ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

მახვილგონიერი კოლაბორაცია (An Insightful Collaboration)

Stanford Social Innovation Review არის სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულების მიერ 2003 წელს შექმნილი გამოცემა (https://ssir.org/), რომელიც მოიცავს გლობალური სოციალური პრობლემების საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებს. გამოცემის მიზანია, წაახალისოს კვლევასა და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
2021 წლის ზაფხულის გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია სათაურით „An Insightful collaboration“ (ავტორები: Tianli Feng & Jia Li) გვიყვება წარმატებული კოლაბორაციის ამბავს, რომელიც იწყება ჩინელი მოსწავლის ისტორიით.
სუნ მინგი, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს ერთ დღესაც იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ სამყარო მის ირგვლივ გაიდღაბნა. ის ვეღარ ახერხებს დაფაზე დაწერილი სიტყვების გარჩევას ისე სწრაფად, როგორც ადრე. ამის შესახებ უყვება ბებიასა და ბაბუას, რომლებიც მეურვეობას უწევენ პატარა ბიჭს, რადგან მისი მშობლები სამუშაოდ არიან წასულები. მოხუცები ამშვიდებენ, რომ ამაში სანერვიულო არაფერია, საჭიროა ტრადიციული „თვალების მასაჟი“ და პრობლემა მოიხსნება. თუმცა, პირიქით ხდება და სუნ მინგი მალე ვეღარც მასწავლებელს ხედავს გარკვევით და ვეღარც თანაკლასელებთან ერთად თამაშობს. აკადემიური მოსწრება უარესდება, ბიჭი კი იწყებს სხვებისგან თვითიზოლაციას.
სტატიის ავტორები ამბობენ, რომ სუნ მინგის ისტორია არაა გამონაკლისი, მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვების საერთო რაოდენობის ნახევარი ჩინეთში ცხოვრობს. ასობით სოფელში ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ყოველ შემოწმებაზე იყო სულ მცირე ერთი ბავშვი, რომელიც საჩვენებელ დაფაზე ვერ ხედავდა ყველაზე დიდ E-საც კი. მიუხედავად ამისა, სათვალე თითქმის არავის ეკეთა.
ამ საკითხის შესასწავლად სტენფორდის უნივერსიტეტისა და ჩინეთის ადგილობრივი სასწავლებლების მკვლევრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ კოლაბორაცია REAP (Rural education action program). კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ათეულობით მილიონ ბავშვს ჩინეთში ჰქონდა გამოუსწორებელი მიოპია (ახლომხედველობის პრობლემა. გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთის 800 მლნ. მოსახლეობიდან ორი მესამედი ცხოვრობს სოფლის ტიპის დასახლებებში სადაც ცხოვრების დონე ბევრად ჩამორჩება ურბანულს).
2017 წელს, აღნიშნულ პრობლემაზე სამუშაოდ, REAP-მა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია OneSight-თან და ჩინეთის ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ ცენტრთან (Zhongshan Ophthalmic Center in Guangzhou) პარტნიორობით, დააარსა ინოვაციური სოციალური საწარმო Smart Focus. ამერიკულ-ჩინურმა თანამშრომლობამ პირველ მიზნად დაისახა მხედველობის პრობლემის გავრცელების დონის შესწავლა და იმის აღმოჩენა, იყო თუ არა კავშირი მხედველობის გაუმჯობესებასა და აკადემიურ მოსწრებას შორის. 250 სკოლაში შემოწმებული 20 000 ბავშვიდან მეოთხედს ჰქონდა მხედველობის პრობლემა, თუმცა მიოპიის მქონე ბავშვებიდან 6-დან 5-ს სათვალე არ ეკეთა.
მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი – ახლომხედველთა ნახევარს გადასცეს სათვალე უფასოდ, მეორე ნახევარს კი, რომელიც საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა, უბრალოდ უთხრეს, რომ მათ სათვალე სჭირდებოდათ და გამოუწერეს შესაბამისი დანიშნულება. ამით აინტერესებდათ, რამდენი მათგანი დაიწყებდა მხედველობის გაუმჯობესების გზების ძიებას როდესაც მათ უკვე იცოდნენ, რომ ამაში სათვალე დაეხმარებოდათ. ცხრა თვის შემდეგ ექსპერიმენტატორები ისევ ჩავიდნენ ადგილზე, რათა ენახათ შედეგები და დარჩენილი ნახევრისთვის დაერიგებინათ სათვალეები. მათ ასეთი სურათი დახვდათ – საკონტროლო ჯგუფში 6-დან 1 ბავშვს მოეძებნა სათვალე დამოუკიდებლად, ექსპერიმენტულ ჯგუფში კი, სადაც სათვალე ყველას ჰქონდა, სტანდარტიზებული ტესტის შედეგები ორჯერ უკეთესი იყო. ეს ნიშნავდა, რომ მხედველობის გაუმჯობესებამ აკადემიური მოსწრებაც გააუმჯობესა!
Smart Focus-მა მოახდინა რამდენიმე პრობლემის იდენტიფიცირება, როგორც სათვალის მოთხოვნის, ასევე მიწოდების ჯაჭვში: პირველი – სოფლის ტიპის დასახლებებში ოპტიკოსების ხარისხიცა და რაოდენობაც იყო არადამაკმაყოფილებელი; მეორე – სკოლებში არ ხდებოდა მხედველობის შემოწმება, წამყვანი კლინიკები და ჰოსპიტლებიც კი ვერ უზრუნველყოფნდნენ მხედველობაზე ზრუნვის სერვისს სოფლებში. გარდა ამისა, ოპტიკური მაღაზიები დაბალი ხარისხის ლინზებს სთავაზობდნენ მომხმარებლებს და მაღალი ფასების გამო არც აქ ამოწმებდნენ პაციენტების მხედველობის მდგომარეობას. რაც შეეხება მოთხოვნის მხარეს, ერთი მხრივ, ინფორმაციის არქონა მიოპიის შესახებ და მეორე მხრივ, ადგილობრივებში გავრცელებული არასწორი წარმოდგენები მხედველობის გაუმჯობესების გზებზე, განაპირობებდა მათ უმოქმედობას – მოსახლეობა არც კი ეძებდა გამოსავალს.
ამ კვლევამ ბიძგი მისცა პრობლემების შესაბამისი გადაწყვეტილებების ძიების პროცესს. ცხადი იყო, რომ მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ იყო საკმარისი მოტივატორი სათვალის გასაკეთებლად. თუ დანიშნულების საფუძველზე 10-დან მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიმართა მხედველობის მკურნალობის გზას, მაშინ, როდესაც სათვალე უფასოდ ან მიზერულ ფასში შესთავაზეს, სერვისის მიმართვიანობა 75%-მდე გაიზარდა.
პერსონალის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, შეიქმნა 2-3 თვიანი პროგრამები, რომლითაც გადამზადდნენ კადრები, ვისაც ევალებოდა მარტივი დანიშნულების გაცემა. გარდა ამისა, დაიწყო მასწავლებლების დატრენინგებაც, რათა მათ შეძლებოდათ მხედველობის შემოწმება გარკვეული ხარისხით.
Smart Focus-მა ააშენა მხედველობის ცენტრები და ადგილობრივ ჰოსპიტლებთან დადო ხელშეკრულებები, რათა მასწავლებლების მიერ გადმომისამართებულ ბავშვებს მიეღოთ დამატებითი სრულფასოვანი კვლევა და საჭიროების შემთხვევაში, უფასო სათვალე.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი საჭიროებდა ფინანსებს, თუმცა ისიც ცხადი იყო, რომ სუბსიდირებული სათვალეების გარეშე, ბავშვების უმრავლესობა ვერ მიიღებდა სათანადო მომსახურებას. ამისთვის Smart Focus-მა და OneSight-მა შეიმუშავეს სოციალური საწარმოს ბიზნესგეგმა – სოფლის ტიპის დასახლებებში, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვები უფასოდ მიიღებდნენ სათვალეს, თუმცა უფრო განვითარებულ ადგილებში მცხოვრებლებს უნდა გადაეხადათ მომსახურების თანხა ბაზარზე არსებული სტანდარტული ან ოდნავ შეღავათიანი ტარიფით. ამგვარი ჯვარედინი სუბსიდირების გზა პროექტს საშუალებას აძლევდა ერჩინა საკუთარი თავი, ხოლო სოფლად მცხოვრებ ბავშვების დიდ ნაწილს უფასოდ მიეღო სათვალე. ერთობლივი ძალებით აშენდა 28 ცენტრი და გაიცა დაახლოებით 200 000 სათვალე. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, Smart Focus ჩინეთის 1500 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 2%-ს მოიცავს. ამხელა მოსახლეობის სრულად დაფარვა მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკას შეუძლია, ამისთვის Smart Focus ლობირებს სხვადასხვა საკითხს პარლამენტთან, ჯანდაცვისა თუ განათლების სამინისტროებთან. ამასთან, ორგანიზაცია ინარჩუნებს კვლევის მიმართულებას, სხვადასხვა კუთხით სწავლობს მხედველობისა და აკადემიური მოსწრების ურთიერთკავშირებს.