ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

Dream a dream – ოცნების ოცნება

როდესაც ბავშვები და ახალგაზრდები იზრდებიან მზრუნველ გარემოში, სადაც ოჯახები და მთლიანად თემი პატივს სცემს და აღიარებს მათ ფიზიკურ, ემოციურ, გონებრივ და სულიერ საჭიროებებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ აღმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. ბოლოს და ბოლოს ხომ სწორედ მათ ხელშია სამართლიანი და პროგრესული საზოგადოების გასაღები. თუმცა, სამწუხაროდ, ნაკლებად პრივილეგირებული ბავშვები და ახალგაზრდები, მაგალითად ისინი, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში ან ისეთ გარემოში იზრდებიან, რომელშიც ემუქრებათ მიტოვების, ძალადობის და უგულებელყოფის საფრთხე, მოკლებულები არიან მზრუნველ გარემოში ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობას. სამართლიანია თუ არა ეს?

 

ამ საკითხით შეწუხებულმა ვიშალ ტალრეჯამ გადაწყვიტა დახმარებოდა ბავშვებსა და ახალგაზრდებს. თერთმეტ თანამოაზრესთან ერთად მან 1999 წელს ინდოეთში დააარსა „ოცნების ოცნება“ (www.dreamadream.org) – საქველმოქმედო ფონდი.

 

სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ სამყაროში ორგანიზაცია ზრუნავს დაუცველი ბავშვების გაძლიერებაზე იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებით, რომლებიც აუცილებელია ცხოვრების სირთულეების დასაძლევად და კეთილდღეობის მისაღწევად. „ჩვენი ბავშვები იზრდებიან ამ არაპროგნოზირებადი, რთული და სწრაფი ცვლილებების ფონზე. როგორ შეძლებენ ისინი ამასთან გამკლავებას?“  – კითხულობს ვიშალი.

 

ორგანიზაციის მიდგომა ბავშვზეა ორიენტირებული, რადგან არაპრივილეგირებული ბავშვები იშვიათად ექცევიან ვინმეს ყურადღების ცენტრში. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაუცველ ბავშვებზე, ჩვენ ასევე ვეხებით იმ სივრცეებს, რომლებიც სავსეა სირთულეებით“, – აღნიშნავს ვიშალი. მას სწამს, რომ ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას, თუ მათთვის გავლენიანი ადამიანები, იქნებიან ესენი მშობლები, მასწავლებლები, მზრუნველები, მენტორები თუ თემის წარმომადგენლები შეძლებენ მათთვის დადებითი სასწავლო გამოცდილების შექმნას.

 

„უმნიშვნელოვანესი და გადაუდებელია, რომ შევძლოთ დაუცველი ბავშვების მომზადება სწრაფად ცვალებადი და არაპროგნოზირებადი სამყაროსთვის და იმ ძირითადი ბრძოლისთვის, რომელსაც ავბედითობასთან გამკლავება ჰქვია“, – ამბობს ვიშალი.

 

დღევანდელ სამყაროში წარმატების მიღწევის საწინდარია ის უნარები, რომლებიც როგორც აკადემიურ, ასევე სოციალურ კომპეტენციებს ეფუძნება და აგრეთვე სასიცოცხლო უნარ-ჩვევები, როგორიცაა შემოქმედებითობა, ემპათია, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, ინოვაცია, პრობლემების გადაჭრა და სიმტკიცე. ამისთვის კი თანამედროვე განათლების სისტემა მზად არ არის. „როდესაც ჩვენი ბავშვები გამოწვევების წინაშე დადგებიან, რა გვსურს ჩვენ – ერთმანეთს ებრძოლონ თუ მიმართონ კრეატიულობას, გამოიჩინონ ემპათია ერთმანეთის მიმართ და მოძებნონ ისეთი გამოსავალი, რომელიც ყველასთვის ხელსაყრელი იქნება?“ – კითხულობს ვიშალი. ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ამ ხედვით ხელმძღვანელობს, შემდეგ ოთხ პროგრამას ახორციელებს ბავშვებისა და ახალგაზრდების გაძლიერებისთვის: სკოლისშემდგომი სასიცოცხლო უნარ-ჩვევები, კავშირები კარიერისთვის, მასწავლებლების განვითარება და მოხალისეების ჩართულობა.

 

სკოლისშემდგომი სასიცოცხლო უნარ-ჩვევების პროგრამა ინოვაციების ლაბორატორიის მსგავსია. აქ ხდება უნარების განვითრების ახალი მიდგომების შემუშავება, დემონსტრირება, დოკუმენტირება და შემდეგ უფრო  ჩარჩოში ინტეგრირება, რათა ეს ცოდნა ახლებურად მიაწოდონ ახალგაზრდებს. ამჟამად პროგრამა იყენებს ფეხბურთსა და ხელოვნებას რვიდან თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებში უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. პროგრამის გუნდი აღრიცხავს ყველა ტიპის გამოცდილებას, რაც შემდეგ გამოიყენება საქმიანობის ზეგავლენის შეფასებისა და მისი ტრანსფორმაციისთვის.

 

თვრამეტ წლამდე ახალგაზრდების, როგორც ოჯახის მარჩენლების სამწუხარო რეალობა, რაც გამოიხატება ღირსეული დასაქმებისა და კარიერული განვითარების მეტად შეზღუდულ შესაძლებლობაში კანონიერი სამუშაო ასაკის მიღწევის შემდეგ, მოითხოვს ინტეგრირებულ მიდგომას სწავლისადმი. „ჩვენ არ ვიცით რა ტიპის სამუშაოები იქნება მომდევნო 15-20 წლის შემდეგ“, ამბობს ვიშალი.  სწორედ ამ გარემოებისა და იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებთანაც გამკლავება ყოველდღიურად უწევთ დაუცველ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, „კავშირი კარიერისთვის“ პროგრამა ყველაზე პრიორიტეტულად მიიჩნევს ბავშვებსა და ახალგაზრდებში იმგვარი სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც მათ ნამდვილად დაეხმარება მოემზადნონ ცხოვრებისთვის. პროგრამის მეშვეობით თოთხმეტიდან ცხრამეტ წლამდე ბავშვებსა და ახალგაზრდებს მიეწოდებათ ინფორმაცია, უვითარდებათ უნარები და ეძლევათ მოზრდილობის ეტაპზე ჯანსაღი ტრანზიციის შესაძლებლობები. პროგრამა ამ მიზანს კარიერასთან დაკავშირებული სხვადასხვა ვორკშოპების, ინგლისურის ენის მოკლე კურსების, კომუნიკაციის უნარების, ფულის მენეჯმენტის ტრენინგების, აგრეთვე სტაჟირებების, სტიპენდიების, პროფესიული მომზადებისა და დასაქმების სქემების მეშვეობით ახერხებს.

 

ხშირად მიიჩნევა, რომ მასწავლებელი ყველაზე გავლენიანი ადამიანია ბავშვის ან ახალგაზრდის პირად ცხოვრებაში. „ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე დიდი რესურსი მასწავლებლების და განმანათლებლების ჯგუფებია“, ამბობს ვიშალი. როდესაც მასწავლებლები იჩენენ ზრუნვას და თავდადებას, მათი სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში, აქვთ ინსპირაცია და ტრანსფორმაციის სურვილი. „არსებობს იმედი იმისა, რომ ახალგაზრდების უნარებისა და შესაძლებლობების წახალისებითა და მათთვის სასიცოცხლო უნარ-ჩვევების მიცემით, ისინი შეძლებენ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებას“.

 

ამ ხედვის გათვალისწინებით, მასწავლებლების განვითარების პროგრამა მუშაობს ემპათიის, კრეატიულობის, მოსმენის ტექნიკების, გულწრფელი უკუკავშირის პრაქტიკის დანერგვისა და ფასილიტაციის უნარ-ჩვევების ხელშესაწყობად, რაც, თავის მხრივ, ემსახურება ბავშვებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას.

 

„ჩვენ, როგორც იტყვიან, გასაქანს ვაძლევთ მასწავლებლების პოტენციალს, რათა მათ გამოიყენონ ისეთი ძირითადი კომპეტენციები, როგორიცაა მოსმენა და არა მხოლოდ გონებით, არამედ გულითაც, დაეხმარონ ახალგაზრდებს დაამყარონ კავშირები, შექმნან უსაფრთხო სასწავლო სივრცეები – იგულისხმება როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური უსაფრთხოება, სადაც ბავშვები იგრძნობენ, რომ მათ ენდობიან და ამით შეძლონ მეტი სასიკეთო ზეგავლენის მოხდენა ახალგაზრდებზე.“

 

ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს, გახლავთ მოხალისეობის პროგრამა. მოხალისეობის პროგრამა იყენებს მოხალისეებს კორპორატიული, აკადემიური და განათლების სფეროებიდან ახალგაზრდებისთვის მაგალითის მისაცემად და მათზე ზეგავლენის მოსახდენად. მოხალისეებმა შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ერთჯერად გასართობ აქტივობებში, რომლებიც შესაძლოა მიზნად ისახავდეს გამოცდილების ან კონკრეტული უნარ-ჩვევების მიცემას ახალგაზრდებისთვის, ან სასიცოცხლო უნარ-ჩვევების პროგრამაში, ოთხდღიან საკემპინგე აქტივობაში. მათ შეუძლიათ გახდნენ მენტორები, სათავეში ჩაუდგნენ ფონდების მოძიების კამპანიას, გაიღონ შემოწირულობები ან გასწიონ პრო-ბონო პროფესიული მომსახურება. „ოცნების ოცნება“ ასევე მუშაობს სტრატეგიული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივებზე, რომელიც გულისხმობს თანამშრომლების ჩართულობას და პრო-ბონო სერვისების მიწოდებას.

 

შედეგად, „ოცნების ოცნებამ“ შეძლო დახმარებოდა და ზეგავლენა მოეხდინა 192.500-ზე მეტ ბავშვსა და ახალგაზრდაზე, რომლებთანაც 5000-ზე მეტმა განმანათლებელმა და 3000 მოხალისემ იმუშავეს სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებაში მათი მხარდაჭერის მიზნით. წარმატების მაღალი მაჩვენებელი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ორგანიზაციის სკოლისშემდგომი სასიცოცხლო უნარ-ჩვევების პროგრამის 94.% ადასტურებს პოზიტიურ ცვლილებებს მათ ცხოვრებაში,

 

ისეთი ორგანიზაციის მართვას, როგორიცაა „ოცნების ოცნება“, უზარმაზარი ფინანსური პასუსიხსმგებლობა ახლავს თან. ორგანიზაცია დაფინანსების რამდენიმე წყაროს ეყრდნობა კერძო შემოწირულობებიდან კორპორატიული ინსტიტუტების, ფონდებისა და გრანტების (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ კორპორატიული ფონდები და გრანტები ორგანიზაციის დაფინანსების მნიშვნელოვან წილს – 46%-სა და 38% პროცენტს შეადგენს, ფულადი სახსრების დანარჩენი ნაწილი ფონდების მოძიების სხვადასხვა ღონისძიებებისა და ინდივიდუალური შემოწირულობისგან გროვდება. უფრო მეტიც, ბიუჯეტის თითქმის 78% პროგრამებზე იხარჯება, ხოლო ოპერაციებისა და თანხის მოძიების ღონისძიებების დაფინანსებაზე 7-დან 15%-მდე იხარჯება. ორგანიზაციის ინოვაციური მიდგომები, ხარჯთეფექტურობა, ზეგავლენა და ღირებულება მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა უამრავი სხვადასხვა სექტორის აქტორისა და ინდივიდისთვის გრძელვადიანი დახმარების გასაღებად.

 

გასაკვირი არ არის, რომ ვიშალის, როგორც ლიდერისა და მოაზროვნის თვისებების წყალობით ორგანიზაცია ახალ მწვერვალებს იპყრობს. დაუცველი ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში შეტანილი მისი წვლილი კრეატიული საგანმანათლებლო მიდგომების გამოყენებით აღიარებულია ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ვალდცელის ინსტიტუტი ავსტრიაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა მსგავსი გლობალური პლატფორმები. ვიშალი აშოკას (https://www.ashoka.org/en) და აიზენჰაუერის (https://www.efworld.org/) – მსოფლიოში წამყვანი პროგრამების მონაწილეა, რომლებიც  აძლიერებენ და ერთმანეთთან აკავშირებენ მათ მიერ აღმოჩენილ ინოვაციური ხედვის ლიდერებსა და სოციალურ მეწარმეებს, რაც საშუალებას აძლევს ამ უკანასკნელთ გაზარდონ საკუთარი ინოვაციების მასშტაბები, ამით სარგებელი მოუტანონ ყველას და გააუმჯობესონ მილიონობით ადამიანის ცხოვრება.

 

კიდევ ერთი ინოვაცია, რაც ორგანიზაციას უკავშირდება, გახლავთ  „სასიცოცხლო უნარ-ჩვევების შეფასების შკალა“ (Life Skills Assessment Scale – LSAS), რომელიც ორგანიზაციამ ბრიტანელ კლინიკურ ფსიქოლოგებთან – დოქტორ ფიონა კენედისა და დოქტორ დეივიდ პირსონთან ერთად შეიმუშავა. შკალა წარმოადგენს ღია წყაროზე დაფუძნებულ ინსტრუმენტს და იგი გამოიყენება რვიდან თხუთმეტ წლამდე ბავშვებში, განსაკუთრებით, დაუცველებში, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ფლობის პროგრესის გასაზომად. ინსტრუმენტი ლიკერტის შკალის მეშვეობით აფასებს შემდეგ ხუთ სასიცოცხლო უნარს. ესენია: ინიციატივის აღების უნარი, თანაქმედება  პრობლემების გადასაჭრელად, კონფლიქტის მართვის უნარი და მითითებების/ინსტრუქციების გაგებისა და მათ მიმართ დამყოლობის უნარი.  ინსტრუმენტის ავტორების მიხედვით, მისი გამოყენება შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციებს, დონორებს, მკვლევრებს, კლინიცისტებს, პროგრამულ დეველოპერებსა და მზრუნველებს პროგრამის ზეგავლენის გაზომვის, ასევე ბავშვების ინდივიდუალური პროფაილების, მონაცემების ნორმებთან შეპირისპირებისა, ბავშვებისთვის მათთვის შესაბამისი პროგრამების განსაზღვრის, პროგრამების შედარებისა და უკუკავშირის მიზნით.

 

გარდა ამისა, ორგანიზაციის დახმარებით ინდოეთის დედაქალაქის ტერიტორიულმა ხელისუფლებამ წარმატებით შეიმუშავა „ბედნიერების კურიკულუმის“ კონცეფცია, რომელიც ეფუძნება „კოეგზისტენციალური ფიქრის“ ფილოსოფიას. ფილოსოფია, თავის მხრივ ეყრდნობა ცხოვრების ყველა ასპექტის – სულიერის, ინტელექტუალურის, ქცევითი და მატერიალური, ასევე, სამყაროს, საკუთარი თავის, სხეულის, ოჯახის, საზოგადოების, ბუნების შეცნობის მნიშვნელობას, რაც ასახულია კიდეც კურიკულუმში. ორგანიზაციამ მოამზადა მენტორი-მასწავლებლები ბავშვებთან მუშაობისთვის, რომლებიც ამ პროცესში იყენებენ ემპათიაზე დაფუძნებულ და კონტექსტუალიზებულ პედაგოგიურ ტექნიკებსა და სასიცოცხლო უნარ-ჩვევებზე ფოკუსირებულ მიდგომას. კურიკულუმმა უკვე უპასუხა მილიონზე მეტი ბავშვის ემოციურ და მენტალურ საჭიროებებს შექმნა რა მათთვის მასტიმილურებელი გარემო გაჯერებული კრიტიკულ აზროვნებზე, ამბის თხრობაზე, გამოცდილებაზე და თამაშზე დაფუძნებული აქტივობებით.

 

რადგან განათლების სისტემებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჭირს მოსწავლეების მომზადება არაპროგნოზირებად გარემოში ცხოვრებისთვის, ორგანიზაციის საქმიანობამ და მიდგომებმა მაგალითი მისცეს ინდოეთის ძირითად აქტორებს, ცენტრალური ხელისუფლებისა და პოლიტიკის წარმმართველი პირების ჩათვლით, რომლებმაც უკვე დაიწყეს ახალი ეკოსისტემების შექმნის მოსინჯვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც არახელსაყრელ პირობებში იზრდებიან და რომელთა წინა თაობიდან არავის უსწავლია სკოლაში, არ აქვთ სწავლისა და სასწავლო გარემოში ადეკვატური კომუნიკაციისთვის საჭირო საბაზისო უნარები. თუმცა, კარგი ამბავია ის, რომ „კვლევების მიხედვით, არახელსაყრელ პირობებში გაზრდილ ბავშვებს შეუძლიათ შეცვლა და მათი ტვინის განვითარება შეიძლება მალევე დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს“.

 

შესაბამისად, „ოცნების ოცნების“ მიდგომა სასიცოცხლო უნარ-ჩვევების სწავლებისადმი, რომელსაც ზურგს უმაგრებს შესაბამისი კვლევების შედეგები, ინტეგრირებულია საჯარო სექტორის მასწავლებელთა მომზადების კომპონენტში ინდოეთის ბევრ მხარეში. უფრო მეტიც, პრაქტიკოსებზე, ორგანიზაციებზე, მთავრობებისა და პოლისიმეიკერებზე გავლენისა და მათ შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად, ეს სასიცოცხლო უნარ-ჩვევების კომპონენტი უკვე გამოიცადა და ინტეგრირდა განათლების სისტემის რეფორმის ნაწილად.

 

ვიშალმა დაამტკიცა, რომ ტრადიციული რწმენისა და იდეების ეჭვქვეშ დაყენება აუცილებელია დაბრკოლებების გადალახვისა და სხვადსხვა თემში სწრაფად ცვალებადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამგვარ მიდგომას შეუძლია გავლენა მოახდინოს დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრზე და უბიძგოს მათ გაათავისუფლონ არენა, რათა ყველამ, მათ შორის დაუცველმა ადამიანებმა და ჯგუფებმა შეძლონ მასზე თამაში. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვამოძრავებს მძლავრი ჰუმანური ღირებულებები, ჩვენ საზოგადოებების და მათი მრავალი წევრის ცხოვრების გარდაქმნასაც შევძლებთ. თანდათანობით, ეს შესაძლებლობას მისცემს არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებ მრავალ ბავშვსა და ახალგაზრდას აიხდინოს ოცნება. ეს მიზანმიმართულობა კარგად ჩანს ვიშალის მცდელობებშიც: „ჩვენ გვსურს გასაქანი მივცეთ ემპათიის და სიყვარულის ძალას სამყაროში, რათა დაუცველ ახალგაზრდებს სამართლიანი შანსი ჰქონდეთ“.