ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75
სწავლს სტილის ტესტი

სწავლის სტილი

პიტერ ჰანის და ალან მამფორდის ტესტი

ამ ტესტის მეშვეობით შეძლებთ დაადგინოთ თქვენთვის დამახასიათებელი სწავლის სტილი. წლების განმავლობაში ადამიანს უყალიბდება სწავლის თავისებური მანერა, რის გამო იგი ამჯობინებს შეიძინოს ცოდნა განსაზღვრული სახის გამოცდილებაზე დაყრდნობით, თუნდაც თავად არ აცნობიერებდეს ამას.

ტესტი მოიცავს ოთხმოც დებულებას. მონიშნეთ მხოლოდ ის დებულებები, რომლებსაც ეთანხმებით, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „შედეგის ნახვა.“ სულ კითხვარის შევსებას ესაჭიროება 10 – 15 წუთი. გახსოვდეთ, რომ აქ მოცემული დებულებები არ შეიძლება იყოს „სწორი“ ან „არა სწორი“, ტესტის შედეგების სიზუსტე კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გულწრფელი იქნებით მისი შევსებისას.

"სწავლის სტილის ტესტის" შესახებ

ტესტის არსი და თეორიული მოდელი მის მიღმა

პიტერ ჰანისა და ალან მამფორდის „სწავლის სტილის ტესტი“ ეფუძნება დევიდ კოლბის „გამოცდილებით სწავლის თეორიას“. თეორია აღწერს სწავლისათვის დამახასიათებელ ოთხ განსხვავებულ პროცესს თუ ფორმას. კერძოდ, ის ვინც სწავლობს მოგვევლინება:
1. ამა თუ იმ ახალი გამოცდილებისადმი გახსნილი, ყურადღებიანი და დაკვირვებული ადამიანის სახით;
2. მკვლევარის სახით, რომელსაც შესწევს უნარი არა მხოლოდ განაგრძოს დაკვირვება, რათა მოაგროვოს დამატებითი მონაცემები, არამედ იფიქროს ახალ გამოცდილებაზე მრავალ განსხვავებულ ჭრილში, ღრმად და საფუძვლიანად გაიაზროს მიმდინარე მოვლენები;
3. მეცნიერის სახით, რომელიც განაზოგადებს მიღებულ გამოცდილებას, მოახდენს მოვლენის შესახებ შეგროვილი მონაცემების კლასიფიკაციასა და ანალიზს, მათ კონცეპტუალიზაციას უკვე არსებული ცოდნა-გამოცდილების გამოყენებით, შესძენს მათ აბსტრაქტული მოდელის თუ თეორიის სახეს;
4. პრაქტიკოსის, მიუკერძოებელი ექსპერიმენტატორის სახით, რომელიც განზოგადების შედეგად შექმნილ მოდელს თუ თეორიას გამოიყენებს საქმიანობაში და შეამოწმებს მათ სამართლიანობასა და ეფექტურობას, რაც, თავს მხრივ, ახალი გამოცდილების წინაპირობაა.

სწავლის დროს ადამიანი, ბუნებრივია, არ წარმოდგება ერთდროულად ოთხივე როლში, განწყობა თანმიმდევრულად იცვლება. კონკრეტული გამოცდილების, დაკვირვება-გააზრების, აბსტრაქტული კონცეპტუალიზაცია და პრაქტიკული გამოყენების პროცესები ცვლიან ერთი მეორეს და მოდელი წრიულ ხასიათს ატარებს. ამასთან ცნობილია, რომ სხვადასხვა ადამიანები ოთხი ზემოთ აღწერილი სწავლის პროცესიდან ამჟღავნებენ გარკვეულ მიდრეკილებას რომელიმე ერთ-ერთის მიმართ, ანიჭებენ უპირატესობას რომელიმე ერთ ფორმას, უკეთ გრძნობენ თავს რომელიმე ერთ როლში ვიდრე მეორეში.

სწავლისათვის დამახასიათებელი ოთხი თანმიმდევრული პროცესი დევიდ კოლბის მიერ ორი დამოუკიდებელი ღერძის გასწვრივ იქნა ორგანიზებული. ერთი ღერძი წარმოადგენს კონტინუუმს "კონკრეტული გამოცდილება (შეგრძნება) - აბსტრაქტული კონცეპტუალიზაცია (გააზრება-განზოგადება)," რომელსაც ავტორები „გამოცდილების წვდომის“ ღერძად მოიხსენიებს. კონტინუუმი "დაკვირვება-რეფლექსია (აღქმა და ფიქრი) - აქტიური ექსპერიმენტირება (მოქმედება)", კი მეორე ეგრეთწოდებული „გამოცდილების ტრანსფორმაციის“ ღერძს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ ორი ღერძის გადაკვეთაზე (მათ მიერ წარმოქმნილ კვადრანტებში), პიტერ ჰანისა და ალან მამფორდის მიერ გამოიყო სწავლის ოთხი სტილი: „აქტივისტი“, „მოაზროვნე“, „თეორეტიკოსი“ და „პრაგმატიკოსი“.

მიდრეკილება ყოველი სტილისაკენ ფასდება ქულით 0 -დან (მინიმალური ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის მიდრეკილი სწავლის ამ სტილისაკენ) 20 -მდე (მაქსიმალური ქულა, რაც ნიშნავს, რომ სწავლის ეს სტილი მეტად დამახასიათებელია ადამიანისათვის). თქვენს მიერ დაგროვილი ქულების გრაფიკული გამოსახულება და მათი ინტერპრეტაცია იხილეთ ქვემოთ.

დაგროვილი ქულების გრაფიკული გამოსახულება

დაგროვილი ქულების ინტერპრეტაცია

თქვენი ქულა ღერძზე აქტივისტი:

აქტივისტები არიან ადამიანები, რომლებსაც ახასიათებთ „აქტიური ექსპერიმენტირება (მოქმედება)“ და "კონკრეტული გამოცდილების (შეგრძნებების) ძიება." ისინი სწავლობენ საქმიანობასთან ერთად. მათ "მკლავები უნდა დაიკაპიწონ" და თავით ჩაეფლონ სამუშაო პროცესში. ისინი მუდამ გახსნილი არიან ახალი გამოცდილების მიმართ და არასოდეს გაურბიან შეცდომებს.
მათთვის ყველაზე მიმზიდველია სწავლის ისეთი მეთოდები, როგორც:
- გონების იერიში;
- პრობლემის გადაჭრა;
- ჯგუფური განხილვა;
- სხვადასხვა თავსატეხი და სავარჯიშო;
- შეჯიბრი;
- როლური თამაშები.

თქვენი ქულა ღერძზე მოაზროვნე:

მოაზროვნეები მიისწრაფვიან „კონკრეტული გამოცდილების (შეგრძნებები)“ დაგროვებისა და „დაკვირვება-რეფლექსიისაკენ (აღქმა და ფიქრი)“. ეს ადამიანები სწავლობენ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების და გააზრების პროცესში. მათ შეიძლება თავი აარიდონ საქმეში უშუალო მონაწილეობას და ამჯობინონ გვერდიდან ყურება, მოვლენების გააზრება სხვადასხვა ჭრილში. სათანადო დასკვნებისათვის ისინი დიდ დროს უთმობენ მონაცემების, ფაქტების, მტკიცებულებების შეგროვებას და მათ ანალიზს.
მათთვის დამახასიათებელი სწავლის მეთოდებია:
- დისკუსია მცირე ზომის ჯგუფში;
- თვითანალიზი;
- სხვადასხვა კითხვარები;
- დაკვირვება;
- ქოუჩინგი;
- ინტერვიუ.

თქვენი ქულა ღერძზე თეორეტიკოსი:

ეს ადამიანები მიდრეკილნი არიან "დაკვირვება-რეფლექსიისა (აღქმა და ფიქრი)" და "აბსტრაქტული კონცეპტუალიზაციისაკენ (გააზრება-განზოგადება)". ისინი ისწრაფვიან გაიგონ მოვლენების მიღმა არსებული თეორიები, პრინციპები და დაშვებები. სასწავლო პროცესში ისინი ოპერირებენ მოდელებით, ტერმინებითა და ფაქტობრივი მონაცემებით, ამჯობინებენ ანალიზსა და სინთეზს, ცდილობენ ახალი ინფორმაცია მოაქციონ სისტემატურ ჩარჩოში, მოახდინონ კლასიფიკაცია.
მათ იზიდავთ შემეცნების ისეთი ინსტრუმენტები როგორიცაა:
- სისტემური მოდელები;
- სტატისტიკა;
- სასწავლო მაგალითებისა და შემთხვევების აღწერა;
- ციტატები და ამონარიდები;
- მტკიცებულებები;
- თეორიები.

თქვენი ქულა ღერძზე პრაგმატიკოსი:

ეს ადამიანები მიისწრაფვიან „აბსტრაქტული კონცეპტუალიზაციისა (გააზრება-განზოგადება)“ და „აქტიური ექსპერიმენტირებისაკენ (მოქმედება)“. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ნახონ, როგორ შეიძლება გამოიყენონ რეალურ სამყაროში ის რაც ისწავლეს. აბსტრაქტული იდეები არ იზიდავთ, თუ ნათლად არ ჩანს როგორ შეიძლება მათი გადატანა პრაქტიკაში და ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრა. ისინი მუდამ ეწევიან ექსპერიმენტირებას, ცდილობდნენ რა გაიგონ როგორ მუშაობს ესა თუ ის ახალი იდეა, თეორია ან მეთოდი.
ყველაზე მეტად პრაგმატიკოსებს მოსწონთ:
- გამოყენებითი მოდელები;
- სასწავლო შემთხვევების განხილვა;
- პრობლემის გადაჭრა;
- დისკუსია.