ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

მოდით, ეს გავაკეთოთ!

ჩვენ ძალიან ლამაზ პლანეტაზე ვცხოვრობთ, მაგრამ ყოველდღიურად უამრავი ნარჩენით ვაბინძურებთ მას. მოდით, ეს გავაკეთოთ! – ასეთია ესტონეთში დაფუძნებული გლობალური დასუფთავების ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს 15 სექტემბერს, მსოფლიოს მასშტაბით 150 ქვეყნის შეკრებას ნარჩენების მასიური გაწმენდის მიზნით.

ყველაფერი, 2008 წელს, ესტონეთში დაიწყო, როდესაც 50,000 ადამიანი, მთელი მოსახლეობის 4%,  ერთ დღეს შეიკრიბა და 5 საათის განმავლობაში 10,000 ტონა ნარჩენი დაასუფთავა. თუმცა, მანამდე სანამ ინიციატივა ფრთებს შეისხამდა მას რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწია:

  1. გუნდის ფორმირება – თავდაპირველად, სამმა ინიციატორმა 20 მოხალისე შეკრიბეს კამპანიის გეგმის შემუშავების მიზნით. თუმცა მოხალისეთა რიცხვი მალე 620 გახდა.
  2. პარტნიორების მოზიდვა – მალე თვალსაჩინო გახდა, რომ პარტნიორების გარეშე ვერაფერს შეძლებდნენ, ამიტომ პარტნიორების ძიება დაიწყეს ყველა სფეროში არასამთავრობო, მედია, ბიზნესს, სამეცნიერო და სამთავრობო სექტორებში. შედეგად მათ მოახერხეს 500 პარტნიორის მოზიდვა და შეძლეს მათ მიერ გამოყოფილი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანება. ინიციატივას ქვეყნის პრეზიდენტმაც ღიად დაუჭირა მხარი.
  3. ნარჩენების ვირტუალური რუკის შედგენა – 720-მა მოხალისემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ადგილებში ნარჩენების აღმოჩენასა და რუკაზე დატანის პროცესში, საბოლოო ჯამში 10,656 ადგილი იქნა მონიშნული.
  4. კომუნიკაცია – ცნობიერების ამაღლებისა და ინიციატივის სარეკლამო კამპანიაში ცნობილი სახეები ჩაერთნენ. კამპანია მედიაში სრულიად უფასოდ გაშუქდა.
  5. რეგისტრაცია – მოხალისეებისთვის საჭირო იყო ჯგუფებად დარეგისტრირებულიყვნენ, რეგისტრაციის პირველ კვირას უკვე 10.000 მოხალისე იყო დარეგისტრირებული.

შედეგად 2008 წლის 3 მაისს 50,000 მოხალისემ შეძლო გაეკეთებინა ის საქმე, რისთვისაც სახელმწიფოს დასჭირდებოდა 3 წელი და 22 მილიონზე მეტი ევრო.

ინიციატივამ მალე მოიპოვა პოპულარობა მეზობელ და ევროპის სხვა ქვეყნებში და 2018 წელს დაწესდა „მსოფლიოს დასუფთავების დღე“, რომელშიც ჩართულია ასობით ქვეყანა და მილიონობით მოხალისე.