პროგრამა “სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” სოციალური ინოვაციების პლატფორმის ინიციატივაა. მისი დანიშნულებაა 13-17 წლის სკოლის მოსწავლეების ინტერესის გაღვივება სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის მიმართ, მათი ჩართულობის წახალისება სოციალური პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში. ამ მიზნით პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეებს შორის სოციალური გამოწვევების მიმართ ინტერესის გაზრდა, შემოქმედებითი და დიზაინის აზროვნების უნარების განვითარება.
უფრო კონკრეტულად კი პროგრამა გულისხმობს სხვადსხვა სასკოლო მცირე გუნდების ჩართვას და მათ შეჯიბრს სოციალური ინოვაციების განვითარების მიმართულებით.
ამ მიზნით პროგრამა სთავაზობს მცირე სასწავლო ინტერაქტიულ მოდულებს, მენტორობას, ინოვაციებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების შეძენას, და რა თქმა უნდა, გუნდის მიერ თანაშექმნით სოციალური პრობლემის მოგვარებაზე მიმართული გადაწყვეტის პროტოტიპების შემუშავების ხელშეწყობას.
ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, პროგრამა ცდილობს დადებითი სოციალური ცვლილებებისთვის მზაობისა და შესაძლებლობის განვითარებას ადგილობრივ დონეზე და თემებში.
პროგრამა ეფუძნება რწმენას, რომ ახალაგაზრდებს შეუძლიათ გახდნენ ცვლილებების შემოქმედები თავიანთ თემსა და საზოგადოებაში. შერჩეული მეთოდებით და მიდგომებით, ვეცდებით ხელი შევუწყოთ მონაწილეებს, აღმოაჩინონ საკუთარი ძალა და სწრაფვა სოციალური ცვლილებების მოხდენისკენ.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სკოლები საქართველოს მასშტაბით, მასწავლებლები და 13-17 წლის მოსწავლეები. კერძოდ, პროგრამა იწვევს მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს, შექმნან გუნდი სასკოლო დონეზე და ჩაერთონ სასწავლო პროგრამასა და კონკურსში. გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ ოთხი და არაუმეტეს ექვსი მოსწავლისგან და ერთი მასწავლებლისგან. სკოლიდან შეიძლება დარეგისტრირდეს ერთზე მეტი გუნდი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თითეული მასწავლებელი მხოლოდ ერთი გუნდის წევრი იყოს. მასწავლებლის როლი გულისხმობს ჯგუფის სამუშაო პროცესის კოორდინაციას და ფასილიტაციას. იგი არ ერევა გუნდის საქმიანობის შინაარსობრივ ნაწილში. მასწავლებელმა შეიძლება იზრუნოს სკოლის ფარგლებში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ან კლასის მოსწავლეების ერთმანეთთან დაკავშირებაზე იმისთვის, რომ გუნდები დაკომპლექტდეს შერეული პრინციპით და განაწილდნენ სხვადასხვა ინტერესისა და კომპეტენციის მატარებელი მოსწავლეები.
საწყის ეტაპზე მოსწავლეები გაეცნობიან სოციალური ინოვაციების არსს, ძირითადი ნაწილი კი ფოკუსირებული იქნება დიზაინის აზროვნების მიდგომასა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად იდეების შემუშავების პროცესზე. პროგრამა ეფუძნება დიზაინის აზროვნების მეთოდოლოგიას. პროგრამის ფარგლებში ჩართული მოსწავლეები გაივლიან ინტერაქციულ და თანამონაწილეობით სასწავლო პროცესს, რომელიც წაახალისებს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას და პრობლემების გადაჭრას. თამაშებით, სიმულაციებით და გამოწვევებით, პროგრამა ხელს შეუწყობს აქტიური სწავლების, გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარების განვითარებასაც. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იმსჯელებენ და გამოიკვლევენ მათ ირგვლივ სკოლაში, თემში თუ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს, შეიძენენ კომპეტენციებს პრობლემეbის გადაჭრის გზების შესამუშავებლად, რაც მოიცავს სათემო საჭიროებების მოკვლევას, კონკრეტული პრობლემის იდენტიფიცირებას და ანალიზს, დიზაინის პროცესში მონაწილეობას, გუნდური მუშაობის, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების, იდეების დამუშავების კომპეტენციების განვითარებას.
პროგრამა შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან: სასწავლო და საკონკურსო. სასწავლო კომპონენტი ხორციელდება ჰიბრიდული მიდგომით და მოიცავს 5 სასწავლო შეხვედრას. ნაწილი შეხვედრებისა იმართება ონლაინ, ხოლო ნაწილი პირისპირ ვორკშოპების სახით. შეხვედრებს შორის გუნდებს ეძლევათ საშინაო დავალებები რაც მიმართულია მათ მიერ შერჩული სოციალური პრობლემის ორიგინალურად გადაჭრის იდეის განვთარებაზე. სწავლების კომპონენტის წარმატებით დასრულების შემდეგ გუნდები დაიშვებიან საკონკურსო ეტაპზე. ამ ფაზაზე იმართება გუნდების მიერ შემუშავებული იდეების პროტოტიპების შექმნის სახელოსნო. წარმოდგენილ პროტოტიპებს აფასებს ჟიური და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ავლენს სამ გამარჯვებულ გუნდს, რომლებსაც გადაეცემათ ფასიანი პრიზები. პროგრამის დასრულების სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები ასევე გადაეცემა ყველა გუნდის წევრ მოსწავლესა და მასწავლებელს.
საგანმანათლებლო პროგრამა “სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” მიზნად ისახავს ქალაქ ფოთის საჯარო სკოლების მე-8 – მე-11 კლასის მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას სოციალური ინოვაციების მიმართ, მათი აქტიური ჩართულობის წახალისებას ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში. პროგრამა გულისხმობს მცირე სასკოლო გუნდების ჩამოყალიბებას, დიზაინის აზროვნების და სოციალური ინოვაციების შესახებ ვებინარებსა და პირისპირ ვორქშოფებში ჩართულობას, იდეების კონკურსში მონაწილეობას და გამარჯვებული იდეის განხორციელების ხელშეწყობას.
პროგრამას ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ფოთის მერიასთან თანამშრომლობით, bp-ისა და ეიპიემ ტერმინალს ფოთის (სს,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას მხარს უჭერს CTC-ის სოციალური ინოვაციების პლატფორმა (SIP www.socialinnovations.ge), რომელსაც ფინანსურად აძლიერებს შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER სამხრეთ კავკასია.