ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სოციალური მეწარმე, სალომე წიქვაძე, ინკლუზიური საზოგადოებისთვის.

ქართული სამაგიდე თამაში „ჩუ“ ორი წელია რაც შეიქმნა და მიზნად ისახავს ჟესტური ენის პოპულარიზაციას, რაც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კომუნიკაციის ბარიერის გადალახვას. ამ თამაშის საშულებით მარტივად შეიძლება ჟესტური ენის საწყისების შესწავლა, საბაზისო სიტყვების გაცნობა და დამახსოვრება. იდეის ავტორი და საწარმოს დამფუძნებელია სალომე წიქვაძე. აგრეთვე, მან იმუშავა თამაშის წესებისა შედგენასა და აჭღურვილობის (ინვენტარის) დამზადებაზე.     

თამაშის წესების განსაზღვრისათვის ცოდნა და გამოცდილება იყო საჭირო. ამისთვის სალომემ წიბახას სამაგიდო თამაშების კლუბს (https://www.facebook.com/TsibakhaGameClub/)  მიაკითხა და მათგან რჩევები და რეკომენდაციები მიიღო. თამაშის ინვენტარის (ბარათებისა და მონეტების) დასამზადებლად კი გრაფიკული დიზაინის პროგრამები შეისწავლა, ხოლო ილუსტრაციების შექმნაში მეგობარი მხატვარი,  ალინა ქოქაშვილი დაეხმარა.

თამაში „ჩუ“ ბარათებისა და ფერადი მონეტებისგან შედგება, იგი მარტივი და სახალისო გზით მოთამაშეებს აცნობს ჟესტური ენას და ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას. ბარათებზე საბაზისო სიტყვებია გამოსახული ჟესტური ენით. თამაშში შესაძლებელია ჩაერთოს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ შვიდი მოთამაშე. 2018 წელს სამაგიდო თამაშის პროექტი წარადგინეს Social Impact Award-ის კონკურსზე და მიიღეს დაფინანსება, რაც საწარმოს საწყისი ბიუჯეტს წარმოადგენდა. ასე მომზადდა სამაგიდე თამაში „ჩუ. მომხმარებლისთვის თამაში ხელმისაწვდომი 2018 წლის ნოემბრიდან გახდა. მალე ამ იდეას ორი წელი შეუსრულდება. ამ დროის მანძილზე თამაშის გაყიდვიდან მიღებული მოგება მთლიანად საწარმოში ბრუნდება და მის გაფართოვებას ხმარდება.

თამაშის შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიების საშუალებით და სამაგიდე თამაშების კლუბში, მისი პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა ღონისძიებებიც იმართება.  აგრეთვე, თამაში გაყიდვაშია გამოფენებსა და ღია ბაზრობებზე.

დროთა განმავლობაში მომხმარებლებზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ თამაშით უმეტესად ინტერესდებიან 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები, ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ მეგობრებთან ერთად სამაგიდე თამაშების თამაში, სკოლის მასწავლებლები, ტრენინგ ცენტრები და სხვადასხვა კომპანიები თავიანთი კორპორატიული საჩუქრისთვის. სამომავლოდ იგეგმება თამაშის შეთავაზება სხვადასხვა სამსახურებისთვის/კომპანიებისთვის თიმბილდინგის პროცესში გამოსაყენებლად.

ერთ-ერთი შედეგი, რაც ამ თამაშით მიიღწევა, არის კომუნიკაციების ბარიერის გადალახვა. რა შესაძლებლობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები და როგორც არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, თამაშის დროს მათ ერთმანეთის ესმით. ადამიანებს განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ, თუმცა არსებობს იმის საშუალება, რომ ახალი შესაძლებლობები შეიქმნას, რაც თანასწორ გარემოს და ჩართულობას უწყობს ხელს.

ასევე ორი წლის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სამაგიდე თამაშის შემდეგ ადამიანები მის პრაქტიკაში გამოყენებასაც იწყებენ, ბევრს უჩნდება სურვილი უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს ჟესტური ენა.