ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

3დ საამქრო

გაიცანით, სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსის მორიგი გამარჯვებული გუნდი ვახტანგ დოლიძე, საბა სირაძე და დავით ვაშაყმაძე. მათი იდეა გულისხმობს გარემოში არსებული პლასტმასის ნარჩენების ათვისებას, გადამუშავებასა და ეკოლოგიურად სუფთა მეორეული ნაწარმის შექმნას, ამ იდეის განხორციელებასა და 3D საწარმოს შექმნას ისინი ოზურგეთში აპირებენ. საწარმო რეალიზაციას გაუწევს გადამუშავების შედეგად მიღებული ფილამენტის ძაფს და ასევე, მისგან დამზადებულ სხვადასხვა ნივთებს. ამასთან, საწარმო ეცდება გამოცდილებისა და ბიზნეს მოდელის გავრცელებას სხვა მუნიციპალიტეტებში.

ვახტანგ დოლიძე, საბა სირაძე და დავით ვაშაყმაძე ბავშვობის მეგობრები არიან. ვახტანგს არქიტექტურის და დიზაინის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, საბას საერთაშორისო სამართალი, ხოლო დავითს ბიზნეს ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. მეგობრები ფიქრობენ, რომ 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით წარმატებულები ხდებიან ის ადამიანები, რომლებმაც შეძლეს და მოიფიქრეს რაღაც ახალი და განსხვავებული რაც მანამდე მათ რეალობაში არ არსებობდა. 3D პრინტერთან პირველად შეხება ვახტანგს უნივერსიტეტში სწავლის დროს ჰქონდა და სწორედ ამ დროს დაინტერესდა პრინტერის შესაძლებლობებით. ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეკოლოგიურმა პირობებმა, 3D პრინტერის შესაძლებლობების გამოყენების სარგებლიანობამ და პერსპექტივამ მეგობრები 3D საამქრო-ს იდეის დამუშავებამდე მიიყვანა და აქტიურად დაიწყეს დაფინანსების წყაროების მოძიებაზე ზრუნვა. სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსის შესახებ სოციალური ქსელით გაიგეს და მონაწილეობა გადაწყვიტეს. მეგობრებმა შანსი გამოიყენეს და დღეს საამქროს მუშაობა რეალობა გახდა.