თანამედროვე ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში და გვეხმარება პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტის პროცესში. ამ მხრივ, არც განათლების სისტემა წარმოადგენს გამონაკლისს. დღეს ტექნოლოგიები აქტიურად ინერგება მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიმართულებითაც. გლობალურად, საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე მრავალი ორგანიზაცია მუშაობს ისეთი პროგრამების შექმნაზე, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.
2022 წელს განათლების ინოვაციების ხელშემწყობმა პროექტმა HundrEd-მა მსოფლიო ბანკსა და განათლების გლობალურ პარტნიორობასთან (GPE) თანამშრომლობით აწარმოა კამპანია „მასწავლებლები ცვალებადი სამყაროსთვის: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრანსფორმირება“, რომლის მიზანიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გამორჩეული ინოვაციური პროექტების გამოვლენა იყო. კონკურსში მონაწილეობის მიზნით მსოფლიოს 80 ქვეყნიდან 400-ზე მეტმა პროგრამამ გააკეთა განაცხადი. მკაცრი შერჩევის შემდგომ ათი საუკეთესო პროგრამა გამოვლინდა, რომელთა უმრავლესობაც საერთაშორისო მასშტაბით ფუნქციონირებს.
შერჩევა განხორციელდა ოთხ ეტაპად: 1. აღმოჩენა – ამ ფაზაში ხდება განაცხადების მიღება და მათი განაწილება ხუთ ძირითად კატეგორიაში: უნარები, მასწავლებლის განვითარება, ლიდერობა, შეფასება და გარემო. 2. მოკლე სია – ამ ეტაპზე დგება იმ ინოვაციების სია, რომლებიც აკმაყოფილებენ ორ კრიტერიუმს: მასშტაბურობასა და პროგრამის მინიმუმ ერთწლიან ხანგრძლივობას. 3. გარე ექსპერტების მიმოხილვა- 50 ქვეყნიდან 150 ექსპერტი განიხილავს მეორე ეტაპზე შერჩეულ პროგრამებს და გასცემენ რეკომენდაციებს. 4. შესარჩევი ვორქშოპები – მესამე ეტაპზე გაკეთებული რეკომენდაციები განმეორებით ფასდება კვლევის გუნდთან ერთად და ირჩევა ათი საუკეთესო[1].
სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით შეირჩა ქვემოთ განხილული ინოვაციური პროგრამები:
- Comunidad Atena, ვარკის ფონდის ინიციატივა: აღნიშნული პროგრამის დიზაინი მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურადაა მორგებული. იგი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ონლაინ სერვისებს და ეფუძნება თანამშრომლობით სწავლებას. უფასო სოციალური პლატფორმის არსებობა, რომელზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მასწავლებლებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ და გაუზიარონ პრატიკა ერთმანეთს. გარდა ამისა, მისი გამოყენებით შესაძლებელია MOOC-ებზე წვდომა. მეორე მხრივ, პროგრამის ფარგლებში შემუშავებულია ერთ კვირიანი სასწავლო ბანაკები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებს აერთიანებს. აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მიიღონ პრაქტიკულ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ტრენინგები, რომლებიც ისეთი უნარების განვითარებას უწყობს ხელს, როგორებიცაა თანამშრომლობა, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და კრიტიკული აზროვნება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ წელში პროგრამამ 104 ქვეყნიდან 50 ათასზე მეტი ვიზიტორი და 15 ათასზე მეტი წევრი გააერთიანა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის მასშტაბურობაზე. პროგრამის პოპულარობას ხელი შეუწყო TikTok-თან ჩამოყალიბებულმა ალიანსმა. აღნიშნული ამ სოციალური ქსელის პედაგოგიური მიზნებისთვის გამოყენებასაც ემსახურებოდა. ტიკტოკზე განთავსებულმა ვიდეოებმა ჰეშთეგით #aprendeentiktok 29 მილიარდზე მეტი, ხოლო #comunidadatenea – 578 ათასზე მეტი ვიზუალიზაცია დააგროვა.
- LeadNow!: კენიაში დაარსებული პროგრამაა, რომელიც შეზღუდული რესურსების და ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსების ინტერნეტის გამოყენების გარეშე ფუნქციონირებაზეა გათვლილი. იგი დისტანციური ტრენინგის და ქოუჩინგის ინსტრუმენტებს იყენებს. პროექტი რამდენიმე საფეხურისგან შედგება. მის ფარგლებში პარტნიორ სკოლებში ყალიბდება სატრენინგო ჯგუფები, რომლებიც, როგორც სკოლის დირექტორებისაგან, ასევე კონკრეტული მასწავლებლებისაგან შედგება. აღნიშნული გუნდი გადის მოდულს, რომელშიც ჩაშენებულია შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომა. ამის შემდგომ, საკუთარ სკოლაში სხვა მასწავლებლებს გადასცემს ცოდნასა და კომპეტენციებს. მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს პროგრამის სკოლის ბაზაზე დანერგვას. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა მასწავლებლებს სთავაზობს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ქოუჩინგს და იყენებს რეფლექსურ პრაქტიკას. შესაბამისად პასუხობს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ საჭიროებებს. და ბოლოს, პროგრამა ადაპტირებულია ყველა სახის ტექნოლოგიისათვის, იგი შესაძლებელია განხორციელდეს ტელეფონის, ონლაინ პლატფორმების, ვოცაფ სესიებისა თუ ვიდეო კონფერენციის სახით. სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა პროგრამის დანერგვასა და მოხმარებას ამარტივებს. ეს კი მეტად მოქნილსა და პრაქტიკულს ხდის მას. პროგრამის ხელმისაწვდომობის ალტერნატიული გზების არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი რეგიონებისთვის, რომლებიც ინტერნეტის დაფარვის მაღალი ხარისხით არ გამოირჩევიან და ასევე რესურსების სიმწირე ახასიათებთ.
- Tu Clase, Tu Pais: ეს არის ლათინურ ამერიკაში ფუნქციონირებადი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ქსელი, რომელიც აერთიანებს, როგორც პირისპირ, ასევე ვირტუალური სწავლების გამოცდილებებს. სასწავლო კურსების შექმნაზე სპეციალური საექსპერტო ჯგუფები მუშაობენ. უზრუნველყოფილია სერტიფიცირებული ტუტორების ჩართულობა და ხელმისაწვდომია 24/7-ზე მხარდაჭერის ჯგუფი. იმის გამო, რომ ზოგიერთ რეგიონში ინტერნტზე წვდომა შეზღუდულია და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება არ არის განვითარებული, ხდება პირისპირ სერვისების მიწოდებაც.
- PerformED: იგი რეალურად მასწავლებლის ქცევის შეფასების სისტემაა, რომელიც მყისიერად და რეალურ დროში ახდენს უკუკავშირისა და კრედიტების გაცემას. გარკვეულწილად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მასწავლებლის ონლაინ პორტფოლიო, რომელიც ცხად მტკიცებულებებს ეფუძნება და მყისიერი უკუკავშირის შესაძლებლობას იძლევა. ეს უკანასკნელი კი ამარტივებს ქცევაში ცვლილებების განხორციელებას და შესაბამისად შედეგებზეც დადებითად აისახება.
- Teach2023: პროგრამა ცდილობს მასწავლებლებს ცოდნა ადვილად ხელმისაწვდომი გზით გაუზიაროს. ამის საუკეთესო საშუალება კი სმარტფონი აღმოჩნდა. განსაკუთრებით ისეთი მწირი რესურსების პირობებში, როგორიც სუბ-საჰარის რეგიონშია. სმარტფონი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ციფრული ტექნოლოგიაა, რომელიც პროცესებს მეტად მოქნილს ხდის და ამარტივებს. პროგრამა მოიცავს მარტივად გამოსაყენებელ, პროფესიული განვითარების ციფრულ კურსებს, რომელიც ძალიან მცირე საკითხებად დანაწევრებულ მოდულებად არის წარმოდგენილი. პროგრამა თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის შიგნით, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გააუმჯობესოს პროფესიული განვითარების ხარისხი. უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალურ დონეზე პროგრამის განმახორციელებლები ლოკალური სპეციფიკის მცოდნე მასწავლებლებთან და სკოლებთან მუშაობის გამოცდილების მქონე ჯგუფები არიან. დღეისათვის პროგრამაში ჩართულია 40-ზე მეტი ქვეყნის ათი ათასზე მეტი მასწავლებელი.
- OneSky for All Children: იგი აზიის კონტინენტზე მოქმედი პროგრამაა, რომელიც 1998 წელს ჩინეთში ბავშვთა ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით დაარსდა და დღეისთვის სწავლების შერეული მიდგომების მეშვეობით აღმზრდელთათვის უზრუნველყოფს ხარისხიანი ადრეული განათლების ტრენინგებს. პროგრამა ეფუძნება ნეირომეცნიერულ კვლევებს, რომლებიც ცხადყოფს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარება ელვის სისწრაფით მიმდინარეობს და კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ამ პერიოდში ზრუნვისა და განათლების ხარისხს. სწორედ ამ ასაკის ბავშვებისთვის საჭირო სერვისების მიწოდების საჭიროება გახდა პროგრამის მამოძრავებელი ბირთვიც. მის ფარგლებში შემუშავდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც შთაგონებულია Reggio Emilia-ს ბავშვზე ორიენტირებული პრინციპებით და უზრუნველყოფს აღმზრდელების მომზადებას. სასწავლო მიდგომა გულისხმობს, რომ აღმზრდელებს და ბავშვებს შორის ურთიერთობა ემყარება თამაშსა და აღმოჩენებს, რაც ხელს უწყობს ბავშვის ჰოლისტიკურ განვითარებას. რაც შეეხება პროგრამის ტექნიკურ მახასიათებლებს, უნდა აღინიშნოს, რომ იგი თავდაპირველად ტაბლეტების დანერგვას ითვალისწინებდა სწავლის ხარისხისა და გამოცდილების გასაუმჯობესებლად. თუმცა აღმოჩნდა, რომ სმარტფონების გამოყენება ფინანსური თვალსაზრისით ბევრად ეფექტიანია. გამოთავისუფლებული თანხებით შეიქმნა სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელს უწყობს უწყვეტ და ხარისხიან სწავლებას. სპეციალისტების გადამზადება და სწავლება მობილური აპლიკაციებისა და პლატფორმების მეშვეობით ხორციელდება, რაც ზრდის პროგრამის მასშტაბებს და მეტ მოქნილობას ანიჭებს მას.
- Global School Leaders: პროგრამა დირექტორებს პრაქტიკული რჩევების მცირე მოდულებს სთავაზობს. სკოლის დირექტორებს, ლიდერებს, კრიტიკული გავლენა აქვთ სასწავლო პროცესის მსვლელობაზე. მაღალი ჩართულობის უზრუნველსაყოფად მოდულებზე წვდომა, როგორც სმარტფონით, ასევე კომპიუტერით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების და გამოწვევების დასაძლევად, პროგრამა პარალელურ რეჟიმში სატელეფონო ზარების მეშვეობითაც ფუნქციონირებს. რაც შეეხება შინაარსს, იგი აერთიანებს ქოუჩინგს და ვორქშოფებს. მის ფარგლებში აქცენტი კეთდება საგანმანათლებლო ლიდერობაზე. ძირითადი საფუძვლებია: 1- სწავლის პროცესის მონიტორინგი; 2- მონაცემთა შეგროვება და ანალიზი 3- პიროვნული ლიდერობის უნარები. ის, რასაც სკოლის დირექტორები სწავლობენ სემინარებზე, პირდაპირ გამოიყენება სწავლისა და სწავლების გასაუმჯობესებლად. ეს კი საშუალებას იძლევა შეფასდეს რა მუშაობს კარგად და როგორ შეეწყოს ხელი პროცესებში დაინტერესებული მხარეების ჩართვას.
- Puentes Educativos: იგი დაფუძნდა ჩილეში და დღეისათვის ლათინური ამერიკის სამი ქვეყნის 800-ზე მეტ სკოლაში ხორციელდება. იყენებს რადიოს, WhatsApp-ისა და Zoom-ის პლატფორმების კომბინაციებს. პროექტი სოფლად მცხოვრები მასწავლებლებისათვის 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროგრამა ოთხ ძირითად აქტორს მოიცვას: მოსწავლეები, მასწავლებლები/დირექტორები, ოჯახები და დაინტერესებული მხარეები. თითოეულ აქტორს ეძლევა პროექტი, რომელში მონაწილეობაც ნებაყოფლობითია. მოსწავლეებისთვის ასეთი პროექტებია: თანატოლთა სწავლება, ინტერაქტიული ჯგუფები, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, ლიდერული და სოციალურ-ემოციური ტრენინგები. მასწავლებლებისა და დირექტორების შემთხვევაში ეს არის ტრენინგები ლიდერობის სტრატეგიებსა და სწავლების ახალ მეთოდოლოგიაზე, სკოლების თანამშრომლობითი ქსელების განვითარება. ოჯახის შემთხვევაში – ტრენინგები სოციალურ-ემოციური მდგომარეობისა და მშობლების ჩართულობის შესახებ.
- ProFuturo Digital Education: ციფრული კომპეტენციების განვითარება პრიორიტეტული საკითხი აღმოჩნდა ProFuturo Digital Education-ისთვის, რომელიც აღნიშნული მიმართულებით 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და 1,3 მილიონი მასწავლებელი ჰყავს გადამზადებული. იგი არის ინოვაციური ციფრული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ცდილობს შეამციროს მსოფლიოს მასშტაბით განათლების ჩავარდნები და გააუმჯობესოს მისი ხარისხი ლათინურ ამერიკაში, კარიბის, აზიისა და აფრიკის ღარიბ ქვეყნებში. ProFuturo ორი ესპანური ინსტიტუტის, Telefonica Foundation-ისა და La Caixa Foundation-ის ერთობლივი პროდუქტია. იგი მიჰყვება რწმენას, რომ ციფრული განათლება ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით კი დაუცველი რეგიონებისთვის. პროგრამა ტექნიკურ დახმარებასთან, მონიტორინგისა და შეფასების სისტემებთან ერთად, აერთიანებს მასწავლებლებისთვის ტრენინგებს. გარდა ამისა, კონკრეტულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს სკოლების ტექნიკურ აღჭურვასაც.
- Inspiring Teachers: Peer Coaching Platform: პროგრამა, პირველ რიგში, სვამს კითხვას თუ რა შედეგი გვინდა მივიღოთ და შემდგომ – როგორ შეუძლია ტექნოლოგიას დაგვეხმაროს ამ შედეგის ეფექტურ მიღწევაში. პროგრამა მეტწილად ახორციელებს კოლეგების მიერ ქოუჩინგს, რადგან ეს უკანასკნელი ტრენინგზე მეტი ეფექტიანობით გამოირჩევა და დღეისათვის 11 ქვეყნიდან ხუთი ათასზე მეტ მასწავლებელია ჩართული. პროგრამა სკოლებს აწვდის ინსტრუმენტებს ქოუჩინგის პროგრამების პოტენციალის ასათვისებლად და ეხმარება გამოწვევების გადალახვაში. მის ფარგლებში შეიქმნა ინსტრუმენტები, რომლებიც მასწავლებელთა დახმარებას ისახავს მიზნად. შეგვიძლია ამ ინსტრუმენტების მოკლე მიმოხილვა შემოგთავაზოთ: 1- Inspiring Teaching Framework მასწავლებლებს სწავლების 27 და გამოწვევების დაძლევის 9 ტექნიკას სთავაზობს; 2- კოლეგათა ქოუჩინგის ინსტრუმენტები და დიაგნოსტიკა 3- სესიების დიზაინი, ფრომელიც მასწავლებლებსა და დირექტორებს საშუალებას აძლევს პრაქტიკაზე დაფუძნებული ტრენინგები ჩაატარონ; 4- ციფრული ხელსაწყოები, მათ შორის სასწავლო ვიდეოები და თანმხლები აპლიკაციები. პროგრამებში მოხალისეებად ჩართულნი არიან ამერიკისა და ბრიტანეთის ქოუჩი მასწავლებლები.
[1] https://hundred.org/en/articles/the-hundred-selection-process


