ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ფორსეტი

ორგანიზაცია (ენთერფრაიზი) “ფორსეტი” დაარსდა 2017 წელს, მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება მონაცემების ვიზუალიზაციაა. რაც გულისხმობს შემდეგს: ანგარიშების, ტექსტებისა და რიცხვების სახით არსებულ ინფორმაციას გარდაქმნიან ვიზუალურ მასალად, საიდანაც ერთი შეხედვითაც კი მარტივია აზრის გამოტანა. ინფორმაციის ვიზუალურად გამოსახვისას „ფორსეტი“ქმნის ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა ინფოგრაფიკები, ანიმაციები, ილუსტრირებული ბროშურები და ა.შ.

ფორსეტის მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე რთულად გასაგები ინფორმაციის მარტივად აღქმაში, მონაცემთა ვიზუალიზაციის გზით. ინფორმირებული ადამიანი კი, უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ქვეყანას სწორი მიმართულებით განვითარებაში ეხმარება. როგორც „ფორსეტის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ნინო მაჭარაშვილი ამბობს,  „ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი ვერ გაიგებს, თუკი მას სწორად და მარტივად მიაწვდი. ინფორმაციის სწორად და მარტივად გადმოსაცემად კი ერთერთი საუკეთესო გზა ვიზუალიზაციაა“.

საკუთარი პროექტების ფარგლებში, ან პარტნიორი ორგანიზაციებისათვის მონაცემთა ვიზუალიზაციის პროდუქტების შექმნის გარდა, „ფორსეტის“ გუნდი სხვებსაც ასწავლის ამ საქმიანობას. განსაკუთრებით კი განვითარებში ეხმარება აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.  ამ მიზნით, „ფორსეტს“ აქვს სასწავლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში იწვევენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და სთავაზობენ სამკვირიან ინტენსიურ კურსს მონაცემთა ვიზუალიზაციაში. შემდეგ კი მთელი წლის მანძილზე დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში უწევენ მენტორობას იმისათვის, რომ მათ თავიანთ ქვეყნებში შექმნან საინტერესო ამბები მნიშვნელოვან მონაცემებზე დაყრდნობით.

ამასთანავე, ორგანიზაციას აქვს მოკლე პროგრამებიც, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასა თუ ინდივიდს სთავაზობს მონაცემთა ვიზუალიზაციის ვორკშოპებსა და მასტერკლასებს.

გამომდინარე იქედან, რომ „ფორსეტის“ გუნდს ტექნიკური კომპეტენციაც მაღალი აქვს, ისინი მუშაოებენ ე.წ. civic tech-ის მიმართულებით. რაც გულისხმობს დამოუკიდებლად ან პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ინოვაციური ციფრული პროდუქტების შექმნას, როგორებიცაა: ინტერაქტიული პორტალები, ვებგვერდები, საგანმანათლებლო კომპიუტერული და მობილური თამაშები და ასე შემდეგ.

ორგანიზაციის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება არის ე.წ. community building, რაც ნიშნავს იმას, რომ საკუთარი სამუშაო თემატიკის ირგვლივ „ფორსეტი“ ქმნის  დაინტერესებულ ადამიანთა ქსელს, რათა არსებობდეს სივრცე განხილვებისთვის, თანამშრომლობისთვის, ინსპირაციისა და განვითარებისთვის. ეს საჭიროა იმიტომ, რომ სფერო, რომელშიც ორგანიზაცია მუშაობს, რეგიონისთვის ახალი და უჩვეულოა და ამჟამად მიმდინარეობს მისი დანერგვა და მოძლიერება. „ფორსეტი“ ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის შეხვედრას, მასტერკლასსა და კონფერენციას, მათ შორისაა მისი ყველაზე მასშტაბური პროექტი – DataFest Tbilisi, რაც გახლავთ მონაცემთა ყველაზე მასშტაბური კონფერენცია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

რომ შევაჯამოთ, ორგანიზაცია ოთხი მთავარი მიმართულებით მუშაობს: ვიზუალური თხრობა მონაცემებით, სწავლება, civic tech და community building. ეს ოთხი მიმართულება მისი საქმიანიობის ფარგლებში ერთ მთლიანობას ქმნის.

ორგანიზაცია ჰიბრიდული მოდელისაა და მუშაობს როგორც გრანტებზე, ასევე, კომერციულ შეკვეთებზე; თუმცა, „ფორსეტის“ ყველა პროექტი არის სოციალური ხასიათის და მიზნად საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების მოტანას ემსახურება, მონაცემების, დიზაინის და ტექნოლოგიების გამოყენებით.

„ფორსეტი“ 2017 წელს დაარსდა, თუმცა საფუძველი გაცილებით ადრე ჩაეყარა. მანამდე, 5 წელზე მეტი დროის განმავლობაში, „ფორსეტის“ გუნდი მონაცემთა ვიზუალიზაციას Jumpstart Georgia-ში აკეთებდა. შეიძლება, ითქვას, რომ ეს გუნდი იყო პირველი, ვინც საქართველოში მონაცემთა ვიზუალიზაცია პროფესიულ დონეზე დაიწყო. შემდეგ ჯამპსტარტი დაიშალა, თუმცა გუნდს იმხელა მოტივაცია და სიყვარული ჰქონდა თავისი საქმისა, რომ ერთსულოვნად, სრულიად ახალი, საკუთარი ორგანიზაცია დააარსა და იქ განაგრძო საკუთარი საქმის კეთება, უფრო გამრავალფეროვნებული ელემენტებითა და გაზრდილი მასშტაბებით.

ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორი არის ნინო მაჭარაშვილი, ამ ეტაპზე გუნდი 10 თანამშრომლისგან შედგება: მონაცემთა ჟურნალისტები და მკვლევრები, დიზაინერები, ილუსტრატორები და ანიმატორები. ამ ეტაპზე საქართველოში მონაცემთა ვიზუალიზაციის პროფესიონალების სიმცირეა და შესაბამისად, კადრების პოვნა ადვილი არ არის, სწორედ ეს წარმოადგნეს ორგანიზაციის მთავარ სირთულეს. ამიტომ, გუდის ახალი წევრის დამატებისას მთავარი კრიტერიუმი გონიერება და განვითარებაზე ორიენტირებულობაა, ხოლო საქმისათვის საჭირო უნარებს ახალი თანამშრომლები უკვე გუნდში მუშაობისას იძენენ. სწორედ ერთად ზრდისა და განვითარების გამო არის „ფორსეტის“ გუნდი შეკრული და ერთიანი.

სამომავლოდ „ფორსეტი“ მიზნად ისახავს, საქართველოსა და მთლიანად რეგიონში რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს მონაცემთა ვიზუალიზაციაზე მუშაობის მოტივაცია და ამ გზით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად აქციოს ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მონაცემების მიღმა იმალება.