ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, რომელიც 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ხოლო 2019 წელს – მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია.სოციალური საწარმო – ორანჟერია „ყვავილები განათლებისთვის“ სწორედ მის მიერ, თავისსავე საკარმიდამო ნაკვეთში, სოფელ ნიგვზიანში შეიქმნა. იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ საწარმოდან მიღებული შემოსავალი მოხმარდეს ახალგაზრდებისათვის შესაბამისი რესურსების შექმნასა და მათ გაძლიერებას. თავის მხრივ, საწარმოში თავად ახალგაზრდები იქნებიან დასაქმებულები.
ამ დროისთვის, საწარმომ უკვე მოახერხა რამდენიმე ათასი ქოთნის მცენარის რეალიზება, რომლითაც 350 მოსწავლეს შეუძინეს სეზონური ტანსაცმელი. სოციალური საწარმოს სრულად ამუშავება დაგეგმილია ზაფხულის პერიოდში, მცირეოდენი სარემონტო სამუშაოების შესრულებისთანავე. გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ფართში მოშენდება სხვადასხვა სახის ქოთნის ყვავილები და დეკორატიული მცენარეები, რომლებსაც დარგავენ და მოუვლიან, სკოლის მოსწავლეები, სტატუს შეჩერებული სტუდენტები, უმუშევრად დარჩენილი ახალგაზრდები. ორანჟერეა იმუშავებს მუდმივ რეჟიმში. შემოსული თანხა კი მოხმარდება ახალგაზრდების საგანმანათლებლო რესურსებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას.
აღნიშნული იდეა წამოვიდა პროექტიდან „იები გიგაბაიტების სანაცვლოდ.“ პროექტის მიზანი იყო პანდემიის დროს მოსწავლეების ინტერნეტთან და ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა. იდეა საკმაოდ მარტივი იყო – ქოთნის ყვავილების გაყიდვით, მოსწავლეთათვის ინტერენეტის გადასახადის დაფარვა.პროექტი ინოვაციური და წარმატებული აღმოჩნდა. იების გაყიდვით და სხვადასხვა აქტივობებით, ერთ თვეში, 27,000 ლარის მობილიზება მოხერხდა, რომლითაც 882 მოსწავლე რამდენიმე თვის განმავლობაში ულიმიტო ინტერნეტით იყო უზრუნველყოფილი. ამასთან, სოფელ ჩიბათში მშობლებს წელიწადი და რვა თვე ინტერნეტის გადახდა არ უწევდათ.
ორანჟერია „ყვავილები განათლებისათვის“ შეიქმნა ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორი“-ს მხარდაჭერით, პროექტის: ,,კულტურული მრავალფეროვნების პროგრამა“ ფარგლებში (დონორი: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი). დეტალურად ორანჟერიის საქმიანობას გაეცანით ბმულზე


