ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

2021 წლის გამარჯვებულები

დათას ეზო

„დათას ეზო“ რუსთავში არსებული სოციალური საწარმოა, რომელიც ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს და ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს პრეზენტაციების, ლექციების, ვორქშოფებისა და პრაქტიკული აქტივობების სახით სხვადასხვა ღონისძიებებს სთავაზობს. „დათას ეზოში“ შესაძლებელია მათ მიერ წარმოებული ქოთნისა და ეზოს მცენარეების და ასევე, მცენარეებისათვის შეზავებული ნიადაგის შეძენა. გარდა ამისა, „დათას ეზო“ აწარმოებს კამპანიას #GROWYOUROWNFOREST. ეს კამპანია გულისხმობს ქალაქის პარკებში და სკვერებში ხეების მიერ ჩამოყრილი თესლების შეგროვებას, მათ გაზრდას და შემდეგ ისევ ქალაქის სივრცეებისთვის დაბრუნებას.

„დათას ეზოს“ პრიორიტეტული მისიაა რუსთაველ მოსწავლეებს (და არამარტო) ბავშვობის ასაკიდანვე შეაყვაროს გარემოზე ზრუნვა და სპეციალურად შექმნილი პრაქტიკული აქტივობების სახით იზრუნოს მათი ეკოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბებაზე. იგი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგია, გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება!

„დათას ეზოს“ იდეა დათა ცინცაძეს თავისი გამოცდილების შედეგად გაუჩნდა: „ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილი დავუთმე ეკოაქტივიზმს და ჩემს მეგობრებთან ერთად ვიბრძოდი რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. სწორედ  იმ პერიოდში, როცა ვიყავი „გავიგუდეთ“  გუნდის აქტიური წევრი, ჰაერის დაბინძურებასთან ერთად გამოიკვეთა კიდევ ერთი, მნიშვენლოვანი პრობლემა – საზოგადოებაში ცნობიერების არ არსებობა. ამან მიბიძგა იმისკენ, რომ დამეწყო მუშაობა ადგილობრივ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და სივრცეს, სადაც ეს პროცესი დაიწყო გაუჩნდა სახელი – „დათას ეზო“.  ამავე სახელით შეიქმნა ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები, სადაც დავიწყეთ ეზოში მომხდარი ამბების გადმოტანა.“ „დათას ეზოს“ შექმნის უნიკალური ისტორია მისი იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

„დათას ეზო“ თავისი შინაარსით, საქმიანობითა და მიზნებით ინოვაციურია. პირველ რიგში, სივრცე აერთიანებს მრავალ საინტერესო პროცესს და სხვადასხვა ასაკის, ინტერესის თუ პროფესიის ადამიანს საერთო მიზნისთვის. ეზო ახალი სიტყვაა ქალაქ რუსთავისთვის, ვინაიდან მისი არსებობის საჭიროება სწორედ ამ ქალაქში ჯანმრთელობისათვის საშიშმა გარემოს დაბინძურების პროცესებმა განაპირობა.

#გადაწყვიტეახლებურად #ახალიიდეებიგანვითარებისთვის

კომლი

კომლი არის სათემო სახლის კონცეფცია და თანაშექმნის სივრცე კასპში, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თემის განვითარებას და ღიაა როგორც ადგილობრივი თემის წევრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ასევე ჩასული მკვლევრებისთვის, არტისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის, ვისაც სურს სივრცე გამოიყენოს შეხვედრებისთვის, კონსულტაციებისთვის, იდეების განხორციელებისთვის, რეფლექსიისთვის.

კომლის დამფუძნებლებს სწამთ, რომ ისეთ იზოლირებულ სოციალურ გარემოში, როგორიც არის კასპის მუნიციპალიტეტი, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა რომელიც ერთი მხრივ – ადგილობრივ სათემო ინიციატივებს/ლიდერებს გამოავლენს და წამოაყენებს წინა პლანზე და მისცემს მათ განვითარების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ მოიზიდავს ადამიანებს, იდეებს, და რესურსებს გარედან და ხელს შეუწყობს თემის კულტურული და სოციალური კაპიტალის გაძლიერებას.

კომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სათემო აქტვისტი თეონა დალაქიშვილის აზრით: „შეკრების ადგილის შექმნა უკვე არის პირველი ნაბიჯი, რაც გააძლიერებს თემის მიმართ მიკუთვნებულობის განცდას და მომავალში, სამოქალაქო ინიციატივებში ჩართვის წინაპირობებს გაზრდის. თუმცა იმავდროულად კომლი, ასევე, უზრუნველყოფს, რომ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურული შესაძლებლობები კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. მით უფრო იმ სოფლებში, სადაც ადამიანების  ცხოვრება მხოლოდ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო აქტივობებით შემოიფარგლება. „

კომლი  მრავალფუნქციური ცენტრია, რომელიც სოციალური საწარმოს პრინციპებით ფუნქციონირებს  და შემდეგ სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს:

  • სათემო და საგანმანათლებლო სივრცე: სივრცე დაეთმობა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს მათ მიერ ინიცირებული ღონისძიებების თუ სადისკუსიო შეხვედრების ორგანიზებისათვის, ასევე ადგილობრივ თემს შესთავაზებს სხვადასხვა მომსახურებას, რაც მოიცავს ტრენინგებს, მენტორინგს, აქსელერაციის პროგრამებს და სხვა;
  • სამუშაო სივრცე: ეს გახლავთ თანაშექმნის ადგილი, რომელიც  ადგილობრივ მოსახლეობას, ორგანიზაციებს, დაინტერესებულ მკლევარებს და არტისტებს სთავაზობს სივრცის გამოყენებას პროექტის/ნამუშევრის/წიგნის/კვლევის თანაშექმნისთვის; სივრცის გამოყენება უსასყიდლოდ შეეძლება ადგილობრივ თემს, ხოლო გარე ჯგუფებისა და პირებისთვის იქნება ფასიანი.
  • ჰოსტელი: ჩამოსული სტუმრები და ორგანიზაციები შეძლებენ ჰოსტელში დარჩენას ხელმისაწვდომ ფასად;
  • უსაფრთხო და რეკრეაციული სივრცე: არსებული მშვიდი გარემო და დამატებით შეთავაზებული ფსიქო-სოციალური მომსახურების პროგრამა მსურველებს დაეხმარება სტრესის მოხსნასა და სოციო-ემოციური უნარების განმტკიცებაში აღნიშნული სერვისი მეტწილად კომერციული ხასიათის იქნება.

„ჩვენი პროგრამების მთავარი სამუშაო არეალი იქნება კასპის მუნიციპალიტეტი და შიდა ქართლის მხარე მთლიანად. თუმცა ჩვენ, ასევე, ვგეგმავთ ასეთი სახის სათემო სივრცის  იდეის პოპულარიზაციას და გავრცელების ხელშეწყობას და ამ მხრივ ვითანამშრომლებთ სხვა ადგილებში, რეგიონებში მსგავს სივრცეებთან თუ დაინტერესებულ პირებთან„ – აცხადებს თეონა დალაქიშვილი.

#გადაწყვიტეახლებურად #ახალიიდეებიგანვითარებისთვის

რინგოვეტი

“რინგოვეტი”  სოციალური საწარმოა, რომლის უმთავრესი მისია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა, ადამიანებთან თანაცხოვრებისთვის უსაფრთხო და ჰარმონიული გარემოს შექმნა და ცხოველთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა.

კერძოდ,  რინგოვეტი გეგმავს მეგობრული მოხმარების ციფრული აპლიკაციის გამოყენებით ცხოველებისათვის სასწრაფო ვეტერინარული დახმარების სერვისის განვითარებას. აპის მეშვეობით მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიძახონ პირველადი  ვეტ-დახმარება ქუჩაში მათ მიერ აღმოჩენილი დაზიანებების მქონე ან ცუდად მყოფი მიუსაფარი ცხოველებისათვის. საჭიროებიდან გამომდინარე ცხოველების გადაყვანა პარტნიორ ვეტკლინიკაში მოხდება. აპლიკაციით ასევე ისარგებლებენ სახლში მცხოვრები ცხოველთა პატრონებიც, რათა ადგილზე კომფორტულად მიიღონ პირველადი მომსახურება. სასწრაფო დახმარებას სპეციალურად მომზადებული ვეტ-პერსონალი განახორციელებს, რომელიც სკუტერებით გადაადგილდება.

თითოეული სერვისი იქნება ფასიანი. აპლიკაციის მეშვეობით ასევე შესაძლებელი იქნება შემოწირულობების მიღება. პატრონიანი ცხოველის მიერ გამოძახების შემთხვევაში, გადახდილი თანხის 10% კი გადაირიცხება ავტომატურად  რინგოვეტის “ყულაბაში”, რომელიც მოხმარდება მიუსაფარი ცხოველის გამოძახების მომსახურებას. გადაყვანის შემდგომ ცხოველებზე ზრუნვისათვის საჭირო გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად რინგოვეტს მობილიზებული ექნება   ე.წ. ყულაბა. ყულაბის ფონდს ავსებენ რიგითი ადამიანები – ცხოველების გულშემატკივრები ყოველთვიური შემოწირულობებით.

საპილოტე რეჟიმში რინგოვეტი 2022 წლის შემოდგომაზე ამოქმედდება და თავდაპირველად სერვისის ნაწილში თბილისის მხოლოდ გარკვეულ უბნებს დაფარავს.

„ჩვენი მისია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ერთგვარი “community-ს”  ჩამოყალიბებაა, ანუ ერთად ყველაფერს შევძლებთ. ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი მიუსაფარი ცხოველების სამსახურში.  უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ რაც უფრო ჯანმრთელები იქნებიან ქუჩის ცხოველები, მით ნაკლები იქნება ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი ჩვენს ქალაქში – ამბობს რინგოვეტის დამფუძნებელი ნესტან მამაცაშვილი.

“რინგო ქალაქის სამსახურში” საქართველოს ბაზარზე უკვე 5 წელია არსებობს და აწარმოებს ხელნაკეთ ქისებს ბიოდეგრადირებადი ერთჯერადი,

მწვანე პარკებით ძაღლის ფეკალიების ასაღებად. რინგო პირველი ბრენდი იყო, რომელმაც გადაწყვიტა ძაღლის ქართველ პატრონები ახალ კულტურას ეზიარებინა და დღეს რინგოს ქისებსა და პარკებს ნამდვილად ხშირად ვხვდებით ჩვენი ქალაქის ქუჩებში.

რინგო და ნესტანი განუყრელი მეგობრები იყვნენ, რომლებმაც ერთად დააარსეს ეს ბრენდი. www.ringobags.com 

#გადაწყვიტეახლებურად #ახალიიდეებიგანვითარებისთვის

ფარდაგები რაჭიდან

„ფარდაგები რაჭიდან“ სოციალურ საწარმოა, რომლის  მთავარი იდეაა ზემო რაჭაში, ონში, შექმნას მცირე სახელოსნო, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს შეისწავლოს  ხელით ქსოვის ტექნოლოგიები.

ხალხური ხელსაქმე ტრადიციულ ქართულ ოჯახებს წესად მოსდევდათ და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარდაგების ქსოვის ტრადიცია, რომლიც საუკუნეებს ითვლის და ზემო რაჭის კულტურის განუყოფელი ნაწილია.

სამწუხაროდ, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ეს კულტურა და ტრადიცია დაიკარგა და ქსოვამ ფაბრიკა-ქარხნებში გადაინაცვლა. სოციალური საწარმოს მისია, ერთი მხრივ საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს, შეისწავლოს ხელით ქსოვის ტექნოლოგია და დაეუფლოს ახალ პროფესიას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ონში მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ საწარმოს მიზანია, ხელით ქსოვის ტექნოლოგიის პოპულარიზაცია, ქსოვის ტრადიციებისა და ქართული ფარდაგის სახის აღდგენა ზემო რაჭაში. საწარმო თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის სფეროსაც და ვიზიტორებს საინტერესო ვორქშოფებს შესთავაზებს.

იდეის ავტორი, ანა ჯელაძე, სკოლის ასაკიდანვე დაინტერესებული იყო ხელსაქმით: „სწავლის დასრულების შემდგომ დავბრუნდი ონში და ადგილობრივ სამხატვრო სკოლაში დავიწყე მუშაობა, ბავშვებს ვასწავლი ფარდაგების ქსოვას. პარალელურად გადავწყვიტე დამეფუძნებინა საწარმო სადაც უფროსებიც შეძლებდნენ შეეწავლოთ ქსოვის ტექნოლოგიები..“ ანას იდეამ რეგიონში ბევრი გულშემატკივარი შეიძინა და დიდი ინტერესით ელოდებიან საწარმოს ამუშავებას.

#გადაწყვიტეახლებურად #ახალიიდეებიგანვითარებისთვის

კოსმოტრონიქსი / CosmoTronix

კოსმოტრონიქსი/CosmoTronix არის შემეცნებით-გასართობი სამაგიდო თამაში, რომლის მიზანია ელექტრონიკის სფეროს შესწავლის მიმართ ინტერესის გაზრდა. იმისთვის რომ ელექტრონიკა გახდეს ერთი მხრივ, ხელმისაწვდომი, ხოლო, მეორე მხრივ, სახალისო, კოსმოტრონიქსი/CosmoTronix გუნდი აპირებს შექმნას სამაგიდო თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის და ნებისმიერი პირისთვის, რომელიც ამ სფეროთია დაინტერესებული.

თამაშის შექმნის იდეა დავით გოგიას და მის მეგობრებს – შალვა გაგნიძეს, ანა გოგელიას, და ლიზი შარიქაძეს გაუჩნდათ. გუნდის ოთხივე წევრი განათლებას სწორედ ელექტრონიკისა და ტექნოლოგიების სფეროში ღებულობს. ამ ახალგაზრდების მთავარი მოტივაციაა ელექტრონიკა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, სახალისო და საინტერესო. დავითის თქმით, „თამაში არის შემეცნებითი, წარმოდგენილი ინფორმაციისა და ათობით განსხვავებული დავალების საშუალებით, მომხმარებელს შეეძლება ელექტრონიკის შესახებ ბაზისური ცოდნა მიიღოს. სამაგიდო თამაშს ექნება ინტერაქციული დაფა, რაც მოიცავს მასთან დაკავშირებული აპლიკაციით სხვადასხვა მოქმედებების შესრულებასა და სენსორებთან მუშაობას. ჩვენს გუნდს აქვს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა თამაში ზუსტად მოერგოს სამიზნე ჯგუფების ინტერესებსა და სურვილებს. რაც მთავარია, მიუხედავად ელექტრული სქემებისა, თამაში არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებს და სრულად უსაფრთხოა მომხმარებელთათვის.“

#გადაწყვიტეახლებურად #ახალიიდეებიგანვითარებისთვის