ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

მოსწავლეთა მწვანე ინოვაციები – გორის მე-8 საჯარო სკოლის სოციალური ინიციატივა „ჰერბა/Herba დარგე ემოცია”

ქართული ენა, მათემატიკა, უცხო ენა, ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია, ეს იმ საგანთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა გავლაც მოსწავლეს სტანდარტულად უწევს სკოლაში. თითოეული საგანი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარებას ემსახურება ან იდეალურ შემთხვევაში უნდა ემსახურებოდეს მაინც. ქართული განათლების სისტემისა და მისი პრობლემებისა თუ გამოწვევების დეტალურ მიმოხილვას არ მოვყვებით, თუმცა, ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ სკოლამ მოსწავლე სწორედ შემდგომი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის უნდა მოამზადოს და მისი თვითმიზანი ლექსის დაზეპირება ან ფიზიკის ფორმულის ცოდნა საერთოდ არაა. თანამედროვე სამყარო კი ყოველდღიურად იცვლება, იცვლება პრობლემებიც და გამოწვევებიც, შესაბამისად განათლების სისტემას ამ სწრაფად ცვლად გარემოში უწევს ფუნქციონირება. მან უნდა უპასუხოს მუდმივად ცვალებად მოთხოვნეს, თუმცა როგორ უნდა მოახერხოს ეს? როგორ უნდა დაეხმაროს მოსწავლეს საჭირო უნარჩვევების გამომუშავებაში? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ერთ-ერთი ქართული სკოლის სოციალურ-ინოვაციური პროექტის მაგალითზე ვეცდებით.

            სწრაფად განვითარებადი სამყარო ჩვენგან აქტიურად მოითხოვს მეწარმეობისათვის საჭირო უნარების ქონას, კრეატიულ აზროვნებას, მიზნების დასახვას და ამ მიზნების მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების გათვლასა თუ გადადგმას. როგორ უნდა განვავითაროთ მოსწავლეებში აღნიშნული უნარები? ეს ის კითხვაა, რომელიც მუდმივად გვესმის და რომელზე პასუხის გაცემასაც აქტიურად ვცდილობთ. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სასკოლო განათლების სისტემებს რომ არ ჩავუღრმავდეთ და მხოლოდ საქართველოს რეალობიდან გამოვიდეთ, დღეისათვის ამის ყველაზე ეფექტური პრაქტიკა არაფორმალური განათლებაა, რომლებსაც სკოლები და კონკრეტული მასწავლებლები აქტიურად იყენებენ სწავლების პროცესში. ამ შესაძლებლობას კი მათ, მეტწილად, სხვადასხვა კონკურსის სახით, არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ. ამასთანავე, თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ საზოგადოების თითქმის ყველა სფეროში მკაფიოდაა გამოკვეთილი სოციალური მიმართულება, რომელიც მოწყვლადი ჯგუფებისათვის დახმარებისა და სოციალურ სამართლიანობის ხელშეწყობისათვის იღწვის. სოციალურისა და მეწარმეობის კავშირი არის ის, რაც მოსწავლეებს თანამედროვე გამოწვევების გამკლავებისათვის საჭირო უნარებით აღჭურავს და მათი ქმედების მდგრადი განვითარების მიზნებთან თანხვედრას განაპირობებს. ეს უკანასკნელი კი არა თუ ქვეყნის, არამედ მთლიანი მსოფლიოს განვითარებისათვის საბაზისო საჭიროებაა. სწორედ მწვანე და სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსი იყო ის, რამაც შედეგად ქვემოთ განხილული ინოვაციური პროექტი მოგვცა.

            არაფორმალურ განათლებაში ჩართვა მოსწავლეებს, სკოლის კედლებს გარეთ, თუმცა სკოლის ბაზაზე, სხვადასხვა უნარის განვითარების და საგაკვეთილო პროცესის რუტინიდან გამოსვლის საშუალებას აძლევთ. აღნიშნულ ბლოგში გვინდა ასეთ წარმატებულ და ინოვაციურ სტარტაპზე მოგითხროთ, რომელიც სწორედ გორის მე-8 საჯარო სკოლის მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელდა. „ჰერბა“ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს. იგი მაკულატურის გადამუშავების შედეგად ორიგინალურ მისალოც ბარათებს ქმნის. როგორ შეიძლება მაკულატურისაგან ორიგინალური ბარათი შეიქმნას? მისალოცი ბარათები სრულიად ინოვაციური მეთოდით მზადდება და იგი მაკულატურის გადამუშავებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, „ჰერბა“ მაკულატურას ამუშავებს, მასში სხვადასხვა ყვავილის თესლს ურევს და  მიღებული მასით მისალოც ბარათებს ამზადებს. როგორ მუშავდება მაკულატურა ან როგორ შეიძლება ამ მეთოდით მისალოცი ბარათი დამზადდეს? ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ იგი ერთ-ერთი საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა. სწორედ ამ პროექტში მან მცირე გრანტი მიიღო, რომელიც 800 ლარს შეადგენდა და რომლითაც მათ მაკულატურის გადასამუშავებელი მცირე ზომის დანადგარი და გადამუშავებული მაკულატურის გასაშრობად საჭირო სპეციალური ჩარჩო შეიძინეს. კვლავ რომ დავუბრუნდეთ წარმოების პროცესს, მაკულატურა აღნიშნული მცირე ზომის დანადგარის მეშვეობით მუშავდება და იქცევა ფაფისებრ მასად, რომელსაც შემდგომ ყვავილის თესლი ერევა და ერთიანი მასა სპეციალურ ჩარჩოზე შრება. მოსწავლეები მშრალ და თხელ მასას მათთვის სასურველ ზომებად ჭრიან და ზედ მათივე არჩეულ გზავნილსაც ატანენ – „დარგე ემოცია“. ეს ის გზავნილია, რომლის მიტანაც მოსწავლეებს თითოეულ მომხმარებლამდე სურთ, რადგან სჯერათ, რომ ამ ბარათებს და მათი შექმნის მიზანსა და ისტორიას თან სდევს ემოცია, რომელიც მომხმარებელზეც გადავა და კიდევ უფრო მეტ სიმბოლურ დატვირთვას მისცემს. თავისთავად მისალოცი ბარათი, რომელსაც ნიადაგში მოხვედრის შემდგომ შეუძლია ულამაზესი მცენარე წარმოქმნას, უკვე ემოციის მატარებელია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არც თავად მოსწავლეებმა და არც მომხმარებელმა არ იცის კონკრეტულად რომელი მცენარე ამოვა ბარათის დარგვის შემდგომ. როგორც მათ აღნიშნეს, მცენარე სიურპრიზი უნდა იყოს, რაც კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის პროცესს.

             როგორ გაჩნდა „ჰერბას“ ამ სახით ჩამოყალიბების იდეა? როგორც აღმოჩნდა იდეაზე გავლენა ბიოლოგიის მასწავლებელს, ნინო ფსუტურს ჰქონდა, რომელიც მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ხშირად უხსნიდა თუ როგორ შეიძლებოდა ნარჩენების შემცირება, მათი გადამუშავება და ხელახალი გამოყენება, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას კი მაკულატურაზე აკეთებდა. სწორედ ეს იქცა მოსწავლეების ინსპირაციის წყაროდ და სოციალური და მწვანე მეწარმეობის მიმართულებით კონკურსზეც მაკულატურის გადამუშავებისა და მისთვის მეორე სიცოცხლის შთაბერვის იდეა წარადგინეს. გარდა ამისა, პროექტის განხორციელების პროცესში მასწავლებლის როლი საკმაოდ დიდი იყო. იგი უწევდა მენტორობას  და ეხმარებოდა, როგორც ბიზნეს გეგმის შედგენაში, ასევე პროექტით გაწერილი ყველა აქტივობის დაგეგმვასა თუ განხორციელებაში. ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რომ ბარათების მომზადებას კეთილმოწყობილი სველი წერტილები სჭირდება, სკოლაში შესაბამისი პირობები არ იყო, სივრცე საკუთარ სახლში სწორედ მასწავლებელმა გამოყო. თავის მხრივ, სკოლის მხარდაჭერა მორალურ გვერდში დგომასა და დირექტორის მიერ ინტელექტუალურ მხარდაჭერაში გამოიხატებოდა. საგრანტო კონკურსი მწვანე და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით იყო გამოცხადებული. რატომ არის „ჰერბა“ მწვანე მეწარმეობა? – პასუხი მკაფიო და ნათელია. იგი ხელს უწყობს ნარჩენების შემცირებას მისი გადამუშავების გზით. გარდა ამისა, ამისათვის იგი დიდ რესურსს არ საჭიროებს, რადგან თანხები მხოლოდ საწყის ეტაპზე გადამამუშავებელი დანადგარისა და გასაშრობ ჩარჩოსთვის დასჭირდათ. რაც შეეხება მცენარის თესლს, იგი საკმაოდ იაფია და დიდ ფინანსებთან არაა დაკავშირებული. ნარჩენებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემით იგი სრულ თანხვედრაშია  მდგრადი განვითარების მიზნებთან. უფრო კონკრეტულად კი მე-12 და  მე-13 მიზანთან. მეთორმეტე მიზანი გონივრულ მოხმარებასა და წარმოებას გულისხმობს, რათა შემცირდეს ნარჩენები და ნაკლებად დაბინძურდეს გარემო. იგი ნარჩენების გადამუშავებასა და მის ხელახალ გამოყენებასთანაა დაკავშირებული, რომელსაც „ჰერბა“ სრულიად იზიარებს. რაც შეეხება მეცამეტე მიზანს, იგი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს ითვალისწინებს. „ჰერბა“ ამ მიზანთანაც სრულ თანხვედრაშია. გარდა იმისა, რომ ნარჩენების შემცირება და მისი ხელახალი გამოყენება სწორედ კლიმატის ცვლილების პრევენციასა და მის შემცირებას ემსახურება, ამავე დროს გადამუშავებისას მასში შერეული მცენარის თესლი და მისი დარგვის შესაძლებლობა ეკოსისტემის გამრავალფეროვნებას და მწვანე საფარის გაზრდას უწყობს ხელს. გარდა ამისა, „ჰერბა“ მწვანესთან ერთად სოციალური მეწარმეობაცაა. ამის განმაპირობებელი კი ორი ფაქტორია: პირველი, იგი პროცესში სსმ მოსწავლეების ჩართვას მაქსიმალურად ცდილობენ; და მეორე, ბარათების გაყიდვიდან შემოსული თანხებით სწორედ სკოლაში მათთვის განკუთვნილი რესურს ოთახს სხვადასხვა სახის საჭირო მასალებით ამარაგებენ. შესაბამისად, გამოდის, რომ მოსწავლეებში სხვადასხვა უნარის განვითარებასა და დახვეწასთან ერთად, სტარტაპი სკოლის საჭიროებების დაკმაყოფილებასაც ემსახურება. ამას კი გაყიდვების შედეგად შემოსული თანხებით ახერხებს. მართალია შემოსავალი ამჟამად მცირეა და უფრო მეტად სიმბოლურ თანხებზეა საუბარი, მაგრამ ოთახის ელემენტარული საკანცელარიო ნივთებით აღჭურვას ჰყოფნის. თანაც, დღეს ეს თანხები შეიძლება მართლაც მინიმალურია, თუმცა მომავალში პროექტის განვითარებისა და გაზრდის შესაძლებლობა სკოლას მეტ სარგებელს ჰპირდება.

რაც შეეხება პროდუქტის რეალიზაციას, იგი ძირითადად სოციალურ ქსელში შექმნილი ანგარიშითა და თავად საწყის ეტაპზე დამფინანსებელი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ გამოფენა-გაყიდვების მეშვეობით ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ არ აქვთ გაყიდვების უფლება, რის გამოც ამ მიმართულებით არ აქტიურობენ და ამჟამად, სხვა პროგრამის ფარგლებში ცდილობენ ოფიციალური აღნიშნული უფლების მოპოვებას. იქამდე კი ძირითადად მხოლოდ გამოფენებზე გააქვთ პროდუქტი, სადაც სხვებს აცნობენ საკუთარ იდეას, ინოვაციურ გზასა და გამოცდილებას უზიარებენ დაინტერესებულ პირებს. რაც შეეხება თავად ბარათის ფასს, იგი ნამდვილად სიმბოლური და ყველასთვის ხელმისაწვდომია – ერთი მისალოცი ბარათი მხოლოდ ერთი ლარი ღირს. ალბათ ბევრი კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით თუ საიდან იციან მოსწავლეებმა როგორ წამოიწყონ და განავითარონ სტარტაპი – საგრანტო კონკურსი მათ გადამზადებასაც ითვალისწინებდა. სხვადასხვა ლექციათა თუ შეხვედრათა ციკლი მოსწავლეებიის შესაბამისი ცოდნით აღჭურვას ემსახურებოდა. სწორედ ამ შეხვედრების დროს გაიგეს და ისწავლეს იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც პროექტის დაწყებისათვის უნდა გადაედგათ, ბაზრის კვლევიდან დაწყებული, ბიზნეს გეგმის შექმნით დამთავრებული. შედეგად კი ჩამოყალიბდა „ჰერბა“, რომლის ანალოგიც საქართველოს ბაზარზე არ არსებობს, თუმცა მსგავსი პროექტები ქვეყნის ფარგლებს მიღმა ნამდვილად გვხვდება.

როდესაც პროექტის შედეგებზე დავიწყებთ საუბარს, პირველ რიგში მოსწავლეთა ჩართულობა უნდა ვახსენოთ. როგორც მათი მასწავლებელი აღნიშნავს, რომელიც ამავე დროს პროექტის ფარგლებში მათი მენტორიც იყო, მოსწავლეები მისალოც ბარათებს დიდი მონდომებით აკეთებდნენ და მათთვის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. ჩართულობა არა მხოლოდ კეთების პროცესში, არამედ იდეის დამუშავებასა და ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბების დროსაც აშკარა იყო. ყველა იდეას მათ თავად შეასხეს ხორცი. თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, ის მოსწავლეები, რომლებსაც „ჰერბასთან“ აქამდე კავშირი არ ჰქონიათ, ასევე დაინტერესდნენ პროცესით. ფაქტობრივად „ჰერბა“ გახდა მოტივაცია და ინსპირაცია იმის, რომ ბავშვებს მეწარმეობა შეესწავლათ. მოგეხსენებათ, „მეწარმეობის საფუძლები“ სკოლებში არჩევით საგნად ისწავლება. სწორედ „ჰერბას“ წარმატებამ იქონია გავლენა მოსწავლეებზე არჩევანი აღნიშნულ საგანზე შეეჩერებინათ და დღეისათვის ოთხი კომპანიის ჩამოყალიბების იდეა აქვთ, რომლის ოფიციალურად დარეგისტრირებაც სურთ. მათგან ერთ-ერთი კი სწორედ ჰერბაა. როგორც მათმა მასწავლებელმა აღნიშნა, მთავარი იყო მოსწავლეებს დაენახათ, რომ ყველა იდეა ღირებულია და მათ შესწევთ უნარი ამ იდეებს ხორცი შეასხან. მოსწავლეებმა ისწავლეს, არ შეუშინდნენ სირთულეებს, უნდა იმუშაონ და შეეცადონ საკუთარი ხელებით შექმნან რაღაც ახალი. „ჰერბამ“ მოსწავლეებს საშუალება მისცა საკუთარი უნარები დაეხვეწათ, განევითარებინათ კრეატიული აზროვნება და მათი მასწავლებელიც სწორედ პროგრამის მთავარ მიღწევადაც ამას თვლის. ხოლო ის, გაიყიდება თუ არა მისალოცი ბარათები, მათთვის უკვე მეორე ხარისხოვანია. „მე მათში იმ უნარების გაძლიერებას ვცდილობ, რომელიც დაეხმარებათ სამომავლოდ საკუთარი იდეების განხორციელება შეძლონ“ – აღნიშნა მასწავლებელმა ნინო ფსუტურმა. და საინტერესოა თუ როგორ ავითარებს მსგავსი პროექტები თანამედროვე სამყაროში ფუნქციონირებისათვის საჭირო უნარებს?

როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, სოციალური ინოვაცია სხვადასხვა უნარის პრაქტიკაში დახვეწის შესაძლებლობას გვაძლევს და გვასწავლის:

  1. დროის მენეჯმენტს. ეს არ არის მხოლოდ ამოცანების ზუსტ დროში შესრულება, არამედ იგი პრიორიტეტების განსაზღვრაა – თუ რომელი ამოცანაა უფრო მნიშვნელოვანი და რომლის გადადება შეგვიძლია, რათა მეტად ეფექტიანები ვიყოთ.
  2. როგორ ჩავრთოთ პროცესში სხვები და განვახორციელოთ უფლებამოსილებების დელეგირება. ეს კი საშუალებას გვაძლევს დაკისრებული პასუხისმგებლობები უკეთ შევასრულოთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები და ეფექტურები. გვასწავლის, როგორ მოვუსმინოთ სხვებს და როგორ გავითვალისწინოთ მათი გამოცდილება.
  3. მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, რაც თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო უნარია.
  4. ეფექტურ კომუნიკაციას, მედიასთან ურთიერთობასა და ადვოკატირების ტექნიკებს.
  5. პრობლემის იდენტიფიკაციას. პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ იგი სწორადაა იდენტიფიცირებული.
  6. როგორ მოვაგვაროთ უკვე იდენტიფიცირებული პრობლემა ინოვაციური გზებით და განვივითაროთ კრეატიული აზროვნება.
  7. პროცესში ადაპტაციას. სოციალური ინოვაციის განხორციელების დროს შეიძლება გარემო ფაქტორები იმგვარად შეიცვალოს, რომ პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა გახდეს საჭირო. შესაბამისად იგი გვეხმარება ცვლად გარემოში ადაპტაციის უნარი განვივითაროთ.
  8. იგი გვეხმარება აღმოვაჩინოთ ჩვენი ძლიერი მხარეები და დავინახოთ ის თუ რაზე გვჭირდება მუშაობა.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, „ჰერბა“ პრაქტიკულ მაგალითზე ასწავლის მოსწავლეებს, როგორ დაიწყონ სტარტაპი, როგორ შეიმუშაონ ბიზნეს გეგმა, როგორ შეასხან საკუთარ იდეებს ხორცი, როგორ განივითარონ კრეატიული აზროვნება და ამავე დროს, როგორ გახადონ იგი სოციალური. პრაქტიკის საფუძველზე უნარების დახვეწა კი მათ ყველაზე უკეთ ამზადებთ მომავლისათვის, რომელშიც გარემო და გამოწვევები სწრაფად ცვლადია და მუდმივად მოითხოვს ადაპტაციას. უნდა აღინიშნოს, რომ უნარები, რომლებიც მათ უვითარდებათ არა მხოლოდ მეწარმეობაშია საჭირო, არამედ უნივერსალურია და ნებისმიერ სფეროში წარმატების გასაღებს წარმოადგენს. „ჰერბა“ კარგი მაგალითია იმის თუ როგორ შეიძლება მცირე რესურსების ფარგლებში სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდეს სოციალური ინოვაცია, რომელიც საზოგადოებრივი პრობლემები მოგვარებას ემსახურება და ამავე დროს, ხარისხიან განათლებას უწყობს ხელს. ასევე კარგად ჩანს ის თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს მოსწავლეთა ინსპირაციის წყარო გახდეს და ხელი შეუწყოს მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, იმედი გვაქვს, იგი მისაბაძი მაგალითი იქნება სხვა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, რათა უფრო მეტი ინოვაციური პროექტი ვიხილოთ ქართულ სკოლებში და ისინი სოციალური ინოვაციების ერთგვარ ჰაბად ვაქციოთ.