ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

შრომის პლატფორმა – მოპარული ხელფასის კალკულატორი

მოპარული ხელფასის კალკულატორი

ღირსეული შრომის პლატფორმა (http://shroma.ge) თანასწორობაზე დაფუძნებული არაფორმალური ერთობაა, რომელიც შრომითი საკითხებით დაინტერესებულ დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს. პლატფორმა ერთ სივრცეში უყრის თავს წევრი ორგანიზაციების მიერ შექმნილ რესურსებს, რათა ერთობლივი ძალებით უკეთ მოხერხდეს შრომით ურთიერთობებში არსებული ხარვეზების გამოსწორება და შესაბამისად, დასაქმებულების მხარდაჭერა.

პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია მოპარული ხელფასის კალკულატორი http://shroma.ge/wagetheft/questions.php?lang=ka– ონ-ლაინ აპლიკაცია, რომელიც დასაქმებულებს ეხმარება გამომუშავებული თანხის სრულად გამოანგარიშებაში და დანაკარგების გამოვლენაში. ხელფასის მოპარვა ხდება მაშინ, როდესაც დამსაქმებელი  სრულად არ იხდის (იპარავს) შრომისთვის კუთვნილ ანაზღაურებას. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის მოხმარებისას მომხმარებლის ვინაობის ანონიმურობა სრულად დაცულია.

მოპარული ხელფასის კალკულატორი მიზნად ისახავს პირველ რიგში, მოპარული ხელფასის არსის საზოგადოებისთვის გაცნობას. ამ მიზნით აპლიკაციის დახმარებით დასაქმებულს შეუძლია დაიანგარიშოს, გაწეული შრომისა თუ დახარჯული დროისთვის კუთვნილ რა თანხას „ჰპარავს“ დამსაქმებელი.

პლატფორმის წევრების მონაცემებით დამსაქმებლის მიერ მშრომელთათვის “ხელფასის მოპარვა” საქართველოში საკმაოდ  გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს, თუმცა მისი ზუსტი მასშტაბები უცნობია. სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, კუთვნილი ხელფასის მოპარვის მრავალი სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს, უმეტესად კი შემდეგი სახის დარღვევები იჩენს თავს:

– ზეგანაკვეთური შრომის სანაცვლოდ კუთვნილი ანაზღაურების არგადახდა.

– ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაო საათების მიღმა შრომის ანაზღაურების არგადახდა.

– გადაუხდელი ფეხის ქირა/ჩაი (მაგ. რესტორნის მიმტანებისთვის)

– სამსახურის დატოვების შემთხვევაში ბოლო თვის ანაზღაურების არგადახდა

– ხელფასის უკანონო დაქვითვა (მაგ. მაღაზიაში მოპარული/გაფუჭებული პროდუქციის ღირებულების კონსულტანტთა ხელფასიდან დაქვითვა, მათი ბრალეულობის გარეშე)

– სავალდებულო ტრენინგების გავლა არასამუშაო საათებში, ანაზღაურების გარეშე

– სპეციალური ტანსაცმლის ჩაცმისთვის ან სამუშაო ადგილზე მისვლისთვის საჭირო დროის (მაგალითად, მაღაროელების შემთხვევაში) არასამუშაო დროდ ჩათვლა.

ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ზეგანაკვეთური შრომის აუნაზღაურებლობა, რომელიც მშრომელს გაზრდილი საათობრივი ტარიფით უნდა გადაუხადოს დამსაქმებელმა (სასამართლო პრაქტიკით დადგენილია 125% დან 150%-მდე ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება). რადგანაც ზეგანაკვეთური ტარიფი კანონით განსაზღვრული არ არის, დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებულს ზეგანაკვეთური მუშაობა მინიმალური ტარიფით, მაგ. დამატებითი 1 თეთრით აუნაზღაუროს.[1]

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას, როდესაც კანონით უნდა განსაზღვრულიყო 125%-იანი ტარიფი,  საქართველოს ბიზნესასოციაციამ აღნიშნა, რომ „ზეგანაკვეთური შრომის 125% იანი განაკვეთით ანაზღაურება მხოლოდ სამ ინდუსტრიას 240 მილიონი ლარი დაუჯდება.“[2]  ამ მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია დავინახოთ, თუ რა მასშტაბით შეუძლია დამსაქმებელს დასაქმებულისათვის კუთვნილი ანაზღაურების „მოპარვა“.

ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მომსახურების სფეროში. ზეგანაკვეთური მუშაობის აუნაზღაურებლობის გარდა, მომსახურე პერსონალი ხელფასის მოპარვის სხვა პრობლემასაც აწყდება. ეს გახლავთ  კომპანიისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების, ე.წ. „დანაკლისების სქემა“, რომლის თანახმადაც კომპანია დასაქმებულებს ხელფასიდან უქვითავს გაფუჭებული, მოპარული პროდუქტის ღირებულებას, დასაქმებულის ინდივიდუალური ბრალეულობის გამოვლენის გარეშე. მომსახურე პერსონალის თქმით, მათ ხელფასიდან უქვითავენ გაყიდული და შემდეგ უკან დაბრუნებული ან ვადაგასული პროდუქციის ღირებულებასაც. ზოგ შემთხვევაში ეს თანხა დასაქმებულთა თვიური ხელფასის 50%-საც კი აღემატება.

სწორედ ამ პრობლემებთან გამკლავებას ემსახურება მოპარული ხელფასის ალკულატორი.მართალია, აპლიკაციის შედეგები ოფიციალური მტკიცებულებისათვის არ გამოიყენება, რადგანაც კითხვარი დასაქმებულის პერსპექტივიდანაა შევსებული, მაგრამ ის ემსახურება დასაქმებულთა გაძლიერებას.  მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, სწორედ დასაქმებულებმა დააფასონ საკუთარი შრომა და ჩაებან საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად.


[1] https://publika.ge/dghes-shromis-kodeqsi-mkholod-furcelzea-ra-valdebulebebi-aqvs-saqartvelos-asocirebis-khelshekrulebit/

[2] https://commersant.ge/ge/post/rodesac-maqsimaluri-xelshewyoba-unda-moxdes-biznesis-chven-mat-vuzrdit-danaxardjs-levan-vefxvadze-shromis-kodeqsshi-shesatan-cvlilebebze