ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

გაიცანით, სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსის, ხუთი გამარჯვებული!

ვახტანგ დოლიძე – იდეა გულისხმობს გარემოში არსებული პლასტმასის ნარჩენების ათვისებას, გადამუშავებასა და ეკოლოგიურად სუფთა მეორეული ნაწარმის შექმნას. კერძოდ, ვახტანგი თავის თანამოაზრეთა გუნდთან ერთად, ოზურგეთში, გეგმავს 3D პრინტერების მეშვეობით პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების მცირე საწარმოს ამოქმედებას. საწარმო რეალიზაციას გაუწევს გადამუშავების შედეგად მიღებული ფილამენტის ძაფს და ასევე, მისგან დამზადებულ სხვადასხვა ნივთებს. ამასთან, საწარმო ეცდება გამოცდილებისა და ბიზნეს მოდელის გავრცელებას სხვა მუნიციპალიტეტებში.

ნიკოლოზ ბაძაღუა – “ნიკოს ეზო“ არის საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცე ხობის რაიონის სოფელ ხეთაში. „ნიკოს ეზო“ ხელს უწყობს ურბანული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის და იმავდროულად ეხმარება ადგილობრივ ახალგაზრდებსა და მეწარმეებს ახალი უნარებისა და ცოდნის დაუფლებაში. „ნიკოს ეზო“ ავითარებს ცენტრის/სივრცის მდგრად ბიზნეს მოდელს, რაც მნიშვნელოვანი იქნება მსგავსი სერვისების განვითარებისთვის.

გვანცა სიხარულიძე – საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების აპლიკაცია, რომელიც მორგებული იქნება ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებზე. ენის სწავლებისთვის საჭირო თეორიული მასალა მიწოდებული იქნება მათ მშობლიურ ენაზე. ასევე, სიტყვის განმარტებებიც საწყისს ეტაპზე იქნება მათ მშობლიურ ენაზე და გამოყენებული იქნება ილუსტრაციები. აპლიკაცია მოიცავს დონეებს A1-C1.

ნათელა ჩაჩხიანი – პროექტი ეხება შეზღუდული შესაძლებლობის, განსაკუთრებით აუტისტური სპექტრის და ღრმა ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებისათვის (და არამხოლოდ) კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალების-ბარათების გაცვლით კომუნიკაციის სისტემის (PECS) აპლიკაციის დამზადებას. აპლიკაცია გააერთიანებს სხვადასხვა სურათებსა და მოკლე ვიდეოებს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება მომხმარებლის მოთხოვნილებებთან და საჭირობებთან. აპლიკაციას ექნება საშუალება თითოეულმა მომხმარებელმა ააწყოს მისთვის საჭირო ბარათების სისტემა, საკუთარი სურათებით/ვიდეოებით, გახმოვანებით და კლასიფიკატორებით.

შალვა ლაბაძე – LEGO-განათლების კურსები სკოლის მოსწავლეებისათვის, რაც გაზრდის მათ დაინტერესებას პროფესიული განათლების და განსაკუთრებით STEM მიმართულებების მიმართ. LEGO-განათლების კურსები დაინერგება ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების საუნივერსიტეტო ცენტრის თანამედროვე აღჭურვილ შენობაში, ცენტრი, ასევე, ითანამშრომლებს დაინტერესებულ სკოლებთან და შეძლებს თავისი პრაქტიკის გავრცელებას.