ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

„დათვური სამსახური“და დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია

01

ორგანიზაცია „ანიკას“ დამფუძნებელი ირინა ინასარიძე ერთ-ერთ ტრენინგზე თავის ფიქრებში იყო ჩაფლული. როდესაც ტრენერმა ჰკითხა, რაზე ფიქრობდა, მან გულწრფელად უპასუხა:

„მე რაც დღეს ვიცი, იმდენი რომ მცოდნოდა ჩემი შვილის დაბადების დღიდან, ახლა ის დამოუკიდებელი ადამიანი იქნებოდა“.

დროთა განმავლობაში ირინამ უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი მიიღო. ერთ დღეს, როცა დღის ცენტრის სამზარეულოში შევიდა, დაინახა, რომ მის შვილს მზარეულის ქუდი ეხურა და დანით ბოსტნეულს ჭრიდა.

„თვალები შუბლზე ამივიდა - მე მას დანას ხელში როგორ დავაჭერინებდი! მაშინ მივხვდი, რომ დათვური სამსახური გავუწიე ჩემს შვილს. ყველაფერს მე ვაკეთებდი მის მაგივრად და ამით დამოუკიდებლობის შესაძლებლობას ვართმევდი.“

ამ გაკვეთილმა განსაზღვრა „ანიკას“ სტრატეგია - არა უბრალო მზრუნველობა, არამედ ადამიანის გაძლიერება მისი შესაძლებლობების ფარგლებში.

02

ორგანიზაციის დაბადება და გზა ინკლუზიური განათლებისკენ

ყველაფერი ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, ირინას პირადი განსაცდელით დაიწყო. ირინას უფროს ქალიშვილს, ანუკის, სამშობიარო ტრავმის შედეგად ცერებრალური დამბლა დაუდგინდა. თავდაპირველად ირინა ფიქრობდა, რომ თუ შეძლებდა შვილის საზღვარგარეთ წაყვანას, ის იქ „სრულად განიკურნებოდა“, მაგრამ მალე გააცნობიერა, რომ მიზანი ბავშვის შეცვლა კი არა, მისთვის ღირსეული, თანასწორი და მიმღები გარემოს შექმნა იყო.

1997 წლის 26 სექტემბერს ირინამ, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ოფიციალურად დააფუძნეს ორგანიზაცია. სახელიც სიმბოლურად შეირჩა - ირინას შვილის, ანუკის, და მისი მეგობრის შშმ შვილის, ირაკლის, სახელების გაერთიანებით დაიბადა „ანიკა“. მალე მიიღეს პირველი გრანტიც, რომელიც სულ სამი ათას ლარს შეადგენდა, იქირავეს პატარა ოთახი და საქმიანობა დაიწყეს.

როდესაც ანუკის უმცროსი და საბავშვო ბაღში წავიდა, ირინამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ანუკიც ჩვეულებრივ ბაღში უნდა შესულიყო. იმ დროს საქართველოში ეს თითქმის წარმოუდგენელი იყო. სიტყვა „ინკლუზია“ არავის სმენოდა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სპეციალურ სკოლებში, საავადმყოფოს კედლებსა და სახლებში იყვნენ ჩაკეტილნი. ბავშვის ბაღში ინტეგრაციამ საოცარი შედეგი გამოიღო. ანუკი შეიცვალა და მის გარშემო მყოფი სხვა ბავშვებიც უფრო მზრუნველები და ემპათიურები გახდნენ.

სკოლის ასაკის მოახლოებასთან ერთად გამოწვევები გაიზარდა. ირინა და მისი კოლეგა მაია ასაკაშვილი ხშირად ისხდნენ განათლების მინისტრის მაშინდელი მოადგილის, თამაზ ტატიშვილის კაბინეტში და უხსნიდნენ, რატომ ჰქონდათ ამ ბავშვებს საჯარო სკოლაში სწავლის უფლება. კანონი ინკლუზიური განათლების შესახებ ჯერ არ იყო მიღებული. მინისტრის მოადგილემ დახმარება გაუწია და ნება დართო, პირველი ინტეგრირებული კლასისთვის სკოლა შეერჩიათ.

ბევრი სკოლის დირექტორისგან უარი მიიღეს. მხოლოდ მეათე საჯარო სკოლის დირექტორი, ელისო ანჯაფარიძე, დათანხმდა. მოიძიეს დაფინანსება, გააკეთეს პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილი და სკოლაში ზარ-ზეიმით შევიდა პირველი ნაკადი - ექვსი ბავშვი, რომელთა უმეტესობაც ეტლით მოსარგებლე იყო. ერთ-ერთი პირველი შეხვედრისას თანაკლასელმა ეტლში მჯდომ გოგონას ხელზე ხელი დაადო და გვერდით მდგომს გაოცებულმა უთხრა:

„იცი, ჩვენნაირი კანი აქვს“.

სასიხარულო იყო სხვა ბავშვების მშობლების დამოკიდებულებაც. მეათე სკოლას მოჰყვა მეექვსე გიმნაზია, შემდეგ კიდევ ერთი სკოლა გორში. ამ დროისთვის ინკლუზიური განათლება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა და კანონში ცვლილებები შევიდა. ირინა, სხვა ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობდა საკანონმდებლო და სამთავრობო სტრუქტურებთან.

ირინა სიამაყით იხსენებს, რომ სკოლის პირველი ნაკადის ბავშვების უმეტესობა შემდგომში დასაქმდა. იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ დასაქმდნენ და დამოუკიდებლად ცხოვრება უჭირდათ, არსებობდა დღის ცენტრის სახელმწიფო პროგრამა.

03

ნანგრევებიდან შექმნილი სამუშაო სივრცეები

„ანიკას“ ისტორია შენებისა და შშმ პირთა მხარდაჭერის ახალი პროგრამების ამოქმედების ისტორიაა. თემქაზე იპოვეს ძველი, მიტოვებული აუზის შენობა. ორგანიზაცია Mercy Corps-ისა და იაპონიის საელჩოს გრანტებით მოეწყო ადაპტირებული საცურაო აუზი და სპორტული დარბაზი. ნაძალადევის რაიონში იდგა ჩამონგრეული, უპატრონო შენობა, რომელსაც საბჭოთა პერიოდში „ინვალიდების მაღაზიას“ ეძახდნენ. ირინამ ვრცელი წერილი მიწერა ქვეყნის პრეზიდენტს და მანამ იბრძოლა, სანამ ეს შენობა „ანიკას“ უსასყიდლო სარგებლობაში არ გადაეცა. იაპონიისა და გერმანიის საელჩოების, Save the Children-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა შენობის რემონტი, დამონტაჟდა ლიფტი, მოეწყო სამზარეულო და საკონფერენციო სივრცეები. დონორების დახმარებით ასევე შეიძინეს და გაარემონტეს შენობები დუშეთსა და მცხეთაში. დღეს ყველა ამ შენობაში „ანიკა“ სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს - ბავშვთა და ზრდასრულთა დღის ცენტრებს, ადრეული განვითარების პროგრამას, პერსონალური ასისტენტის პროგრამას და სხვა.

ნიშანდობლივია ამ პროგრამების წარმატება. მაგალითად, აღსანიშნავია სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარის შემთხვევა, რომელიც მშობლების მეურვეობის გარეშე გაემგზავრა ჰოლანდიაში, სადაც მიმტანად დასაქმდა. სახლში იგი სრულიად შეცვლილ, დამოუკიდებელ ადამიანად დაბრუნდა. წარმატების კიდევ ერთი ისტორიაა თანამშრომლობა დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძესთან. შშმ პირების მიერ ტიხრული მინანქრის სახელოსნოში დამზადებული სამკაულებით მოდელებმა პოდიუმზე გაიარეს.

პროგრამების ნაწილმა შემდგომი განვითარება განიცადა. პერსონალური ასისტენტის პროგრამამ პილოტირება გაიარა ბოლნისსა და თბილისში, რის შემდეგაც შემუშავდა ეროვნული სტანდარტი და პერსონალური ასისტენტის მომსახურება მუნიციპალურ პროგრამად იქცა. პერსონალური ასისტენტების მოსამზადებლად დაფუძნდა სოციალური საწარმო „ანიკა აკადემია“.

04

დისკრიმინაციასთან ბრძოლა

ერთ-ერთი ექსკურსიის დროს, გზის პირას მდებარე რესტორანში შესულ ჯგუფს, ეტლით მოსარგებლე ბავშვების დანახვისას, მომსახურებაზე უარი უთხრეს:

„სხვა სტუმრები შეწუხდებიან და ლუკმა ყელში გაეჩხირებათ ამათი საცოდაობის შემყურეო“.

ირინამ და მისმა თანამებრძოლებმა ეს შეურაცხყოფა არ აპატიეს. პროცესში ჩაერთნენ უფლებადამცველები, მედია და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი. შედეგად, საქართველოში პირველად აღიძრა საქმე დისკრიმინაციის მუხლით. ამ ამბავმა არა მხოლოდ რესტორნის ადმინისტრაციას საჯაროდ ბოდიშის მოხდა აიძულა, არამედ საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა, რომ შშმ პირების უფლებების შელახვა დაუსჯელი აღარ დარჩებოდა.

05

მომავლის ხედვა

ირინას უმთავრესი სამომავლო ოცნება „ამოსუნთქვის პროგრამაა“. ნიჩბისში უკვე შეძენილია მიწის ნაკვეთი. აქ უნდათ შექმნან სივრცე, სადაც შშმ შვილების მშობლებს, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარ თავს, ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებას ივიწყებენ, შეეძლებათ რამდენიმე დღით უსაფრთხოდ დატოვონ შვილები პროფესიონალებთან, რათა „ამოისუნთქონ“ და ძალები აღიდგინონ.

წლების განმავლობაში ირინამ და მისმა კოლეგებმა ყველა შესაძლებლობა გამოიყენეს ორგანიზაციის გასაძლიერებლად: სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობა, თანამშრომლობა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, კერძო ფონდებთან და ადგილობრივ ბიზნესთან, აქტიური მუშაობა შშმ პირების ორგანიზაციების ქსელებთან და კოალიციებთან.

ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი დედის პირადმა ტკივილმა და შეუპოვრობამ გაარღვიოს სისტემური ბარიერები და ბევრ ადამიანს დაუბრუნოს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და ღირსეული ადგილი საზოგადოებაში.