კომლი
კომლი არის სათემო სახლის კონცეფცია და თანაშექმნის სივრცე კასპში, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თემის განვითარებას და ღიაა როგორც ადგილობრივი თემის წევრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ასევე ჩასული მკვლევრებისთვის, არტისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის, ვისაც სურს სივრცე გამოიყენოს შეხვედრებისთვის, კონსულტაციებისთვის, იდეების განხორციელებისთვის, რეფლექსიისთვის.
კომლის დამფუძნებლებს სწამთ, რომ ისეთ იზოლირებულ სოციალურ გარემოში, როგორიც არის კასპის მუნიციპალიტეტი, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა რომელიც ერთი მხრივ – ადგილობრივ სათემო ინიციატივებს/ლიდერებს გამოავლენს და წამოაყენებს წინა პლანზე და მისცემს მათ განვითარების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ მოიზიდავს ადამიანებს, იდეებს, და რესურსებს გარედან და ხელს შეუწყობს თემის კულტურული და სოციალური კაპიტალის გაძლიერებას.
კომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სათემო აქტვისტი თეონა დალაქიშვილის აზრით: „შეკრების ადგილის შექმნა უკვე არის პირველი ნაბიჯი, რაც გააძლიერებს თემის მიმართ მიკუთვნებულობის განცდას და მომავალში, სამოქალაქო ინიციატივებში ჩართვის წინაპირობებს გაზრდის. თუმცა იმავდროულად კომლი, ასევე, უზრუნველყოფს, რომ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურული შესაძლებლობები კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. მით უფრო იმ სოფლებში, სადაც ადამიანების ცხოვრება მხოლოდ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო აქტივობებით შემოიფარგლება. „
კომლი მრავალფუნქციური ცენტრია, რომელიც სოციალური საწარმოს პრინციპებით ფუნქციონირებს და შემდეგ სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს:
- სათემო და საგანმანათლებლო სივრცე: სივრცე დაეთმობა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს მათ მიერ ინიცირებული ღონისძიებების თუ სადისკუსიო შეხვედრების ორგანიზებისათვის, ასევე ადგილობრივ თემს შესთავაზებს სხვადასხვა მომსახურებას, რაც მოიცავს ტრენინგებს, მენტორინგს, აქსელერაციის პროგრამებს და სხვა;
- სამუშაო სივრცე: ეს გახლავთ თანაშექმნის ადგილი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, ორგანიზაციებს, დაინტერესებულ მკლევარებს და არტისტებს სთავაზობს სივრცის გამოყენებას პროექტის/ნამუშევრის/წიგნის/კვლევის თანაშექმნისთვის; სივრცის გამოყენება უსასყიდლოდ შეეძლება ადგილობრივ თემს, ხოლო გარე ჯგუფებისა და პირებისთვის იქნება ფასიანი.
- ჰოსტელი: ჩამოსული სტუმრები და ორგანიზაციები შეძლებენ ჰოსტელში დარჩენას ხელმისაწვდომ ფასად;
- უსაფრთხო და რეკრეაციული სივრცე: არსებული მშვიდი გარემო და დამატებით შეთავაზებული ფსიქო-სოციალური მომსახურების პროგრამა მსურველებს დაეხმარება სტრესის მოხსნასა და სოციო-ემოციური უნარების განმტკიცებაში აღნიშნული სერვისი მეტწილად კომერციული ხასიათის იქნება.
„ჩვენი პროგრამების მთავარი სამუშაო არეალი იქნება კასპის მუნიციპალიტეტი და შიდა ქართლის მხარე მთლიანად. თუმცა ჩვენ, ასევე, ვგეგმავთ ასეთი სახის სათემო სივრცის იდეის პოპულარიზაციას და გავრცელების ხელშეწყობას და ამ მხრივ ვითანამშრომლებთ სხვა ადგილებში, რეგიონებში მსგავს სივრცეებთან თუ დაინტერესებულ პირებთან„ – აცხადებს თეონა დალაქიშვილი.
#გადაწყვიტეახლებურად #ახალიიდეებიგანვითარებისთვის


