ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სათემო ენერგორევოლუცია

თუ ოდესმე ჰებრიდის კუნძულებზე, ჩრდილოეთ უისტში აღმოჩნდებით, აღმოაჩენთ ორ 75 მეტრიან ქარის ტურბინას, რომლებსაც გაუჩერებლად ატრიალებს ჩრდილო ატლანტის ოკეანის ნიავი. ეს მცირე ქარის ელექტროსადგური, სახელად „უისტვინდი“, ერთ-ერთია განახლებადი ენერგიის 570 სათემო პროექტიდან შოტლანდიაში. აღნიშნული პროექტები  მზის ენერგიის, ჰიდროელექტროსადგურების, ბიოენერგიის და საზღვაო ტექნოლოგიების გამოყენებასთანაა დაკავშირებული. იმის მიუხედავად, რომ ევროპაში ბევრია მოქალაქეთა მიერ მართული ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მწარმოებელი პროექტები, შოტლანდია გამორჩეულია იმით, რომ ამ ტიპის პროექტების უმრავლესობა საქველმოქმედო ორგანიზაციების მფლობელობაშია, რომლებიც ეხმარებიან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მათ განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდია მსოფლიო ლიდერია განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით. 2020 წელს, განახლებადი ენერგია ფარავდა შოტლანდიის ელექტროენერგიის მთლიანი მოთხოვნის (Gross electricity demand) 97%-ს, რომელშიც 10%-ზე ნაკლები იყო „უისტვინდის“ მსგავსი, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მწარმოებელი კოოპერატივების შენატანი.

შოტლანდიის მთავრობა მხარს უჭერს ადგილობრივი ენერგიისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების სქემებს, რადგან სწორედ ისინი ზრდიან განახლებადი ენერგიის საჭიროებას, რაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის ზრდას. ამათგან ბევრი ადგილობრივი კომპანია „საზოგადოება ნახშირბადის გარეშე“ (Zero Carbon Community) კამპანიის მხარდამჭერია. აღნიშნული ინიციატივა ასრულებს გზამკვლევის ფუნქციას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა მათ გაიაზრონ ამ ინიციატივის მნიშვნელობა და ხელი შეუწყონ მის განხორციელებას. 2040 წლისთვის შოტლანდია მიზნად ისახავს, გახდეს კარბონნეიტრალური ქვეყანა და ამის  მიღწევას სწორედ სათემო ენერგიის, როგორც განახლებადი ენერგიის წარმოებით გეგმავს.

2011 წელს შოტლანდიის მთავრობამ საზოგადოების ჩართულობისა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაზრდით გადაწყვიტა ქვეყნის მასშტაბით საკონსერვაციო საქმიანობის დაწყება.  ამ მხრივ, 2013 წელს დაფუძნებული Local Energy Scotland (LES) ადმინისტრირებს  შოტლანდიის მთავრობის სათემო და განახლებადი ენერგიის სქემას (CARES), რომლის ბიუჯეტი 5 მილიონი ფუნტია. გრანტებისა და სესხების სახით გასცემს 150 000 ფუნტს  ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოებისთვის შექმნილი პროექტებისთვის. LES-ის შემადგენლობაშია კლიმატისა და ენერგიის 5 საზოგადოებრივი ორგანიზაცია: Energy Saving Trust, Changeworks, Scarf, the Energy Agency, and the Wise Group.

პროექტის ფასილიტატორი

დაფინანსებასთან და სესხებთან ერთად, LES საკონსულტაციო მომსახურებასაც უწევს როგორც თემის წარმომადგენლებს, ასევე ბიზნესისა და სხვა ტიპის ორგანიზაციებს განახლებადი ენერგიის მიმართულებით. ისინი სთავაზობენ უფასო ონლაინ ინსტრუმენტებს, როგორიცაა პრაქტიკული გზამკვლევები და კვლევითი ანგარიშები, რომლებიც ეხმარება თემს   პროექტების ორგანიზებაში და მართვაში.

განახლებადი ენერგიის პროექტები საკმაოდ ძვირადღირებულია, განსაკუთრებით დაბალი ეკონომიკური შემოსავლების თემისათვის. მაგალითად, იმისათვის, რომ ერთმა ქარის ტურბინამ გამოიმუშაოს ენერგია, თემს უწევს უამრავი პირობის, იურიდიული შეთანხმებების და ტექნიკური მოთხოვნების შესრულება. ასევე, სერიოზული ფინანსური ინვესტიციის გაღება საწყისი ხარჯების დასაფარად.

ამ შემთხვევაში, LES ფუნქციონირებს როგორც სექტორებს შორის დამაკავშირებელი ხიდი. საჯარო სექტორისაგან განსხვავებით, ორგანიზაცია გაცილებით კარგად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, რადგან საჯარო სექტორისთვის ამ ტიპის თანამშრომლობა მაინც ბიუროკრატიასთანაა  დაკავშირებული. როგორც LES-ის დირექტორი, კრის მორისი აღნიშნავს, ფასილიტაციის კუთხით ორგანიზაციის წარმატება დამოკიდებულია თანამშრომელთა პროფესიონალიზმზე. მისი თქმით, ორგანიზაციის სტრუქტურა მიმართულია პროცესის იმგვარი ხელშეწყობისკენ, რომელიც ითვალისწინებს კოლეგების მხარდაჭერას ადგილებზე, თავიანთ ორგანიზაციებში. ამ პროცესებში LES-ის თანამშრომლები ჩართულები არიან საჭიროებისამებრ – პროცესის დასაწყისიდან ბოლომდე.

სხვა კუნძულების მსგავსად, ჩრდილოეთ უისტს ძალიან სჭირდებოდა მხარდაჭერა. ბოლო პერიოდში მათთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო დეპოპულაცია და თევზჭერის ინდუსტრიის შემცირება. 2009 წელს კი, თემის ლიდერებმა გადაწყვიტეს  კუნძულის ყველაზე გამოუყენებელი ბუნებრივი რესურსის მეშვეობით დაეწყოთ პროექტზე მუშაობა. ეს რესურსი იყო ქარი. თუმცა, მანამდე არცერთ მათგანს მსგავსი ტიპის კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია.

ამ კუთხით 2010 წელს შოტლანდიის საზოგადოებრივი ენერგიის ორგანიზაციამ (Community Energy Scotland) (CES), რომელიც იმ პერიოდში მთავრობის სათემო და განახლებადი ენერგიის სქემას ადმინისტრირებდა, შესთავაზა ჩრდილოეთ უისტის თემს, ჩამოეყალიბებინათ ჩრდილოეთ უისტის განვითარების კომპანია (NUDC), როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, რაც დაეხმარებოდა მათ წინარე დაგეგმარების თანხის მობილიზებაში, რომელიც 150 000 ფუნტს შეადგენდა. ტურბინების განთავსებისათვის ოპტიმალურ ადგილად შეირჩა ნაკლებად დასახლებული დასავლეთ სანაპიროს მხარე. ჯამში, აღნიშნული ორი ტურბინის ამოქმედება დაახლოებით 3.4 მილიონი ფუნტის მოძიებასთან იყო დაკავშირებული.

LES-ის მხარდაჭერით, ჩრდილოეთ უისტმა მოიპოვა დაგეგმარების უფლება და ლიცენზია ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ექსპორტისათვის. მიუხედავად გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი პრობლემებისა, 5 წლისთავზე კუნძულის მოსახლეობამ მიიღო მშენებლობის ნებართვა. შედეგად, 2018-2019 წლებში მთავარი ამოცანა ინვესტიციის მოზიდვა იყო. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაერთიანებული სამეფოს განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემაში გამოწვეული ცვლილებების ფონზე, რის შედეგადაც ყველა სახის დაფინანსება შეწყდა, თანხების მობილიზება კიდევ უფრო გართულდა.

მიუხედავად ამისა, 2019 წელს მშენებლობა განახლდა და სექტემბერში ტურბინებმა მუშაობა დაიწყეს. მხოლოდ ამ წელს, უისტვინდისა და სხვა ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოების პროექტებმა 20 მილიონი ფუნტის სათემო სარგებელი მოიტანა. ჩრდილოეთ უისტიდან შემდეგი ორი ათწლეულის მანძილზე ყოველწლიურად დაახლოებით 105 000 ფუნტის ნამატი თანხა შევა ბიუჯეტში, რაც ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესისა და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სივრცის შექმნას. გარდა ამისა, ჩრდილოეთ უისტის განვითარების კომპანია (NUDC) ინვესტირებას დებს მდგრად პროექტებში, როგორიცაა მწვანე სივრცეების განვითარება, ენერგიის დაგროვების პროექტები და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის პროექტები განახლებადი ენერგიიდან მიღებული მოგების მხოლოდ 3%-ს შეადგენს, შოტლანდიამ 2020 წლის სამიზნე მაჩვენებელს გადაასწრო და 2021 წელს ის ორჯერ გააუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის მასშტაბით, სხვა მუნიციპალიტეტებმაც ნახეს მოგება ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოების პროექტებიდან. მაგალითად, სამხრეთ უისტი იყო პირველი თემი, რომელმაც მიიღო CARES-ის დაფინანსება 2009 წელს. პროექტის შედეგად აშენდა ტურბინა, რომელსაც ჰქონდა საკმარისი სიმძლავრე ქალაქის მერიის გასათბობად.

საინტერესოა, რომ კლიმატის დაცვა არასდროს ყოფილა შოტლანდიის სათემო პროექტების მთავარი მოტივატორი. „დასაწყისში ჩვენი მიზანი არ ყოფილა გარემოს დაცვა, ჩვენ საკუთარი თემის გადარჩენაზე ვფიქრობდით,“- ამბობს კალუმ მაკდონალდი, ამ მიმართულებით ერთ-ერთი სათემო ორგანიზაციის, „პოინტ  ენდ სენდვიკ ტრასტის“ (Point and Sandwick Trust) მენეჯერი. თუმცა, აქვე ამატებს, -„ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უფრო მნიშვნელოვანია. ტყეების გაშენება და საფეხმავლო ბილიკების დაგება ორივეს – გარემოს დაცვასა და თემის განვითარებას – უწყობს ხელს, მათ შორის საზოგადოებრივ ჯანმრთელობასაც.“ 

გაზიარებული ფლობა

მიუხედავად იმისა, რომ CARES-ისა და LES-ის მხარდაჭერა სათემო პროექტებით დაიწყო, დღეს ის მოიცავს უფრო მსხვილ, კერძო მფლობელობაში არსებულ საწარმოებსაც, რომლებსაც თემი ყიდულობს და არაპირდაპირ მოგებას ნახულობს.

შოტლანდიის მთავრობას განზრახული აქვს,  შეინარჩუნოს ენთუზიაზმი და მხარდაჭერა განახლებადი ენერგიის მწარმოებელი პროექტებისადმი. მათი ამოცანაა, ამ მიმართულებით ყველა ახალი პროექტი გულისხმობდეს თანამფლობელობას. ზოგიერთ საწარმოს, რომლის ფლობაც გაზიარებულია თემსა და კერძო სექტორს შორის, 25%-მდე მოგება მუნიციპალიტეტში შეაქვს.

აღნიშნულ მოდელს აქვს თავისი უპირატესობები, როგორიცაა კომერციული დეველოპერის მიერ წინარე სამუშაოების ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება. ამგვარად, ფინანსური რისკის დიდ წილს, რაც ძირითადად თემზე მოდის ხოლმე, სწორედ ისინი იღებენ თავის თავზე. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის სქემის შეწყვეტის შემდგომ, სათემო პროექტების განხორციელება შემცირებულია. ამის გამო ზოგიერთმა თემმა ძალიან მცირე სარგებელი მიიღო ან საერთოდ არ მიუღია.

ამის მიუხედავად, განახლებადი ენერგია მხოლოდ ერთი ფაქტორია ენერგო დანახარჯების შესამცირებლად. დღესდღეობით, LES ხელს უწყობს თემს, ბიზნესსა და კერძო პირებს, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, მეტი გაიგონ ენერგოეფექტურობასა და ენერგიის შენახვის შესახებ.

საბოლოოდ, ამ მიზნების მისაღწევად, რაც  ადგილობრივი ენერგოსისტემების საშუალებით ნულოვან გამონაბოლქვს  და კარბონნეიტრალურობას გულისხმობს, შოტლანდიისთვის ენერგიის კონსერვაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავება.

 

სტატია მომზადებული და ადაპტირებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ სტენფორდის სოციალური ინოვაციების ჟურნალის, 2022 წლის ზაფხულის სერიაში გამოქვეყნებული სტატიის “Community Energy Revolution” მიხედვით.