ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

პირველი ნაბიჯი

„პირველი ნაბიჯი“. „პირველი ნაბიჯი“ მუშაობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე, მათი მშობლების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე, დარგის ინსტიტუციურ რეფორმაზე. ორგანიზაცია 1998 წელს იქნა დაფუძნებული ქალბატონ ნინო ქადაგიძე-ჟვანიასა და ჯეინ ენ ქორბოის მიერ. თავდაპირველად იგი „კასპის შეზღუდულ შესაძლებლობათა ბავშვთა სახლის“ აღსაზრდელების დახმარებას ისახავდა მიზნად. აშენდა მცირე ზომის სახლი, სადაც კასპიდან 24 ბავშვი გადმოვიდა. თავდაპირველად გადმოვიდა 12 ბავშვი, შემდეგ სახლი გაფართოვდა და კიდევ 12 ბავშვი მიიღო. ოჯახურ პირობებთან მიახლოებული საცხოვრებელი გარემოს გარდა ბავშვები ჩართული იყვნენ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამაში. ასევე ორგანიზაციის წევრები მუშაობდნენ ბავშვების მშობლებთან და შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ბავშვის ოჯახში დაბრუნებას.

უკვე იმ წლებში ორგანიზაციის საქმიანობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მომსახურებით. მრავალი მოდელი, რომელიც დღეს გავრცელებულია საქართველოში, „პირველი ნაბიჯის“ ბაზაზე დაინერგა. „პირველი ნაბიჯი“ სთავაზობდა დარგის სპეციალისტებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამას, მუშობდა „კასპის ბავშვთა სახლის“ დეინსტიტუციონალიზაციის საკითხზე, რაც მისი დახურვით დასრულდა კიდეც. დღესაც საქმიანობა ცალკეული მომხმარებლისა და მომსახურების დონეზე შერწყმულია მონაწილეობასთან  ტრანსფორმაციისა და განვითარების პროცესში, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვზე ზრუნვის დარგი გადის. „დღეს ჩვენ ათზე მეტ პროგრამას ვთავაზობთ  მომხმარებელს,“ – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამუნა ზაალიშვილი: „მომსახურებასთან ერთად  მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან[1] თუ სხვა უწყებებთან დარგის განვითარების საკითხებზე, იქნება ეს ბავშვთან და ოჯახთან მუშაობის თანამედროვე მეთოდების ადაპტაცია-გავრცელება თუ მართვისა და დაფინანსების საკითხები.“

დაფინანსების ძირითადი წყარო ამ წლებში იყო ჯეინ ენ ქორბის მიერ ირლანდიაში დაფუძნებული ორგანიზაცია „Next Step“ -ი, რომელიც „პირველი ნაბიჯისათვის“ ფონდების მობილიზაციას ეწეოდა. დაფინანსების სტაბილური წყარო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა „პირველი ნაბიჯის“ პერსონალის განვითარებისათვის: „ამ წლებში შევძელით ბევრი რამ გვესწავლა. ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა სასწავლო პროგრამებსა და ტურებში, ვესწრებოდით სემინარებს,“ – იხსენებს თამუნა ზაალიშვილი. სტაბილურმა დაფინანსებამ და კვალიფიკაციის ზრდამ გავლენა მოახდინა ორგანიზაციის განვითარებაზე. დღის ცენტრს დაემატა შინ მოვლის პროგრამა იმ ბავშვებისათვის, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოდის სახლიდან. საჯარო სკოლა N 100 -თან თანამშრომლობით მოხერხდა ინტეგრირებული სწავლების კლასის შექმნა, რაც იმ დროისათვის სიახლეს წარმოადგენდა, და რამაც შეიტანა თავისი წვლილი ინკლუზიური სწავლების დანერგვაში. დაინერგა მშობლების მხარდაჭერის პროგრამა, სადაც ფსიქოლოგიურ თანადგომასა და სწავლებასთან ერთად, ურჩევდნენ მშობლებს როგორ ემოქმედათ საკუთარი უფლებების დასაცავად და მოეხდინათ თვითორგანიზება.

ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, „პირველი ნაბიჯი“ მიზანმიმართულად მუშაობდა „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან“ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვის განვითარების ახალი მოდელების სახელმწიფო პროგრამაში ინტეგრაციაზე. მაგალითად, ადრეული განვითარების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა ჩარევას ქცევითი დარღვევის პირველივე გამოვლენისთანავე, „პირველ ნაბიჯში“ დაინერგა. ადრეული ჩარევა მეტად ეფექტური მიდგომაა. იგი შევიდა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში და მის ფარგლებში დაფინანსება დღემდე მიმდინარეობს (საქართველოს მთავრობა, 2017). დაფინანსება ხდება ვაუჩერის მეშვეობით, რომელსაც იღებს მომხმარებელი და ირჩევს სერვისის მიმწოდებელს. სახელმწიფო პროგრამით დაფინანსება ნაწილობრივ (»60%) ფარავდა ორგანიზაციის მიმდინარე (სახელფასო ფონდი, სასწავლო და სამედიცინო მასალა, ზედნადები) და კაპიტალურ (შენობის შეკეთება, აღჭურვა) დანახარჯებს. ამიტომ „პირველი ნაბიჯი“ აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ინსტიტუტთან, უცხო ქვეყნების საელჩოებთან საქართველოში. სისტემატიურად ხდებოდა საპროექტო წინადადების შემუშავება და ხორციელდებოდა მათგან საგრანტო სახსრების მოპოვებაზე მიმართული მრავალი ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე დონორების პოლიტიკა ითვალისწინებდა როგორც დარგის ინსტიტუციური განვითარების, ასევე მომსახურების დაფინანსებას.

2013 წლისათვის ირლანდიის “Next Step” -ის დაფინანსება მცირდება და 2016 წელს სრულდება. ამასთან იცვლება საქართველოში მოქმედი დონორი ინსტიტუტების პოლიტიკა, რომელიც მომსახურების დანახარჯების დაფინანსების შემცირებას გულისხმობს. ამ ვითარებაში „პირველი ნაბიჯი“ ორი მიმართულებით მოქმედებს: ფილანტროპიული ორგანიზაციისათვის დამახასიათებელი ტრადიციული სტრატეგია; დაფინანსების მოდელის ტრანსფორმაცია სოციალურ საწარმოდ.

ფილანტროპიული ორგანიზაციისათვის დამახასიათებელ ტრადიციულ სტრატეგიათა არსენალი ფართოვდება. კერძოდ, გრძელდება თანამშრომლობა სახელმწიფოსთან. ორგანიზაცია აფართოვებს მომსახურებას და 2016 წელს ნერგავს აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას. მას აფინანსებს თბილისის მერია (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 2016). პარალელურად ძლიერდება მუშაობა ფილანტროპიის მიმართულებით. აქტიურად გამოიყენება საზოგადოებასთან ურთიერთობა, იქმნება კომუნიკაციის გეგმა და ბრენდის სტრატეგია, ეწყობა მრავალი ღონისძიება, რომელთა მიზანია შემოწირულობის მობილიზაცია. „ბევრ რამეს კერძო პირებთან და კომპანიებთან მუშაობის დროს ვსწავლობდით და სტრატეგია იხვეწებოდა. ვთქვათ, ვთხოვდით მცირე ზომის შემოწირულობას კონკრეტული მიზნისათვის, მაგალითად, სტიპენდია ერთი ბავშვის მოსავლელად, რაც უფრო ხშირად გამოიღებდა ხოლმე შედეგს,“ – იხსენებს თამუნა ზაალიშვილი: „აუცილებელია პირდაპირი კონტაქტი გადაწყვეტილების მიმღებ პირთან. ხშირად ერთი დამფინანსებელი გვეხმარებოდა კავშირი დაგვემყარებინა მეორესთან.“ შეძლებისდაგვარად „პირველი ნაბიჯი“  აგრძელებს მუშაობას დონორ ინსტიტუტებთან: „მიუხედავად დაფინანსების პოლიტიკის ცვლილებისა, მაინც არიან დონორები, რომლებიც აფინანსებენ მომსახურებასაც. მაგალითად „ღია საზოგადოება საქართველო“, რიგი საელჩო.“

ტრადიციულ ფილანტროპიულ სტრატეგიებთან ერთად ორგანიზაციის ტრანსფორმაცია სოციალურ საწარმოდ მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მდგრადი დაფინანსების მოდელისათვის. „პირველი ნაბიჯის“ პრაქტიკაში ჩნდება კომერციული მომსახურება, როდესაც მშობელი იხდის რიგი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის საფასურს ან მის ნაწილს. ხდება მომსახურების დანადაფინანსება, რაც ხელმისაწვდომს ხდის მომსახურებას მეტი ადამიანისათვის და ზრდის ორგანიზაციის ფინანსურ სტაბილურობას. დღეისათვის, ორგანიზაციის დანახარჯების 40% იფარება სახელმწიფო პროგრამიდან, 27% შემოწირულობის ხარჯზე, 10% დონორი ინსტიტუტების მიერ, ხოლო 23% კი კომერციულ შემოსავალს შეადგენს, რაც ძალზედ კარგი მაჩვენებელია. ასევე, შემოსავლის წყაროების ამგვარი დივერსიფიკაცია ფინანსური სტაბილურობის წინაპირობაა. სოციალურ საწარმოდ ტრანსფორმაცია ვერ მოხერხდებოდა, რომ არა წლების განმავლობაში შექმნილი რეპუტაცია, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვის განვითარების ეფექტური პროგრამები. „მოთხოვნა ჩვენს მომსახურებაზე დღეს არ წარმოადგენს გამოწვევას,“ – ამბობს თამუნა ზაალიშვილი: „„პირველი ნაბიჯის“ მთავარი გამოწვეები დღეს არის ხარისხიანი მომსახურების შენარჩუნება და ორგანიზაციის შემდგომი განვითარება.“

[1] შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო