აქტივისტი:
აქტივისტები არიან ადამიანები, რომლებსაც ახასიათებთ „აქტიური ექსპერიმენტირება (მოქმედება)“ და "კონკრეტული გამოცდილების (შეგრძნებების) ძიება." ისინი სწავლობენ საქმიანობასთან ერთად. მათ "მკლავები უნდა დაიკაპიწონ" და თავით ჩაეფლონ სამუშაო პროცესში. ისინი მუდამ გახსნილი არიან ახალი გამოცდილების მიმართ და არასოდეს გაურბიან შეცდომებს.
მათთვის ყველაზე მიმზიდველია სწავლის ისეთი მეთოდები, როგორც:
- გონების იერიში;
- პრობლემის გადაჭრა;
- ჯგუფური განხილვა;
- სხვადასხვა თავსატეხი და სავარჯიშო;
- შეჯიბრი;
- როლური თამაშები.
მოაზროვნე:
მოაზროვნეები მიისწრაფვიან „კონკრეტული გამოცდილების (შეგრძნებები)“ დაგროვებისა და „დაკვირვება-რეფლექსიისაკენ (აღქმა და ფიქრი)“. ეს ადამიანები სწავლობენ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების და გააზრების პროცესში. მათ შეიძლება თავი აარიდონ საქმეში უშუალო მონაწილეობას და ამჯობინონ გვერდიდან ყურება, მოვლენების გააზრება სხვადასხვა ჭრილში. სათანადო დასკვნებისათვის ისინი დიდ დროს უთმობენ მონაცემების, ფაქტების, მტკიცებულებების შეგროვებას და მათ ანალიზს.
მათთვის დამახასიათებელი სწავლის მეთოდებია:
- დისკუსია მცირე ზომის ჯგუფში;
- თვითანალიზი;
- სხვადასხვა კითხვარები;
- დაკვირვება;
- ქოუჩინგი;
- ინტერვიუ.
თეორეტიკოსი:
ეს ადამიანები მიდრეკილნი არიან "დაკვირვება-რეფლექსიისა (აღქმა და ფიქრი)" და "აბსტრაქტული კონცეპტუალიზაციისაკენ (გააზრება-განზოგადება)". ისინი ისწრაფვიან გაიგონ მოვლენების მიღმა არსებული თეორიები, პრინციპები და დაშვებები. სასწავლო პროცესში ისინი ოპერირებენ მოდელებით, ტერმინებითა და ფაქტობრივი მონაცემებით, ამჯობინებენ ანალიზსა და სინთეზს, ცდილობენ ახალი ინფორმაცია მოაქციონ სისტემატურ ჩარჩოში, მოახდინონ კლასიფიკაცია.
მათ იზიდავთ შემეცნების ისეთი ინსტრუმენტები როგორიცაა:
- სისტემური მოდელები;
- სტატისტიკა;
- სასწავლო მაგალითებისა და შემთხვევების აღწერა;
- ციტატები და ამონარიდები;
- მტკიცებულებები;
- თეორიები.
პრაგმატისტი:
ეს ადამიანები მიისწრაფვიან „აბსტრაქტული კონცეპტუალიზაციისა (გააზრება-განზოგადება)“ და „აქტიური ექსპერიმენტირებისაკენ (მოქმედება)“. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ნახონ, როგორ შეიძლება გამოიყენონ რეალურ სამყაროში ის რაც ისწავლეს. აბსტრაქტული იდეები არ იზიდავთ, თუ ნათლად არ ჩანს როგორ შეიძლება მათი გადატანა პრაქტიკაში და ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრა. ისინი მუდამ ეწევიან ექსპერიმენტირებას, ცდილობდნენ რა გაიგონ როგორ მუშაობს ესა თუ ის ახალი იდეა, თეორია ან მეთოდი.
ყველაზე მეტად პრაგმატიკოსებს მოსწონთ:
- გამოყენებითი მოდელები;
- სასწავლო შემთხვევების განხილვა;
- პრობლემის გადაჭრა;
- დისკუსია.