ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სოციალური საწარმო და სოციალური მეწარმეობა – გლობალური პერსპექტივა ადჰიპ პოკრელი

ავტორი: ადჰიპ პოკრელი

სოციალური მეწარმეობა, სოციალური საწარმო, სოციალური ინოვაცია და სოციალური ზეგავლენა  – გლობალურ სამყაროში მზარდად პოპულარული კონცეფციები, უკვე საქართველოშიც იკიდებს ფეხს, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და განვითარების სექტორის აქტორებს შორის.  რადგანაც ეს კონცეფციები პროგრესულად ვითარდება და მჟღავნდება მრავალი ფორმით, განვითარების სფეროს სპეციალისტებისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა მათთვის კონკრეტული განსაზღვრებების ან იდეების მისადაგება და შესაბამისად, მათი გაგებისა და კონცეპტუალიზაციის გამარტივება (Bielefeld, 2009). გარდა ამისა, ამ კონცეფციებს შორის ურთიერთკავშირი საკმაოდ მჭიდროა და ამვდროულად, რთულიც.

ტერმინები „სოციალური საწარმო“ და „სოციალური მეწარმეობა“ ხშირად სინონიმურად გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კვლევა ხაზგასმით მიუთითებს მათ შორის არსებული განსხვავების მნიშვნელობაზე, ასევე ბევრი სხვა კვლევა აღნიშნავს, რომ ორივე მათგანის საფუძვლები იმ ლიტერატურაში უნდა ვეძებოთ, რომლებიც 1700-იან წლებში მეწარმეებისა და მეწარმეობის შესახებ შეიქმნა. დარტის (Dart 2004) მიხედვით, სოციალური საწარმოს კონცეფცია კი საუკუნეზე მეტს ითვლის (Luke and Chu 2013), ხოლო, სოციალური მეწარმეობის კვლევას 1900-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი (Waddock and Post, 1991).

რადგანაც სოციალური საწარმოს და სოციალური მეწარმეობის კონცეფციები, რომლებიც ერთმანეთს უთავსებს კომერციულ საქმიანობასა და სოციალურ ამოცანებს, მკაფიოდ არ განსხვავდება მომგებიან და არამომგებიან აქტივობებთან მიმართებაში, ამ ორს შორის განსხვავება ნაკლებად შესამჩნევია (Chell, 2007; Mair and Marti, 2006).

ტერმინი „საწარმო“ ძირითადად ასოცირდება კომერციულ ბიზნეს აქტივობასთან (Chell, 2007; Dart, 2004) მიუთითებს რა, რომ სოციალური საწარმო წარმოადგენს სოციალური ბიზნესის ან ინტერვენციის ფორმას (Luke and Chu 2013).

ტერმინი „მეწარმეობა“ ასოცირდება შესაძლებლობების იდენტიფიცირებასთან,  ინოვაციებსა და რისკებთან (Kirzner, 1979; Shane, 2003; Venkataraman and Sarasvathy, 2001) ბაზარზე რაღაც ახლის შეტანასთან. ასე, რომ სოციალური მეწარმეობა გულისხმობს შესაძლებლობების გამოყენებას სოციალური მიზნის მქონე იმგვარი ინოვაციების დასანერგად, რომლებსაც ბაზრის შეცვლის პოტენციალი გააჩნია  (Corner and Ho, 2010; Leadbeater,1997).

ძირითადი განსხვავებების შეჯამებისთვს: სოციალური საწარმოს შესახებ არსებული კვლევებით ირკვევა, რომ სოციალური საწარმოს კონცეფცია მთავარ კითხვად მიიჩნევს „რატომ?“, ანუ აქ აქცენტი კეთდება სოციალური ბიზნესის დანიშნულებაზე, ხოლო სოციალური მეწარმოების შემთხვევაში მთავარი კითხვა არის „როგორ?“, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მნიშვენლოვანია ის პროცესები, რომლებსაც ეფუძნება სოციალური დანიშნულების მქონე ინოვაციური და სამეწარმეო აქტივობები (Luke and Chu 2013).

მიუხედავად განსხვავებებისა, ეს ორი კონცეფცია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რადგან მათი წარმოშობა უკავშირდება არასამეწარმეო სექტორის რეაგირებას ბაზრის იმ ხარვეზებზე, რომლებზეც საჯარო და კერძო სექტორებია პასუხისმგებელი (Chell, 2007; Nicholls, 2010). გარდა ამისა, ორივე მათგანი მომდინარეობს სიტყვიდან „მეწარმე“, რაც, თავის მხრივ, ასოცირდება ღირებულების შექმნასა და ეკონომიკის ცვლილებასთან (Petrella and Battesti 2014).

სოციალური მეწარმეობის პრაქტიკის პროფესორისა და დიუკის უნივერსიტეტის სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის დამფუძნებლის, პროფესორ გრეგორი დისის (J. Gregory Dees) აზრით, (სოციალური) ინოვაციის ხედვა ღირებულების შექმნის პროცესში, რომელსაც მიჰყვება მეწარმე და სოციალური მეწამეობის კონტექსტი განაპრობებს „სოციალური პრობლემების გადაჭრის ან სოციალური საჭიროებების მოგვარების ახლებურ და უკეთეს გზებს“ (Poon, 2011).

ბოლო წლებში სოციალური მეწარმეობამ სოციალური საწარმოს და სოციალური ინოვაციის ფორმები შეიძინა, ხოლო ტერმინმა „სოციალური მეწარმე“ უდიდესი როლი შეასრულა სამივე კონცეფციის პოპულარიზაციის საქმეში (Poon, 2011). ისეთი ადამიანების წყალობით, როგორიცაა ბანგლადეშელი მუჰამედ იუნუსი, რომელმაც შექმნა მიკროკრედიტების კონცეფცია სოციალური საწამოს გრამინ ბანკის მეშვეობით და მილიონობით ბანგლადეშელ ქალს დაეხმარა სიღარიბიდან თავის დაღწევაში, სოციალური ინოვაცია და სოციალური მეწარმოება სულ უფრო პოპულარული ხდება, როდესაც საქმე სოციალური პრობლემების გადაჭრას ეხება.

დანიშნულება: მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს სოციალურ საწარმოსა და სოციალურ მეწარმეობას შორის არსებულ განსხვავებას, წინამდებარე დოკუმენტის მიზანია მკითხველს წარუდგინოს სოციალური მეწარმეობის თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც ძირითადად ვლინდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ სოციალური საწარმოების მუშაობაში. მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ ამ თემის შესახებ არსებული ლიტერატურის ძირითადი ნაწილი უფრო დასავლეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებით იფარგლება. ამ დოკუმენტის მიზანი სულაც არ გახლავთ სოციალური მეწარმეობისა და სოციალური საწარმოს საკითხების სრულად ამოწურვა. როგორც რიდლი-დაფი და ბული აღნიშნავენ (Ridley-Duff and Bull, 2011: page 1) „სულ უფრო მეტი აქტივისტი, მეწარმე, ორგანიზაცია და ოფიციალური პირი იყენებს ტერმინს „სოციალური საწარმო“, როგორც ზოგად ტერმინს, იმ ორგანიზაციის აღსანიშნავად, რომელიც ავითარებს ინოვაციებს და საქმიანობს სოციალური მიზნების მისაღწევად.

რამდენიმე ძირითადი სიტყვის განმარტება

სოციალური საწარმო, სოციალური მეწარმეობა და სოციალური ინოვაცია მრავალნაირად შეიძლება განიმარტოს, ხოლო დებატები მათი ზუსტი განმარტების ირგვლივ ჯერაც არ დასრულებულა. ქვემოთ მოცემული ზოგიერთი განმარტება წარმოაჩენს აღქმებისა და მიდგომების ფართო სპექტრს, რომელიც ამ ტერმინებთანაა დაკავშირებული.

„სოციალური საწარმო წარმოადგენს სოციალური ეკონომიკის სფეროს ოპერატორს, რომლის მთავარი ამოცანა არა იმდენად მესაკუთრეების ან მეწილეებისთვის მოგების მიღება, არამედ სოციალური ზეგავლენის მიღწევაა. იგი ბაზარს აწვდის საქონელს და მომსახურებას ინოვაციური მეთოდებით. სოციალური საწარმო მოგებას უმთავრესად სოციალური ამოცანების მისაღწევად იყენებს. იგი იმართება ღიად და პასუხისმგებლიანად, ხოლო მართვის პროცესში ჩართულები არიან დასაქმებულები, მომხმარებლები და მეწილეები, რომლებიც განიცდიან მისი კომერციული აქტივობების გავლენას“. (ევროკომისია)

„სოციალური საწარმოები არიან კომპანიები, რომლებიც ათავსებენ საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის დამახასიათებელ ზეგავლენის მიღწევის დღის წესრიგს ბიზნესისთვის დამახასიათებელ მოგების გენერირების სტრატეგიებთან. ამ ორმაგი მიზნის მიღწევს ხერხები მრავალფეროვანია და ინდივიდუალურ კომპანიაზეა დამოკიდებული. თუმცა, ის, რაც ფუნდამენტურია ყველა კომპანიისთვის, არის მოგების მიზნის ჩანაცვლება ზეგავლენის მიღწევის მისიით, რაც გულისხმობს მნიშვნელოვან ცვლილებებს საზოგადოებასა და გარემოში“ (ოქსფორდის უნივერსიტეტი)

„სოციალური საწარმო, ეს არის ორგანიზაცა, რომლის მისია აერთიანებს შემოსავლების ზრდასა და მოგებას მის ირგვლივ არსებული გარემოს და დაინტერესებული მხარეების ქსელის საჭიროებების გაცნობიერებას და მხარდაჭერას. აქ იგულისხმება დიალოგი, ინვესტირება და დღევანდელი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ტენდენციების მართვა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იღებს კარგ მოქალაქედ ყოფნის პასუხისმგებლობას (როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთაც), ასრულებს მაგალითის მიმცემის ფუნქციას სხვა ორგანიზაციებისთვის და ხელს უწყობს ორგანიზაციის შიგნით ყველა დონეზე თანამშრომლობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას“ (Deloitte).

„საწარმო, რომელიც სერტიფიცირებულია მე-7 მუხლის დებულებების შესაბამისად და რომელიც მიზნად ისახავს ისეთი სოციალური ამოცანების შესრულებას, როგორიცაა, მაგალითად, ადგილობრივი მცხოვრებლების ცხოვრების დონის ამაღლებას და ა.შ. დაუცველი ჯგუფებისთვის სოციალური სერვისებისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის მეშვეობით. ამავე დროს, საწარმო დაკავებულია ისეთი ბიზნეს აქტივობებით, როგორიცაა წარმოება, სასაქონლო ვაჭრობა და სერვისების მიწოდება და ა.შ.“ (სამხრეთ კორეის კანონი სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის შესახებ).

ყველა ეს ზემოთ მოცემული გამარტება ეხმიანება იმ იდეას, რომლის მიხედვითაც სოციალური საწარმო არსებობს „სუბიექტის“ სახით სოციალური მიზნისთვის და რომელიც იყენებს ბაზრისთვის დამახასიათებელ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიებს სოციალური მიზნების მისაღწევად (Barrakat et al. 2010; Talbot et al., 2002).

„სოციალური მეწარმეობა არ არის ქველმოქმედება, ან აქტივიზმი. ის არც იმკომპანიებს გულისხმობს, რომლებიც ფონდებს ამუშავებენ. სოციალური მეწარმეობის ძირითადი კონცეფციები ეხება ინოვაციას, ბაზრის ანალიზს და სისტემების ცვლილებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ, როგორც კომერციული ან არაკომერციული სექტორის სოციალური მეწარმე,  ფოკუსირდებით იმ პროცესების ცვლილებაზე, რომლებიც აუარესებს ადამიანების ცხოვრებას ან გარემოს, ხოლო თქვენ მიზანს მდგრადი ცვლილების მიღწევა წარმოადგენს.“ (ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური მეწარმეობის სკოლის Skoll) ცენტრი და ოქსფორდის უნივერსიტეტის საიდის ბიზნესის სკოლა).

„სოციალური მეწარმეობა არის სოციალური ღირებულების შექმნის მიზნით შესაძლებლობების ამოცნობა და მათი შესაბამისი რესურსებით გამოყენების პროცესი. სოციალური მეწარმე არის ინოვაციური, გამჭრიახი და შედგეზე ორიენტირებული. ის იყენებს როგორც ბიზნეს, ასევე არაკომერციული სექტორების საუკთესო გამოცდილებებს იმგვარი სტრატეგიების შესამუშავებლად, რომლებიც მაქსიმალურად ზრდის მათ სოციალურ ზეგავლენას. ეს შემოქმედებითი ლიდერები მოქმედებენ ყოველგვარი ტიპის ორგანიზაციებში, იქნება ეს დიდი თუ მცირე, ახლად დაარსებული თუ ძველი, რელიგიური და სეკულარული, არაკომერციული, კომერციული და ასევე, ჰიბრიდული ტიპის. სწორედ ეს ორგანიზაციები ქმნიან „სოციალურ სექტორს.“

(დიუკის უნივერსიტეტის ფოკას (Fuqua) სკოლა)

თქვენი ალბათ შენიშნავთ, რომ სოციალური მეწარმეობის განსაზღვრება აქცენტს აკეთებს პროცესზე, რომელიც არის სოციალური მეწარმის მიერ ინოვაციური მიდგომების გამოყენების შედეგი სისტემური ცვლილებების მისაღწევად და სოციალური ღირებულების შექმნის მიზნით.

„სოციალურ ინოვაციაში იგულისხმება ინოვაციური აქტივობები და სერვისები, რომლებსაც ამოძრავებს სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზანი და რომლებიც მიზანინმართულად შეიქმნა და გავრცელდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებთა უმთავრესი მიზანი სოციალური ხასიათიასაა” (Geoff Mulgan)

„ახალი იდეები, რომლებიც პასუხობს არსებულ სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს ადამიანებისა და პლანეტის სასიკეთოდ. ჭეშმარიტ სოციალურ ინოვაციას ძალუძს სისტემის  ცვლილება – იგი სამუდამოდ ცვლის აღქმებს, ქცევებს და სტრუქტურებს, რომელთა გამოც წარმოიქმნა ეს გამოწვევები. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სოციალური ინოვაცია არის იდეა, რომელიც ქმნის საზოგადო სიკეთეს“.  (სოციალური ინოვაციის ცენტრი)

„სოციალური ინოვაცია არის სოციალური პროგრესის მხარდასაჭერად გამოწვევებისა და ხშირად, სისტემური სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების საპასუხოდ ეფექტიანი გამოსავლების შემუშავების და გამოყენების პროცესი“. (სოციალური ინოვაციის ცენტრი, სტენფორდი)

„სოციალური ინოვაცია წარმოადგენს სოციალური პრობლემების იმგვარ ახლებურ გადაწყვეტას, რომელიც უფრო ეფქტიანი, ხარჯთეფექტური, მდგრადი და სამართლიანია, ვიდრე სოციალური პრობლემების მოგვარების არსებული მექანიზმები და რომელთა საფუძველზეც შექმნილი ღირებულებით სარგებლობენ არა ცალკეული პირები, არამედ მთლიანად საზოგადოება“. (Phills, Deiglmeier & Miller, 2008).

„სოციალური მეწარმე თამაშობს ცვლილების აგენტის როლს სოციალურ სექტორში განსაზღვრავს რა საკუთარ მისიად სოციალური ღირებულების შექმნასა და შენარჩუნებას, ხელიდან არ უშვებს და ყველა ღონით ცდილობს შესაძლებლობების გამოყენებას ამ მისიის შესასრულებლად, ერთვება ინოვაციების განვითარების, ადაპტაციისა და სწავლის პროცესში, მოქმედებს გაბედულად და არ აშინებს იმ მომენტისთვის მის ხელთ არსებული რესურსების სიმწირე, დაბოლოს, ამჟღავნებს მიღწეულ შედეგებზე სამიზნე ჯგუფის წინაშე ანგარიშვალდებულების მომეტებულ გრძნობას“. (J. Gregory Dees)

ძირითადად, ამ ტერმინების ყველა მოცემული განმარტება შეიცავს „ცვლილებების აგენტის“ ელემენტს და რეაგირებას სოციალურ უსამართლობაზე. კონცეფციები ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული და დაკავშირებული.

სოციალური ინოვაცია იდეაა, სოციალური საწარმო – ბიზნეს მოდელი, ხოლო სოციალური მეწარმეობა აზროვნების სტილი, რომელსაც ავითარებს სოციალური მეწარმე. ისინი მუშაობენ ტანდემში, რადგან მათ აკავშირებთ რწმენა იმისა, რომ სოციალური ცვლილება მნიშვნელოვანია იმგვარი საზოგადოების შესაქმნელად, რომელშიც ყველას შეუძლია იცხოვროს კეთილდღეობაში ისე, როგორც ამას სანტოსი აღწერს (Santos, 2009, p.3), სოციალური მეწარმეობის კონცეფცია გახდა ერთგვარი კარავი, სადაც საკუთარ ადგილს პოულობს სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც, თავის მხრივ, აქტივობების ფართო ქოლგის ქვეშ ერთიანდება, აგრეთვე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს სოციალური დოვლათის დაგროვებას.” რაუნდი აღნიშავს, რომ „სოციალური მეწარმეობა მოიცავს როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული (რომელსაც ხშირად სოციალურ საწარმოდაც მოიხსენიებენ) სექტორების აქტორების მცდელობას შექმნან ისეთი ბიზნეს საწარმოები, რომლებიც პასუხობს სოციალურ პრობლემებს“.

ყველა ამ საკვანძო სიტყვების საბოლოო პროდუქტმა უნდა შექმნას სოციალური ღირებულება და შესაბამისად, სოციალური ზეგავლენა.

სოციალური ღირებულება იქმნება მაშინ, როდესაც რესურსები, შენატანები, პროცესები და პოლიტიკა ერთიანობაში აუმჯობესებს ინდივიდების ცხოვრების ხარისხს ან მთლიანად საზოგადოების მდგომარეობას. სწორედ ამ არენაზე ამტკიცებს არამომგებიანი ორგანიზაციების დიდი ნაწილი საკუთარ არსებობას და სამწუხაროდ, სწორედ ამ დონეზეა ყველაზე რთული ჭეშმარიტი ღირებულების გაზომვა. სოციალური ღირებულების მაგალითები გულისხმობს ისეთ „პროდუქტებს“, როგორიცაა კულუტურული პერფორმანსები, ტყეში სეირნობის სიამოვნება ან უფრო სამართლიან საზოგადოებაში ცხოვრების დადებითი მხარეები. კიდევ ერთხელ, რომ მოვიშველიოთ გრეგორი დისის სიტყვები, სოციალური ღირებულება „ეხება ინკლუზიას და ხელმისაწვდომობას. მასში იგულისხმება ინსტიტუციების მიმართ პატივისცემა და მათი ღიაობა. ეს ეხება ისტორიას, ცოდნას, მემკვიდრეობის აღქმასა და კულტურულ იდენტობას. ეს არის ღირებულება, რომელიც არ დაიყვანება მხოლოდ ეკონომიკურ ან სოციო-ეკონომიკურ ასპექტებამდე. სოციალური ღირებულება შეიძლება აღმოვაჩინოთ ანტიფაშისტურ ინტერვენციებში, თემის მობილიზიების გარკვეულ ასპექტებში, ცხოველების დაცვის კამპანიებსა და ფოლკლორში. მას გააჩნია თანდაყოლილი ღირებულება, მაგრამ მასზე შეთანხმების მიღწევა ან რაოდენობრივად გაზომვა ასევე დაკავშირებულია გარკვეულ გამოწვევებთან.“ [1]

[1]     https://redfworkshop.org/learn/value-creation-in-social-enterprises/

სოციალური საწარმოსა და სოციალურ მეწარმეობას შორის არსებული ძირითადი განსხვავებები
 

არაკომერციული ორგანიზაციები

სოციალური საწარმოები

სოციალური მეწარმეობა

იდენტობა

· აქცენტი არაკომერციულობაზე

· ბიზნესი სოციალური დანიშნულებით

· კომერციული და არაკომერციული აქტივობების ნაზავი (Dart,2004)

1. ინოვაციური და კომერციული აქტივობები სოციალური მიზნის მისაღწევად

2. ცვლილებების აგენტი (Leadbeater,1997)

ამოცანა

· პრო-სოციალური მისია (Dart,2004)

· ორმაგი მიზანი, რომელიც აერთიანებს სოციალურ მისიასა და ფინანსურ მდგრადობას

(Emerson & Twersky,1996)

პოზიტიური ცვლილება ინოვაციების, ახალი პროდუქტის შექმნის, სერვისების და/ან პროცესების მეშვეობით (Bornstein,2004)

ოპერაციები/ ნორმები

· ტრადიციული „ქველმოქმედის“ როლი (Dees, 1998b)

· ბიზნეს მიდოგმა, რომელიც გულისხმობს დაგეგმარებას, ვაჭრობას და შემოსავლის ნაკადებს (Dees,1998b)

· ფორმალური და არაფორმალური ვაჭრობა, ნაღდი ფულის და უნაღდო ტრანზაქციები (Barraketet al., 2010)

· სოციალური აქტივობები, აქცენტით ინოვაციებზე (Defourny &Nyssens, 2010; Weerawardena & Sullivan Mort,2006)

დაფინანსება და ამონაგები

· დამოკიდებულება გრანტებსა და შემოწირულობებზე

· სოციალური სარგებელი და ამონაგები

· გრანტებისა და თვითდაფინანსების კომბინაცია

· სოციალური ამონაგები ინვესტიციებზე, ფინანსური მდგრადობა

· თვითდაფიანსება

· ამონაგები სოციალური ცვლილების მეშვეობით, ფინანსური მოგება, აღიარება, რეპუტაცია (Shaw et al.,

forthcoming 2012)

სფერო

· მესამე სექტორის ნაწილი

· მესამე სექტორის ნაწილი

· რელევანტურია საზოგადოებისთვის, კერძო და მესამე სექტორები (Thompson,2002)

ლეგიტიმურობა

სოციალურ საჭიროებებზე რეაგირება რეალოკაციის/დონორების მიერ გაღებული თანხების მოხმარების მეშვეობით

· სოციალურ საჭიროებებზე რეაგირება კომერციული ბიზნეს ინსტრუმენტების გამოყენებით (Dart,

2004)

ცვლილება ინოვაციის მეშვეობით გაზრდილი ხარჯთეფექტიანობის მიღწევის მიზნით/სოციალურ საჭიროებებზე რეაგირების ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით (Nicholls, 2010a)

აღმოცენების მოკლე ისტორია

ვფიქრობ, სასარგებლო იქნება ვიცოდეთ თუ რატომ გაჩნდა სოციალური საწარმოს სექტორი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ზოგადად, მის აღმოცენებას ხელი შეუწყო კულტურულმა, ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა კონტექსტმა არაკომერციული ორგანიზაციების მეშვეობით.

აშშ-ში ეს პროცესი ძირითადად განაპირობა სახელმწიფოს როლის შეზღუდვამ და არსებულმა ბიზნეს კულტურამ და კერძო ფონდებისა და აკადემიური ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილმა ეკოსისტემამ მოახერხა და შექმნა სოციალური საწარმოების ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემო.

აშშ-ის მსგავსად, სახელმწიფოს როლის შეზღუდვა ძირითადი ფაქტორი გამოდგა აფრიკაშიც. ამ გარემოებამ შედეგად მოიტანა საგარეო აქტორების გააქტიურება და ინსტიტუციური მხარდაჭერის გაძლიერება საგარეო დახმარების ფორმით, რომელმაც წაახალისა სოციალური საწარმოს შესახებ იდეების კულტივირება.  

იგივე მიზეზები ეხება აღმოსავლეთ ევროპასაც. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლის შეზღუდვა განაპირობა კომუნიზმის დაცემამ და საგარეო აქტორების მიერ გაწეულმა ინსტიტუციურმა მხარდაჭერამ.

ამ შემთხვევებისგან განსხვავებით, დასავლეთ ევროპაში სწორედ სახელმწიფომ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი სოციალური საწარმოს, როგორც დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური პრობლემების მოგვარების პროცესში მნიშვნელოვანი აქტორის პოპულარიზაციაში. ამ მიდგომის შედეგად, დასავლეთი ევროპის ქვეყნებში ჩამოყალიბდა სოციალური საწარმოს იდეის განვითარებისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზა. გარდა ამისა, გავნითარებას ასევე შეუწყო ხელი სამოქალაქო საზოგადოების მძლავრმა კულტურამაც.

რაც შეეხება ლათინურ ამერიკას, აქ მოვლენები ცოტა სხვანაირი სცენარით განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ტრადიციის ძლიერმა გავლენამ ხელი შეუწყო ამ იდეის გავრცელებას რეგიონში, სახლემწიფოს უუნარომაბამ გამკლავდებოდა საჯარო ფინანსების ხარჯვის შედეგად წარმოშობილ მძლავრ ეკონომიკურ კრიზისს, უბიძგა კოოპერაციული ორგანიზაციების ფორმით მოქმედ კერძო სექტორს ხელში აეღო სადავეები.

სოციალური საწარმოს გამოკვეთილი მახასიათებლები

ევროკომისიის მიერ მიღებული განმარტება, რომელიც ქვემოთ, დიაგრამაზეა ნაჩვენები, მკაფიოდ წარმოაჩენს სოციალური საწარმოს განზომილებებსა და „წინაპირობებს“. ეს განმარტება კარგად წარმოადგენს სოციალური საწარმოს გლობალურ სურათს (Rutgers School of Social Work and Huamin Charity Foundation, 2018).

ასევე, კრიტერიუმები, რომლებიც ევროკომისიამ შეიმუშავა, დაგვეხმარება კარგად გავერკვიოთ სოციალური საწარმოს ზოგად სტრუქტურულ კომპოზიციაში. მათი რეკომენდაციის მიხედვით, სოციალური საწარმო უნდა ახორციელებდეს შემდეგ აქტივობებს ან ქონდეს შემდეგი მახასიათებლები:

  1. ჩართული იყოს წარმოებაში ან რუტინულად ცვლიდეს საქონელსა და მომსახურებებს
  2. ქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული სოციალური მიზანი და მოქმედებდეს საზოგადოების სასარგებლოდ;
  3. ლიმიტირებულად ახდენდეს მოგების/აქტივების განაწილებას და ამ პროცესში პრიორიტეტს ანიჭებდეს სოციალურ მიზანს და არა ფინანსურმოგებას;
  4. უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან და სხვა ტრადიცული კომერციული ორგანიზაციებსგან;
  5. ქონდეს მმართველობის ინკლუზიური სტრუქტურა და/ან გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიული პროცედურა (ევროკომისია, 2015)
გლობალური ტენდენცია

სოციალური საწარმოსა და სოციალური მეწარმეობის მიმართ არაკომერციულ და აკადემიურ სფეროში მომუშავე სპეციალისტების ინტერესი სულ უფრო იზრდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით (Bielefeld, 2009). ამ ინტერესის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სოციალური პრობლემების გადაჭრის საქმეში მთავრობებისა და ბიზნეს სექტორის შესაძლებლობების მიმართ მზარდი სკეპტიციზმი (Dacin, Dacin & Tracey, 2011; Harding 2007; Wilson 2008).

საჯარო პოლიტიკის ირგვლივ მიმდინარე მსჯელობისას ხშირად ახსენებენ სოციალური საწარმოების წვლილს ისეთი სოციო-ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირებაში, როგორციაა უმუშევრობა და უთანასწორობა  (ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაცია და ევროკავშირი, 2017). რადგან ის თავს უყრის სხვადასხვა დისციპლინას, დაწყებული ანთროპოლოგიითა და ეკონომიკით, დამთავრებული პოლიტიკური მეცნიერებებითა და სოციოლოგიით და არ გამორიცხავს არც კომერციულ და არც არაკომერციულ საქმიანობებს (Dacin et al., 2011), იგი მიჩნეულია როგორც ყველასთვის მომგებიანი ფენომენი.

თუმცა, სოციალური საწარმოების და სოციალური მეწარმეობის პრაქტიკა აშშ-ში რამდენადმე განსხვავებულია. ისინი მეტად არიან ორიენტირებულები შემოსავლების გენერირებაზე (Kerlin, 2006), შეიძლება სწორება გააკეთონ ბაზარზე, კლიენტსა და მოგებაზე და ხანდახან თვითდაფინანსების ოპერაციებზეც (Dart, 2004; Luke and Chu, 2013). ბალერასა და ბორცაგას (Balera and Borzaga 2009) მიხედვით, „სოციალური საწარმოს იმ განსაზღვრების მიხედვით, რომელიც მეტადრე პოპულარულია აშშ-ში, სოციალური საწარმო არის ის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს კომერციულ საქმიანობას, ყოველთვის არ გააჩნია სოციალური მისია და აგროვებს შემოსავალს სოციალური აქტივობის დაფინანსების მიზნით“. ამ იდეის შესაბამისად, სოციალური მეწარმეობის პრინციპებს ითვისებენ ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციები ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად სოციალური ღირებულების შექმნის პარალელურად (Stecker).

ევროპის შემთხვევაში, სოციალურის საწარმოს გამოარჩევს ინსტიტუციური სტრუქტურა, რომელსაც გააჩნია თანინმდევრული სოციალური მიზანი და იღწვის ამ მიზნის შესრულებისკენ სერვისების ან საქონლის უზრუნველყოფის მეშვეობით (Balera and Borzaga, 2009; Huamin, 2018).

მიუხედავად იმისა, თუ როგორ ხორციელდება სოციალური საწარმოს კონცეფცია, კერლინი (Kerlin, 2012) აღნიშნავს, რომ მასზე უზარმაზარ გავლენას ახდენს მთავრობისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის როლი, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა საჭიროებები აქვს ეკონომიკას მთავრობას და რას აწვდის სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. არსებობს სოციალური საწარმოს ოპერირების სხვადასხვა მოდელი (Huamin, 2018). 

მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ზიმბაბვე და უგანდა მწირი საჯარო რესურსებითა და კვალიფიცური უნარ-ჩვევების დეფიციტით, სოციალური საწარმო ეფუძნება მდგრად საბაზისო მოდელს. ისინი ხშირად იყენებენ საერთაშორისო დახმარებას, რომელიც ხშირად მიკროსაფინანსო პროექტებად ხორციელდება.

სოციალური საწარმო იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც მძლრავი სოციალური სისტემები აქვთ, მაგალითად გერმანიასა და შვედეთში, ოპერირებს ბადისებრი ფოკუსის ან დამოკიდებული ფოკუსის მოდელის მიხედვით (Enmeshed Focus, Dependent Focus  (Huamin, 2018). ისინი ხშირად არიან დამოკიდებულები და ხანდახან შეზღუდულები იმ სერვისებით, რომლებსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, რადგან ამგვარ ქვეყნებში სოციალური საწარმო მიბმულია კონკრეტულ საჯარო პოლიტიკაზე (Defourny & Nyssens, 2010).

ამისგან განსხვავებით, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ეკონომიკური, ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსები, მაგრამ რომლებშიც სოციალური სისტემები სუსტია, სოციალური საწარმოები განვითარდა ავოტონომიური მრავალფეროვნების მოდელის მიხედვით (Autonomous Diversity model, Huamin, 2018). აქ მთავრობა აქტიურ როლს არ თამაშობს.

გლობალურ დონეზე, სოციალური საწარმოების საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართოა დაწყებული განათლებიდან დამთავრებული საცალო ვაჭრობით, გარემოს დაცვით და ტექნილოგიებით.

მიმდინარე და იურიდიული სტატუსი

არავინ უარყოფს, რომ სოციალური საწარმოს კონცეფცია მზარდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მწირია მონაცემები და კვლევები ამ მიმართულებით. ამის ერთ-ერთი მიზეზი კონცეპტუალური ბუნდოვანება და სხვადასხვა განსაზღვრებების შესახებ კონსენსუსის ნაკლებობაა. ჰაუმანი (Huamin, 2018) აღნიშნავს, რომ 2017 წლისთვის, 20 ქვეყანაში არსებობდა საკანონმდებლო ბაზა სოციალური საწარმოს შესახებ. ამ ქვეყნებს შორისაა ბელგია, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვენია, სამხრეთი კორეა, ესპანეთი, ტაილანდი, გაერთიანებული სამეფო და ვიეტნამი. მიუხედავად იმისა, რომ კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვთ ფედერალური კანონები სოციალური საწარმოს შესახებ, ამ ქვეყნების ზოგიერთმა შტატმა უკვე გაატარა შესაბამისი კანონმდებლობა. დალბერგის მიხედვით (Dalberg, 2017), ინდოეთშა და ფილიპინებში უკვე იწყებენ შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას და სოციალური საწარმოებისთვის მხარდაჭერის ზომების გატარებას. ესპანეთში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, დიდ ბრიტანეთსა და ვიეტნამში უკვე არსებობს სოციალური საწარმოს იურიდიული განმარტება.

სოციალური საწარმოები მრავალგვარი ფორმითა და სახელით არსებობენ. დიდი ბრიტანეთში მათ სათემო ინტერესის კომპანიას უწოდებენ (Community Interest Company – CIC), იაპონიაში – არაომერციულ ორგანიზაცებსა და სააქციო კორპორაციებს, პორტუგალიაში – სოციალური ინიციატივების კოოპერატივებს, კენიაში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიებს, ხოლო სერბეთში – ბიზნეს ინკუბატორებისა და ფონდების სახელითაა ცნობილი.

აზიის განვითარების ფონდისთვის 2018 წელს ჩატარებული კვლევა სოციალურ საწარმოებს შემდეგ კატეგორიებად ყოფს აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და ევროპაში მიმდინარე ტენდენციების მიხედვით.

ნაწილობრივ კომერციული არასამთავრობო ორგანიზაციები  – სოციალური მეწარმეობის ეს ორგანიზაცები ძალიან წააგავს არასამთავრობო ორგანიზაცებს. მათი უმთავრესი მიზანია დაუცველი მოსახლეობის სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება. ამ მიზნით მიღებული ზომები, ჩვეულებრივ, შემოიფარგლება ადგილობრივი თემის დონით. ამგვარ ორგანიზაციებს აქვთ ისეთი აქტივობები, რომლებსაც შემოსავალი მოაქვთ. თუმცა, ეს საქმიანობები ყოველთვის არ ახდენენ ზეგავლენას. მაგალითად, ორგანიზაცია, რომელიც უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ატარებს დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის, მაგრამ შემოსავალს იღებს საქონლის გაყიდვით ან იღებს სახელმწიფოსგან დახმარებას, ნახევრად კომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა.

მცირე სოციალური საწარმოები  – ამგვარი კომპანიების ოპერაციები იძლევა საკმარის შემოსავალს იმისთვის, რომ საკუთარი ხარჯები დაფაროს. შემოსავლების გენერირების მოდელი შეიძლება ასევე იყოს ის მოდელი, რომლის მიხედვითაც მიიღწევა ზეგავლენა. რადგანაც ამგვარ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ საკმარისი საოპერაციო ზღვრები, ისინი არ იძლევიან მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას. მაგალითდ, ორგანიზაცია, რომელიც სამედიცინო შემოწმებებს ატარებს დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის იმდენად მინიმალურ ფასად, რომ შეძლოს მხოლოდ საოპერაციო ხარჯების დაფარვა, მცირე სოციალური საწარმოა.

განვითარებული სოციალური საწარმო – ასეთი საწარმო, როგორც წესი, ქმნის ინოვაციურ გამოსავლს დაუცველი მოსახლეობის ჯგუფებისთვის (აქ შედის დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა) იმგვარად, რომ ეს ფინანსურადაც მომგებიანია. ამგვარი ორგანიზაცია მასშტაბს აღწევს. იგი იღებს მოკრძალებულ მოგებას, რომელის დიდი ნაწილი ხმარდება ისევ საწარმოს ოპერაციებს და შესაბამისად ორგანიზაცია არ იძლევა მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ორგანიზაცია, რომელიც სამედიცინო შემოწმებებს ატარებს დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის და ამით იღებს შემოსავალს იმისთვის, რომ გაზარდოს მასშტაბი პარტნიორული ქსელების მეშვეობით და უკვე არსებული მთავრობის მიერ დაფინანსებული სამედიცინო პუნქტების მეშვეობით.

წამყვანი სოციალური საწარმო (პოტენციური ინკლუზიური ბიზნესი)  – ამგვარი საწარმო მოქმედებს ბიზნეს მოდელის მიხედვით, რომელშიც ინტეგრირებულია პირამიდის ბოლო ნაწილი. მოდელი იძლევა მასშტაბის გაზრდისა და შემოსავლის გენერირების შესაძლებლობას. მოგების ნაწილი რეინვესტირებას ხმარდება, ხოლო ნაწილი – აქციონერებს შორის ნაწილდება. ეს ორგანიზაციები ფინანსურად მძლავრია, თუმცა მათ ხშირად ესაჭიროებათ მნიშვნელოვანიტექნიკური დახმარება ბიზნეს მოდელების გაუმჯობესების მიზნით. მაგალითად, ორგანიზაციას, რომელიც იყენებს ტექნოლოგიებს და ხარჯების დაზოგვის მიზნით ატარებს დისტანციურ სამედიცინო შემოწმებებს დაუცველი მოსახლეობისთვის, შესწევს უნარი გაზარდოს მასშტაბი უკვე მოქმედი სახელმწიფო სამედიცნო პუნქტების მეშვეობით, არის წამყვანი სოციალური საწარმო.

დაფინანსება

სოციალური საწარმოები დაფინანსების მრავალფეროვან მექანიზმებს იყენებენ მასშტაბის, მოცულობისა, ოპერაციების დაფარვის არეალისა და მიზნიდან გამომდინარე. თუმცა, სოციალური საწარმოების დაფინანსებაში მაინც შეიძლება გამოიყოს ოთხი ძირითადი მიმართულება:

ა) საკუთარი კაპიტალი

ბ) გრანტები

გ) აქციები ან ინვესტორებისგან მიღებული კრედიტი

დ) ოპერაციებისგან მიღებული შემოსავალი

განსაზღვრების მიხედვით, სოციალური საწარმოების აქტივობა უნდა უზრუნველყოფდეს ფინანსურ მდგრადობას, უმთავრესად რუტინული საქმიანობის შედეგად, და არ უნდა იყოს დამოკიდებული გრანტებზე. თუმცა, ხშირად რეალობა სულ სხვაგვარ სურათს იძლევა. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კამბოჯა, ინდონეზია, მექსიკა, მიანმარი და პაკისტანი, სოციალური საწარმოები დიდწლად სწორედ გრანტებზეა დამოკიდებული, ხოლო ინდოეთსა და ვიეტნამში, სესხები, აქციები და მოგება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური საწარმოების ფუნქციონირებისთვის. ამისგან განსხვავებით, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბევრი საწარმო სარგებლობს მნიშვნელოვანი სახელმწიფო დახმარებით, რადგან ამ ქვეყნებში იურიდიული კრიტერიუმები მეტად დახვეწილი და მკაფიოა.

სოციალური საწარმოების ფუნქციონირებისთვის სარბიელის გაფართოება განსაზღვრავს მათვის უპრიანი ფინანსირების ტიპებს. საწყისი ეტაპი, როგორც წესი, კონცეპუტალურია, რასაც მოსდევს ვენჩურული ეტაპი, რომლის დროსაც საწარმო ცდილობს კონცეფციის პილოტირებას. პილოტირების წარმატების ხარისხიდან გამომდინარე, საწარმომ შესაძლებელია მიაღწიოს ზრდის ეტაპს. დაბოლოს, ის ხდება სტაბილური ან როგორც უწოდებენ, მასშტაბური. შესაბამისად, დაფინანსების მოთხოვნები შესაძლებელია შეიცვალოს ეტაპიდან ეტაპამდე. გრანტებზე დამოკიდებულება მაღალია კონცეპტუალურ ეტაპზე, თუმცა, ეტაპობრივად ამგვარი დამოკიდებულება იკლებს.