ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

orbelianimeti.ge – მეტი იდეა, მეტი ცვლილება, მეტი მხარდაჭერა

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი იზრუნოს თავის თემზე, ქალაქსა და ქვეყანაზე? როგორ შევამციროთ ბიუროკრატია, რომ  ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება მარტივად მოიპოვოს საჭირო რესურსი კარგი იდეების განსახორციელებლად? როგორ დავაკავშიროთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ლოკალურ აქტორებს?

ხუთი წლის წინ სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცადნენ ორგანიზაცია „ორბელიანის“ დამფუძნებლები, როდესაც შექმნეს ონლაინ პლატფორმა app.orbeliani.net. პლატფორმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ მოქალაქეს წარადგინოს იდეა მარტივად,  ონლაინ ჟიურის მოწონების შემთხვევაში მოიპოვოს იდეისთვის საჭირო ნივთები და სხვა მოქალაქეების ჩართულობით განახორციელოს იდეა, რომელსაც საზოგადოებისთვის სარგებელი მოაქვს. ანგარიშგების გამარტივების და მეტი გამჭვირვალობის მიზნით პლატფორმაზე გამოქვეყნებულია იდეების შინაარსი, ბიუჯეტი და იდეის განხორციელების სრული ციკლი – მათ შორის, რა პრობლემებს აწყდებიან და რა წარმატებას აღწევენ. „ორბელიანმა“ საპილოტე პლატფორმა შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ჩაუშვა და შემდგომ ჩეხეთის და ნიდერლანდების საელჩოების, გაეროს განვითარების პროგრამისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის დაფინანსებით გააფართოვა.

მიუხედავად ამ წარმატებისა, „ორბელიანის“ დირექტორი ქეთი ხაჩიძე აღნიშნავს, რომ მსხვილი დაფინანსების მოზიდვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან რთულია და შეიძლება დაიკარგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – ადამიანები, მათი იდეები, სურვილი და ინსპირაცია აკეთონ კარგი საქმე ქვეყნისთვის. ამიტომ, 2020 წელს „ორბელიანმა შექმნა ახალი ქრაუდფანდინგის პლატფორმა „ორბელიანი მეტი” www.orbelianimeti.ge. პლატფორმა მოიცავს იდეების, კონტენტის, აქტიური ადამიანებისა და მათი გულშემატკივრების გაერთიანებას ონლაინ სამყაროში.

ქრაუდფანდინგი წარმოადგენს ჯგუფური დაფინანსების მოდელს, რაც გულისხმობს იმას, რომ სამოქალაქო აქტივისტებს შეუძლიათ, თავიანთი იდეა წარუდგინონ ფართო აუდიტორიას ონლაინ სივრცეში და მათგან მოიძიონ ფინანსური თუ არაფინანსური მხარდაჭერა.

პორტალი ფუნქციონირებს შემდეგნაირად: იდეის განთავსების მსურველები, როგორც ცალკეული პირები, ასევე ჯგუფები, რეგისტრირდებიან პორტალზე და წარადგენენ თავიანთ პროექტს – იდეას, რომელსაც შეუძლია საზოგადოებრივი სიკეთის მოტანა. ამის შემდეგ, „ორბელიანის” ფონდის კომისია აფასებს მოწოდებულ ინიციატივებს. კომისიის მიერ შერჩეული პროექტი კი გამოქვეყნდება პორტალზე და ხელმისაწვდომი ხდება ფართო საზოგადოებისათვის. კამპანიის ავტორებს ფონდი ეხმარება მხარდამჭერების მოძიებაში. მაგალითად, ვიდეოების მომზადებასა და მათ სოციალურ მედიაში გავრცელებაში. პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს ფინანსურ ანგარიშგებას, რომ შემომწირველმა იცოდეს დონაციის მიზნობრიობა და შედეგი.  

საქართველოში ქრაუდფანდინგი ახალია და ორბელიანის ფონდი არის ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს წამოწყება განახორციელა სათემო ინიციატივების მხარდასაჭერად. გარდა იმისა, რომ პორტალი იდეების დაფინანსების საშუალებას იძლევა, იგი ქრაუდფანდინგის მომავალი ინიციატორებისთვისაც ქმნის ფონდს. სამომავლოდ, ქრაუდფანდინგის წამოწყების მსურველებს შეეძლებათ, არსებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ თავიანთი საქმიანობისათვის.

„ორბელიანს“ თანხების მოზიდვისათვის დანერგილი აქვს ორიგინალური და ხელსაყრელი მიდგომა, თანადაფინანსების მოდელი (Matched Crowdfunding). იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივის ავტორები ქრაუდფანდინგის პორტალის საშუალებით შეაგროვებენ საჭირო თანხის ნახევარს, ბიუჯეტის მეორე ნახევარს დააფინანსებს ორბელიანის ფონდი დონორებისაგან მოზიდული რესურსებით. აღნიშნული თანადაფინანსების პროგრამა EWMI-ს (აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი) მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო პლატფორმა შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის საშუალებით. „ორბელიანი„ ერთგვარი გამტარი ორგანიზაციაა, მედიატორი, რომელიც დონორებისა და შემომწირველების რესურსებზე წვდომაში ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, მოტივირებულ ადამიანებსა და ჯგუფებს.

თანადაფინანსების ამ უნიკალური მოდელის არსებობა თანხის შემომწირველებისათვის დამატებით მოტივაციას იძლევა – მათ მიერ ჩარიცხული 1 ლარი ინიციატივას ორ ლარს მოუტანს. ასევე, იდეის ავტორებისთვისაც ცნობილია, რომ სოციალურ ინიციატივას ნახევარი გზა გავლილი აქვს და დონორის მიერ დარჩენილი ნახევრის დაფინანსებით ინიციატივა შესრულდება.

გამომდინარე იქედან, რომ ქრაუდფანდინგი საქართველოსთვის ახალი პრაქტიკაა, გამოცდილებაც ნაკლებია და ადამიანებიც არ არიან შეჩვეულნი მსგავსი პლატფორმის გამოყენებას. ორბელიანის მმართველებმა გადაწყვიტეს, შერეული მოდელის დანერგვით მარცხის რისკი შეემცირებინათ და მცირე ნაბიჯებით დაეწყოთ ქვეყანაში ქრაუდფანდინგის მოდელის დანერგვა და განვითარება.

გარდა ამისა, შერეული ქრაუდფანდინგის მოდელი უდიდეს ინტერესს იწვევს მსოფლიოში ფილანტროპიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით დაინტერესებულ წრეებში: მექანიზმი საშუალებას იძლევა, რომ ინსტიტუციურმა დონორმა ორგანიზაციებმა და საჯარო სექტორმა მეტად ითანამშრომლონ მოქალაქეებთან, რომ დაიტესტოს რამდენად არსებობს საჭიროება და მოთხოვნა წარმოდგენილ პროექტზე და ბიძგი მისცეს  ხალხის ინტელექტუალური და ფინანსური რესურსის მობილიზებას პროექტების განსახორციელებლად.

ორბელიანს იმედი აქვს, რომ მსგავს სიკეთეებს „ორბელიანი მეტის“ პლატფორმაც გაიმეორებს საქართველოში. ამჟამად ცალკეული კამპანიისათვის მაქსიმალური ბიუჯეტი არის 10 000 ლარი. ინიციატივის ავტორმა/გუნდმა უნდა მოაგროვოს მინიმუმ 5000 ლარი იმისათვის, რომ ფონდისგან დამატებით ხუთი ათასი მიიღოს. რაც იმას ნიშნავს, რომ შემომწირველმა იცის, მისი ჩარიცხული თითოეული ლარი ორმაგდება. ორბელიანის სამიზნე თანხა, რომლის შეგროვებაც პროექტის ბოლომდე, 3 დან 6 თვემდე ვადაში იგეგმება, შეადგეს 25 000 ლარს. ამჟამად პორტალის საშუალებით, ჯამურად ყველა ინიციატივისათვის მოზიდულია 15 000 ლარი.

დღეისათვის 12 ინიციატივაა გაშვებული ორბელიანიმეტი.ორგ პორტალზე და ოთხმა მათგანმა უკვე მოაგროვა სამიზნე თანხა. თემები მრავალფეროვანია: „ბედიანის“ ბავშვებისთვის მეკლდეურთა კლუბის ჩამოყალიბება, სათამაშო მოედნების და პარკის მოწყობა სოფელ ოკამსა და მაღალმთიან აჭარაში, დამგზავრების აპლიკაცია ქალებისთვის, რაჭული ოდების გადარჩენის კამპანია, გამწვანების კამპანიები თბილისსა და რუსთავში და.ა.შ.

პორტალზე ძირითადად სამი ადამიანი მუშაობს. მარკეტინგის მასალებს მოკლევადიანი კონტრაქტით აყვანილი პერსონალი ქმნის. ორგანიზაციას ასევე ეხმარებიან გაეროს განვითარების ფონდის კონსულტანტები.

ორბელიანის პორტალზე გაშვებული პირველი 12 ინიციატივისათვის თანხის მოზიდვის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ფონდი აგრძელებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისა და ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებსაც მიზნად დასახული აქვთ საკუთარ თემსა და საზოგადოებაში სასიკეთო ცვლილებების დანერგვა.