Stanford Social Innovation Review არის სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულების მიერ 2003 წელს შექმნილი გამოცემა (https://ssir.org/), რომელიც მოიცავს გლობალური სოციალური პრობლემების საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებს. გამოცემის მიზანია, წაახალისოს კვლევასა და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
2021 წლის ზაფხულის გამოცემაში, სტატიაში სათაურით „The Tree Army” (ატორები: Sandali Handagama & Agostino Petroni), მოთხრობილია ორგანიზაცია Gone West-ის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს ხეების დამრგველებად ასაქმებს და ტყეების განაშენიანებას მომგებიან ბიზნესად აქცევს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Labor Organization) 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, 15-25 წლის ახალგაზრდებს შორის სამჯერ უფრო ნაკლებია დასაქმების მაჩვენებელი, ვიდრე ზრდასრულებში. 2019 წლის მონაცემებით მსოფლიოში 68 მილიონი ახალგაზრდა არ იყო დასაქმებული. ეს მდგომარეობა კოვიდის პირობებში კიდევ უფრო გაუარესდა – დიდ ბრიტანეთში ათიდან ერთმა, აშშ-ში კი 15-25 წლის ადამიანების 88%-მა დაკარგა სამსახური.
ველური ბუნების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის (National Wildlife Federation), კოლინ ომარას, აზრით, მილიონობით ამერიკელისთვის ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი იქნებოდა რუზველტის ხეების არმიაში გაწევრიანებით. ეს იყო აშშ-ს ფედერალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 1933-დან 1942 წლებში 3.4 მილიონი ადამიანი დასაქმდა ხეების დამრგველად.
ამ დროს ბრიტანეთში უკვე არსებობდა კომპანია Gone West, რომელიც ამგვარ არმიებს 2015 წლიდან ქმნიდა, ჯამში 5 მილიონზე მეტი ხითა და 200-ზე მეტი დასაქმებულით, რომელთა შორისაც, ყოფილი პატიმრებიც იყვნენ.
2012 წელს ჯეიმს ჰიუზი (James Hughes) ბრიტანეთის ხე-ტყის გადამამუშავებელ კომპანიაში მუშაობდა და მისი დღიური ანაზღაურება დაახლოებით 140 აშშ დოლარით განისაზღვრებოდა. მისი საქმე მოიცავდა მარადმწვანე მცენარე Sitka Spruce-ის დარგვას, რომელიც ბრიტანეთის კომერციული მცენარეების 50%-ზე მეტს შეადგენს. 2013 წელს ჰიუზმა საკუთარი მეწარმეობა დაიწყო და Gone West დაარქვა, რაც ბრიტანული იდიომაა და „გაგიჟებულს“ ნიშნავს. ხალხი მართლაც გიჟად თვლიდა, რადგან გადაწყვიტა ფული ხეების დარგვით ეშოვნა, თუმცა სასაცილო ამაში არაფერი იყო – ბოლო 30 წლის განმავლობაში ხეების უკანონო ჭრამ (predatory logging) და ინდუსტრიულმა მეურნეობამ 420 მილიონი ჰექტარის მოცულობის ტყე გაანადგურა. ცნობილია, რომ ხეების გაჩეხვა ხელს უწყობს ნახშირორჟანგის დონის მომატებას ატმოსფეროში, რაც დიდწილადაა დამნაშავე გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების პროცესებში. ტყის გაჩეხვა ასევე აზიანებს ადგილობრივ ეკოსისტემებს, იწვევს ბიომრავალფეროვნების მორღვევას, არეალს უფრო ადვილად დაზიანებადს ხდის უხვი ნალექის, ზვავებისა თუ სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების მიმართ.
შესაბამისად, ხე-ტყის გადამამუშავებელ კომპანიებს თავიანთი საქმიანობის მდგრადობის უზრუნველყოფაზე ზრუნვა მოუწიათ. იქიდან გამომდინარე რომ ავეჯი და ქაღალდი მუდმივმოთხოვნადი პროდუქტია, ხეების დამრგველებზე მოთხოვნა გაიზარდა. სწორედ აქ იპოვა ნიშა ჯეიმს ჰიუზმა. 2015 წლის ზამთარში კი მან მიაგნო დეტალს, რამაც მოახდინა მისი ბიზნესის მოდელის ტრანსფორმაცია. ის-ის იყო დაასრულა ერთი პროექტი, როდესაც სპონტანურად გადაწყვიტა, ოციოდე დარჩენილი ხე შეება მანქანაში და გლაზგოს ცნობილ მარკეტზე გაეყიდა. ხეების ფასი განისაზღვრებოდა მყიდველის კეთილი ნებით – ჰიუზმა ყველაზე ცოტა 0.07 ცენტი და ყველაზე მეტი – 27 დოლარი მიიღო თითოში ხის სანაცვლოდ. ის მიხვდა, რომ უფრო მეტ სარგებელს ნახავდა, თუ მასალას თავად მიაწვდიდა შემკვეთს – დაიწყო ადგილობრივი ბიზნესეკომპანიების ძებნა, ვინც რგავდა ხეებს თავიანთი საქმიანობის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით.
დღეს Gone West ერთ ხეში 7 დოლარს იღებს, რაც ჰიუზის ადრინდელ დღიურ ანაზღაურებაზე 100-ჯერ მეტია. მას შემდეგ, რაც კომპანიამ გარკვეულ სტაბილურ ფაზას მიაღწია, 2016 წელს დაიქირავა ჯეიკუბ სუტორი (Jakub Sutory), რომელმაც ჰიუზი დაარწმუნა, ხეების კვებისას არ გამოეყენებინათ პესტიციდები, რადგან ეს ძლიერ აზიანებდა როგორც გარემოს, ასევე ხეებთან მომუშავე ადამიანებს. საბოლოოდ, სუტორი კომპანიის ოპერაციული მენეჯერი გახდა და Gone West დღესდღეობით მხოლოდ იმ პირობით თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, თუ ისინი უარს იტყვიან პესტიციდების გამოყენებაზე.
2017 წელს Gone West-მა პირველად ჩაატარა საზოგადოებრივი კამპანია, სადაც 200-ზე მეტმა ადამიანმა გააკეთა 23 000 დოლარის შემოწირულობა, რათა კომპანიას მათ სახელზე დაერგო ხეები. 2019 წელს კი პირველად გაიყიდა კომპანიის აქციები, რამაც მოიზიდა 359 ინვესტორი 216 000 დოლარით, შედეგად, Gone West გადაიქცა საზოგადოებრივ ორგანიზაციად (Community-owned).
2020 წელს პანდემიის გამო ბრიტანეთი ჩაიკეტა. ჰიუზის კომპანიამ დიდი ზარალი მიიღო და ერთი მანქანაც დაკარგა, პორტუგალიაში ჩარჩენის გამო. სიტუაცია გამოსწორდა, როდესაც ბრიტანეთმა ხე-ტყის გადამამუშავებელ სფეროში მომუშავე ადამიანების საქმიანობა პრიორიტეტულად გამოაცხადა – ეს გამოწვეული იყო ტუალეტის ქაღალდების დეფიციტის გლობალური ისტერიით.
მოგვიანებით ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდა – ერთი ინვესტორი, რომელიც ამავე დროს პრინც ჩარლზის საქველმოქმედო ორგანიზაციის – Prince’s Trust წევრია, დაეხმარა ამ ორ ორგანიზაციას რესურსების გაერთიანებაში ახალგაზრდების უმუშევრობის შესამცირებლად, 14 აშშ დოლარის დონაციაზე კომპანია ერთ მუხას რგავდა. 2020 წლის მაისში, როდესაც პანდემია მძვინვარებდა ინტერიერის დიზაინის კომპანია „ლოფტის“ დირექტორმა ბენჯამინ ჰოლმა Gone West- 34 500 აშშ დოლარი გადაუხადა 4000 ხის დასარგავად, რადგან მიიჩნევდა, რომ პანდემიის ერთერთი მიზეზი დედამიწაზე ბიომრავალფეროვნების შემცირება იყო და თითოეულ ადამიანს მეტი უნდა გაეკეთებინა პლანეტის გადასარჩენად.
გარდა ამისა, იტალიაში ოპერირებადი ლუდსახარშის “Hammer”-ის დამფუძნებელმა ფაუსტო ბრიგატიმ, გადაწყვიტა ინვესტიციის განხორციელება, შექმნა რა ლუდის ხაზი „For the planet” საიდანაც თითო გაყიდულ ქილაზე 0.9 ცენტი ირიცხებოდა ჰიუზის კომპანიაში. მადლობის ნიშნად, Gone West-მა მის სახელზე 100 ხე დარგო.
დღეს Gone West 5.7 მლნ დოლარადაა შეფასებული, ჯეიმს ჰიუზი კი B Corp სერტიფიცირების მოლოდინშია, რაც ნიშნავს, რომ მისი კომპანია მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებით. ჰიუზი იმედოვნებს, რომ მალე წლიურად 5 მილიონ ხეს დარგავს და დაიქირავებს მეტ ადამიანს, რითაც მათ სურვილების ახდენის შესაძლებლობას მისცემს.


