ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სოციალური მეწარმეობა და მდგრადი განვითარება: ტრანსფორმაციული სარგებელი საზოგადოებისთვის – ნინო ჩანადირი

ტრადიციული გაგებით, სოციალური პრობლემების გადაჭრაზე პასუხისმგებელად მოიაზრება სახელმწიფო ინსტიტუტები, თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მზარდია ტენდენცია, როდესაც ინიციატივას ხელში ინდივიდები იღებენ და სურთ საკუთარი იდეებით და საქმიანობით ხელი შეუწყონ საკუთარ თემში ან ფართო საზოგადოებაში არსებული კონკრეტული გამოწვევების დაძლევას. სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდად სოციალური მეწარმეობა მიიჩნევა. აღნიშნული ტერმინი სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლოს მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით მდგრადი განვითარების მნიშვნელობის ზრდის ფონზე, რადგან სოციალურ მეწარმეობას გააჩნია პოტენციალი – ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

როგორ ეხმარება სოციალური მეწარმეობა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას?

მდგრადი განვითარების 17 მიზანი არსებობს, რომელთა მიღწევაც გლობალური ამოცანაა.ისინი არსით კომპლექსურია და საჭიროებს რიგი სხვადასხვა აქტორების ჩართულობას, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ დონეზე (არასამთავრობო სექტორი, ბიზნეს სექტორი და სხვა). მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა ხანგრძლივი პროცესია და მოიაზრებს სოციალურ განვითარებას, იმისთვის, რომ  შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში იქნას შენარჩუნებული[1].

სოციალური მეწარმეები არიან ის პირები, რომლებიც სოციალური პრობლემების გადაწყვეტას ხელს უწყობენ საკუთარი ინოვაციური ბიზნეს მოდელით, რაც ერთი მხრივ საქმიანობას სოციალურ ღირებულებას სძენს, ხოლო მეორე მხრივ ითვალისწინებს ეკონომიკურ შემოსავალს[2]. სოციალური მეწარმეობა სულ უფრო მეტ ყურადღებას იძენს აკადემიურ სივრცეშიც, რაც ხელს უწყობს ფენომენის კომპლექსური მნიშნელობის გამოკვეთას.

როგორ შეუძლია სოციალურ მეწარმეობას ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების კომპლექსურ მიზნებს, რომელთა მთავარი მახასიათებელიც გლობალურობაა? მდგრადი განვითარების მიზნების ხასიათიდან გამომდინარე, მისი მიღწევის მთავარი გზა ტრანსფორმაციული პროცესის დაწყებაა, რომელიც გავლენას ახდენს ინტერაქციის გარემოზე და ხასიათზე. სოციალური მეწარმეობა და სოციალური მეწარმეები საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილების მოხდენას ცდილობენ იმ პრობლემებზე აქცენტირებით, რომელთა გადაჭრაც ნაკლებად ხვდება სახელმწიფო ინსტიტუციების ან მსხვილი საბაზრო აქტორების ინტერესის და თვალთახედვის ქვეშ, ან ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პრობლემის გადასაჭრელად მიჩნეულია, როგორც არასაკმარისი. მარტივად რომ ვთქვათ, სოციალური საწარმოს მხრიდან სოციალურ გამოწვევაზე პასუხის შემადგენელი ორი მთავარი ნაწილი არსებობს: ერთი, პრობლემის გადაწყვეტის გზის შექმნა ან ათვისება და მეორე, უზრონველყოფა, რომ მიგნებული გადაწყვეტა ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის სიცოცხლისუნარიანი ბიზნესის განვითარების გზით[3]. როგორც ფორბსის ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, ბუნებრივია, მუშაობა სოციალური მიზნებისთვის არ წარმოადგენს ცალმხრივი მოგების საკითხს (Zero-Sum Game). ინიციატივები, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ კაცობრიობისა და პლანეტისთვის, სასარგებლოა თავად ბიზნესისთვისაც[4]. ეს ლოგიკურია, რადგან მდგრადი მიზნების განხორციელებას ესაჭიროება უზრუნველყოფა იმისა, რომ სერვისი შეძლებს დასახული მიზნის სისრულეში მოყვანას[5]. სოციალური საწარმოს მიერ მოხდენილი ცვლილება ხასიათით ტრანფორმაციულია. საწარმომ და მისმა გუნდმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მრავალი სხვა აქტორის ქცევაზე, რაც საბოლოოდ ქმნის ფართო სოციალურ ცვლილებებს. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ერთგვარ ჩარჩოს წარმოადგენს იმ საკითხებისა, რომლებზე აქცენტირებაც პრიორიტეტულია. თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ სოციალური მეწარმეები ვალდებულნი არიან პრობლემის გადაჭრაზე გაწერილი მექანიზმების გზით იზრუნონ, არამედ მათ მიზნის ირგვლივ უნდა შექმნან სტრატეგია, რომელიც ინოვაციური ხედვით კონკრეტული თემისთვის ან ფართო საზოგადოებისთვის ბენეფიტების წყარო გახდება.

                                      
ინოვაციების როლი და პრაქტიკული მაგალითი შვედეთიდან

სოციალური მეწარმეობის მთავარი და მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისაა, რომ ის პრობლემის გადაჭრის გზას ინოვაციური მიდგომით ცდილობს. ინოვაციების თვალსაზირისით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანა შვედეთია. სოციალური მეწარმეობის ფენომენი ამ ქვეყანაში განსაკუთრებულად ხანგრძლივ ისტორიას არ ფლობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სოციუმის ინტერესები პრიორიტეტია, მდგრადი განვითარების საკითხები კი უმთავრესი ინტერესის საგანი, სოციალური მეწარმეობა აქ სულ უფრო მეტი  პოპულარობით სარგებლობს. არაერთი შვედური უნივერსიტეტი უკვე სთავაზობს დაინტერესებულ პირებს კურსებს მეწარმეობის ამ მიმართულების შესახებ, რაც მათი კომპეტენციების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ალბათ უცხო არ იქნება იმის ხაზგასმა, რომ შვედეთში გარემოზე ზრუნვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ინოვაციები, რომლებიც გარემოს გაჯანსაღებას და ამ კუთხით სოციალური ცვლილებების ხელშეწყობას გულისხმობს, განსაკუთრებული პოპულარობით და მხადაჭერით სარგებლობს. სოციალური მეწარმეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი შვედური სოციალური საწარმო „სოლვატენია“ / Solvatten, რომელიც აწარმოებს კომბინირებულ, პორტატულ წყლის სისტემას, რომელიც წყალს მზის ენერგიის საშუალებით აცხელებს. შეიძლება ითქვას, რომ იდეა პასუხობს მდგრადი განვითარების მეექვსე და მეშვიდე მიზნების ერთობლიობას, რომელიც გულისხმობს სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ენერგიის მიღების მდგრადი და ახალი გზების გამოყენებას. სოლვატენის მთავარი მიზანია უზრუნველყოს განვითარებად სახელმწიფოებში მცხოვრები ადამიანები უსაფრთხო და ცხელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა გზით[6]. კონტეინერები, რომელსაც აღნიშნული საწარმო აწარმოებს, მოსახერხებელია სახლებში გამოსაყენებლად. საწარმოს მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების და დაკვირვებების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პროდუქცია შესულიყო აფრიკულ სახელმწიფოებში, მათ შორის კენიასა და ნეპალში, სადაც წყლის და ჰიგიენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს. სხვადასხვა პროგრამის წყალობით, სოლვატენის პროდუქციამ უკვე მიაღწია 400 000 ადამიანამდე
მსოფლიოს მასშტაბით.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში სხვადასხვა სახის გამოწვევების ფონზე, ადამიანებს უჩნდებათ სურვილი მონაწილეობა მიიღონ სოციალური გამოწვევების გადაჭრაში საკუთარი ინოვაციური, სამეწარმეო საქმიანობით. სოციალური მეწარმეობა ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ლოკალური თუ ფართო საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვის გზით. შედეგად, სოციალური მეწარმეები ხელს უწყობენ ტრანსფორმაციული პროცესების დაწყებას, რაც მდგრადი, გრძელვადიანი შედეგების საწინდარია.

[1] იხ. ვრცლად: Social Development for Sustainable Development. UN Department of Economic and Social Affairs. https://www.un.org/development/desa/dspd/2030agenda-sdgs.html

[2] Lubberink R. (2019) Social Entrepreneurship and Sustainable Development. In: Leal Filho W., Azul A., Brandli L., Özuyar P., Wall T. (eds) Decent Work and Economic Growth. Encyclopedia of the UN Sustainable Development Goals. Springer, Cham. Pp 2

[3] Lubberink R. (2019) Social Entrepreneurship and Sustainable Development. In: Leal Filho W., Azul A., Brandli L., Özuyar P., Wall T. (eds) Decent Work and Economic Growth. Encyclopedia of the UN Sustainable Development Goals. Springer, Cham. Pp 4

[4] იხ. ვრცლად: Jonquil Hackenberg. The UN’s Sustainable Development Goals Aren’t Just Doing Good, They’re Good Business. https://www.forbes.com/sites/jonquilhackenberg/2019/08/29/the-uns-sustainable-development-goals-arent-just-doing-good-theyre-good-business/#4b01723253d9

[5] Roger L. Martin, Sally Osberg. Social Entrepreneurship: The Case for Definition https://ssir.org/articles/entry/social_entrepreneurship_the_case_for_definition#

[6] დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდს: https://solvatten.org/about-us-2/