რატომაა მნიშვნელოვანი სოციალური ინოვაციების განხორციელების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა? თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ სკოლამ მოსწავლეები მომავალი ცხოვრებისთვის უნდა მოამზადოს, მაშინ პასუხი მარტივი იქნება – თანამედროვე სამყარო სავსეა გამოწვევებით, ხოლო სოციალური ინოვაციები მოსწავლეებს სწორედ მათი გადალახვისათვის საჭირო უნარჩვევებს უვითარებს. მაგალითად, მსგავს პროექტებში ჩართულობა უზრუნველყოფს პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ პროექტის მენეჯმენტის, ფონდების მოძიებისა თუ მარკეტინგის მიმართულებით. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც სოციალურ ინოვაციებში მოსწავლეთა ჩართულობის პოზიტიურ გავლენებზე მეტყველებს, ისაა, რომ მას შეუძლია ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას შეუწყოს ხელი. მსგავსი პროექტები მათ წაახალისებს იფიქრონ გარშემო არსებულ პრობლემებზე, იზრუნონ დადებითი ცვლილებების მოტანაზე, რაც, ამავე დროს, მათ მიზნის დასახვასა და ამ მიზნისკენ წინსვლას ასწავლის. ეს უკანასკნელი კი პიროვნული განვითარების კუთხით უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. უფრო მეტიც, სოციალური ინოვაციებში მოსწავლეთა ჩართვით შესაძლებელია აღიზარდოს და ჩამოყალიბდეს ის თაობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა იმ უნარით, რაც გამოწვევების გადალახვას, პრობლემის გადაჭრას და დადებითი ცვლილებების მოტანას სჭირდება. ეს კი საბოლოოდ, საზოგადოების განვითარებას უზრუნველყოფს. თან აუცილებლად უნდა გავითვალსიწინოთ ის გარემოებაც, რომ სოციალურ ინოვაციებში მოსწავლეთა ჩართვით, მათ შეუძლიათ რეალური ცვლილებები განახორციელონ პრაქტიკაში. ისინი ხშირად ენერგიითა და ახალი გამბედავი იდეებით არიან სავსენი, არ უშინდებიან გამოწვევებს, რაც სოციალური ინოვაციებისათვის ერთ-ერთი გამოსადეგი უნარია. შესაბამისად, გამოდის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მდგრად და ეფექტიან პოზიტიურ შედეგებს მივიღებთ. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში დავინახოთ, ქვემოთ მოსწავლეების მიერ განხორციელებულ რამდენიმე მაგალითს გაგაცნობთ.
ახალგაზრდა სოციალური ინოვატორები (Young Social Innovators (YSI)) ირლანდიური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული აქტივობებით ახალგაზრდებში სოციალური ინოვაციებისადმი ინტერესის გაღვივებას, მათ ჩართვას და გააქტიურებას ისახავს მიზნად. იგი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს საკუთარი იდეები ქმედებებად გარდაქმნან და ამით სხვადასხვა სოციალური თუ გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას შეუწყონ ხელი[1]. უნდა აღინიშნოს, რომ აქცენტი სკოლის ასაკის ახალგაზრდებზე კეთდება და მოიცავს, როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ასევე საბაზისო და დამამთავრებელ საფეხურებსაც. რა თქმა უნდა, ყველა ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობა ერთი პროგრამითა და ერთი მეთოდით არ ხდება და მიწოდებული რესურსები თუ პროგრამის მიზნები განსახვავებულია. ქვემოთ ვეცდებით, მოკლედ გაგაცნოთ პროგრამები და ამ პროგრამების ფარგლებში მოსწავლეთა მიერ განხორციელებული სოციალური ინოვაციები და ვფიქრობთ, რომ ისინი მკითხველისთვისაც ინსპირაციის წყარო გახდება.
განხილვა პირველ რიგში უნდა დავიწყოთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პროგრამით. თუ ვამბობთ, რომ სოციალური ინოვაციები ახალგაზრდა ადამიანებს მომავალი ცხოვრებისა და გამოწვევებისათვის ამზადებს და ხელს უწყობს მათ პოზიტიურ განვითარებას, მაშინ სწორი იქნება ის ლოგიკა რომ რაც შეიძლება პატარა ასაკიდან მოხდეს მათი ჩართვა. „დიზაინი ცვლილებისათვის“ ეს არის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის (მე-5 და მე-6 კლასები) განკუთვნილი პროგრამა, რომელიც FIDS-ის (შეგრძნება, წარმოსახვა, გაკეთება, გაზიარება) ჩარჩოს იყენებს და ცდილობს მოსწავლეებში „მე შემიძლია“ აზროვნების ტიპი განავითაროს. იგი მოსწავლეებს ასწავლის მსოფლიოს შეცვლა საკუთარ თემში ცვლილებით დაიწყონ. რა თქმა უნდა, პროგრამა ასაკის შესაბამისია და მათდამი წამოყენებული მოთხოვნებიც სრულად შეესაბამება შესაძლებლობებს. საბაზო საფეხურის კლასებისათვის განკუთვნილი პროგრამაც („IGNITE“) იმავე მიზნებს ემსახურება, რასაც ზემოთ აღნიშნული, თუმცა იმ განსხვავებით, რომ აქ მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტების მასშტაბები იზრდება. აღნიშნულ პროგრამაშიც ისინი მსოფლიოს პოზიტიურ ცვლილებას საკუთარ თემში ცვლილებით იწყებენ. ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ მოსწავლეების მიერ შემუშავებული პროექტები ინოვაციურობასთან ერთად სრულ თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან. რაც შეეხება ბოლო პროგრამას, რომელზეც ყველაზე მეტ ყურადღებას გავამახვილებთ, უფროსკლასელებს მიემართება. მასში მონაწილეობა 15-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ და გუნდურად ინოვაციური და კრეატიული გზებით კვლავ ადგილობრივი თუ გლობალური პრობლემების მოგვარებას ცდილობენ. პროგრამა ამ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობებსა და პლატფორმებს საკუთარი ხმა უფრო მკაფიოდ გააგონონ საზოგადოებას და გამოიყენონ და გაიუმჯობესონ უნარები, ისეთები, როგორებიცაა კრეატიული აზროვნება, გუნდური მუშაობა, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა და სხვა 21-ე საუკუნისთვის საჭირო კომპეტენციები. ამავე დროს, პროგრამის ფარგლებში გადამზადდებიან მასწავლებლები, რომლებიც საკუთარ მოსწავლეთა გუნდს მენტორობას უწევენ[2].
მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტების მიმოხილვა დაწყებითი კლასის მოსწავლეებით უნდა დავიწყოთ. ეს დაგვეხმარება უკეთ დავინახოთ ასაკობრივ ჯგუფებს შორის, როგორც კავშირი, ასევე არსებული განსხვავებები, საჭიროებები და პრობლემები. სანამ უშუალოდ მაგალითების განხილვაზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თითოეული პროექტი, რომელსაც მოსწავლეები ქმნიან, სრულ თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან და იქიდან მინიმუმ ერთი მიზნის მიღწევას ემსახურება. პირველი მაგალითი, რომელიც უნდა განვიხილოთ მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზანს, კერძოდ გონივრულ მოხმარებასა და წარმოებასთანაა კავშირში. იგი წმინდა კოლუმბას გოგონათა ეროვნული სკოლის მიერ განხორციელდა. იქიდან გამომდინარე, რომ დაწყებით კლასებში განხორციელებული იდეების მასშტაბები სხვა პროგრამებისაგან განსხვავებით მცირეა, აღნიშნული პროექტიც არ გასცდენია სკოლის ფარგლებს, თუმცა იდეა წადგენილია „დიზაინი ცვლილებისათვის“ გლობალურ პლატფორმაზე. უფრო კონკრეტულად, ამ მოსწავლეებმა დაინახეს კლიმატის ცვლილების მნიშვნელობა და პრობლემა. ამასთანავე, სწორედ ამ პროექტზე მუშაობისას გაეროს „კლიმატის ცვლილების კონცეფცია“ ტარდებოდა გლაზგოში, რაც საკითხს კიდევ უფრო მეტ აქტუალურობას სძენდა. კლიმატის ცვლილების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი გარემოს ნარჩენებით დაბინძურებაა. ნარჩენების შემცირებას, პირველ რიგში, გონივრული მოხმარება და შემდგომ კი მათი გადამუშავება უზრუნველყოფს. მოსწავლეთა ინოვაციური იდეა სწორედ გონივრულ მოხმარებასა და ამ გზით ნარჩენების შემცირებისკენ იყო მიმართული. იდეა შემდეგია: ბავშვებს ძალიან ბევრი სათამაშო აქვთ, რომლებსაც აღარ იყენებენ. ასეთი სათამაშოები შემდეგ ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება და აბინძურებს გარემოს. სხვა ბავშვებისათვის ახალი სათამაშოების დასამზადებლად კი დამატებითი რესურსი იხარჯება. თანაც, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ სათამაშოების დასამზადებელი ძირითადი მასალა პლასტმასაა, რომელიც გარემოს ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია. პრობლემა ნათელია, მაგრამ როგორ უნდა გადაიჭრას იგი? გარდა იმისა, რომ შესაძლებელია პლასტმასა სხვა მასალებით ჩანაცვლდეს, როგორიცაა ხე ან ტექსტილი, ასევე მნიშვნელოვანია მისი გადამუშავება და სწორედ ამ გადამუშავების შემდგომ ახალი სათამაშოების წარმოება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დიდ ფინანსებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებმა ინოვაციურ ხერხს მიმართეს. კერძოდ კი შობის დღესასწაულისათვის, გაცვლის მიზნით, მათ შეაგროვეს საკუთარი ისეთი სათამაშოები, რომლებსაც აღარ იყენებდნენ. ამ პროცესში ჩართეს სხვა კლასის მოსწავლეებიც. ლოგიკა იყო შემდეგი – მოსწავლეები სათამაშოებს გაცვლიდნენ, რაც, ერთი მხრივ ახალი სათამაშოს მიღების საშუალებას მისცემდა მათ, მეორე მხრივ ახლის წარმოების საჭიროება აღარ იქნებოდა. ეს უკანასკნელი კი შეამცირებდა, როგორც პლასტმასას გამოყენებასა და რესურსების არაგონივრულ მოხმარებას, ასევე მისგან წარმოქმნილ ნარჩენებს და შესაბამისად გარემოს დაბინძურებას. აღნიშნული აქტივობის შესახებ მოსწავლეებმა სკოლის ინტერკომზე გაავრცელეს ინფორმაცია და დაამზადეს პლაკატები. სათამაშოების შესაფუთად კი ადგილობრივი ბიზნესის მიერ წარმოებული გადამუშავებადი პლასტმასა გამოიყენეს. უნდა ითქვას, რომ ღონისძიებამ დიდი დაინტერესება ჰპოვა და მოსწავლეებმა ქველმოქმედების გზით, სკოლის საჭიროებისათვის გარკვეული თანხის შეგროვებაც შეძლეს. მართალია აღნიშნული პროექტი არ იყო დაკავშირებული კოლოსალურ თანხებთან და მისი დაორგანიზებაც არც ისე რთული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ასაკი (მეხუთე კლასი) და ხედვის ინოვაციურობა. ფაქტობრივად, მათ საკუთარი სასკოლო თემის ფარგლებში მოახერხეს პლასტმასას ნარჩენების შემცირება და მოხმარების გონივრული ქცევის წახალისება. თანაც, მარტივად შესაძლებელია ერთი სკოლიდან არა თუ სხვა სკოლაზე, არამედ სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებზე მარტივად გავრცელდეს.
ამჯერად უფროსკლასელთა მიერ განხორციელებულ პროექტებს რომ გადავხედოთ, არაერთ საინტერესო და ორიგინალურ მაგალითს გადავაწყდებით. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი კი L.I.F.E. – Live in Fullness Everyday -ა. ეს არის აპლიკაცია, რომელიც მიზნად სუიციდის საკითხებისაგან თავის არიდების ტენდენციის შეცვლას ისახავს. არ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვით, რომ სუიციდი ხშირად საზოგადოებაში ტაბუდადებული თემაა. თუმცა სიჩუმე პრობლემას არ ამცირებს. ამ პროექტის მთავარი იდეა აპლიკაციის შექმნის გზით სუიციდის პრევენციის კამპანიის დაწყება იყო. აპლიკაცია უნიკალურია და უფასოა, როგორც ანდროიდ, ისე IOS მომხმარებლებისათვის. მას აქვს შეტყობინების ფუნქცია, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელს შეუძლია ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციასთან დაკავშირება და უფასო პროფესიული მომსახურების მიღება. უფასო მომსახურების შესაძლებლობა ბევრ ისეთ ახალგაზრდას ეხმარება, რომლებსაც თუნდაც ფინანსები არ აქვთ პროფესიონალებს მიმართონ დახმარებისთვის. ამავე დროს, აპლიკაცია ამარტივებს მომსახურების მიღებასაც, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებს, მით უფრო სასოფლო დასახლებებში მაცხოვრებლებს, ძნელად თუ მიუწვდებათ ხელი მსგავს სერვისებზე. უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა ამ აპლიკაციის შესაქმნელად ძალიან ბევრი იშრომა. პროექტის ფარგლებში ადვოკატირების კამპანიები და მოლაპარაკებები აწარმოეს ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაცია Jigsaw-სთან, მოხალისეობრივ ჯგუფ Kerry SciTech-თან და პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფ Doctonow-სთან. აპლიკაციის გარდა, ამავე დროს, მათ შექმნეს მოკლე ვიდეო, რომელიც ახალგაზრდების წახალისებას ისახავდა მიზნად. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები სრულ თანხვედრაში იყო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. უფრო კონკრეტულად კი მესამე მიზანთან, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას გულისხმობს.
კიდევ ერთი ძალიან ინოვაციური და ეფექტიანი სოციალური პროექტი, რომელიც მოსწავლეებმა განახორციელეს სპეციალური ურნებია. თითქოს ურნების განლაგებაში ინოვაციური არაფერია, მათ ხომ ყოველდღიურად ვხედავთ და ვიყენებთ კიდეც, თუმცა ეს ურნები არ იყო ის ჩვეულებრივი ურნები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ ქუჩებში. COVID 19-ის პანდემიისას ადამიანის განუყრელი მეგობარი პირბადე გახდა, პირბადე აქტუალურობას არც სხვა ვირუსების დროს კარგავს. აღმოჩნდა, რომ იგი დიდ ზიანს აყენებდა გარემოს. გარდა იმისა, რომ თავისთავად ნარჩენს წარმოადგენდა, ამავე დროს მისი დიზაინიდან გამომდინარე, დიდ საფრთხეს უქმნიდა ცოცხალ ორგანიზმებს. პირბადე საკმაოდ მსუბუქია, შესაბამისად მარტივია მისი ჯიბიდან ამოვარდნის ან სხვა გზით ბუნებაში მოხვედრა. მისი ე.წ. „ყურები“ რეზინისაგან მზადდება, ხშირია შემთხვევები, როდესაც ცხოველები სწორედ ამ რეზინის ზონრებში იხლართებიან და იხრჩობიან. პროექტის გუნდის მიზანი ერთჯერადი ნიღბების დაბინძურების საკითხზე ცნობიერების ამაღლება და მისი შემცირების მიზნით სპეციალური ურნების განთავსება იყო. ურნების ინოვაციურობა მდგომარეობდა შემდეგში: მას ჰქონდა სპეციალური დისკრეტული პირი, რომლის საშუალებითაც ნიღაბზე ყურები უსაფრთხოდ იჭრებოდა და ნადგურდებოდა. აღნიშნული ურნის შესაქმნელად მოსწავლეები Moffet Engineering-თან თანამშრომლობდნენ. უფრო კონკრეტულად, პროექტით მოსწავლეებმა სცადეს მოსახლეობისთვის დაენახებინათ თუ რამდენად აბინძურებს პირბადე გარემოს და როგორ შეიძლება ერთი შეხედვით ისეთი პოზიტიური ქმედება, როგორიც პირბადის ტარებაა, ამავე დროს საფრთხეს წარმოადგენდეს ბუნებისათვის.
მოსწავლეების მიერ განხორციელებული კიდევ ერთი პროექტი ეხმაურება ნარჩენების შემცირებას და კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაწყვეტაში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს. მოსწავლეთა გუნდი საკვებ ნარჩენებზე იყო ორიენტირებული. სასკოლო ლანჩებისას საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქტი გამოიყენება არამიზნობრივად და წარმოიქმნება ნარჩენები, რომლებიც შემდგომ უბრალოდ ნაგავსაყრელზე ხვდება და აბინძურებს გარემოს. მოსწავლეთა გუნდის მიზანი თანატოლების, მეზობლებისა თუ საზოგადოებისათვის საკვები ნარჩენების პრობლემის და მისი გადამუშავებით მიღებული სარგებლის ჩვენება იყო. პროექტის იდეა, სწორედ ამ ნარჩენების კომპოსტად გარდაქმნა და ამ გზით კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება იყო. ამავე დროს იგი თანხვედრაში მოდიოდა გაეროს მდგრადი განვითარების მეცამეტე მიზანთან, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაუდებელი ზომების მიღებას გულისხმობს. როგორ იქმნება კომპოსტი? მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სკოლის ტერიტორიაზე რამდენიმე სპეციალური საკომპოსტე ურნა დადგეს, განსაკუთრებული აქცენტი კი სასადილოზე გაკეთდა. აღნიშნული ურნა მოკლე დროში ნარჩენის კომპოსტად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ურნების განთავსებასთან ერთად, თანატოლებს გააცნეს თუ როგორ შეუძლია აღნიშნულ ურნებს ნარჩენების გადამუშავება, კომპოსტირება და რა გავლენა აქვს მას გლობალურ დათბობაზე. პარალელურად მათ გრძელვადიანი მიზანიც აქვთ, რაც სამრეწველო კომპოსტერის შეძენას და ამ გზით სკოლის ყველა საკვები ნარჩენის გადამუშავებას გულისხმობს. ამისათვის კი ისინი უკვე არსებული ურნების შედეგად შექმნილი კომპოსტების გაყიდვას გეგმავენ. ფაქტობრივად, პროექტს ბევრი დადებითი მხარე აქვს. ერთი მხრივ იგი ხელს უწყობს ნარჩენების შემცირებას და მათ გადამუშავებას. მეორე მხრივ, კი სწორედ ეს გადამუშავებული ნარჩენია ის სასუქი, რომელსაც შეუძლია ბოსტნეულისა თუ ხილის მოყვანას შეუწყოს ხელი. ამავე დროს, პროექტს აქვს პოტენციალი გაიზარდოს და საკუთარი თავი დააფინანსოს კიდეც, რაც მას მეტ მდგრადობას მისცემს და სკოლასაც გაუჩენს დამატებით ფინანსებს. კლიმატის ცვლილება საკმაოდ აქტუალური თემა აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. „Off Grid” დუბლინის ერთ-ერთი საჯარო სკოლის წამოწყებაა, რომლებიც სკოლის სახურავზე მზის პანელების განთავსებას ისახავდა მიზნად. იდეაზე მუშაობისას, მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ არ არსებობდა განახლებად ენერგიასთან დაკავშირებულ პროექტზე ხელმისაწვდომი გრანტი. გუნდისთვის ეს დაბრკოლება მოტივატორი აღმოჩნდა და დაიწყეს შესაბამის პლატფორმაზე მუშაობა. პირველი ნაბიჯი ფონდების მოზიდვა იყო, რათა 7500 ევრო შეეგროვებინათ, რაც სკოლის სახურავზე 16 პანელის დამონტაჟებისათვის იყო საჭირო. შემდგომ აქცენტი უკვე სხვა სკოლებსა თუ ორგანიზაციებზე გაკეთდა და მათ ითანამშრომლეს ირლანდიის მდგრადი ენერგიის ორგანოსთან (SEAI) და მათთან ერთად შექმნეს მდგრადი ენერგიის საზოგადოება (SEC). სკოლებს შეუძლიათ აღნიშნულ ორგანიზაციას შეურთდნენ და მდგრადი ენერგიის მიმართულებით მოიპოვონ გრანტები, ასევე მიიღონ რჩევები თუ სხვა სახის დახმარება. სწორედ ისინი იყვნენ პირველები, ვინც ირლანდიაში სკოლის სახურავზე მზის პანელები დაამონტაჟა. მათი წარმატებიდან გამომდინარე, სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ირლანდიას 2019 წლის SAGE მსოფლიო ჩემპიონატის მეწარმეობის კონკურსზე.
და ბოლოს, ზემოთ განხილული ყველა პროექტი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა მიერაა განხორციელებული. ამ პროექტთა ინოვაციურობა და მათი მსვლელობისას, მოსწავლეთა მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობა, ნათლად აჩვენებს იმას თუ რამდენი მიმართულებით შეუძლია სოციალურ ინოვაციებს უნარების განვითარება. სკოლაში მათი შეტანით კი მოსწავლეები ემზადებიან მომავალი, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, უნარებს პრაქტიკაში გამოიმუშავებენ და რაც ყველაზე მთავარია, რწმუნდებიან საკუთარ შესაძლებლობებში. ეს ყველაფერი კი მიდის იქამდე, რომ შედეგად ვიღებთ აქტიურ, 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარებით აღჭურვილ თაობას, რომლისთვისაც საზოგადოების პრობლემა პერსონალური პრობლემისაგან არ განსხვავდება და იბრძვის უკეთესობისათვის.
[1] https://www.youngsocialinnovators.ie/about/
[2] https://www.youngsocialinnovators.ie/programmes-initiatives/


