შესავალი
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალებში ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე. ძნელია დაივიწყო 2012 წლის 5 ოქტომბერს ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის, ემოციური გამოსვლა, სადაც მან აღნიშნა, რომ ამ დაავადებით ქალთა სიკვდილიანობა არა მხოლოდ ქალებისა და ოჯახის ტრაგედიაა, არამედ ქვეყნისაც, რადგან საქართველოში ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც ოჯახების რჩენაში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამერიკის ელჩს საკუთარი ტრაგედიაც არ დავიწყებია. მისი მეუღლე ძუძუს კიბოთი იყო გარდაცვლილი.
სკრინინგის პროგრამა
2008 წლის მაისში საქართველოში დაიწყო ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა. იმ პერიოდში საზოგადოებისთვის თავად ტერმინი „სკრინინგი“ შედარებით უცხო იყო. მოსახლეობას ხშირად არ ესმოდა, თუ რატომ უნდა მისულიყო ექიმთან ადამიანი, რომელსაც არაფერი აწუხებდა. პროგრამის მენეჯერს, ქალბატონ თინათინ ბერუჩაშვილს და ექიმებს მუდმივად უწევდათ განმარტება, რომ სკრინინგი ემსახურება დაავადების აღმოჩენას, რაც შეიძლება უფრო ადრეულ სტადიაზე, როდესაც განკურნების პროგნოზი მაღალია და პაციენტს არ სჭირდება მძიმე ქიმიო ან სხივური თერაპია. იმ პერიოდში კიბოს რეგისტრი არ არსებობდა, იგი სრულფასოვანი ელექტრონული ფორმით 2019 წელს ამოქმედდა, თუმცა სტატისტიკა უკვე საგანგაშო იყო - საქართველოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს ათას ორასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და პაციენტების უმეტესობა კლინიკას გვიან მიმართავდა.
სკრინინგის პირველი ცენტრი ვარკეთილში გაიხსნა, შემდგომ კი დიდუბეში, გლდანსა და წერეთელზე. ცენტრმა საკუთარი ინიციატივით შემოიღო შიდა მონიტორინგის წესი: პაციენტებს, ვისაც დიაგნოზი დაუსვეს, უკავშირდებოდნენ ოპერაციის შემდეგ ერთ და სამ თვეში, ეკითხებოდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობას და სთავაზობდნენ უფასო საკონტროლო ექოსკოპიურ კვლევას.
იდეის დაბადება: საავადმყოფოს დერეფნიდან შეხვედრების ოთახამდე
სკრინინგის ცენტრში მოსული ქალები თავიდან ხშირად უნდობლობით და აგრესიითაც კი ხვდებოდნენ მძიმე დიაგნოზს. ზოგს არ სჯეროდა, ჩხუბობდა და ოპერაციის გაკეთებას აჭიანურებდა. ქალბატონმა თინამ შენიშნა, რომ ნაოპერაციები ქალები, რომლებიც საკონტროლო კვლევებზე მოდიოდნენ, დერეფანში საათობით ისხდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ფიზიკურ (ხელის მოძრაობის შეზღუდვა, დაბუჟება, შეშუპება) და ფსიქოლოგიურ (შიში და მარტოობის განცდა) პრობლემებზე. მან გადაწყვიტა, ამ ქალებისთვის უსაფრთხო სივრცე შეექმნა. კვირა დღეს, როდესაც ცენტრი დაკეტილი იყო, ფოიეში სკამები დადგეს და 10-მდე ქალი შეკრიბეს გულწრფელი საუბრისთვის. შეხვედრის ბოლოს ქალებმა იკითხეს:
ასე დაიბადა კლუბის იდეა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა და პოლონეთის ელჩის ვიზიტი
2008 წლის ბოლოს, როდესაც თბილისის სკრინინგის პილოტური პროგრამის რვა თვის შედეგები შეჯამდა, მენეჯერი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მიიწვიეს ანგარიშის წარსადგენად. სხდომას ესწრებოდა პოლონეთის ელჩი, რომელიც დაინტერესდა, თუ ვინ ეხმარებოდა ქალებს ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაში. იგი ესაუბრა ქალბატონ თინას და ქალთა მორიგ შეკრებაზე მივიდა. აღმოჩნდა, რომ თავადაც ონკოპაციენტი იყო და ორმხრივი მასტექტომია ჰქონდა გადატანილი. მან ჩანთიდან ორი პარიკი ამოიღო და ქალებს აჩუქა. მანვე მოუთხრო პოლონური ორგანიზაცია „ამაზონების“ შესახებ, რომლის წევრებიც ერთმანეთს რეაბილიტაციასა და ცხოვრების გაგრძელებაში ეხმარებოდნენ. დაჰპირდა, რომ პროთეზებს ჩამოიტანდა და ორგანიზაციასაც თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარებოდა.
ორგანიზაციის დაფუძნება და სახელის შერჩევა
ქალებმა გადაწყვიტეს ოფიციალური არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბება. სახელის შერჩევისას მენეჯერმა შესთავაზა „გადარჩენილები“, რაზეც ქალებმა უარი განაცხადეს:
ასე დაერქვა ორგანიზაციას „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“. ორგანიზაცია 2009 წელს დარეგისტრირდა. კლუბის ხელმძღვანელი და „სახე“ გახდა არა ორგანიზაციის დამფუძნებელი სკრინინგის ცენტრის მენეჯერი, არამედ თავად პაციენტი — პროფესიით პედიატრი, ქალბატონი ნარგიზ ლებანიძე. მნიშვნელოვანი იყო, რომ პაციენტებთან ესაუბრა ადამიანს, რომელსაც ეს გზა თავად ჰქონდა გავლილი და რომელიც 12 წლის ნაოპერაციები, ჯანმრთელი და ენერგიული ქალი იყო.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროექტი
პოლონეთის ელჩმა პირობა შეასრულა და ორგანიზაციას მცირე გრანტი მისცა. ყინული დაიძრა. ამ თანხით მოხერხდა ვარშავის ონკოლოგიური ცენტრიდან თბილისში რეაბილიტაციის სპეციალისტის ჩამოყვანა. ვარკეთილის პოლიკლინიკის სპორტულ დარბაზში მან ქალბატონ ნარგიზსა და პაციენტებს ასწავლა აუცილებელი ვარჯიშები, რომლებიც ქალმა მთელი ცხოვრება უნდა აკეთოს, რათა თავიდან აიცილოს მკლავის შეშუპება, რაც ზოგჯერ ოპერაციიდან 15–20 წლის შემდეგაც კი ვითარდება. მან აუხსნა პაციენტებს, რომ ნაოპერაციებ მხარეს ეკრძალებათ წნევის გაზომვა, ინექციები, მძიმე ტვირთის აწევა და მოჭერილი სამოსის ტარება, გადასცა ორგანიზაციას მის ხელს არსებული მასალები ვარჯიშსა და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე.
თინამ ფარმაცევტულ კომპანიებსაც სთხოვა დახმარება და წამლებით უზრუნველყოფდა პაციენტებს. პოლონელების დახმარებაც გაგრძელდა. საელჩოში პოლონელ ჟურნალისტთან შეხვედრის შემდეგ დაიბეჭდა სტატია სკრინინგის პროგრამაზე და ქალთა კლუბზე. ჟურნალისტის რეკომენდაციით, პოლონურმა ორგანიზაციამ „ამაზონებმა“ საქართველოში სკრინინგის ცენტრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი, ბატონი რემა ღვამიჩავა, თინას და ნარგიზს კი სპეციალური ჯილდო - „ოქროს ბუ“ - გადასცა. ორგანიზაციას პოლონეთის პირველი ლედი მარია კაჩინსკაც ეწვია. თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ვარკეთილის სკრინინგის ცენტრის ფილიალს ლეხ კაჩინსკის სახელი მიენიჭა.
მოქსოვილი პროთეზები ხელმისაწვდომი გამოსავალი
იმ პერიოდში საქართველოში სილიკონის პროთეზები 300–400 დოლარი ღირდა, რაც მოსახლეობისთვის მიუწვდომელი იყო. ქალები იძულებულნი იყვნენ, ტანსაცმელში ბამბა, ნაჭრები ან მარცვლეულით სავსე ტომსიკები ჩაედოთ. ამერიკის საელჩოს დახმარებით, კლუბმა წამოიწყო პროთეზების ქსოვის პროექტი. მათ მოიძიეს სპეციალური ბუნებრივი ძაფი და ზუსტი ფორმები. არტ-თერაპიის დროს ქალებმა ისწავლეს მკერდის პროთეზების ხელით ქსოვა. პროთეზები იგზავნებოდა რეგიონებში და უფასოდ რიგდებოდა.
ინოვაციური მიდგომები
ქართული ცეკვა როგორც თერაპია.
ორგანიზაცია Europa Donna -ს მიწვევით ერთ-ერთ კონფერენციაზე ყოფნისას, თინამ მოისმინა იტალიელთა გამოცდილება: კლასიკური მუსიკის გამოყენება რეაბილიტაციის დროს. ქართული ცეკვაც ხომ ქალის რბილ, ჰაეროვან და ტალღოვან მოძრაობებს მოიცავს რაც იდეალურად დაემთხვა ნაოპერაციები ხელის სარეაბილიტაციო ვარჯიშებს. თინამ დახმარებისთვის მიმართა სუხიშვილების ყოფილ მოცეკვავეებს თინათინ ცაკაიასა და მანანა აბაზაძეს. იდეამ ქალების დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა - ისინი ვარჯიშს მოსაწყენად მიიჩნევდნენ, მუსიკის თანხლებით კი ენთუზიაზმით ცეკვავდნენ.
ფსიქოლოგიური დახმარების დანერგვა.
კლუბმა თანამშრომლობა დაიწყო სამედიცინო ფსიქოლოგთან, მარი ქუთათელაძესთან, რომელიც ბავშვთა ონკოლოგიაში მუშაობდა. მან პოლონური „ამაზონების“ გამოცდილებით საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ონკოპაციენტთა ჯგუფური და ინდივიდუალური ფსიქოლოგიური დახმარება. მოგვიანებით ეს პრაქტიკა წამყვანმა ონკოლოგიურმა კლინიკებმაც გადაიღეს.
რეგიონული ქსელი და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა
ამერიკის საელჩოს, მოგვიანებით კი USAID-ის გრანტებით კლუბმა რეგიონებში ფილიალების შექმნა დაიწყო: გორში, ჩოხატაურში, ყაზბეგში, ლანჩხუთში, თელავსა და სურამში. რეგიონებში სტიგმა გაცილებით მძიმე იყო. ითვლებოდა, რომ თუ ქალს ონკოლოგიური დიაგნოზი აქვს, ის განწირულია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გახდა ერთადერთი გამონაკლისი და უპრეცედენტო მოდელი მთელი საქართველოსთვის. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაიაზრა რეაბილიტაციის მნიშვნელობა და გამოყო ბიუჯეტის თანხა. ეს თანხა სრულად ხმარდება ოცამდე ადგილობრივი ქალის ფიზიკურ ვარჯიშებს, ფსიქოლოგის მუშაობას, თბილისში საკონტროლო კვლევებზე ორგანიზებულ ტრანსპორტირებას, კულტურულ გასვლებს და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს.
დანარჩენ რეგიონებში სისტემური პროგრამის შექმნა ვერ მოხერხდა. ადგილობრივ ხელისუფლებას ხშირად არ ესმის განსხვავება მკურნალობასა და რეაბილიტაციას შორის. მათი მიდგომა შემოიფარგლება ფორმა ასის საფუძველზე ერთჯერადი თანხის (მედიკამენტების და/ან კვლევისთვის) ჩარიცხვით, ხოლო ჯგუფურ, უწყვეტ ფსიქო-ფიზიკურ რეაბილიტაციას პროგრამულად არ აფინანსებენ. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა ჩაატარა კვლევა, შეადგინა პეტიცია და გადასცა პრეზიდენტს, პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრის აპარატს, პოსტოპერაციული რეაბილიტაცია სახელმწიფო დონეზე დღემდე არ არის აღიარებული როგორც ონკოლოგიური მკურნალობის სავალდებულო, დაფინანსებული კომპონენტი.
ციფრული ადაპტაცია და დღევანდელი დღე
პანდემიის პერიოდში, ორგანიზაციამ გადაწყვიტა მასალები ხელმისაწვდომი ყოფილიყო ეთნიკური უმცირესობებისთვისაც, ჩაიწერა სარეაბილიტაციო ვარჯიშების პროფესიონალური ვიდეოები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ვიდეოებში ვარჯიშებს ასრულებენ არა დაქირავებული მოდელები, არამედ თავად კლუბის ონკოპაციენტი ქალები. ეს მასალა გავრცელდა როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასე ფიზიკური მატარებლების გაგზავნით რეგიონებში.
დღესდღეობით, რესურსების სიმცირის გამო, რეგიონული ქსელის ნაწილი ძირითადად პირადი კონტაქტებისა და ენთუზიაზმის ხარჯზე ცოცხლობს, თუმცა „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ რჩება პირველ და უმნიშვნელოვანეს პრეცედენტად, რომელმაც საქართველოში დაამტკიცა, რომ სიმსივნის დამარცხება მხოლოდ ქირურგიული ჩარევით არ სრულდება, გადამწყვეტია ადამიანის დაბრუნება სრულფასოვან ცხოვრებაში.
