ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

“ფონდი აჰუაჰუდან” – “კუბი კონტექსტამდე”

ფონდი აჰუაჰუს ახდენილი ოცნებები

არასამთავრობო ორგანიზაცია „აჰუაჰუ – ფონდი კულტურის განვითარებისთვის“ შეიქმნა 2010 წელს და მიზნად დაისახა თანამედროვე კულტურის სფეროს განვითარება, კულტურული აქტივობების მეშვეობით სოციალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რეგიონში კულტურათაშორისი გამოცდილების და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა. ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ძალა მოხალისეები არიან. ისინი „ჩვენ ვახორციელებთ იდეებს“ სლოგანის  გარშემო ერთიანდებიან და სჯერათ, რომ „საჭირო რგოლების საჭირო რგოლებთან დაკავშირების პრინციპით, ნებისმიერი იდეის წარმატებულ პროექტად ქცევაა შესაძლებელი“.

საწყის ეტაპზე, ფონდმა აჰუაჰუმ რამდენიმე ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი, მათ შორის გამორჩეულია: „თავისუფალი კინოჩვენებების ქსელი“, რომელიც 2014 წლიდან დღემდე, დედაქალაქსა და რეგიონებში, ორას ორმოცდაათამდე სხვადასხვა ასაკისა და ჯგუფის მოხალისეს აერთიანებს. თბილისში ამ პროექტის ყველაზე აქტიური წერტილი „მზიურის“ პარკის სოციალური კაფის სივრცეა;  „მეც მოქალაქე ვარ“ – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ადვოკატირების კოლაბორაციული პროექტი, რომლის ფარგლებში, „თავისუფლების მეტროს“ ფოიეში, ორმეტრიანი სოციალური პლაკატების გამოფენით, საზოგადოებამდე მიუსაფარი ბავშვების ცხოვრებაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების მიტანა გახდა შესაძლებელი.  „Zebra Hunting”- ფეხითმოსიარულეთა უფლებების დასაცავად შექმნილი აპლიკაცია; თანამედროვე ხელოვნების ჟურნალი „კავკასუს არტ მაგი“ – აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურული დიალოგის საწარმოებელი პლატფორმა; 9 აპრილის ეროვნული ტრაგედიის ვიზუალური მეხსიერების საიტი და სხვა.

ორგანიზაციის დაფუძნებიდან რამდენიმე წლის თავზე, 2015-16 წლებში, ფონდი ჩაერთო USAID-ის Access-ის (სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი) პროექტის საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების საკონსულტაციო პროგრამაში. სწორედ ამ დროს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის, CTC-ის მხარდაჭერით შემუშავდა  აჰუაჰუს ორგანიზაციული განვითარების გეგმა. ხოლო ფონდის ხელმძღვანელმა, ანუკა ლომიძემ წარმატებით გაიარა CTC-ის მიერ ორგანიზებული არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკატო სასწავლო კურსი. „მადლობა მინდა ვთქვა იმ გეგმისთვის, რომელიც ერთად შევადგინეთ, რამდენიმე წლის წინ. წელს ვაანალიზებდი და ყველაფერი რაც გვეწერა, შესრულებულია. მიხარია, რომ შევხვდით, მაშინ არასერიოზულად ვუდგებოდი “აკადემიურ არასამთავრობო “ბიუროკრატიას”, მაგრამ ფაქტია, რომ მნიშვნელოვანია“-ამბობს ანუკა 2021 წელს CTC-სთან საუბრისას. სწორედ ამ საუბრის შემდეგ დავინტერესდით, გვენახა, თუ რა შეიცვალა ორგანიზაციაში გასული წლების მანძილზე.    

„ორგანიზაციის მართვა, თავიდან ძალიან „მსუბუქად“ დავიწყეთ, მხოლოდ იმისთვის, რომ გვეკეთებინა ხელოვნება და ჩვენი იდეები განგვეხორციელებინა. ვერ ვხვდებოდით რა აზრი ჰქონდა ხედვების და მიზნების ჩამოყალიბებას და მომდევნო წლების სტრატეგიის დანახვას. ვიცოდით, რომ იმ წუთას უნდა გვეკეთებინა ის, რაც მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, გავიდა წლები, ჩვენც განვვითარდით… დღეს, იმ დროს შემუშავებულ გეგმას რომ ვკითხულობ – ვხვდები, დაწერილი მიზნებიდან პრაქტიკულად ყველაფერი განხორციელდა. რაც დავწერეთ, რაც გადავიტანეთ ფურცელზე… რაც შეიძლება იმ დროს, ვინმეს არარეალურადაც მოსჩვენებოდა, დღეს ყველაფერი შემდგარია.“ – ასე აფასებს ანუკა ლომიძე გასულ პერიოდს.

ანუკასთვის ფონდი აჰუაჰუ დღემდე არასტანდარტულ ორგანიზაციად რჩება, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ იწყებენ პროექტის კეთებას, შემდეგ კი მოიპოვებენ დაფინანსებას: „დაფინანსების მიუხედავად, ჩვენ არ ვჩერდებით, ვაკეთებთ და მუდმივად ვდებთ რესურსს იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეთ, რადგან ვხედავთ რეალურ შედეგს, ადამიანებს, ვისთანაც მიგვაქვს ეს შესაძლებლობები ნებისმიერი იმ კულტურული ღონისძიებით,  რომლებსაც ვაწყობთ, სივრცით, რომელსაც ვქმნით“. ალბათ, ეს ენთუზიაზმიც არის იმ ფაქტის ერთ-ერთი განმაპირობებელი, რომ ფონდის მოხალისეთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. “მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი განვითარების ტრაექტორია შეცვლილია, ამ წუთას, მთავარ გამოწვევად სწორედ ონლაინ სივრცეში ეფექტური თანამშრომლობების შესაძლებლობებზე ვმუშაობთ.”

ენთუზიაზმით, შრომით და იდეისადმი ერთგულებით ხსნის ანუკა ფონდი აჰუაჰუს ოცნების პროექტის, „კუბი კონტექსტში“ განხორციელებას. როგორც იხსენებს, მზიურის პარკში, ყოფილი საბაგიროს შენობის შემოქმედებით სივრცედ ქცევის იდეა თანამედროვე მხატვრებს, კოკა ვაშაკიძეს და ვასილ მაჭარაძეს ორგანიზაციის დაარსების პირველივე დღეებში ჰქონდათ, თუმცა,  რეალობად ქცევა, მხოლოდ ათწლიანი გაუჩერებელი შრომის შედეგად გახდა შესაძლებელი. ამასობაში, გუნდს შეუერთდა „ახალი მზიურის“ პროექტის ავტორი  ანა გოგუაძე და არქიტექტორი თორნიკე აბულაძე, მუნიციპალიტეტთან ინიციატივის წარმატებული ადვოკატირება სწორედ ამ შემადგენლობით შეძლეს.
„ნაგებობა იმდენად მინიმალისტური, იმდენად სადა და მარტივი კონსტრუქციაა, რომ ყველანაირ იდეოლოგიურ ხედვებს  გვერდზე დებს და ახალი შესაძლებლობების  მომცემია. თვითონ დიზაინიც თანამედროვეა და განსაკუთრებული. სრულიად რეალური იყო, რომ  დაენგრიათ, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ხელოვნება საუკეთესო თავშესაფარი იქნებოდა მისთვის.  ეს არის ობიექტი, რომელიც წარსულთან გვაკავშირებს, ამავე დროს, ახალ სიცოცხლეს, ახალ პერსპექტივებს გვაჩვენებს და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმოების  შესაძლებლობას ქმნის. ალბათ, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი გუნდის თავდაჯერებულობის და მიზანმიმართული მოქმედების, მტკიცე ხედვის შედეგია ის, რომ რაზეც ვსაუბრობთ და რისიც ამდენი წელია გვჯერა შევძელით და სხვებსაც დავანახეთ. თბილისის მერიის მხარდაჭერით დედაქალაქს კიდევ ერთი კულტურული წერტილი ექნება, რომელიც პირდაპირ რეკრეაციულ ზონაში, რიგითი ადამიანებისთვის დასვენების, თანამედროვე ხელოვნებასთან შეხებისა და კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობას შექმნის. გვიხარია, რომ ჩვენს ინიციატივას, ეტაპობრივად, კერძო სექტორიც უერთდება. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენს გვერდით არის „თიბისი ბანკი“, „ინტელკომ ჯგუფი“, „სილქნეტი“ – თითოეული საკუთარი რესურსით და შესაძლებლობით გვაძლიერებს… სწორედ ეს არის „საჭირო რგოლების საჭირო რგოლებთან დაკავშირების“ პრინციპიც“…- გვიყვება ანუკა.

 „კუბი კონტექსტში“ დღეს უკვე „ფონდი აჰუაჰუსგან“ დამოუკიდებელი, ცალკე ორგანიზაციაა, რომელიც სოციალური საწარმოს სახით იფუნქციონირებს. პირველი სართული თანამედროვე ხელოვნების გალერეას, მეორე კი საერთო სამუშაო სივრცეს და არტისტულ მაღაზიას დაეთმობა. ანუკა ამბობს, რომ  „კულტურული სოციალური საწარმოს ძირითად ჩარჩო-დოკუმენტზე მუშაობის დროსაც, ზუსტად იგივე პრინციპს გამოიყენებენ, რის მიხედვითაც, წლების წინ, ფონდი აჰუაჰუს განვითარების გეგმა შექმნეს“. 

კუბის პროექტის გარდა, ორგანიზაცია კვლავ მუშაობს 9 აპრილის პროექტზე.  პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ საარქივო ფოტო მასალის სპეციალურ საიტზე დაარქივებას და ვიზუალური მეხსიერების შექმნას, არამედ, დამატებით კვლევის/მოკვლევის ჩატარებას, იმ კადრების და თვითმხილველების ისტორიების შეგროვებას, რომლებიც აქამდე ჯერ არ გამოქვეყნებულა, გამოფენებს, ფიზიკურ და ონლაინ გამოცემებსა და სადისკუსიო ფორმატის შეხვედრებს. ანუკა ლომიძე თვლის, რომ  ამ პროექტით ფონდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რადგან თანამედროვე საზოგადოებისთვის  პოლიტიკური პროცესებისთვის, აუცილებელია კიდევ ერთხელ მოხდეს ისტორიის გადააზრება და დანახვა.   

აჰუაჰუს და კუბის  კიდევ ერთ მნიშვნელოვან იდეას და გამოწვევას წარმოადგენს საკუთარი სტამბის დაარსება.  ფონდის ხელმძღვანელებმა უკვე ჩამოაყალიბეს გამომცემლობა „ფრაგმენტი“ და პირველი წიგნიც გამოსცეს – ნიკოლას ბურიოს „ურთიერთობრივი ესთეტიკა“, თუმცა, ფიქრობენ, რომ საკუთარი ბეჭდვითი რესურსის არსებობის შემთხვევაში  ბევრად თამამად და თავდაჯერებულად შეძლებენ მომდევნო პროექტებზე მუშაობას.