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული იყო, თუმცა ამის შესახებ აქამდე ინფორმირებული არ იყვნენ. კვლევაზე დაყრდნობით, ორგანიზაციამ შეიმუშავა მარტივი ინტერვენციები, რაც მოიცავდა სკოლების სასადილოების რკინით მდიდარი საკვებითა და მულტივიტამინებით მომარაგებას.
მართალია, სახელმწიფომ გაიზიარა კვლევის ეს მიგნება, მაგრამ რეალური ინტერესი მხოლოდ მას შემდეგ გამოხატა, რაც კიდევ ერთი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კავშირი გამოვლინდა – მოსწავლეები, ვინც დაძლია ანემია, სტანდარტიზებულ ტესტებში უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ. ამის შემდეგ, სახელმწიფომ სკოლის კვების უმსხვილესი პროგრამა წამოიწყო, ეს იყო 20 მილიარდი აშშ დოლარით დაფინანსებული 10-წლიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 25 მილიონი მოსწავლე სკოლაში უფასო ლანჩით იქნა უზრუნველყოფილი.
კვლევა და მენტორობა
REAP-ის პროექტებს ცხოვრების პროგნოზირებადი ციკლი აქვთ. თითოეული კვლევითი პროექტი თვეების მანძილზე დაგეგმილ კვლევის დიზაინს, ლოგისტიკურ მოქმედებებს, ინტერვიუს ადგილობრივ სტეიკჰოლდერებთან, კვლევის მასალების მომზადებასა და კითხვარების რეალურ გარემოში პილოტირებას მოიცავს. ორგანიზაცია საათებს ხარჯავს მოხალისეების დატრენინგებაში (უმეტესად ჩინეთის უნივერსიტეტების სტუდენტები). REAP არჩევს რეგიონს, აღრიცხავს აქ მდებარე ყველა სოფელს და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს იმ ოჯახების სიას, რომელსაც ჯგუფი უნდა ესტუმროს. ამის შემდგომ, ათეულობით სტუდენტი თავს იყრის ავტობუსში და მოგზაურობს მთების, მდინარეების, ცუდი გზების გავლით, სანამ სიაში მონიშნულ თითოეულ ოჯახში არ მივლენ. რადგანაც სიღატაკე სწორედ იქ ბუდობს, სადაც რთულია მიღწევა, მხოლოდ ამ ადგილებში მისვლითაა შესაძლებელი ჩინეთის სოფლებში არსებული რეალური მდგომარეობის გაცნობიერება. ორგანიზაციის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი ხანგრძლივი და ყოველმხრივ სარგებლიანი თანამშრომლობაა მთავარ ჯგუფს, სტენფორდისა და სხვა უნივერსიტეტების მკვლევრებს შორის, მაგრამ REAP ასევე ქმნის პლატფორმას ახალი კავშირებისათვის. ეს კოლაბორაცია ყველასთვის სასარგებლოა – მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი თეორიული ინოვაციები აბსტრაქტული აკადემიური სამყაროდან რეალურ გარემოში გამოსცადონ. ამავე დროს, ეს სივრცე ჩინეთის ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალებას აძლევს იმუშაონ ექსპერტებთან, ისწავლონ და შეიძინონ მეტად საჭირო უნარები. კვლევის დაფინანსება, მონაცემები და ავტორობა გაზიარებულია ყველა პარტნიორს შორის. REAP-ის ჯგუფის ახალგაზრდა წევრები ძალიან ღირებულ მენტორობას იღებენ. თითქმის ყველა კვლევის ფარგლებში მათ აქვთ შესაძლებლობა, ეწვიონ სტენფორდს ან ამერიკის სხვა პარტნიორ უნივერსიტეტს, სადაც ისინი იღებენ ინსტრუქციებს თუ როგორ დაწერონ სტატიები, მათ შეუძლიათ აიღონ სასწავლო კურსები და მითითებები გამოცდილი მკვლევრებისგან.
სათვალეების გამყიდველი
REAP-ის წარმატებული მოღვაწეობა ყოველთვის არ იღებს პოლიტიკური ცვლილების ფორმას. ერთი ასეთი ინოვაციური მიმართულების მაგალითი იყო, როდესაც ჯგუფმა სოციალური საწარმო შექმნა. 2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთის სოფლად მცხოვრებ ბავშვებში გავრცელებული იყო მიოპია, ანუ ახლომხედველობა. მე-3 დან მე-9 კლასის ჩათვლით, მოსწავლეების მესამედს აღენიშნებოდა ეს პრობლემა, მაგრამ თითქმის არავის ეკეთა სათვალე და უმეტესობამ არც იცოდა, რომ ახლომხედველი იყო. ორგანიზაციამ ისიც გამოიკვლია, რომ მხედველობის გაუმჯობესებასთან ერთად, აკადემიური მოსწრებაც იზრდებოდა, თანაც მყისიერად და მნიშვნელოვნად, ხოლო სკოლასთან დაკავშირებული შფოთვა – მცირდებოდა.
პრობლემის გადაჭრის ერთი შეხედვით მარტივი გზა – მხედველობის სკრინინგი და სათვალეებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა მიზეზის გამო გართულდა – მათ შორის იყო სპეციალისტების ნაკლებობა, კულტურული ნორმები, მშობლების მცდარი წარმოდგენები, შიდა თანამშრომლობის ნაკლებობა და მომსახურების ღირებულება. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მიოპია ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად აღიარა, რაიმე ნაბიჯები ამ მხრივ საყოველთაო პოლიტიკის ცვლილებების თვალსაზრისით, არ გადადგმულა. REAP-მა ამ პრობლემის მოსაგვარებლად საერთაშორისო მხედველობის ზრუნვის არასამთავრობო ორგანიზაცია OneSight-ს მიმართა. მათ ერთობლივად დააარსეს სოციალური საწარმო Smart Focus, რომელმაც ცარიელი ადგილები შეავსო – დაატრენინგა მასწავლებლები, რათა მათ მხედველობის პირველადი დიაგნოსტიკა შეძლებოდათ, მოსწავლეები საჭიროებისამებრ უზრუნველყო სათვალეებით და მომსახურების ღირებულება მიუსადაგა მათი ოჯახების ფინანსურ შესაძლებლობებს. სოციალური საწარმოს მუშაობის ფარგლებში, 10 წლის განმავლობაში მილიონობით ბავშვის მხედველობა შემოწმდა და 200 000 ზე მეტი სათვალე გაიცა.
ახალი ფოკუსი ახალშობილებზე
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ REAP-ის ყოველი საგანმანათლებლო ძალისხმევა ერთნაირად წარმატებულია. მათი რამდენიმე პროექტი, რომელიც სკოლის შედეგების გაუმჯობესებას მიემართებოდა, მათ შორის, მასწავლებელთა ტრენინგის გარკვეული ფორმები, არაეფექტიანი გამოდგა. ჯგუფმა ასევე შეაფასა ჩინეთის ორი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი, რომელთაგან თითოეული მილიარდობით დოლარით ფინანსდებოდა – მასწავლებლების პროფესიული განვითარების სახელმწიფო პროგრამა და პროფესიული განათლების პროგრამა – არცერთი მათგანი არ აუმჯობესებდა სწავლის შედეგებს.
რატომ განიცდიდნენ ეს იდეები და პროგრამები მარცხს? გამოცანის გასაღები მაშინ გამოჩნდა, როდესაც რეინალდო მარტორელმა, ემორის უნივერსიტეტის ნუტრიციოლოგმა, REAP-ის მიერ რკინადეფიციტური ანემიის შესახებ ჩატარებული სამუშაო შეისწავლა. მან ჯგუფს უთხრა, რომ მოსწავლეების კვების ხარისხის გაუმჯობესება ნამდვილად კარგ საქმეს ემსახურებოდა, მაგრამ საუკეთესო დრო ამგვარი ჩარევისთვის, უფრო ადრეული ასაკი იყო (1 წლამდე – Infancy). ტვინის ბევრი სქემა ცხოვრების პირველი 1000 დღის განმავლობაში ყალიბდება. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომისტისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯეიმს ჰეკმანის ლონგიტუდური კვლევების შედეგების მიხედვით, არასათანადო კვება ჩვილობაში განაპირობებს შემცირებულ შედეგებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი. როზელის ჯგუფმა კოგნიტური ტესტების ჩვილებზე ჩატარება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ სოფლად მცხოვრები ჩვილების 40% უკვე ჩამორჩებოდა მათ თანატოლებს ქალაქის ტიპის დასახლებებიდან. შემდგომმა კვლევებმა უფრო ფუნდამენტური პრობლემა გამოავლინა – კოგნიტურ ჩამორჩენას სოფლის მოსახლეობის ჩვილებში სტიმულაციის ნაკლებობა იწვევდა და ამას ვერანაირი ნუტრიციული ჩარევა ვერ დააკომპენსირებდა. „ბუნებრივია, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, თავიანთი შვილები ისევე უყვართ, როგორც ნებისმიერს და მათი მომავლის უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ხშირად ისინი მუშაობენ შორს მდებარე ქალაქებში ან უბრალოდ არ იციან, რომ საჭიროა, უმღერონ ან ესაუბრონ ჩვილებს“ – ამბობს ქი ჯიანგი, REAP-ის მენეჯერი ახალშობილების კოგნიტური შესაძლებლობების კვლევების მიმართულებით.
ამ აღმოჩენის შემდგომ ორგანიზაციამ ბევრი იმუშავა ადრეული ბავშვობის განვითარების (early childhood development – ECD) მიმართულებით. შექმნა, შეაფასა და ჩამოაყალიბა ინტერვენციები, რაც შეამცირებდა კოგნიტურ ჩამორჩენას – როგორ უნდა გაუმჯობესდეს სახლში ენობრივი გარემო? რამდენად ხშირად უნდა ესაუბრებოდნენ და შედიოდნენ სოციალურ კონტაქტში ახალშობილებთან? გუნდმა მუშაობა ტრენინგების შინ უზრუნველყოფით დაიწყო, რომელსაც ადგილობრივი მედიცინის პრაქტიკოსები უძღვებოდნენ. მოგვიანებით სხვადასხვა პარტნიორის ჩართულობით კიდევ ოთხი პროგრამა შექმნეს მშობლების ტრენინგისთვის.
REAP-ის სამუშაომ ამ მიმართულებით ჩინეთის სახელმწიფო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ეს მიგნებები და კოლეგების სხვა კვლევები სახელმწიფო საბჭოს წარედგინა. პროცესი იმით დასრულდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 0-3 წლის ბავშვებზე გარკვეული პასუხისმგებლობის აღება და შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის შექმნა დაევალა (2019 წ.). მანამდე, ახალშობილები ექსკლუზიურად ოჯახის მფარველობის ქვეშ იყვნენ და სახელმწიფოს მხარდაჭერა მხოლოდ ვაქცინაციითა და სხვა საბაზისო სამედიცინო ზრუნვით შემოიფარგლებოდა. REAP-მა და ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ლიდერობის სატრენინგო ცენტრმა (NHC) ძალები გააერთიანეს, რათა მშობლებისთვის სრული ტრენინგების ციკლი შეემუშავებინათ. პროგრამა ინტერაქტიული აქტივობების სწავლებას მოიცავდა, რაც საჭიროა ბავშვის განვითარების სტიმულირებისთვის ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისად. ამ კოლაბორაციის შედეგად შემუშავებული ადრეული ბავშვობის განვითარების (ECD) პროგრამა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო და საყოველთაო კურიკულუმის ნაწილად აქცია.
ვინ იხდის?
იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად კომპლექსური ინტერვენციაა საჭირო და როგორია კვლევის დიზაინი, REAP-ის შეფასება შესაძლოა 100 000 დოლარი ან მეტი ღირდეს – თითოეული პროექტი მოიცავს მოგზაურობის, კონტრაქტორების, სტუდენტური სტიპენდიების, მონაცემების შეგროვების ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების, მასალების, მარაგების, ტრანსპორტირების, მონაწილეობის ხარჯებს, მკვლევრებისა და დასაქმებულების ხელფასებს. საიდან მოდის ფული?
ადრე, ფინანსების ძირითადი ნაწილის მოძიება გრანტებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების მეშვეობით ხდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სურათი შეიცვალა. პირველ რიგში, იმის გამო, რომ ჩინეთი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების რიცხვში გადავიდა და ჩაითვალა, რომ აღარ საჭიროებდა ისეთ ფინანსურ მხარდაჭერას, როგორც მსოფლიოს სხვა, ნაკლებად განვითარებული ქვეყნები. მსხვილმა საქველმოქმედო ორგანიზაციებმა დატოვეს ჩინეთი. ამჟამად ძირითადი სახსრები მოდის ინდივიდუალური ინვესტორებისგან, ბიზნესმენებისგან, რომლებიც ცხოვრობენ აშშ-ში, ჩინეთში, ჰონგ-კონგში, ტაივანში და ასევე გარკვეული ორგანიზაციებისგან, ვინც სიღარიბის შემსუბუქებასა და ექსპერიმენტულ კვლევებზე მუშაობს. REAP-ს სტენფორდის უნივერსიტეტთან აფილირება ეხმარება კარების გაღებაში, ისევე როგორც კურსდამთავრებულთა ქსელი, რომელიც მოიცავს ადამიანებს, ვისაც პირადი, ოჯახური თუ საქმიანი კავშირები აქვთ ჩინეთთან. დღესდღეობით, ამ ინდივიდუალურ წარმომადგენლებთან მუშაობით ახერხებს ორგანიზაცია თავის გატანას.
ბოლო წლების განმავლობაში აშშ-სა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მკვეთრად შემცირდა, რასაც დაემატა კოვიდ 19-ის ფაქტორი. ეს მდგომარეობა REAP-ისთვის ღელვის საფუძველს ქმნის, რადგან ორგანიზაციის საქმიანობა სრულადაა დამოკიდებული ამ ორი ქვეყნის მკვლევრების კოლაბორაციაზე. მათი მუშაობის შედეგები გავლენას ახდენს არამხოლოდ ჩინეთის კეთილდღეობაზე, არამედ მსოფლიოსაც უჩვენებს რა მიდგომები მუშაობს პრაქტიკაში წარმატებით. REAP-ის საქმიანობა შეუძლებელია კოლაბორაციის გარეშე, როზელი ამბობს: „ერთი პროექტის გავლენის შეფასებასაც კი ექსპერტების წარმომადგენლობითი ჯგუფი სჭირდება, საველე მენეჯერიდან დაწყებული მონაცემების ანალიტიკოსამდე, ამიტომაა, რომ პუბლიკაციებში ავტორების ჩამონათვალი უფრო და უფრო გრძელი ხდება და არა პირიქით“. ჯგუფის ერთობლივი მუშაობის გარეშე, ყველა აგებს. „ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო კოლაბორაცია, კონკრეტულად, აშშ-სა და ჩინეთს შორის, იყოს ის ძალა, რომელიც ქმნის ცოდნას და აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას“.
