უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლება ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უფლებებს შორის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და იგი არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებითაა დაცული. პირველი ასეთი საერთაშორისო დოკუმენტია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სადაც აღიარებულია ადამიანის უფლება სათანადო საცხოვრებელზე. ამ დოკუმენტის საფუძველზე სახელმწიფოებმა აღიარეს, რომ საკვების, ტანსაცმლისა და სოციალური სერვისების მსგავსად, საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.[1] საცხოვრებლის უფლება მოგვიანებით გარანტირებული გახდა სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებითაც[2].
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში აღიარებულია საცხოვრებელთან დაკავშირებული უფლება, მისი სათანადოდ უზრუნველყოფა ხშირად შეფერხებულია როგორც მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ასევე საქართველოში. მართალია, რომ ქვეყნების მთავრობები უსახლკარო პირებს სთავაზობენ დროებით თავშესაფარასა და სხვადასხვა ტიპის სერვისს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა ისინი ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას, რის გამოც პრობლემა ხშირად მოუგვარებელია და მუდმივად გამოწვევას წარმოადგენს.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებას წარმოადგენს[3]. აღნიშნული ვალდებულება ასევე დადგენილია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, რომლის თანახმად, უსახლკარო ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება[4]. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები ექსკლუზიურია და თვითმმართველი ერთეული მათ დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს. მეტიც, საკუთარი უფლებამოსილებების შესრულება თვითმმართველი ერთეულისთვის სავალდებულოა. ამდენად, ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან უსახლკარო პირებისთვის ადექვატური საცხოვრისის შეთავაზება არსებითად განაპირობებს ქვეყანაში საცხოვრებლის უფლების სათანადო რეალიზებას.
ზემოთაღნიშნული უფლების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში 69 მუნიციპალიტეტიდან ნახევარზე ნაკლებს აქვს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები – დადგენილებები, რომლებიც განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უსახლკარო ადამიანების რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და მათი საცხოვრისით/თავშესაფრით უზრუნველყოფის წესებსა და პირობებს[5]. ამ მუნიციპალიტეტების შემთხვევაშიც კი არ ხდება უსახლკარო პირთა საჭიროებების, ასევე უსახლკარობისა თუ სათანადო საცხოვრისის არქონის ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების შესწავლა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აგროვებენ ინფორმაციას უსახლკარო პირთა შესახებ, ეს ინფორმაცია არ ინტეგრირდება რაიმე საერთო ბაზაში, შესაბამისად არ არსებობს უსახლკაროთა ერთიანი, ოფიციალური სტატისტიკა. სტატისტიკისა და ელექტრონული აღრიცხვის აუცილებლობა განსაკუთრებით მკაფიო გახდა პანდემიის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მიმღებთა სიების გენერირება და დახმარებათა ადმინისტრირება სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სახელმწიფო ელექტრონული ბაზების მეშვეობით განხორციელდა.
პრობლემის აქტუალობისა და საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე მის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია ახლებური გზების ძიება და ბევრი ქვეყნა გამოსავალს სწორედ სოციალური ინოვაციების გზით პოულობს.
ერთ-ერთი ასეთი გამოსავალი მოძებნეს კალიფორნიის შტატში, აშშ-ში. 2022 წლის მონაცემებით აქ დაახლოებით 172,000 ადამიანი იყო უსახლკარო, რაც ამავდროულად ქვეყნის უსახლკარო მოსახლეობის 30%-ს შეადგენდა[6]. კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ 2022 წელს ჩატარებული კვლევა უთითებს[7], რომ აშშ-ში არსებული უსახლკაროების 90% უსახლკარო გახდა სწორედ მათი კალიფორნიაში ცხოვრების დროს. ამ შტატში ხელმისაწვდომი და ღირსეული საცხოვრებლის დეფიციტმა ხელი შეუწყო კრიზისის გამწვავებას, უსახლკარო მოსახლეობამ აავსო კალიფორნიის მრავალი ქალაქი ქუჩაში გაშლილი არასანქცირებული კარვებით. ქუჩაში მცხოვრებ პირებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ, გაიზარდა მათი სიკვდილიანობა, მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა მათი უსაფრთხოების დაცვა და სხვა. პარალელურად ამისა აღსანიშნავია, რომ კალიფორნიაში არსებობს სამთავრობო შენობებში თავშესაფრის საწოლები, რომელთა დიდი ნაწილი გამოუყენებელია. უსახლკარო მოსახლეობა თავს იკავებს ასეთ დაწესებულებეში დარჩენისგან, რადგან ისინი ვერ სთავაზობენ მათ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს.
პორბლემის გადასაჭრელად არაერთი დისკუსია გამართულა კალიფორნიაში. უსახლკაროთა მომსახურების სააგენტოს დირექტორთა ბორდის წევრი ელიზაბეტ ფანკი თვლიდა, რომ კერძო სექტორს შეეძლო უფრო სწრაფად ემოქმედა უსახლკაროების დასასახლებლად, ვიდრე ამის გააკეთებდა მთავრობა. ამიტომ მან 2021 წლის ბოლოს დააფუძნა არაკომერციული ორგანიზაცია ,,ღირსების მოძრაობები“ (DignityMoves) იმ მიზნით, რომ თავშესაფრის გარეშე დარჩენილი უსახლკარო პირებისთვის შეეთავაზებინა ერთგვარი შუალედური საბინაო პროგრამა. პროგრამა გულისხმობს დაახლოებით 6 მ2 მოცულობის იზოლირებული კაბინების მოწყობას, სადაც ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ ჰქონდეთ პირადი სივრცე. გარდა ინდივიდუალური კაბინებისა, პროგრამის ბენეფიციარებს წვდომა აქვთ საერთო სასადილო, საპირფარეშო, სააბაზანო და მოსასვენებელ სივრცეებთან. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები სარგებლობენ უფასო კვებითა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით, ასევე იღებენ სხვადასხვა მხარდამჭერ სერვისებს, მათ შორის დასაქმებისა და ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით, რომლებიც ეხმარება მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაში.
უსახლკარო პირთა მხარდამჭერი სტანდარტული პროგრამებისგან განსხვავებით, სადაც ფინანსების 90% იხარჯება ინფრასტრუქტურის მოწყობაში და მხოლოდ 10% მიემართება მათთვის სერვისების შეთავაზებას, ,,ღირსების მოძრაობები“-მა გადაწყვიტა მეტი რესურსი ამ ჯგუფის საზოგადოებაში ინტეგრაციის სერვისებზე მიემართა, თუმცა ამასთანავე უზრუნველყო ღირსეული საცხოვრებელი პირობები. პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, მათ მოიპოვეს უფლება გარკვეული პერიოდის მანძილზე უსასყიდლოდ გამოეყენებინათ ადგილობრივი მთავრობის მიერ საკუთრებაში არსებული მიწები. მათ ასევე თავიდან აირიდეს სამშენებლო სტანდარტებსა და ნებართვებთან დაკავშირებული ხარჯები, რამდენადაც მათი კაბინები დროებითი, პორტატული კონსტრუქციებია. თუ აშშ-ში 1 მუდმივი, სტუდიოს ტიპის სახლის აშენება 1 ბენეფიციარისთვის საშუალოდ 800 000 დოლარამდე ღირს, პროგრამის შემთხვევაში თითოეული სახლის ღირებულება, რომელიც ასევე მოიცავს სასადილო და სააბაზანო შენობებს, თანამშრომელთა ოფისებს, ფართო საზოგადოებრივ სივრცეებს და სხვა, არ აღემატებოდა საშუალოდ 50 000 დოლარს. ამასთანავე კაბინები იყენებენ განახლებად ენერგიებს და ამ მხრივაც გაცილებით ნაკლები ხარჯების გაწევა უწევს ორგანიზაციას.
„ღირსების მოძრაობები“ ფინანსებს იღებს კერძო ფონდებისგან, დონორებისგან, სხვადასხვა კორპორაციებისა და ადგილობრივი მთავრობისგან. 2021 წლის ბოლოს ორგანიზაციამ ითანამშრომლა Tipping Point Community-სთან, რომელიც უკვე ახორციელებდა კალიფორნიის ქალაქ სანფრანცისკოში ,,ქრონიკული უსახლკარობის ინიციატივას“ და უკვე ჰქონდა გარკვეული ინფრასტრუქტურა შექმნილი, თუმცა პროგრამას არ ჰქონდა დიდი მიღწევები და საჭირო იყო მისი მოდიფიკაცია. ამ ორგანიზაციამ $1 მილიონის ოდენობის ფინანსური კონტრიბუცია განახორციელა და 2022 წელს, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სანფრაცისკოში 70 სახლიანი კომუნა გაშენდა სულ რაღაც 6 თვეში.
ორგანიზაციის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით[8], მხოლოდ 18 თვის მანძილზე მათ სულ 3 კომუნა შექმნეს, ჯამში 165 საწოლით და პარალელურად ემსახურებიან 200-მდე ბენეფიციარს. აქ სერვისით მოსარგებლეებს 6-დან 24 თვემდე შეუძლიათ დარჩენა, რაც ორგანიზაციის გათვლებით ნიშნავს, რომ 20 წლის მანძილზე, მხოლოდ ამ რესურსით, ისინი მოემსახურებიან 8 000-ზე მეტ ადამიანს.
საპილოტე პროგრამა დაიწყო ასევე კალიფორნიის კიდევ ერთ ქალაქში, სანტა ბარბარაში, სადაც ფედერალური დაფინანსებითა და კერძო ფონდების დონაციებით 34 სახლი აშენდა. 2023 წლის მარტის მონაცემებით, აქ 44 ადამიანმა მიიღო საბინაო სერვისი. რამდენიმე თვეში კი 11-მა მათგანმა უკვე იპოვა ხანგრძლივი სამსახური და 9 ადამიანმა მიაღწია სტაბილურ საცხოვრისს.
პროგრამა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სანტა ბარბარას ოლქის სამეთვალყურეო საბჭომ დაამტკიცა 94 სახლის მშენებლობა მეზობელ ქალაქ სანტა მარიაში, რომელიც უნდა დასრულდეს 2023 წლის აგვისტოში. დამატებით 206 ახალი სახლი აშენდება სანტა ბარბარას ოლქის სხვა ლოკაციებზეც და უკვე გამოიყო 19 მილიონი დოლარის ინვესტიცია 300-ვე სახლის მშენებლობის ხარჯების დასაფარად.
ღირსების მოძრაობა გეგმავს გასცდეს კალიფორნიის საზღვრებს, გააფართოვოს მისი მოდელი და მიაღწიოს მათ მთავარ მიზანს: დაასრულოს თავშესაფრის გარეშე უსახლკარობა.
კალიფორნიის შტატში განხორციელებული ეს იდეა, შესაძლოა საინტერესო და მამოტივირებელი იყოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების, არაკომერციული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის. აქ აღწერილი მაგალითი კარგი ილუსტრაციაა, იმისა თუ როგორ შეიძლება ინოვაციური მეთოდებით პრობლემის ალტერნატიული და ეფექტური გადაწყვეტა.
[1] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1948 წლის 10 დეკემბრის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, მუხლი 25, პუნქტი 1;
[2] მაგ.: 1) საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1965 წელი, მე-5 მუხლი e პუნქტი მე-3 ქვეპუნქტი; 2) კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წელი, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი h ქვეპუნქტი; 3) ბავშვის უფლებათა კონვენცია 1989 წელი, 27-ე მუხლი მე-3 პუნქტი; 4) კონვენცია ლტოლვილის სტატუსის შესახებ 1951 წელი, 21-ე მუხლი; 5) საერთაშორისო კონვენცია ყველა მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრების დაცვის შესახებ 1990 წელი, 43-ე მუხლი პირველი პუნქტი d ქვეპუნქტი;
[3] „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი;
[4] საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი;
[5] კონსტიტუციური სარჩელი. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სხვათა წინააღმდეგ. 2021. ხელმისაწვოდმია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=12277
[6] აშშ-ს საბინაო და ურბანული განვითარების დეპარტამენტის კონგრესი(AHAR). ყოველწლიური უსახლკარობის შეფასების ანგარიში. 2023. ხელმისაწვდომია: https://www.huduser.gov/portal/sites/default/files/pdf/2022-AHAR-Part-1.pdf
[7] კალიფორნიის უნივერსიტეტი, სან ფრანცისკო. ახალი გააზრებისკენ. კალიფორნიის შტატის კვლევა უსახლკარობის მქონე ადამიანების შესახებ. 2023. ხელმისაწვოდმია: https://homelessness.ucsf.edu/sites/default/files/2023-06/CASPEH_Report_62023.pdf
[8] ღირსების მოძრაობა. 2022 წლის გავლენის შეფასების ანგარიში. 2023. ხელმისაწვდომია: https://dignitymoves.org/wp-content/uploads/2023/03/2022-DignityMoves-Impact-Report.pdf
