ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ტელემედიცინის ინოვაციური სერვისები უკრაინაში

როგორ განვითარდა რუსეთ-უკრაინის ომისას ტელემედიცინის სერვისები უკრაინაში. გიზიარებთ მოკლე მიმოხილვას, რომელიც ეყრდნობა ჯაროუნ ლის, ვასან კუმარის, მარიანა პეტრეა-იმენოხოევას, ჰიჩამ ნაიმისა და შუჰან ჰე-ს სტატიას „მარტივი ტექნოლოგიები უკეთ მუშაობს – ტელემედიცინის გამოცდილება უკრაინაში“ (Telemedicine in Ukraine Is Showing That High-Tech Isn’t Always Better)[1] და ააანალიზებს აღნიშნული სერვისის უპირატესობებსა და შესაძლო გამოწვევებს.

ტერმინი ტელემედიცინა გულისხმობს ჯანმრთელობაზე ზრუნვის სერვისის დისტანციურ განხორციელებას, რომელსაც სამედიცინო დარგის პროფესიონალები უზრუნველყოფენ. დისტანციური სერვისი კი ექიმთან მარტივად დაკავშირებისა და კონსულტაციის საშუალებას იძლევა.

კატასტროფები და რესურსების სიმწირე აიძულებს ადამიანებს მიაგნონ პრობლემების მოგვარების ისეთ მარტივ საშუალებებს, რაზეც სხვა დროს არ უფიქრიათ. რუსეთ-უკრაინის ომმა ნათელი გახადა ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია რესურსების სწორად განკარგვა და განაწილება. უკრაინის ჰუმანიტარულ მისიებში არაერთი მოხალისე ჩაერთო. მალევე ორმა ორგანიზაციამ, Health Tech Without Borders და Telehelp Ukraine, დაიწყო ტელეკონსულტაციები და ჯამში მოემსახურნენ 62 ათასამდე პაციენტს.

უშუალოდ დაჭრილებისა და დაშავებულების გარდა, არიან ისეთი ბენეფიციარებიც, რომლებსაც მხოლოდ პირველადი კონსულტაცია ესაჭიროებათ. ასეთი პაციენტების მომსახურების მიზნით გამოიყენეს ტელემედიცინის სერვისები, უფრო კონკრეტულად კი ტექსტური შეტყობინებები. მედიკოსებს საშუალება მიეცათ ბენეფიციარებისთვის პასუხი დაებრუნებინათ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მოსახერხებელი იქნებოდა და დანარჩენი დრო დაეთმოთ გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის. გარდა ამისა, ტექსტური შეტყობინება ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა ომის დროს, რადგან იგი არ საჭიროებდა მძლავრ ინტერნეტსა და ელექტროენერგიის უწყვეტ წყაროს.

ომის დროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის წინაშე ხანდაზმულები დგანან. მათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ნაკლები უნარი აქვთ.  სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, Telehelp Ukraine-მ შექმნა მოხალისეთა ჯგუფი, ე.წ. ნავიგატორები, რომლებიც ხანდაზმულებს ტელემედიცინის სერვისით სარგებლობაში ეხმარებიან.  მათ ჯანდაცვის სფეროს მხოლოდ მინიმალური ცოდნა ესაჭიროებათ. ტელემედიცინის სერვისმა ჯანდაცვის ტრადიციული მოდელის ნაკლოვანებები აღმოფხვრა. აღნიშნულს ადასტურებს კვლევაც, რომელშიც 17 ათასზე მეტი ხანდაზმული მონაწილეობდა და გამოავლინა, რომ ტელემედიცინას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ჯანდაცვის რესურსების პროდუქტიულობა და შეამციროს ხარჯები, როგორც პაციენტის, ასევე ჯანდაცვის პროვაიდერების მხრიდან.

უკრაინა აქცენტს ტექსტურ შეტყობინებებზე აკეთებს. თუმცა, არსებობს ტელემედიცინის სხვა ისეთი სერვისებიც, როგორებიცაა აუდიო და ვიდეო ზარები და სხვადასხვა პლატფორმები. თითოეულ სერვისს განსხვავებული გამოწვევები ახლავს თან.

სტატიის დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე: https://ssir.org/articles/entry/telemedicine_in_ukraine_is_showing_that_high_tech_isnt_always_better

[1] https://ssir.org/articles/entry/telemedicine_in_ukraine_is_showing_that_high_tech_isnt_always_better