ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი (www.lsgindex.org ) თვითმმართველობებში დასაქმებული და კარგი მმართველობის საკითხებზე მომუშავე ბევრი პირისთვის დღეს უკვე კარგად ცნობილი ინსტრუმენტია, რომელიც სწავლობს და აფასებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს. შეიძლება ითქვას, რომ ინდექსი სისტემურ ცვლილებაზე ორიენტირებული ინოვაციური გადაწყვეტაა, რომლის მიზანი საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა.

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა დაბალი ჩართულობა და ინფორმირებულობა, ისევე როგორც მუნიციპალიტეტების მიერ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა, საქართველოს თვითმმართველობების სერიოზული გამოწვევაა. აღნიშნული სიტუაციის გათვალისწინებით 2015 წელს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) შეიმუშავა მუნიციპალიტეტების გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასების სტანდარტის პირველი ვერსია. .  აღნიშნული სტანდარტით  საპილოტედ შეფასდა საქართველოს 8 მუნიციპალიტეტი: ქალაქი გორი, გარდაბანი, მარნეული, ქალაქი რუსთავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ქალაქი თელავი და ყაზბეგი. პირველი ეტაპი შეაფაა  CTC-ის ექსპერტებმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით, რაც რეალურად ატარებდა თვითშეფასების ხასიათს. მიღებული გამოცდილება CTC-ის დაეხმარა სტანდარტის შემდგომ დახვეწაში.  2016 წლის დასაწყისში იგივე მუნიციპალიტეტებში გაკეთდა უკვე გარე შეფასება, რომელიც CTC-ის მხარდაჭერით განახორციელეს ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა.  პროცესში გარკვეული გაუმჯობესებები 6 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა – „კარგად დავინახეთ რომ მსგავსი სტანდარტის არსებობა ეხმარება თვითმმართველობებს შესაბამისი კარგი პრაქტიკის ინიცირებაში და ამ მიმართულებით საქმიანობის ორგანიზებაში”. ამავდროულად, სტანდარტის პირველი რედაქციის პილოტირებამ ნათლად აჩვენა, რომ სტანდარტი საჭიროებს სრულყოფასა და განვითარებას. მაგალითად, პირველი ვერსიის მიხედვით, სტანდარტის ყველა ინდიკატორს თანაბარი წონა ჰქონდა. თუმცა თვალსაჩინო გახდა, რომ რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება გამორჩეულად მეტ ძალისხმევასა და მზაობას საჭიროებს. შესაბამისად, აუცილებელი იყო ინდიკატორებისთვის სხვადასხვა წონის მინიჭება. „აღნიშნული ცვლილება ასევე მნიშვნელოვანი იქნებოდა, ეროვნულ დონეზე ინდექსის გასაკეთებლად და რეიტინგული სისტემის ფორმირებისათვის”  – გიორგი ტოკლიკიშვილი, თვითმმართველობის სფეროს სპეციალისტი, ინდექსის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი

სტანდარტის პირველი ვერსიის გამოცდის შემდეგ გადაწყდა, სტანდარტის ნაციონალურ დონეზე გავრცობა და ერთიანი ეროვნული შეფასების სისტემის დანერგვა. ამ მიზნით, 2017 წელს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ინიციატივით ჩამოყალიბდა თანამშრომლობა –  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), ღია საზოგადოების ფონდსა და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრს შორის. გამოცდილებისა და ექსპერტიზის შეჯერებით ერთობლივად შეიქმნა სტანდარტის მეორე რედაქცია, შემუშავდა ეროვნულ დონეზე შეფასების დეტალური მეთოდოლოგია, შეიქმნა მხარდამჭერი ელექტრონული პლატფორმა, მომზადდა შემფასებელთა გუნდი (20 სპეციალისტი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონალურ ორგანიზაციას წარმოადგენენ). ასე ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის ეროვნული შეფასებისა და თვითმმართველობათა რეიტინგის სისტემის დანერგვას.

2017 წელს, ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა პირველი ეროვნული შეფასების განხორციელება. სტანდარტით დადგენილი მეთოდოლოგიით შეფასდა ყველა მუნიციპალიტეტი, მომზადდა მათი რეიტინგი და შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდა ელ-პლატფორმაზე. ასევე, შემუშავდა ერთიანი ეროვნული ანალიტიკური ანგარიშიც. შეფასების შედეგები ფართოდ გავრცელდა საზოგადოებაში, შესაბამის წრეებში და მოჰყვა მედიის მაღალი დაინტერესება და საკითხის აქტუალიზაცია. პირველმა ეროვნულმა შეფასებამ უზრუნველყო მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარების შესახებ სანდო საწყისი მონაცემების მოპოვება (baseline), რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო  შემდგომი დინამიკისა და პროგრესის ეფექტური გაზომვისათვის.

2019 წელს პარტნიორებმა  განახორციელეს რიგით მეორე ეროვნული შეფასება, რომელმაც დაადასტურა ინდექსის სიცოცხლისუნარიანობა და კიდევ უფრო გაზარდა მისი მნიშვნელობა და ავტორიტეტი. თვითმმართველობის ინდექსის განმახორციელებელი პარტნიორები გეგმავენ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ეროვნული შეფასების გამეორებას და იმედი აქვთ, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თვითმმართველობის განვითარებაზე. ამ დროისთვის უკვე მიღწეული შედეგები  იმედის მომცემია. ინდექსის მაჩვენებლები ასახულია მთის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის   სტრატეგიებში, როგორც სამიზნე ინდიკატორები; ინდექსის მონაცემებს  ეფუძნება კარგი მმართველობის განვითარების არაერთი პროგრამა. მხოლოდ  ეს გარემოებები უკვე ადასტურებს ინდექსის საყოველთაო აღიარებასა და  გავლენას.

ამასთან, 2017 წელთან შედარებით 2019 წლის შეფასების საშუალო მუნიციპალური შედეგი 7 პუნქტით გაუმჯობესდა და 21%-დან 28% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან დაბალია და შორსაა ინდექსის მაქსიმალური მაჩვენებლისგან (100%), რეიტინგების შემოღების სისტემამ, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებზე დადებითი გავლენა იქონია და ხელი შეუწყო მიღწევისა და გაუმჯობესების მოტივაციას. არაერთ მათგანს გაუჩნდა სურვილი, დანერგოს მოქალაქეთა ჩართულობის დადებითი პრაქტიკები, გაზარდოს პროაქტიოულად გამოქვეყნებული ინფორმაციის მოცულობა და ხარისხი, მომხმარებელზე უფრო მეტად ორიენტირებული გახადოს საკუთარი ვებ-გვერდი და ა.შ. საბოლოოდ კი აჩვენოს უკეთესი შედეგი ეროვნულ შეფასებასა და რეიტინგში. ასე მაგალითად, 2017 წელთან შედარებით 2019 წელს სხვადსხვა მუნიციპალიტეტმა საკუთარი შედეგი 23, 24, 25, 26 და 34 პუნქტითაც კი გაზარდა.

შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი არის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს – მუნიციპალიტეტებს, ცენტრალურ ხელისუფლებას,  საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს – არსებული გამოწვევების უკეთ დანახვაში, მონაწილეობისა და გამჭვირვალობის დადებითი პრაქტიკების გამოვლენასა და გაუმჯობესების დაგეგმვაში;

პარტნიორები ფიქრობენ, რომ ინდექსის განვითარება გაგრძელდება მუნიციპალიტეტების განვითარების პარალელურად. თუმცა, არსებული ფორმით ის აქტუალური დარჩება სავარაუდოდ კიდევ 6-8 წელი. ამასთან, აუცილებელია მომავალში მეტი ყურადღება დაეთმოს შეფასების შედეგების პოპულარიზაციას, რაც კიდევ უფრო მრავალმხრივ გამოყენებადს გახდის შეფასების შედეგებს.