ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სამეწარმეო სამუშაო ძალა (Entrepreneurial workforce*)

 

სამეწარმეო სამუშაო ძალა Entrepreneurial workforce*

Stanford Social Innovation Review არის სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულების მიერ 2003 წელს შექმნილი გამოცემა (https://ssir.org/), რომელიც მოიცავს გლობალური სოციალური პრობლემების საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებს. გამოცემის მიზანია, წაახალისოს კვლევასა და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. გთავაზობთ *Stanford Social Innovation Review-ს 2021 წლის შემოდგომის გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის ადაპტირებულ თარგმანს. ორიგინალი ნაშრომის ავტორია პრიტი სალიანი (Priti Salian).

 

1970-იანი წლების დასაწყისში სუმან მური მახლობელი სოფლიდან საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ პუნში, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რათა 12 წლის ასაკში დაექორწინებინათ. მის ქმარს სტაბილური შემოსავალი არ ჰქონდა, რის გამოც სუმანი იძულებული გახდა ემუშავა. თუმცა ყოველგვარი მოსამზადებელი კურსებისა და განათლების გარეშე მას შეეძლო  მხოლოდ არაფორმალურად ნარჩენების შემგროვებლად დასაქმებულიყო. ის ყუთებსა და ნაგავსაყრელებზე ეძებდა გადამუშავებისათვის და შემდგომი რეალიზაციისთვის გამოსადეგ ნივთებს, თუმცა თავის გატანა ამ საქმითაც ძალიან რთულად იყო შესაძლებელი.

2008 წელს მური ნარჩენების შეგროვების მომსახურების კოოპერატივ SWaCH-ს შეუერთდა (Solid Waste Collection Handling Seva Sanskari Sanstha Maryadit). ეს იყო მყარი ნარჩენების კარდაკარ შეგროვების სააგენტო, რომელიც ქალაქ პუნის მუნიციპალური კორპორაციიდან (PMC – Pune Municipal Corporation) იმართებოდა. აქ სუმანმა მიიღო ის სტაბილურობა, რაც სჭირდებოდა. „მქონდა ფიქსირებული თვიური შემოსავალი, უსაფრთხო სამუშაო პირობები და მუნიციპალური მუშაკის სტატუსი“ – ამბობს მური, რომელიც ახლახანს თავის 50-იან წლებში პენსიაზე გავიდა და ამჟამად ნარჩენების შეგროვების კოოპერატივს ხელმძღვანელობს.

SWaCH 2008 წელს ორმა სოციალურმა აქტივისტმა – ლაკშმი ნარაიანი და ფურნიმა ჩიკარმანმა დააარსა. მათ მიზანს არაფორმალური შემგროვებლების ქალაქის ნარჩენების მართვის სისტემაში ინტეგრირება წარმოადგენდა: „ჩვენ გვსურდა ნარჩენების შემგროვებლები აღიარებულიყვნენ, როგორც მყარი ნარჩენების მართვის სისტემის კრიტიკული ნაწილი და პირველი რგოლი გადამუშავების ჯაჭვში“.

მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მინიმუმ 1 პროცენტი ნარჩენების შეგროვებით ირჩენს თავს. ინდოეთში მათი რაოდენობა 1.5-4 მილიონია (Alliance of Indian Waste-pickers – AIW) და უმრავლესობას ქვეყნის ყველაზე დაბალი კასტების წარმომადგენლები შეადგენენ. ისინი მუშაობას გათენებამდე იწყებენ, რათა ნაგავსაყრელებზე იპოვონ გადამუშავებადი მასალა, რისი გაყიდვითაც პურის ფულს გამოიმუშავებენ. მათი ყოველდღიური არსებობა ჯანმრთელობის რისკებთანაა დაკავშირებული. ყოველგვარი დამცავი ხელთათმანებისა თუ ნიღბების გარეშე მოძრაობისას შესაძლოა მიიღონ ღია ჭრილობები ბასრი საგნებისგან, ქიმიური დამწვრობები, არ არიან დაცული მღრღნელებისა და ძაღლების კბენისგან. სანამ მთელ ქალაქს სძინავს, შემგროვებლები ნაგავსაყრელებზე დახეტიალებენ, ზოგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება, ზოგსაც ქურდობისთვის იჭერენ.

მური იმ დაბრკოლებებს იხსენებს, რაც გამოიარა მისი საქმიანობის გამო და დაცინვას, რაც ხშირად უკავშირდებოდა მის დაბალი კასტისადმი მიკუთვნებულობას. თავდაპირველად, მან ბოსტნეულის გაყიდვა სცადა, მაგრამ შემოსავალი ძალზე არასტაბილური იყო. საბოლოოდ, ნარჩენების შეგროვება უფრო მარტივი გამოსავალი გამოდგა, რადგან არ საჭიროებდა სპეციალურ უნარს ან განათლებას და არ იყო განსაზღვრული სამსახურში მიღების რაიმე პროცედურები.

დღეს SWaCH 3500 წევრისაგან შედგება და ქალაქი პუნი, 6.8 მილიონი მოსახლით, არის პირველი, რომელმაც ნარჩენების შემგროვებლების ქალაქის ნარჩენების მართვის სისტემაში ინტეგრირება შეძლო.

გაერთიანების ძალა

ნარჩენების შემგროვებელთა მოძრაობა პუნიში 1990-იანი წლებიდან დაიწყო, მაშინ ნარაიანი და ჩიკარმანი ქალი შემგროვებლებისთვის უნივერსიტეტში ლექციებს ატარებდნენ (ეს არის უნივერსიტეტი ქალებისთვის – Shreemati Nathibai Damodar Thackersey – SNDT), „გავაცნობიერეთ, რომ ისინი ძალიან დიდ დროს ხარჯავდნენ გამოსადეგი მასალის გამოცალკევებაში შერეული ნარჩენებიდან“. აქტივისტებმა გადაწყვიტეს ამ სფეროში დასაქმებულ ქალებს შეხვედროდნენ და განეხილათ მათი პრობლემები სამუშაო პირობებთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად უსაფრთხოება, სტაბილური შემოსავალი და მათი საქმიანობის მიმართ პატივისცემა გამოიკვეთა. რადგანაც არავინ არ თვლიდა მათ მუშაობას სამსახურად, პირველ რიგში, დასაქმებულის ოფიციალური სტატუსის მოპოვება იყო საჭირო. ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა მათი წარმოჩენა, როგორც პროფესიული გაერთიანებისა. 1993 წელს ნარაიანი და ჩიკარმანი დაუკავშირდნენ სამუშაო კლასის მოძრაობის ლიდერს, ვინც დაეხმარა პირველი ნარჩენების შემგროვებელთა პროფესიული გაერთიანების დარეგისტრირებაში („ქაღალდის, მინისა და მეტალის მუშაკთა გაერთიანება“, ინდური სახელწოდებიდან გამომდინარე – KKPKP). გაერთიანების რვაასმა წევრმა, საიდანაც 90% ქალი იყო, პირადობის დამადასტურებელი ბარათები უნივერსიტეტისგან (SNDT) მიიღეს. მოგვიანებით, 1996 წელს, გაერთიანების უკვე 3000 წევრს, PMC-მ მუნიციპალური მუშაკის სტატუსი მიანიჭა.

ამ დროის განმავლობაში ჩიკარმანმა და ნარაიანმა შესაბამისი მონაცემები მოაგროვეს და შემგროვებელთა საქმიანობის კონტრიბუცია აღწერეს. მათი 2001 წლის კვლევაში აღნიშნულია, რომ PMC-ს ნარჩენების კარდაკარ შეგროვებით წლიურად დაახლოებით 120 მლნ რუპიის (162 215 აშშ დოლარი) დაზოგვა შეეძლო. როდესაც შედეგების დადასტურება შესაძლებელი გახდა, KKPKP-მ წარადგინა თავისი მოდელი, რომელიც ნარჩენების დახარისხებას მოიცავდა. რეზიდენტები მომსახურების თანხას მუნიციპალიტეტს გადაუხდიდნენ, შემგროვებლები კი მოიპოვებდნენ უფლებას, შეგროვებული ნარჩენები გაეყიდათ და ამით დამატებითი შემოსავალი მიეღოთ.

2005 წელს PMC-მ ეს მოდელი ორი წლით მიიღო. ამ დროის განმავლობაში, ყოველდღიურად 1500 შემგროვებელი 150 000 ოჯახს ფარავდა, რაც ქალაქის მოსახლეობის 15%-ს შეადგენდა. მუნიციპალურმა კორპორაციამ მუშაკები საჭირო აღჭურვილობით – ყუთებით, კალათებით უზრუნველყო და ქალაქის მოსახლეობას წერილები გაუგზავნა, შინაარსით – გადაეხადათ მცირეოდენი გადასახადი ამ სერვისისთვის. მოდელის წარმატება 2008 წელს SWaCH-ის შექმნითა და მუნიციპალიტეტთან 5-წლიანი კონტრაქტით დაგვირგვინდა. პუნის მუნიციპალურმა კორპორაციამ SWaCH-ში ინვესტიცია იმიტომ ჩადო, რომ ეს იყო ორმხრივად სასარგებლო მოდელი, ერთი მხრივ – თანხების დამზოგავი მუნიციპალიტეტისთვის, მეორე მხრივ, აუმჯობესებდა შემგროვებლების პირობებს. მოდელი PMC-ის საქმიანობის ერთდროულად რამდენიმე არეალს მიემართებოდა – სიღარიბის შემცირება, ნარჩენების გადამუშავება და დაბინძურების შემცირება, თანაც, ბევრად უფრო ნაკლებ ფასში, ვიდრე ეს ცენტრალური სისტემით ხდებოდა.

შემგროვებლები წყვილებში მუშაობენ, ხშირად ოჯახის წევრებთან ერთად და დღიურად 150-დან 400-მდე ობიექტიდან აგროვებენ ნარჩენებს. „მე და ჩემი ქმარი თვიურად ერთად 25 000 რუპიის გამომუშავებას ვახერხებთ (338$), გადასამუშავებელი მასალა დამატებით თვეში საშუალოდ 3 000-4 000 რუპიას გვაძლევს (40-54$), დღესასწაულების დროს, როდესაც ხალხი სახლებს ასუფთავებს – უფრო მეტსაც“ აღნიშნავს SWaCH-ის წევრი, აშა კამბლი. ის იმ მინიმალურ შემოსავალს გამოიმუშავებს, რაც ქალაქ პუნში არაკვალიფიციურ დასაქმებულს შეუძლია მიიღოს, თუმცა იმ უპირატესობებით სარგებლობს, რომ შეუძლია იმუშაოს იმდენი, რამდენიც სურს, ჰქონდეს სტაბილური თვიური შემოსავალი და მიიღოს სოციალური უსაფრთხოება. მისი დასაქმებულობის სტატუსიდან გამომდინარე, მისთვის ხელმისაწვდომი გახდა 8 სახელმწიფო პროგრამა, მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევა, დაფინანსებული ჰოსპიტალიზირება და დაგროვებითი პენსია.

კოლექტიური პასუხისმგებლობა

SWaCH-ის დაარსებამდე კარდაკარ შეგროვება და ნარჩენების დახარისხება არ ხდებოდა. გადატენილი ნაგვის ყუთები მუნიციპალური ტრანსპორტით არარეგულარულად იწმინდებოდა და სრულად მიდიოდა ნაგავსაყრელზე. ახლა კი ნარჩენების გატანა ყოველდღიურად ხდებოდა. კოვიდ-19-ის გამო რეგულაციების გამკაცრების დროსაც შემგროვებლების 95% ისევ აგრძელებდა მუშაობას.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მუნიციპალური კორპორაცია იხდის შემგროვებლების ხელფასებსა და უზრუნველყოფს მათ აღჭურვილობით, მაინც დიდ სარგებელს იღებს და ზოგავს ყოველწლიურად დაახლოებით 36.8 მილიონ აშშ დოლარს. თუმცა უდიდეს გამოწვევებად მაინც რჩება ის პრობლემები, რომ მოქალაქეები არ იხდიან ამ გადასახადებს და მუნიციპალიტეტი არ უზრუნველყოფს ქალაქის ღარიბი უბნების სუბსიდირებას. ჩიკარმანის აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით პოლიტიკა და მიდგომები არ არის მკაცრად დაცული. ზოგი უარს ამბობს გადაიხადოს თვეში 0.95 დოლარი რადგან მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტი უფასოდ უნდა მოემსახუროს, როგორც გადასახადის გადამხდელს. ეს მიდგომა უფრო გავრცელებულია დაბალი შემოსავლის მქონე მცხოვრებლებში, სადაც გადასახადები ისედაც მინიმალურია და სულ 0.68 დოლარს შეადგენს, საიდანაც მუნიციპალიტეტი ფარავს 0.14 დოლარს თითო ოჯახზე. შემგროვებლებს არ უყვართ ღარიბ უბნებში მუშაობა, რადგან აქ მცხოვრებლები ერთმანეთისგან არ აცალკევებენ სველ და მშრალ ნარჩენებს. „ამ ტერიტორიების სუბსიდირება მუნიციპალიტეტიდან წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ხდება, რის გამოც, შემგროვებლების მხრიდან საყოველთაო წინააღმდეგობაა, მოემსახურონ ამ მიყრუებულ ადგილებს“ – აცხადებს SWaCH-ის დირექტორი, ჰარშარდ ბარდე.

ასევე, ყოველ ჯერზე როცა ორგანიზაციის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულება განახლებას საჭიროებს, მათ თავიდან უწევთ მოლაპარაკებების წარმოება, რადგან PMC-ის წარმომადგენლები ხშირად იცვლებიან. თუმცა შემგროვებლებმა უკვე იციან თავიანთი უფლებები და ღირსება, რაც სისტემაში წლების მუშაობამ მოუტანა. SWaCH-ის ხანგრძლივად წარმატებულმა ოპერირებამ ინდოეთის უმეტეს ურბანულ ადგილობრივ სტრუქტურებში გარკვეული ანგარიშვალდებულება წარმოშვა ნარჩენების შემგროვებლების მიმართ. შემგროვებლებს კი, თავის მხრივ, მიკუთვნებულობისა და კოოპერატივის თანასაკუთრების განცდა გაუჩნდათ, გრძნობენ, რომ ისინი წარმოადგენენ ამ ორგანიზაციას და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს.