ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

სოციალური ინოვაციების შესახებ

რას ნიშნავს სიციალური ინოვაციები და როგორ ქმნიან მას საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ინოვაციას ბევრნაირი და ხშირად საკმაოდ კომპლექსური განმარტება აქვს. თუმცა, ოქსფორდის ბიზნეს სკოლის პროფესორის, ჯეფ მულგანის მიხედვით, ის შეიძლება მარტივად განიმარტოს როგორც „ახალი იდეები, რომლებიც მუშაობს“ ანუ რომლებსაც შედეგი აქვს. სოციალური ინოვაციების შემთხვევაში, ეს იქნება ისეთი ახალი იდეები რომლებსაც შედეგი აქვს სოციალური მიზნების მიღწევაში. შესაბამისად, მთავარი მოტივი სოციალური ანუ საზოგადოებრივი საჭიროების დაკმაყოფილებაა.

ტრადიციულად, ითვლება რომ ცვლილებების განხორციელება უფრო რეალურია პოლიტიკური ადვოკატირებისა თუ ლობირების შედეგად. თუმცა, მაიკლ შირისა და ფემიდა ჰენდის კვლევა აჩვენებს რომ სერვისის მიმწოდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ დიდი გავლენა ჰქონდეთ რეალური სოციალური ცვლილების შესაქმნელად. ამისათვის შესაძლებელია გამოვყოთ სამი ინოვაციური გზა:

  1. პროდუქტზე დაფუძნებული სოციალური ინოვაციები
  2. პროცესზე დაფუძნებული სოციალური ინოვაციები
  3. სოციალურად ტრანსფორმაციული სოციალური ინოვაციები

 

  1. პროდუქტზე დაფუძნებული სოციალური ინოვაციები სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, სოციალურ ცვლილებას ახალი პროგრამების შეთავაზებით ან არსებული სერვისების ადაპტაციით ახერხებს. მაგალითად, სერვისის მიწოდების ოპტიმიზაცია დაფარვის გაზრდის თუ ღირებულების შემცირების მიზნით. მაგალითად, ინოვაციური სერვისის შექმნის მაგალითია ორგანიზაცია ხელი-ხელის თუ ებილაციის ცენტრის გამოცდილება. მათ შესახებ ინფორმაციას ჩვენი ვებ გვერდის მაგალითების სექციაში  ნახავთ. აქ ასევე გაეცნობით ბევრ სხვა საინტერესო შემთხვევას.
  2. რაც შეეხება პროცესზე დაფუძნებულ ინოვაციებს, ამ შემთხვევაში, სოციალური ცვლილებები იქმნება ორგანიზაციის სტრუქტურისა თუ შიდა პროცესების ადაპტაციით. ამის მიზანი, რა თქმა უნდა, სამიზნე ჯგუფისათვის შედეგების გაუმჯობესებაა. სწორედ სამიზნე ჯგუფი ანუ დაინტერესებული მხარეები არიან პროცესებზე დაფუძნებული სოციალური ინოვაციების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. კონკრეტულად, ესენი არიან (1) მომხმარებლები, (2) სხვა ორგანიზაციები ანუ პოტენციური პარტნიორები, (3) დონორები და მხარდამჭერები და (4) თანამშრომლები.
  • მომხმარებლებთან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ისინი საქმიანობაში უკუკავშირის მიღებით ან სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭოებში მონაწილეობით.
  • სხვა ორგანიზაციებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების განვითარება. სასურველია ეს იყოს ფორმალიზებული სახის რადგან თანამშრომლობა და მიზნების მიღწევა ასე უფრო მარტივი ხდება.
  • დონორებთან მიმართებით აუცილებელია მხარდამჭერთა არეალის გაფართოება და არამხოლოდ ტრადიციულ დონორებზე დამოკიდებულება. ამ მხრივ, შესაძლებელია ფონდების მოძიების ალტერნატიული კამპანიების წარმოება, როგორიცაა „ქრაუდფანდინგი,“ კერძო სექტორთან თანამშრომლობა, კერძო ფილანტროპებთან ურთიერთობა და სხვა.
  • და ბოლოს, თანამშრომლებს რაც შეეხება, მიზნების მისაღწევად ორგანიზაციის შიდა ადამიანური რესურსის განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, აუცილებელია თანამშრომელთა პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა და ორგანიზაციული კულტურის განვითარება.

გარდა ამისა, პროცესებზე დაფუძნებული სოციალური ინოვაციები შესაძლოა მოიცავდეს ორგანიზაციის სტრუქტურისა თუ პრაქტიკების ცვლილებას. მაგ. სამუშაო საათების ადაპტირება მომხმარებელთა ან/და თანამშრომელთა საჭიროებებზე. გარდა ამისა, შესაძლებელია ახალი პოზიციების შექმნა ან არსებულის ადაპტაცია.

პროცესის ინოვაციის მაგალითის სახით ვებ გვერდზე ნახავთ „ჩართეს“ მაგალითს და ასევე სხვა ქართულ თუ უცხოუირ ქეისებს. 

 

  1. და ბოლოს, სოციალურად ტრანსფორმაციული სოციალური ინოვაციები დაკავშირებულია ისეთ სისტემურ საკითხებთან როგორიცაა ჩაგვრა, სოციალური უთანასწორობა, არასწორი აღქმები თუ წარმოდგენები და ა.შ. ამ მხრივ, ცვლილების განხორციელების ერთ-ერთი გზა ცნობიერების ამაღლების კამპანიებია. ასევე, სათემო ინიციატივებისა თუ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება პოლიტიკის დონეზე. შესაბამისად, კვლევითი საქმიანობების განხორციელება.

ამ მიმართულებითაც ვებ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო მაგალითებს. მაგალითად: ადგილობრივი თვითმმართველობათა ინდექსი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო თუ სხვა. 

რომ შევაჯამოთ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა თქვენს ორგანიზაციას დაეხმარება სამიზნე ჯგუფის ინტერესებისა და საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებაში, დასახული ცვლილებების მიღწევაში და თქვენი ორგანიზაციის გაძლიერებაში.