ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სოციალური მეწარმეობა და საგანმანათლებლო პროგრამები: როგორ ეხმარება განათლება ინოვაციური იდეების რეალიზებას? – ნინო ჩანადირი

სოციალური მეწარმეობა და საგანმანათლებლო პროგრამები: როგორ ეხმარება განათლება ინოვაციური იდეების რეალიზებას?

მეწარმეობა საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. ის სპეციფიკურ უნარებს საჭიროებს, რომელთა გამომუშავებაშიც მნიშვნელოვანი როლი საგანმანათლებლო პროგრამებს აქვთ. უნივერსიტეტები, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, სტუდენტებს სთავაზობენ კურსებს სოციალური მეწარმეობის შესახებ, თუმცა, უმეტესად, ისინი მაინც ფართო კურიკულუმში „ჩაშენებული“ კურსებია. მაგალითისათვის, სტენფორდის უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს სასერტიფიკატო კურსს საჯარო მენეჯმენტსა და სოციალურ ინოვაციებში. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს იმოძრაონ ინტერესის სფეროში, იქნება ეს ჯანდაცვა, ეკოლოგიური მდგრადობა, ეკონომიკური შესაძლებლობები თუ სხვა და გამოიყენონ მათ შორის სოციალური საწარმოს მიდგომა. მეწარმეობის სწავლება ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ქართულ უნივერსიტეტებშიც. ძირითადად უცხოური გრანტების საშუალებით უნივერსიტეტები ახრეხებენ სასწავლო პლატფორმების შექმნას და პროგრამების ფარგლებში ატარებენ ჰაკათონებს. ასევე, არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს სასერტიფიკატო კურსები, სადაც მსურველები ზოგად სამეწარმეო უნარებს ეუფლებიან.

„მეწარმეობის შესახებ“ და „მეწარმეობით“

მეწარმეობის საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია მისცეს სტუდენტებს ის უნარები, რაც მათ სწრაფად ცვალებად გარემოში ოპერირებაში დაეხმარება. მეწარმეობის ტრადიციული კურსები უმეტესწილად ცოდნას იძლევა „მეწარმეობის შესახებ“.[1] ის ნაკლებადაა ორიენტირებული სტუდენტების ჩართვაზე პროექტებში და აქტივობებში, რაც შესაძლოა თანამედროვე გარემოში  უკვე მშრალი და მოძველებული პრაქტიკა იყოს, იმდენად რამდენადაც დღეს ბიზნესი მხოლოდ პირადი კაპიტალის დაგროვების საშუალება აღარ არის. ის ფეხდაფეხ უნდა მისდევდეს საზოგადოების მოთხოვნებს და საჭიროებებს.

მეწარმეობის სწავლების ტრადიციულ მეთოდებში აქტიურად გამოიყენება ტექნიკები, რომლებიც სტუდენტებს დაგეგმარებასა და ერთგვარ პროგნოზირებას ასწავლის. აქტიურად გამოიყენება ბიზნეს გეგმის შედგენის სწავლება და აშ, ანუ უნარების, რაც მეწარმეობისთვის საფუძველია. თუმცა გარდა საფუძვლებისა, სწავლებისას აქცენტირება საჭიროა იმაზე, თუ რა და როგორ შეიძლება იქნეს მიღწეული „მეწარმეობით“. აღნიშნული გულისხმობს იმ გამოცდილებების და პროცესის ასახვას, რომელსაც მეწარმეები გადიან, ოპერირების გარემოს საჭიროებებზე ფოკუსირებას, რეალური გარემოს გამოცდილებების გათვალისწინებას და ქმედებაზე ორიენტირებას.[2]

განსაკუთრებით დიდი როლი აქვს საკუთარი პროექტისთვის დიზაინზე ზრუნვის უნარების გამომუშავებას, რაც მნიშვნელოვანია შეესაბამებოდეს ადამიანთა საჭიროებებს. პროექტის დიზაინი სამი წყაროს სინთეზია: ინსპირაციის, იდეის და იმპლემენტაციის. დიზაინზე ფიქრისას მთავარია პრობლემის დანახვა, რომელიც არ არის სტატიკური და იცვლება დროსა და გარემოში. შესაბამისად მისი გადაწყვეტის გზაც და შედეგებიც ევოლუციურ კონტექსტში უნდა იქნას აღქმული და არა როგორც სწორხაზოვანი გზა, რომელიც იდეიდან შედეგამდე არ შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვანია სტუდენტებს ჰქონდეთ უნარები, რომლებიც პრობლემის ადეკვატურად იდენტიფიცირებაში დაეხმარებათ.  აღნიშნული აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას კურსების დიზაინში, რაც მისცემს სტუდენტებს საშუალებას სწავლის პროცესში ინტერესისამებრ შეისწავლონ კონკრეტული პრობლემები, და შემდგომ განავითარონ ბიზნეს გეგმა, რომელიც მათი გადაჭრის იდეას წარმოადგენს.

როგორ ეხმარება შესაბამისი განათლება სოციალურ მეწარმეებს?

განსხვავება ტრადიციულ მეწარმესა და სოციალურ მეწარმეს შორის ისაა, რომ იქ სადაც ტრადიციულმა მეწარმემ მხოლოდ პრობლემა შეიძლება დაინახოს, სოციალური მეწარმე შესაძლებლობასაც ხედავს. როგორც ASHOKA-ს (საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ მეწარმეობას ინდივიდუალურ მეწარმეთა გლობალური ქსელის შექმნით) დამფუძნებელი, ბილ დრეიტონი ამბობს:

„სოციალური მეწარმეების მიზანი არ არის მხოლოდ თევზის მიწოდება ან თევზაობის სწავლება. ისინი არ დაისვენებენ, სანამ რევოლუციას არ მოახდენენ თევზაობის ინდუსტრიაში“.[3]

ტერმინები, რომლებიც ყველაზე მეტად უკავშირდება სოციალურ მეწარმეობას, სოციალური პრობლემები და ინოვაციებია.[4]  ინოვაციებზე ორიენტირებული სტრატეგიები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა მეწარმეობაზე ორიენტირებულ კურსებში. სამეწარმეო განათლება მნიშვნელოვანი გზაა მეწარმეებისთვის/პოტენციური მეწარმეებისთვის შეიძინონ რესურსები, გაზარდონ ინოვაციური შესაძლებლობები საკუთარ თავში, შექმნან მრავალშრიანი ქსელი ცოდნის და ღირებულებათა სისტემის გამოყენებით. ცოდნიდან უნარების გაუმჯობესებამდე, სამეწარმეო განათლება მოიცავს ზოგადი და პიროვნული შესაძლებლობების განვითარებასაც. სამეწარმეო კომპეტენცია უმეტესწილად ეფუძნება შესაძლებლობების პოვნის უნარს და საშუალებას – განავითარო საჭირო რესურსები და კაპიტალი, ამას კი საფუძვლად უნდა ედოს შესაბამისი ტექნიკური, ფინანსური და სამართლებრივი ცოდნა[5], რომელიც მეწარმეს შეიძლება საგანმანათლებლო პროგრამამ შესთავაზოს. სამეწარმეო განათლება ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია პრაქტიკაში.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მულტიდისციპლინურ უნარებს?

ხშირია საუბარი იმის შესახებაც, რომ მეწარმეებს, მათ შორის სოციალურ მეწარმეებს წარმატებაში ეხმარება მულტიდისციპლინარული უნარების ქონა, მაგალითად როგორიცაა კარგად განვითარებული პოლიტიკური უნარები. ეს გულისხმოს სხვების ეფექტურად გაგების და ასევე სხვებზე ზემოქმედების უნარს, მოიქცნენ ისე, როგორც ეს დაეხმარება ორგანიზაციულ მიზნებს.[6] ასეთ უნარებს განეკუთვნება მოლაპარაკების და მედიაციის უნარები. მათი გამომუშავება სტუდენტებს ეხმარება ცვალებად სოციალურ გარემოსთან ადაპტირებაში და რესურსების ეფექტურად მოძიებასა და გამოყენებაში.[7] ეს კი აისახება პრობლემის გადაჭრის  უნარებზე.[8] შეიძლება ითქვას, რომ სამეწარმეო განათლება, რომელიც კომბინაციაში მოდის სტუდენტების მულტიდისციპლინურ უნარებთან ხელს უწყობს მათი მხრიდან პრობლემების უკეთ დანახვას, სამეწარმეო შესაძლებლობების აღმოჩენას და ინოვაციური იდეების განვითარებას, რასაც სოციალური მეწარმეების კონტექსტში მნიშვნელოვანი წარმატების მოტანა შეუძლიათ მათთვისაც და მათი სამიზნე სოციუმისთვისაც.

ყოველივე ზემოთ თქმულის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სამეწარმეო განათლება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის; პრობლემის დანახვისთვის, სადაც სოციალური მეწარმე ხედავს შესაძლებლობასაც – მიღებული განათლების და უნარების წყალობით შეძლოს გამოიყენოს შანსი და ხელი შეუწყოს აქტუალური პრობლემის გადაჭრას.


[1] Gabriel Linton, Markus Klinton, “University entrepreneurship education: a design thinking approach to learning”, Journal of Innovation and Entrepreneurship, Vol 8, 2019.  P 2

[2] Ibid, P 3

[3] Debbi D Brock, Susan D Steiner, “Social Entrepreneurship Education: Is it Achieving the Desired Aims?”, SSRN Electronic Journal, Feb 2009. P 6 – 7

[4] Debbi D Brock, Susan D Steiner, “Social Entrepreneurship Education: Is it Achieving the Desired Aims?”, SSRN Electronic Journal, Feb 2009. P 6

[5] Xingjian Wei, Xiaolang Liu, Jian Sha, „How Does the Entrepreneurship Education Influence the Students’ Innovation? Testing on the Multiple Mediation Model”, Front. Psychol. 10:1557, 2019. P 2

[6] Xingjian Wei, Xiaolang Liu, Jian Sha, „How Does the Entrepreneurship Education Influence the Students’ Innovation? Testing on the Multiple Mediation Model”, Front. Psychol. 10:1557, 2019. P 3

[7] Ibid

[8] Ibid