თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება ტერმინი „მდგრადი განვითარება“. საქართველოს „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონი შემდეგ განმარტებას გვთავაზობს: იგი არის „საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას – ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი“. მისი მთავარი არსია, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებისადმი არ გვქონდეს მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება და ისე გამოვიყენოთ იგი, რომ მომავალმა თაობამაც შეძლოს მისით სარგებლობა.
კვების საკითხი მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზანში იშლება, კერძოდ მეორე, მეთორმეტე და მეცამეტე მიზნები, რაც, თავის მხრივ გულისხმობს, შიმშილის აღმოფხვრას, მდგრად მოხმარებასა და წარმოებას და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებს.კვების სისტემასთან მიმართებით აღნიშნული ტერმინის გამოყენება მის ეკოლოგიურ და გრძელვადიან დადებით ასპექტზე მიუთითებს. მდგრადი კვების სისტემა (Sustainable Food Systems – SFS) უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას და კვების ისეთ გზებს, რომ მომავალი თაობებისთვის საკვების წარმოქმნას პრობლემები არ შეექმნას. მას სამი სახის მდგრადობა ახასიათებს: ეკონომიკური – ხაზს უსვამს კვების სისტემის თითოეული აქტორის და სერვისის მიმწოდებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას; სოციალური – პროდუქტები (სერვისები) თანასწორად და სამართლიანად ნაწილდება საზოგადოების ყველა ჯგუფზე და გარემოსდავიცითი – გულისხმობს საქმიანობის დადებით ან ნეიტრალურ გავლენას ბუნებრივ გარემოზე. იმისათვის რომ კვების სისტემა იყოს მდგრადი, მას დადებითი გავლენა უნდა ჰქონდეს ზემოთ ჩამოთვლილი სამივე ასპექტის მიხედვით.
მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების განხილვა, რაც მდგრადი კვების სისტემების აქტუალიზებას უწყობს ხელს და რაც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს თუ რატომაა მნიშვნელოვანი მისი დანერგვა და განვითარება. ესენია: უთანასწორობა, ჯანმრთელობის პრობლემები, კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური კატასტროფები. ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული კვების სისტემებსა და მათ მდგრადობასთან. თუმცა ის თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ კვების სისტემას, განსაზღვრის იმასაც თუ როგორ ვიყენებთ მას. სწორედ ამიტომ, საინტერესოა მსოფლიოში ცნობილი შეფმზარეული ხოსე ანდრესის ინიციატივა, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გეგმავს „გლობალური კვების ინსტიტუტის“ შექმნას. ინსტიტუტის მთავარი მიზანია კვების სისტემებისადმი მიდგომებისა და აზროვნების სტილის ცვლილების ხელშეწყობა. ფაკულტეტი ხელს შეუწყობს ინტერდისციპლინარულ კვლევებსა და სწავლებას, რათა სტუდენტებმა (საკითხის მომავალმა ლიდერებმა) უკეთ გააცნობიერონ კვების პოლიტიკა და შექმნან ახალი ტექნოლოგიები.[1] საუნივერსიტეტო დონეზე საკითხისადმი ყურადღების გამახვილება, მის აქტუალიზებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით იმ გამოწვევების პირობებში, რომელთა წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას და რომლებიც ქვემოთ უფრო დეტალურადაა განხილული.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტი საკვების საჭიროება დგება დღის წესრიგში, რაც იწვევს მისი წარმოების გაფართოებას. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველი 11 ადამიანიდან ერთი შიმშილობს, მიუხედავად ამისა კი ყოველწლიურად 1,3 მილიარდი ტონა საკვები იყრება.[2] მონაცემები ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავია და მიუთითებს, რომ საკვების ჭარბ წარმოებასთან ერთად, მოსახლეობის შიმშილი ან კალორიული დეფიციტი, მისი არათანაბარი და არაეფექტიანი განაწილებითაა გამოწვეული. მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ორგანიზაცია თუ პროგრამა ცდილობს აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავებას, როგორც ტრადიციული გზებით, რაც მეტწილად მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს და მათი ქცევის ცვლილებების ხელშეწყობას ემსახურება, ასევე არატრადიციული და მეტად ინოვაციური გზებითაც.
სიახლეები მდგრადი კვების სისტემებში ძირითადად ტექნოლოგიების დახვეწასა და განვითარებაში გამოიხატება. პრობლემების მოგვარების და სისტემის მდგრადობის მიზნით ხშირად მიმართავენ სხვადასხვა სახის აპლიკაციების შემუშავებას, განსაკუთრებით პოპულარული ხდება ისეთი აპლიკაციების შექმნა, რომლებიც კვების ინდუსტრიის სხვადასხვა აქტორს – მწარმოებლებსა თუ მომხმარებლებს- ერთმანეთთან აკავშირებს. მაგალითად, აპლიკაცია Chomp, რომელიც ჰონკონგში ფუქნციონირებს, კვების ინდუსტრიაში საკვების არამიზნობრივი ხარჯვის შემცირებას ისახავს მიზნად. აპლიკაციის იდეა მდგომარეობს შემდეგში – იგი ადგილობრივი რესტორნებიდან და კვების ობიექტებიდან „საიდუმლო ყუთების“ კონცეფციის გამოყენებით, მომხმარებლებს ფასდაკლებით სთავაზობს იმ პროდუქტებს, რომელიც ვერ გაიყიდა. შესაბამისად, რეალიზება ხდება იმ სურსათის, რომელიც ნარჩენის სახით დააბინძურებდა გარემოს. გარდა ამისა, გუნდი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ სკოლებთან საკვების ჭარბი რაოდენობისა და საკვების ნარჩენების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. იმავე პრინციპს იმეორებს, თუმცა რესტორნებთან და კვების ობიექტებთან ერთად პროესში რთავს სურსათის მაღაზიებსაც, ბრიტანეთში დაფუძნებული აპლიკაცია too good to go, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ე.წ. „ჯადოსნურ ჩანთებს“ შეღავათიან ფასად. ჩანთებში კი ის საკვებია განთავსებული, რომელიც ვერ გაიყიდა. მსგავსი სერვისის შეთავაზება მომხმარებლისთვის, ერთი მხრივ ემსახურება ხელმისაწვდომობის გაზრდას სურსატის მრავალფეროვნებაზე, რაც ფასებიდან გამომდინარე შეიძლება ყველასთვის არ ყოფილიყო შესაძლებელი. მეორე მხრივ კი ხელს უწყობს საკვები ნარცენების წარმოქმნის შემცირებას.
თითოეული აპლიკაცია ეხმარება კვების ინდუსტრიას, რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი წარმოქმნას. თუმცა იმავდროულად მისი განაწილების თანასწორობას და გაზრდასაც გარკვეულწილად ეხება. განახევრებული ფასები საკვებს შედარებით მცირე შემოსავლების მქონდე პირებისთვის მეტად ხელმისაწვდომს ხდის.
რომ გავაგრძელოთ მაგალითების მოხმობა, Food Cowboy-იც ზემოთ განხილული აპლიკაციების მსგავსად, კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და მომხმარებლებს აკავშირებს ერთმანეთთან, თუმცა მათგან განსხვავებით არა ფასდაკლებით, არამედ სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციას, რომლებიც საზოგადოების დაბალი შემოსავლების მქონე ნაწილს სთავაზობს უფასო კვებით მომსახურებას. აპლიკაცია შემდეგი პრინციპით მუშაობს, მომწოდებელი (ფერმა, რესტორანი, კვების ობიექტი თუ სხვა) GPS სისტემის გამოყენებით აპლიკაციის მეშვეობით აწვდის ინფორმაციას პოტენციურ მიმღებებს საკვების არსებობის შესახებ. ის ორგანიზაცია, რომელსაც საკვები ესაჭიროება და ადგილმდებარეობაც შეესაბამება, უკავშირდება მომწოდებელს. მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაციის ფუნქციონირებას მცირე შენატანებით თავად სერვისის მომწოდებლები უზრუნველყოფენ. საკვების გადაცემის მსგავსი სისტემა, ერთი მხრივ ხელს უწყობს საკვები ნარჩენების შემცირებას, მეორე მხრივ კი მის თანასწორ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი კიდევ ერთი ცენტრალური საკითხია მდგრადი კვების სისტემაში.
აპლიკაციები საკვების არამიზნობრივი ხარჯვის პრობლემის პოპულარული გადაწყვეტა აღმოჩნდა, არამხოლოდ აქტორების ერთმანეთთან დაკავშირების კუთხით, არამედ თითოეულ ოჯახში საკვების მიზნობრივი მოხმარების თვალსაზრისითაც. კერძოდ, აპლიკაცია Fridgely, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენება, მომხმარებელს აფრთხილებს შეძენილი საკვების ვადების თაობაზე, რაც მათ საშუალებას აძლევთპროდუქტი მოიხმარონ იქამდე, სანამ მას გამოყენების ვადა ამოეწურება. სტატისტიკის მონაცემების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოთხკაციანი ოჯახი საშუალოდ საკვების 25%-ს არ მოიხმარს, რის გამოც იგი ნარჩენებად იქცევა. თუმცა, აპლიკაციების გარდა მნიშვნელოვანია თავად საინიციატივო ჯგუფების აქტიურობა საკვების არამიზნობრივ მოხმარებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კუთხით. საზოგადოებასთან მუშაობამ ამ მიმართულებით, შეიძლება გაზარდოს ასევე აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვი და შეცვალოს მათი ქცევის პატერნები, რაც კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება მდგრადი კვების მიმართულებით.
არამიზნობრივი მოხმარების გარდა პრობლემას წარმოადგენს კვების ინდუსტრიაში გავრცელებული ესთეტიკური თუ მარკეტინგული ნორმებიც. პროდუქციის დაახლოებით 20% ფერმებს სწორედ ესთეტიკური ნორმების გამო ვერ ტოვებს და წარმოქმნის დამატებით ნარჩენებს. სასურსათო მაღაზიები თუ კვების ობიექტები ერიდებიან ისეთი პროდუქტის შეძენას, რომელიც ესთეტიკურად არ გამოიყურება მიმზიდველად (მაგალითად, დაგრეხილი სტაფილო, კიტრი ან სხვა სახის ბოსტნეული). ამის მიზეზი კი მომხმარებლის ქცევაა, რომელიც ესთეტიკურად მიმზიდველი პროდუქტის გვერდით ასეთ პროდუქტს აირჩევს. სწორედ მსგავსი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ დაარსდა სოციალური საწარმო Imperfect, რომელიც ფერმერებისგან არაესთეტიკურ პროდუქტს შეისყიდის დაბალ ფასად და სპეციალურად ასეთი პროდუქტებისთვის შექმნილ მაღაზიებში განათავსებს, სადაც მომხმარებელს 30-50%-იანი შეღავათიანი ფასით შეუძლიათ ყიდვა. ამჟამად სულ 20 მაღაზია ფუნქციონირებს კალიფორნიის შტატის მასშტაბით.
საკვები ნარჩენები გარემოს ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია. იგი გამოყოფს მეთანს, რომელიც 25-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნახშირორჟანგი. გარდა ამისა, საკვების გაფუჭება და გადაყრა დამატებითი რესურსების არამიზნობრივი ხარჯვაა, როგორებიცაა წყალი, მიწა და საწვავი. მეთანის დიდი რაოდენობა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას, რაც თავის მხრივ აისახება, როგორც ბუნებრივი კატასტროფების გახშირებაზე, ასევე იწვევს მოსავლის გაფუჭებასა და შემცირებას. ამ უკანასკნელის თავიდან არიდების მიზნით კი ხშირად გამოიყენება დიდი რაოდენობით პესტიციდები, რაც ისევ და ისევ გარემოს დაბინძურებასა და შესაბამისად მოსახლეობაში სხვადასხვა დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს.
სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ მცირე ფერმერები ნაკლებად იყენებენ პესტიციდებს და ნაკლებად აბინძურებენ გარემოს. შესაბამისად მდგრადი კვების სისტემების განვითარებაზე საუბრისას ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი მცირე ფერმერებსა და მათ დახმარებაზე კეთდება. ისინი ხელს უწყობენ აგროკულტურების მრავალფეროვნების შენარჩუნებას, რასაც დიდი კვების ინდუსტრია ნაკლებ ყურადღებას უთმობს. დღეს ყოველდღიური კვებიდან მრავალი პროდუქტია ამოღებული და ისინი თითქმის მთლიანადაა ჩანაცვლებული ისეთი გავრცელებული კულტურებით, როგორებიცაა მაგალითად ხორბალი, ბრინჯი და სიმინდი. მრავალფეროვნება მოსახლეობის კვებით დაცულობას და მათ საჭირო ნუტრიენტებით მომარაგებას უწყობს ხელს. შესაბამისად მცირე ფერმერების (რომლებიც სფეროში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია) ხელშეწყობა მდგრადი კვების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
აპლიკაციების შექმნა და გამოყენება არც მცირე ფერმერების ხელსეწყობის სფეროსთვის არ აღმოჩნდა უცხო. კერძოდ, La Charrette Carsharing იძლევა ლოგისტიკური ხარჯების განაწილების შესაძლებლობას ფერმერებისთვის, ამცირებს ტრანსპორტის გარემოზე ზემოქმედებას და ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე დადებითად აისახება საბოლოო პროდუქტის ფასზე, რაც მის ხელმისაწვდომობას განაპირობებს საზოგადოების ნაკლებად შეძლებული ნაწილისათვის. პროდუქტის ფასზე დადებით გავლენას ახდენს საკვების მიწოდების ქსელი Local2Local, რომელშიც გაწევრიანებულია 50-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერი და რომელიც ქალაქის ადგილობრივი საკვებით მომარაგებას ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ქსელი მეტწილად დაკომპლექტებულია და ღიაა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც გამოცდილებას იღებენ მდგრადი კვების მიმართულებით. ხოლო, ის ფაქტი, რომ ადგილობრივი პროდუქტებით მარაგდება ქალაქი, ამ პროდუქტის ფასს ამცირებს, რაც ჯანსაღ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას ზრდის საზოგადოების სოციალურად დაუცველი ნაწილისათვისაც. სწორედ ორგანული საკვების მაღალი ფასი განაპირობებს მის ნაკლებ მოხმარებას.
რატომ შეიძლება იყოს ორგანული საკვების წარმოება ძვირადღირებული პროცესი და განსაკუთრებით მცირე ფერმერებისთვის? პირველ რიგში ამის მიზეზი ნაკლებად გამოყენებული პესტიციდებია, რაც ერთჯერადად ნაკლებ მოსავლიანია. მცირე მოსავალმა კი მათ უნდა დაფარონ ყველა ის ხარჯი, რაც წარმოებას სჭირდება და მიიღონ გარკვეული მოგებაც. უფრო მომგებიანია, თუ ფერმერი თავად ყიდის ბაზარზე პროდუქციას და არ ასაღებს საბითუმო შემსყიდველებზე, თუმცა რეალურად ეს მოითხოვს დამატებით დროით და სხვა რესურსს მისგან, რაც წარმოებაში ჩაფლულ ფერმერს ნაკლებად აქვს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Landwirtschanftskammer Niedersachsen. მათ მიერ შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო საკვები პროდუქტებისათვის სპეციალური სავაჭრო მანქანა, რომელზე წვდომაც 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. იგი მოიცავს საკვებისათვის მრავალ განყოფილებას და უზრუნველყოფს აგრონაწარმის შენახვის პირობების დაცვას. მსგავსი შესაძლებლობა, ამცირებს მისი ნარჩენად გარდაქმნის შანსებს. მსგავსი აპარატების დაყენება მარტივად შესაძლებელია ყველგან. საზოგადოებისათვის ორგანული საკვების მიწოდების გამარტივება დადებითად აისახება მის მოხმარებაზე, რაც თავის მხრივ გარემოსდაცვის და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მხრივ წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯია.
და ბოლოს, მდგრადი კვება კომპლექსური საკითხია და მისი გააზრებისას ჰოლისტური მიდგომის გამოყენება ყველაზე მეტად მიზანშეწონილია. მას გავლენა ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფეროზე აქვს და არც მხოლოდ ერთი გამომწვევი მიზეზით არ ხასიათდება. მოითხოვს საზოგადოებისგან ქცევითი პატერნების ძირეულ ცვლილებასა და რესურსების მიზნობრივი ხარჯვის აუცილებლობის გააზრებას. ზემოთ განხილული თითოეული პროგრამა კი სხვადასხვა გზით, სწორედ აღნიშნულ ცვლილებებს ემსახურება. აღმოჩნდა, რომ ყველაზე აქტუალური და ხშირი სოციალური ინოვაციების მიმართულებით, მდგრადი კვების ხელშემწყობი აპლიკაციებია, რომლებიც ძირითად აქცენტს ჭარბი საკვების გადანაწილებაზე, საკვები ნარჩენების შემცირებასა და მცირე ფერმერების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
[1] https://foodtank.com/news/2023/05/jose-andres-and-gw-join-forces-to-create-the-global-food-institute-and-revolutionize-food-systems/
[2] https://www.wfp.org/stories/5-facts-about-food-waste-and-hunger


