ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის

2011 წლიდან ღია საზოგადოების ფონდის თბილისის და ლონდონის ოფისის „ბავშთა ადრეული განვითარების პროგრამის“ მხარდაჭერამ საფუძველი ჩაუყარა კოალიცია ბავშთა ადრეული განვითარებისათვის (კოალიციის) შექმნას. 2015 წელს 13 პროფესიული ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით დაფუძნდა კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისათვის. გაერთიანებამ მიზნად დაისახა ბავშვთა ადრეული ინტერვენციის სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს დასფეროში ჩართულ სხვა ძირითად მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება და აღნიშნული მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის განვითარება. კოალიცია იმავდროულად მოიაზრებდა ექსპერტული კონსულტაციის გაწევას მთავრობისთვის ბავშვთა ადრეული ინტერვენციის სისტემურ საკითხებთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით კოალიცია 17 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს.

გასული პერიოდის მანძილზე კოალიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ეროვნულ დონეზე ბავშვთა ადრეული ინტერვენციის მოდელის შექმნა. მოდელი გულისხმობს განვითარების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მხარდამჭერი სერვისების მიწოდებას ბიო-ფსიქო-სოციალურ მიდგომის გათვალისწინებით. მომსახურება ძირითადად ბავშვის ბუნებრივ გარემოში ხორციელდება, მშობლები და აღმზრდელები ჩართული არიან პროცესის ყველა ასპექტში, კონსულტაციას უძღვება მულტიდისციპლინური გუნდი.

კოალიციის ხელშეწყობით ასევე დაინერგა მომსახურების სპეციალური მიწოდების მოდელი მაღალმთიანი და ცენტრიდან დაშორებული რეგიონებისთვის, რისთვისაც შეიქმნა სახელმძღვანელო პრინციპებიც. საცხოვრებელ ადგილას ბენეფიციარებს სერვისები მიეწოდებათ ადგილობრივი გადამზადებული პარაფროფესიონალების მიერ. პროფესიონალებს სუპერვიზიას უწევს ადრეული ინტერვენციის აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი მულტიდისციპლინური გუნდი. მოდელი ამ ეტაპზე წარმატებით გამოიცადა აჭარის 5-ი მუნიციპალიტეტის 11 სოფელში.

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ადრეული ინტერვენციის სერვისები ნაწილობრივ იფარება სახელმწიფო ვაუჩერით, რაც ძირითადად სპეციალისტის ხელფასის ანაზღაურებას ითვალისწინებს. მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს (ქვეყნის მასშტაბით დღეის მდგომარებით 32 ორგანიზაცია) მუდმივად სჭირდებათ დამატებითი რესურსების მობილიზება, რათა სრულად დაფარონ სერვისის ადმინისტრირებისა და  სუპერვიზიის ხარჯები. ამის საპასუხოდ, კოალიციამ მოახდინა ხარჯების დეტალური აღწერა და სახელმწიფო დაფინანსების გაზრდის მიზნით დაიწყო ადვოკატირების კამპანია. აღნიშნული პროცესის დამსახურებით გაიზარდა ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო ქვე-პროგრამის წლიური ბიუჯეტი. კოალიცია აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, რათა მოხდეს შესაბამისი სერვისების სრული მხარდაჭერა ეროვნულ დონეზე.

კოალიციის საქმიანობის შედეგად რეალურად მოხდა ქვეყანაში ბავშვთა ადრეული სერვისის დანერგვა და გაფართოება, რასაც ბუნებრივად მოჰყვა სერვისზე მოთხოვნის ზრდა. ამ გარემოებამ სფეროში ჩართული ორგანიზაციები კვალიფიციური კადრის სიმწირის პრობლემის წინაშე დააყენა. ამავდროულად გამოწვევად რჩება ბავშვთა ადრეული განვითარების კუთხით პროფილური საუნივერსიტეტო პროგრამების არ არსებობაც. ამ ვითარებაში კოალიციამ პროფესიული გადამზადების ტრენინგში ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა. კერძოდ, 2017 წელს კოალიციის ძალისხმევით შეიქმნა ფასიანი სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამა, რომელიც დაამტკიცა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. პროგრამა სავალდებულოა მომსახურების პროცესში ჩართული ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტებისთვის. დღეის მდგომარეობით კოალიციის მიერ გადამზადებულ იქნა 300-ზე მეტი სპეციალისტი.

აღნიშნული პროგრამა ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, სასწავლო პროგრამები ასევე წარმოადგენს კოალიციის ფინანსური თუ ორგანიზაციული მდგრადობის მნიშვნელოვან წყაროს.

სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით კოალიციამ ასევე შეიმუშავა ეთიკის კოდექსი, რომელიც წევრობის მსურველ ორგანიზაციებს სავალდებულო ქცევის წესებსა და პრინციპების გათვალისწინებას სთხოვს. სამომავლოდ, კოალიცია გეგმავს სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების ხარისხის განვითარების მხარდამჭერი სერვისების შეთავაზებას, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს სფეროში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემდგომ განმტკიცებას. კოალიციის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე, რუსუდან ბოჭორიშვილის თქმით: „ამ მიზნით, 2020 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ განხორციელდა ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ხარისხის კვლევა. მიღებული შედეგების საფუძველზე მუშავდება პროგრამის შემდგომი გაუჯობესების გეგმა. 2025 წლისთვის დაგეგმილია, რომ ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ თანხვედრაში იყოს.“

კოალიციამ პროფესიული ორგანიზაციების თანამშრომლობით წარმატებით მოახერხა მნიშვნელოვანი სერვისის, როგორც დანერგვის ადვოკატირება, ასევე, სპეციალისტების სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამის სახით მისი მდგრადი განვითარების მექანიზმის ამოქმედება და ორგანიზაციული სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფაც.