ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

ბავშვზე ძალადობა და სასტიკი მოპყრობა როგორც გლობალური პრობლემა

01

2001 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, გენერალური ასამბლეის დაკვეთით, დაიწყო გლობალური კვლევა „ძალადობა ბავშვთა მიმართ“, რომლის მიზანი მსოფლიოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესწავლა და ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება იყო. კვლევის შედეგები 2006 წელს გამოქვეყნდა. აღმოჩნდა რომ ბავშვზე ძალადობა გვხვდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში თუ საზოგადოებაში, განურჩევლად სოციალური ფენის, კულტურის, ეთნიკური კუთვნილებისა თუ წარმომავლობისა. ადგილობრივი ადათ-წესების გამო ბავშვზე ძალადობა არაერთ ქვეყანაში დღემდე რჩება მიღებულ პრაქტიკად.

ქართულ ისტორიულ წყაროებში ბავშვებთან დამოკიდებულების შესახებ ბევრი ცნობა არ მოიპოვება. ოჯახში ფიზიკური დასჯა შედარებით იშვიათი იყო, თუმცა სასწავლო დაწესებულებებში ვითარება განსხვავდებოდა. აქ ფიზიკური დასჯა ფართოდ გამოიყენებოდა. ამის დასტურად საკმარისია გავიხსენოთ აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ ან დავით გურამიშვილის სიტყვები:

„ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი, მალ გამთელდების უწამლოდ მისი წყლულების ტკივილი“.

ჩვენს თაობებსაც კარგად ახსოვთ სკოლაში მიღებული მწარე გამოცდილება. თუმცა ძალადობა მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედებით არ შემოიფარგლება. ის ასევე მოიცავს ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას, ასევე ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფას.

ბავშვთა დაცვის მიზნით საკანონმდებლო ბაზის დახვეწა ხანგრძლივი პროცესი იყო. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი პედიატრის ჰენრი კემპეს წვლილი. მისი 1961 წლის ფუნდამენტური კვლევის შედეგად ბავშვზე ძალადობა და სასტიკი მოპყრობა გლობალურ პრობლემად აღიარეს. საკითხის მოგვარება პროფესიონალების, მშობლებისა და მთელი საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვდა. ალბათ, სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოშიც ამ პრობლემით პირველად სწორედ პედიატრები დაინტერესდნენ.

02

ფონდის დაფუძნება და პირველი ნაბიჯები

ლია სარალიძის პროფესიული საქმიანობა პედიატრიით დაიწყო. ბავშვობიდან მოყოლებული, სხვა საქმეში საკუთარი თავი არც კი წარმოედგინა. მუშაობდა უბნის პედიატრად, იყო პედიატრიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, შემდეგ მუშაობა განაგრძო ბავშვთა პირველ საავადმყოფოში და, პარალელურად, დისერტაციისთვის მასალას აგროვებდა. ეს პერიოდი დაემთხვა ოთხმოცდაათიანი წლების მძიმე კრიზისს - 9 აპრილის შემდგომ მოვლენებს, სამოქალაქო დაპირისპირებას, ომს. საავადმყოფოში მუშაობა გაუსაძლისი ხდებოდა. ლია იხსენებს:

„იყო მორიგეობები, როდესაც მხოლოდ რამდენიმე ამპულა მედიკამენტი მქონდა და უნდა გადამეწყვიტა, რომელი პაციენტისთვის გამომეყენებინა. ბევრი თანამშრომელი წავიდა საავადმყოფოდან.“

ლიამ და მისმა ორმა კოლეგამაც გადაწყვიტეს საზოგადოებრივი საქმიანობა დაეწყოთ. ასე ჩაეყარა საფუძველი ორგანიზაციას, რომელსაც თავდაპირველად „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი“ უწოდეს, მოგვიანებით კი სახელწოდება შეამოკლეს და ყველასთვის ცნობილი „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“ დაარქვეს. ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად ლია სარალიძე დაინიშნა.

ფონდის პირველი სამუშაო სივრცე ბავშვთა პირველ საავადმყოფოში გამოყოფილი ერთი პატარა ოთახი გახდა. იქ არათუ კომპიუტერი, უბრალო საბეჭდი მანქანაც კი არ მოიპოვებოდა. საქმიანობა დიდ შრომას მოითხოვდა. ყველა ოფიციალურ ტექსტს ხელით წერდნენ, რის შემდეგაც ფურცლები გამომცემლობა „კომუნისტის“ შენობაში მდებარე სტამბაში მიჰქონდათ დასაბეჭდად. ინფორმაციის მოსაძიებლად და მიმოწერისათვის „ღია საზოგადოების ფონდში“ მიდიოდნენ, სადაც ინტერნეტით სარგებლობა იყო შესაძლებელი.

გარდამტეხი მომენტი სოროსის ფონდისგან მიღებული მცირე გრანტი აღმოჩნდა. ამ დაფინანსებით გუნდმა პირველი კომპიუტერი და ფაქსის აპარატი შეიძინა. მათი ოთახი საავადმყოფოს პერსონალისთვის ნამდვილ „საოცრებად“ იქცა. ექიმები და ექთნები სპეციალურად მოდიოდნენ, რათა საკუთარი თვალით ენახათ ახალი ტექნიკა. სწორედ ამ ერთი ციცქნა ოთახითა და ენთუზიასტი ადამიანების შრომით დაიწყო ფონდის გზა.

03

ფოკუსის პოვნა: ბავშვთა დაცვა ძალადობისა და უგულებელყოფისგან

„ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში“ ლიამ შემთხვევით ნახა განაცხადი საერთაშორისო ქსელის შექმნის შესახებ, რომლის მიზანი იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბავშვთა დაცვა ძალადობისა და უგულებელყოფისგან. იმ პერიოდში საქართველოში სამედიცინო და სოციალური დაცვის სფეროში ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის ტერმინიც კი არ არსებობდა. სამედიცინო პრაქტიკაში ექიმები მხოლოდ კლინიკური დიაგნოსტიკით შემოიფარგლებოდნენ, ხოლო ტრავმის მიზეზის, მაგალითად, ოჯახში ძალადობის, გამოკვლევა, როგორც წესი, ყურადღების მიღმა რჩებოდა.

ლია ძალიან დააინტერესა ამ საკითხმა. მან დაიწყო ინფორმაციის მოძიება და დაუკავშირდა „ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციის საერთაშორისო ქსელს“, რომელიც ამ მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს მთელ მსოფლიოში აერთიანებს. ქსელის ხელშეწყობით ლიამ გაიცნო ტარტუს ბავშვთა დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი-პედიატრი რუთ სუნეთსი. რუთმა ლია ტარტუში მიიწვია და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ესტონელი კოლეგების გამოცდილებაზე დაყრდნობით, „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა“ საქმიანი ურთიერთობა დაამყარა საერთაშორისო ექსპერტებთან, მიმართა დონორ ორგანიზაციებს და ახალი პროექტისთვის დაფინანსება მიიღო. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბავშვთა დახმარების ცენტრი - სივრცე, სადაც ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ერთდროულად უწევდნენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, სამედიცინო კონსულტაციას, სოციალურ დაცვასა და სამართლებრივ მხარდაჭერას.

შემდეგ ორგანიზაციას ჰოლანდიური ფონდი CORDAID დაეხმარა. მისი წარმომადგენელი, იან ვორისეკი, ლიას იდეის დიდი მხარდამჭერი იყო და ცდილობდა, მაქსიმალური დახმარება გაეწია ორგანიზაციის განვითარებისთვის.

04

საქმიანობის გაფართოება

ორგანიზაციამ 1999–2001 წლებში ევროკავშირის პროექტის „არა ძალადობას ქალთა და ბავშვთა მიმართ“ ფარგლებში ცნობიერების ამაღლების კამპანია განახორციელა. იმერეთში, ქართლსა თუ კახეთში ექიმებთან, პედაგოგებსა და პოლიციელებთან შეხვედრები იმართებოდა. ამ წლებში ბავშვზე ძალადობასა და უგულებელყოფაზე ღიად საუბარი თითქმის ტაბუდადებული თემა იყო. შეხვედრებზე თავდაპირველად ყრუ სიჩუმე და უნდობლობა ისადგურებდა, თუმცა, როგორც კი კონკრეტული, რეალური შემთხვევების განხილვა იწყებოდა, პროფესიონალები თანხმდებოდნენ საკითხის სიმძიმეზე. აუცილებლი გახდა ქმედითი გადაწყვეტილებების მიღება.

„საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა“ ბავშვთა დაცვის რეფერირების მექანიზმების პილოტირება განახორციელა თბილისსა და რამდენიმე რეგიონში (თელავში, ზუგდიდსა, ბათუმში). 2010 წლიდან კი ინიციატივა ლოკალური დახმარების ფარგლებს გასცდა და სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად იქცა. შეიქმნა რეფერირების მექანიზმი - კანონით განსაზღვრული წესი: ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებს ბავშვზე ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და ძალადობაზე ეჭვის შემთხვევაში, მათი შესაბამის სერვისებში გადამისამართება დაევალათ.

ამას მოჰყვა დეინსტიტუციონალიზაციის რთული პროცესი, როდესაც დიდი ზომის ბავშვთა სახლები ეტაპობრივად დაიხურა, ხოლო „გეითკიპინგის“ პრინციპმა მკაფიოდ განსაზღვრა, რომ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის საფუძველი შეიძლება ყოფილიყო ძალადობა და უგულებელყოფა, მაგრამ არა სიღარიბე. ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარ პარტნიორად იქცა. ბავშვთა დახმარების ცენტრი გახდა მთავარი სერვისი, რომელიც ბავშვთა დაცვის სისტემის მიერ გამოვლენილ, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა.

პარალელურად, სახელმწიფომ ბავშვთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება დაიწყო. ამ პროცესის მხარდასაჭერად, ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა ქვეყანაში პირველი ბავშვზე მორგებული გამოკითხვა-დაკითხვის ოთახი. ვიდეოჩაწერის თანამედროვე სისტემით აღჭურვილმა ამ სივრცემ შეცვალა დაკითხვის დამღლელი და ტრავმული პრაქტიკა და ბავშვები მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაიცვა.

ამავდროულად, ორგანიზაციამ დაზარალებული და მოწმე ბავშვის გამოკითხვა-დაკითხვის „ბავშვის ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის“1 პროტოკოლის ადაპტაცია და დანერგვა განახორციელა უშუალოდ მის შემქმნელ ექსპერტებთან თანამშრომლობით. აღნიშნული მოდელი დღეს სამართალდამცავ სისტემაში ეროვნულ დონეზე გამოიყენება.

ორგანიზაციის განვითარებას საკუთარი ინფრასტრუქტურის შექმნაც დაეხმარა. გერმანული Misereor-ისა და ნიდერლანდური Cordaid-ის თანადგომით შეძენილმა ოფისმა გუნდს დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური მდგრადობა მოუტანა, რამაც ხელი შეუწყო წლების წინ დაწყებული ინიციატივის ბავშვთა დაცვის სისტემად გარდაქმნას.

05

თანამედროვე გამოწვევები და მიმდინარე საქმიანობა

დღეს ბავშვობა სრულიად ახალი, უხილავი საფრთხეების პირისპირ აღმოჩნდა. თუ წლების წინ ძალადობა უმეტესად თვალსაჩინო ფიზიკურ კვალს ტოვებდა, თანამედროვე სამყაროში მან ფორმა მკვეთრად იცვალა და ბევრად უფრო რთულ, ფარულ პროცესად გადაიქცა. ეკრანებს მიღმა გაჩენილი ონლაინ ძალადობა, კიბერბულინგი და სექსუალური ექსპლუატაციის ახალი ფორმები ხშირად ჩუმად, ოჯახისა და სკოლისგან შეუმჩნევლად ვითარდება. ბავშვისთვის საკუთარი ოთახიც კი აღარ არის უსაფრთხო თავშესაფარი, როცა ციფრული საფრთხე მას ჯიბეში ჩადებული ტელეფონით ყველგან თან სდევს.

ამ ცვალებადი რეალობის საპასუხოდ, ფონდი აქტიურ მუშაობას განაგრძობს და პირისპირ ხვდება თანამედროვე გამოწვევებს. ორგანიზაციისთვის ნათელია - იმისთვის, რომ ბავშვი იყოს დაცული, პირველ რიგში, მის გვერდით მდგომი პროფესიონალები უნდა ფლობდნენ შესაბამის ცოდნასა და უნარებს.

მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს რეგიონებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში, სადაც ადგილობრივი სპეციალისტების მხარდაჭერა კვლავ კრიტიკულ საჭიროებას წარმოადგენს. ექიმები, პედაგოგები და სოციალური მუშაკები პირველები ხედავენ ბავშვის თვალებში გაჩენილ შიშს ან ქცევის უეცარ ცვლილებას. მათი პროფესიული შესაძლებლობების განვითარება და ცნობიერების ამაღლება საშუალებას იძლევა, დროულად მოხდეს ერთი შეხედვით შეუმჩნეველი საფრთხეების იდენტიფიცირება.

განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ისინი ძალადობის წინაშე ორმაგად მოწყვლადნი არიან, რადგან ხშირად უჭირთ საკუთარ ტკივილზე ხმამაღლა საუბარი. მათ მიმართ ძალადობის პრევენცია და მყისიერი რეაგირება სპეციფიკურ, ღრმა ცოდნას, ემპათიასა და ინდივიდუალურ მიდგომებს მოითხოვს.

ამ საქმიანობის მთავარ ძალას კვლავ თემში გასვლა და მუშაობა წარმოადგენს - უშუალო დიალოგი ადამიანებთან, პროფესიონალებთან მხარდამხარ დგომა და თითოეული ბენეფიციარის საჭიროებების გათვალისწინება.

06

მესამე ათწლეული ბავშვების გვერდით - სურვილი, რომელიც მისიად იქცა

კითხულობ ორგანიზაციის ისტორიას და ვასილ გულეურის მიერ დაწერილი ერთი პატარა ისტორია გახსენდება:

„გინახავთ, როგორ ტირის შიშისგან ბავშვი? რა თქმა უნდა, ნანახი გექნებათ - იქნებ, თქვენც შეგიშინებიათ, როცა რაღაცის გამო ხმამაღლა დაუყვირეთ... გინახავთ, ომის საშინელებისგან მეტყველებადაკარგული ბავშვის გაფართოებული თვალები? რა თქმა უნდა, ნანახი გექნებათ. გინახავთ, შიმშილისგან ან ავადმყოფობისგან დაუძლურებული ბავშვის მოცახცახე ხელი? რა თქმა უნდა, ნანახი გექნებათ - ისინი ხომ ყველა ქვეყანაში ბევრნი არიან... მე ვისურვებ, რომ არსად ტიროდნენ ბავშვები შიშისგან და ჩაგვრისგან, არსად იხოცებოდნენ ბავშვები ომისა და ძალადობისგან, არსად შიმშილობდნენ ბავშვები და თითოეულის ჯანმრთელობაზე, განათლებასა და სიცოცხლეზე ვზრუნავდეთ ჩვენ, უფროსები, რომლებსაც ხშირად გვავიწყდება, რომ ოდესღაც ჩვენც ბავშვები ვიყავით.“

ლიასა და მის გუნდს სწორედ ეს სურვილები ამოძრავებთ. ორგანიზაცია 25 წელზე მეტია, ემსახურება თავის მისიას - შექმნას გარემო, სადაც თითოეული ბავშვი თავს დაცულად, დანახულად და მოსმენილად იგრძნობს. ჩატარებული კვლევები, ასობით გადამზადებული ადამიანი, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის შექმნილი დამხმარე ლიტერატურა და სისტემის გამართვაში შეტანილი დიდი წვლილი ორგანიზაციისა და მისი ლიდერის დამსახურებაა.

2008 წელს „საერთაშორისო საზოგადოებამ ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციისთვის“2 ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ მულტიდისციპლინარულ ჯგუფს ჯილდო გადასცა.

  1. 1ბავშვის ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტი, National Institute of Child Health and Human Development, NICHD, https://www.nichd.nih.gov/
  2. 2საერთაშორისო საზოგადოება ძალადობის და უგულებელყოფის პრევენციისთვის, International Society for the Prevention of Child Abuse and Neglect, ISPCAN, https://ispcan.org/