ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

რეგიონული მედიის გადარჩენა – გამოცდილება აშშ-დან

მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეგიონული მედია სერიოზულ კრიზისს განიცდის. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მედია დემოკრატიული წესრიგის საკვანძო ფაქტორად განიხილება. სწორედ ამიტომ, დემოკრატიული ქვეყნების მთავრობები აქტიურად განიხილავენ მზარდი პოლიტიკური მანიპულაციისა და დეზინფორმაციის პირობებში რა შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივი მედიის გადასარჩენად.

ამ მხრივ არც ამერიკის შეერთებული შტატებია გამონაკლისი. ბოლო ორ ათწლეულში ადგილობრივ ჟურნალებში რეკლამების რაოდენობა 82%-ით, ხოლო ჟურნალისტთა რაოდენობა 60%-ით შემცირდა. ეს მონაცემები პრობლემის სიმწვავეზე კარგად მეტყველებს.

აღნიშნულ გამოწვევასთან საპასუხოდ 2020 წელს დაფუძნდა საზოგადოებრივი კოალიცია Rebuild Local News. საწყის ეტაპზე იგი Report For America-ს ნაწილს წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი საინფორმაციო, არაკომერციული ორგანიზაციაა და  ახალბედა ჟურნალისტებს მედიებთან აკავშირებს. მისი სპონსორი Ground Truth Project-ია, რომელიც მეტწილად ჟურნალისტთა ანაზღაურებაზე გამოყოფს  სუბსიდიებს და ნიუსრუმებს საჭირო თანხების საზოგადოებისგან მოზიდვაში ეხმარება. Rebuils Local News, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, Report for America-ს ფარგლებში დაიწყო და აქცენტი პოლიტიკის ადვოკატირებაზე ჰქონდა. აღნიშნული მოიცავდა ისეთი გადაწყვეტილებებისა და პროგრამების შემუშავებას, რომელიც ადგილობრივი მედიების გაძლიერების მიზნით საგადასახადო შეღავათებსა და სუბსიდიებს გაითვალისწინებდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს აშშ-ს კონგრესი ძალიან ახლოს იყო ჟურნალისტიკის მდგრადობის აქტის მიღებასთან. აქტი ითვალისწინებდა სახელფასო ფონდებისთვის კრედიტს იმ მედიებისთვის, რომლებიც ინარჩუნებენ ადგილობრივ ჟურნალისტებს. კონგრესმა აღნიშნული კანონპროექტი საბოლოოდ არ მიიღო. მიუხედავად ამისა, კოალიცია გეგმავს ფედერალურ დონეზე კვლავ იბრძოლოს ადგილობრივი მედიის დაცვისათვის საჭირო კანონმდებლობის მისაღებად.

სწორედ პოლიტიკის ცვლილებაზე ფოკუსირება განასხვავებს Rebuild Local News-ს იმ ორგანიზაციებისაგან, რომლებიც ასევე ცდილობენ ადგილობრივი მედიის გადარჩენას. იგი მალევე იმდენად აქტუალური გახდა, რომ 2023 წელს Report for America-ს გამოეყო და ცალკე, დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. Ground Truth-ისა და Report for America-ის ამ ინიციატივას რამდენიმე ფონდი აფინანსებდა (Knight Foundation, The Ford Foundation, The MacArthur Foundation და American Journalism Project), სწორედ ამ დაფინანსების ნაწილი გადაეცა Rebuil Local News-ს. სტივენ ვოლდმანი, რომელიც Rebuil Local News-ის პრეზიდენტია, მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში საჯარო პოლიტიკის აქტორების გარდა, ფილანტროპები და კერძო ბიზნესიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

 

ზემოთ მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა Standford Social Innovation Review-ს (Vol, 22. N 2).