ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

მეტი ქალი – მეტი შესაძლებლობა

გვინდა მოგიყვეთ ქრაუდფანდინგის პლატფორმის „ორბელიანი მეტი“-ს შესახებ – https://orbelianimeti.ge/, რომელიც დღესდღეობით სიახლეს წარმოადგენს საქართველოში. ქრაუდფანდინგი (Crowdfunding) არის ე.წ. სახალხო დაფინანსების მექანიზმი, რაც გულისხმობს თანხის შეგროვებას საზოგადოების დახმარებით კონკრეტული იდეის განსახორციელებლად და მხარდასაჭერად, როგორც დამწყები სტარტაპებისთვის, ასევე სხვადასხვა სოციალური ხასიათის ინიციატივებისათვის. როგორც წესი ქრაუდფანდინგი ხორციელდება ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

2020 წლის სექტემბერიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა ორბელიანი საქართველოს პროექტი „მეტი ქალი – მეტი შესაძლებლობა“, რომლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანასაც წარმოადგენდა სწორედ დამწყები სტარტაპებისთვის ქრაუდფანდინგის პლატფორმის პილოტირება,   მისი პოპულარიზაცია და ზოგადად, ქრაუდფანდინგის იდეის, როგორც დაფინანსების ალტერნატიული, თანამედროვე საშუალების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის.

პროექტის ფარგლებში შეირჩა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 35 ახალგაზრდა ქალი, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი ბიზნეს იდეა ან სურვილი წამოეწყოთ სტარტაპი.  მონაწილეებს ჩაუტარდათ ონლაინ ტრენინგ სესიები და არაფორმალური შეხვედრები ციფრული მარკეტინგის და ბიზნეს გეგმის წერის მიმართულებით. გარდა ამისა, მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა, სახელმწიფოს ან სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების შესახებ, რომელიც ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას ეხება.

ტრენინგების შედეგად, სოციალური მედია მენეჯმენტის, ელ.კომერცისა და ბიზნეს გეგმის წერის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრდნობით ტრენინგის მონაწილებმა  დაწერეს საკუთარი სტარტაპ ბიზნეს გეგმა, საიდანაც  ორბელიანი საქართველომ კონკურსის შედეგად  გამოავლინა გამარჯვებული 6 ბიზნეს იდეა, რომლებიც გამოქვეყნდა „ორბელიანი მეტი“-ს პლატფორმაზე https://orbelianimeti.ge/ და რომელთა მიზანიც იყო თანადაფინანსების მოპოვება. „მეტი ქალი – მეტი შესაძლებლობა“-ის ფარგლებში გათვალისწინებული იყო გამარჯვებული 6 ბიზნეს იდეის დაფინანსება, თუმცა იმ წინაპირობით რომ იდეის ავტორები თანადაფინანსებას  მოიპოვებდნენ ფანდრაზინგის მეშვეობით. ექვსივე ბიზნეს იდეამ მოიპოვა წინასწარ განსაზღვრული თანადაფინანსება, რამაც ნამდვილად შექმნა სტარტაპებისთვის ალტერნატიული დაფინანსების მოძიების პრეცედენტი.

პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ 6 მეწარმე ქალს, სტარტაპ იდეების პლატფორმაზე გამოქვეყნებამდე ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე ქრაუდფანდინგი და ფონდების მოძიება, მიიღეს ცოდნა პლატფორმის მუშაობის სპეციფიკაზე და გაეცნენ სხვა, საერთაშორისო ქრაუდფანდინგ პლატფორმებს და წარმატებულ მაგალითებს.

აქვე, მოკლედ გაგაცნობთ გამარჯვებულ 6 ბიზნეს იდეას:

  1. „დაბადებიდან ქართული“ – ნატო დურგლიშვილის იდეა აწარმოოს საკუთარი ხელით შეკერილი და მოქარგული ახალშობილებისა და ბავშვების ტანსაცმელი სამკერვალო „ნიმფო“-ში. იხ. მეტი: https://bit.ly/2UXG5bb
  2. „იმისთვის, რომ უკეთ თქვა და გამოხატო“ – სალომე ოკრიბელაშვილის იდეა აწარმოოს ავთენტური დიზაინის მქონე მისალოცი ბარათები, დღიურები და სტიკერები. იხ. მეტი: https://bit.ly/3wWpO3I
  3. „მიიტანეთ სახლში ჯანსაღი“ – მარიამ შელიას იდეა, გააფართოვოს საოჯახო ბიზნესი „სქირი“ და გააკეთოს ნატურალური ჩირისა და ტყლაპის საშრობი და სათბური. იხ. მეტი: https://bit.ly/3iCyneB
  4. „ჩაიცვი განწყობა და გამოხატე ემოცია“ – ნათიას და მეგის ბიზნეს იდეა „TOO”, აწარმოონ ავთენტური და კრეატიული ტანსაცმელი. იდეის ავტორები მომხმარებელს სთავაზობენ უნიკალური დიზაინით მოხატულ ან დაქარგულ მეორად ტანსაცმელს. იხ. მეტი: https://bit.ly/3BqQyg2
  5. „ხომ არ შემოგვესწავლგვეთამაშა ?!“ – თაკოს და თათას მიზანია მოსწავლეებს სწავლის პროცესი გაუმარტივონ და შეაყვარონ, ამისთვის მათ შექმნეს სამაგიდო თამაში „კუდა“, რომელიც მოსწავლეებს (და არა მხოლოდ) საშუალებას აძლევს თამაშით ისწავლონ ზოგადი და მნიშვნელოვანი საკითხები ყველა სფეროდან. იხ.მეტი: https://bit.ly/36U7UE8
  6. “იყავი საკუთარი თავის გმირი“ – ნინიკო თორაძის მიერ 1 წლის წინ შექმნილი ბრენდი „ლილიტი“ აწარმოებდა ხის გულსაბნევებს, ქრაუდფანდინგის მეშვეობით კი გააფართოვა სტარტაპი და ახლა უკვე გულსაბნევებთან ერთად ქმნის უნიკალური დიზაინის ჩანთებს, მაისურებსა და ტელეფონის ქეისებს. იხ. მეტი:   https://bit.ly/3wY9ajS

სტარტაპ იდეის ავტორებმა თანხის შეგროვებისთვის სხვადასხვა მექანიზმი გამოიყენეს, ესენია დონაციაზე და ჯილდოზე დაფუძნებული მოდელები. მაგალითისთვის, ბიზნეს იდეებმა „იყავი საკუთარი თავის გმირი“ და „დაბადებიდან ქართული“ გამოიყენეს ჯილდოზე დაფუძნებული მოდელი. ისინი თითოეულ შემომწირველს სიმბოლურ საჩუქარს უგზავნიდნენ „ლილიტის“ და „ნიმფოს“  მიერ დამზადებული პროდუქციიდან.

აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში რამდენიმე დაბრკოლებას წააწყდნენ სტარტაპერი ქალები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სირთულე, რის წინაშეც ისინი დადგნენ, იყო საზოგადოების მხრიდან ონლაინ პლატფორმის მიმართ გამოწვეული უნდობლობა, რაც თავის მხრივ გამოწვეულია საქართველოში ამ ტიპის პლატფორმების და სახალხო დაფინანსების მექანიზმების სიმწირით. საზოგადოებაში ნდობის მოპოვების და ცნობადობის გაზრდისთვის, მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის მოდელის აქტიური პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის ქრაუდფანდინგის იდეის, როგორც თანამედროვე დაფინანსების წყაროს მოძიების საშუალების გაცნობა. მეორე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა პანდემიისგან შექმნილი გამოწვევები. იდეის ავტორებს ფანდრაიზინგის წარმოება მოუწიათ კოვიდ19-ის პირობებში, რამაც შედარებით რთული გახადა საზოგადოებასთან საკომუნიკაციო პროცესი, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, დაბრკოლებების მიუხედავად თითოეულმა ბიზნეს იდეამ შეძლო 100-ზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება და  სამიზნე თანხის სრულად შეგროვება.

ასევე, აღსანიშნავი ფაქტია, რომ პროექტის ფარგლებში წარმატებული ქარუდფანდინგის კამპანიები მაგალითი და ინსპირაცია აღმოჩნდა სხვა ქალებისთვისაც. ამის მაგალითია ახალი სტარტაპი „კიუროს ლაბორატორია“, რომლის იდეის ავტორებიც ამბობენ, რომ „მეტი ქალი, მეტი შესაძლებლობის“ ფარგლებში შექმნილი სტარტაპი „ხომ არ შემოგვესწავლ-გვეთამაშა“ გახდა მათი ინსპირაცია და ახლა უკვე ისინიც აგროვებენ თანხას საზოგადოების მხარდაჭერით და პლატფორმის გამოყენებით.

მიუხედავად იმისა, რომ ქრაუდფანდინგის მოდელი სიახლეს წარმოადგენს საქართველოში, ორბელიანი მეტის პლატფორმის გამოყენება სტარტაპებისთვის საპილოტე რეჟიმში წარმატებით დაინერგა. რა თქმა უნდა, სასურველია დონორმა ორგანიზაციებმა გამოიყენონ აღნიშნული გამოცდილება და მხარი დაუჭირონ მსგავს პროექტებს, რათა სტარტაპების მხრიდან გაიზარდოს მზაობა ქრაუდფანდინგის მოდელის გამოყენების, ხოლო პოტენციური შემომწირველებისგან გაიზარდოს ნდობა და მხარდაჭერა.  როგორც ორბელიანი საქართველო აღნიშნავს, ქრაუდფანდინგის მოდელის განვითარებისთვის ამ ეტაპზე საქართველოში არსებული საკანონმდებლო გარემო არახელსაყრელია და საჭიროებს საგადასახადო, ფინანსური და იურიდიული სისტემების გამართვას და ადვოკატირებას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად.